Facebook Twitter

№ას-137-129-2014 17 მარტი, 2014 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ბესარიონ ალავიძე, პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი - თ. თ-ის წარმომადგენელი ი. ჩ-ე (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე - სს „კ. ს. ბ-ი“ (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 25 დეკემბრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სს „კ. ს. ბ-მა“ თბილისის საქალაქო სასამართლოში თ. თ-ის წინააღმდეგ სარჩელი აღძრა და მოითხოვა მოპასუხისათვის 12190,35 აშშ დოლარის გადახდის დაკისრება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 10 სექტემბრის გადაწყვეტილებით სს „კ. ს. ბ-ის“ სასარჩელო მოთხოვნები დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: თ. თ-ეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 3836,74 აშშ დოლარი. თ. თ-ეს 2013 წლის 6 ივნისიდან ვალდებულების სრულ დაფარვამდე სს „კ. ს. ბ-ის“ სასარგებლოდ დაეკისრა ყოველდღიურად 0,7 აშშ დოლარის ანაზღაურება. სს „კ. ს. ბ-ის“ სასარჩელო მოთხოვნა მოპასუხისთვის 8353,61 აშშ დოლარის გადახდის დაკისრების ნაწილში არ დაკმაყოფილდა.

გადაწყვეტილება თ. თ-ემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა. აპელანტმა მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა 2355.74 აშშ დოლარის, პირგასამტეხლოს სახით ყოველდღიურად 0.7 აშშ დოლარისა და პროცენტის დაკისრების ნაწილში.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 25 ნოემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და აპელანტს დაევალა სახ. ბაჟის გადახდა 135.75 აშშ დოლარის ოდენობით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 4 დეკემბრის განჩინებით თ. თ-ის განცხადება დაკმაყოფილდა და ამ უკანასკნელს სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის შესავსებად დადგენილი საპროცესო ვადა გაუგრძელდა 7 დღით.

2013 წლის 25 დეკემბერს აპელანტის წარმომადგენელმა ხარვეზის შევსების შესახებ განცხადებით მომართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს და წარმოადგინა სახ. ბაჟის, 231.48 ლარის, გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 25 დეკემბრის განჩინებით თ. თ-ის სააპელაციო საჩივარი განუხილველად დარჩა.

სააპელაციო სასამართლოს მითითებით საქმეში წარმოდგენილი საფოსტო უკუგზავნილით დასტურდება, რომ საპროცესო ვადის გაგრძელების შესახებ განჩინება თ. თ-ეს 2013 წლის 11 დეკემბერს ჩაბარდა. ხარვეზის შევსების 7 დღიანი ვადის ათვლა დაიწყო 2013 წლის 12 დეკემბრიდან. აღნიშნული საპროცესო ვადა 2013 წლის 18 დეკემბერს ამოიწურა. საფოსტო კონვერტით (იხ. ტ. 2, ს.ფ. 28) დასტურდება, რომ აპელანტის წარმომადგენელმა ი. ჩ-ემ ხარვეზის შევსების შესახებ განცხადება ფოსტას ჩააბარა მითითებული ვადის გასვლის შემდგომ - 2013 წლის 21 დეკემბერს.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება თ. თ-ის წარმომადგენელმა ი. ჩ-ემ კერძო საჩივრით გაასაჩივრა. მისი მითითებით, გზავნილი 2013 წლის 18 დეკემბერს 18:40:32 საათზე ჩააბარა შპს „საქართველოს ფოსტის“ კურიერს, რაც აისახა ელექტრონულ პროგრამაში. გზავნილის გადაცემა დადასტურდა კურიერის ხელმოწერით, თუმცა კონვერტს ბეჭედი დაერტყა უკვე საფოსტო განყოფილებაში წარდგენის შემდეგ.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის განხილვისა და საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ თ. თ-ის წარმომადგენელი ი. ჩ-ის კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის მიხედვით, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.

იმავე კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში.

საკასაციო სასამართლო იზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მტკიცებას, რომ გზავნილი საპროცესო ვადის ამოწურვამდე ჩაბარდა ფოსტას.

მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით ირკვევა, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 4 დეკემბრის განჩინებით თ. თ-ის განცხადება დაკმაყოფილდა და ამ უკანასკნელს სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის შესავსებად დადგენილი საპროცესო ვადა გაუგრძელდა 7 დღით. განჩინება თ. თ-ეს 2013 წლის 11 დეკემბერს ჩაბარდა, შესაბამისად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლიდან გამომდინარე, ხარვეზის შევსებისათვის დადგენილი ვადის ათვლა 12 დეკემბრიდან დაიწყო და 18 დეკემბერს ამოიწურა.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაჰბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება.

მოცემულ შემთხვევაში, კერძო საჩივრის ავტორის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ ი. ჩ-ემ შპს „საქართველოს ფოსტის“ კურიერს შპს „რ. ს-ოს“ სახელით თბილისის სააპელაციო სასამართლოში გასაგზავნად გადასცა N040000443537 გზავნილი (მე-2 ტ. ს.ფ. 43). გზავნილის იგივე ნომერია მითითებული თბილისის სააპელაციო სასამართლოში 2013 წლის 23 დეკემბერს შესულ თ. თ-ის ხარვეზის შევსების შესახებ განცხადების კონვერტზე. საქმის მასალებით ასევე დასტურდება, რომ შპს „რ. ს-ოს“ საფოსტო მომსახურების შესახებ ხელშეკრულება აქვს გაფორმებული შპს „საქართველოს ფოსტასთან“ და კორესპონდენციის გაგზავნაზე უფლებამოსილი პირია ი. ჩ-ე (ტ. მე-2, ს.ფ. 45).

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61-ე მუხლის მიზნებისათვის არ იგულისხმება გზავნილის უშუალოდ საფოსტო განყოფილებაში მიტანა. საპროცესო ვადის ბოლო დღის 24:00 საათამდე გზავნილის გადაცემა ფოსტის უფლებამოსილი თანამშრომლისათვის ასევე ნიშნავს საპროცესო მოქმედების ვადაში შესრულებას.

მოცემულ შემთხვევაში დასტურდება, რომ ი. ჩ-ემ 2013 წლის 18 დეკემბერს გზავნილი შპს „საქართველოს ფოსტის“ კურიერს გადასცა. სადავო არაა, რომ იგივე გზავნილი თბილისის სააპელაციო სასამართლოში 2013 წლის 23 დეკემბერს შევიდა, ვინაიდან რეესტრში და კონვერტზე მითითებული გზავნილის ნომრები ერთმანეთს ემთხვევა, ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ თ. თ-ემ სასამართლოს ხარვეზის გამოსწორების შესახებ განცხადებით სააპელაციო სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში მიმართა და სააპელაციო საჩივარი განუხილველად არ უნდა დარჩენილიყო.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე, 412-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. თ. თ-ის წარმომადგენელი ი. ჩ-ის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 25 დეკემბრის განჩინება და საქმე თ. თ-ის სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შესამოწმებლად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ვ. როინიშვილი

მოსამართლეები ბ. ალავიძე

პ. ქათამაძე