Facebook Twitter

საქმე№ას-140-132-2014 27 მარტი, 2014 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ბესარიონ ალავიძე, პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი _ ნ. ზ-ი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე _ ბ. შ-ე (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 20 იანვრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის განხილვა

დავის საგანი – სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ბ. შ-ემ სარჩელი აღძრა სასამართლოში ნ. ზ-ის მიმართ სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების დარჩენილი ნაწილის (17000 აშშ დოლარის) შესრულების მოთხოვნით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ, მოპასუხის მიერ დადგენილ ვადაში შესაგებლის შეუტანლობის გამო, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2321 მუხლის შესაბამისად, 2013 წლის 31 მაისს მიიღო დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რომლითაც ბ. შ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხე ნ. ზ-ს მოსარჩელე ბ. შ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 17000 აშშ დოლარის გადახდა, ამავე კოლეგიის 2013 წლის 25 ოქტომბრის განჩინებით კი, ნ. ზ-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდა და დაუსწრებელი გადაწყვეტილება დარჩა ძალაში.

საქალაქო სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება და მის ძალაში დატოვების შესახებ განჩინება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 20 იანვრის განჩინებით ნ. ზ-ის სააპელაციო საჩივარი, ხარვეზის შეუვსებლობის გამო, დარჩა განუხილველად შემდეგი დასაბუთებით:

სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ ამავე სასამართლოს 2013 წლის 30 დეკემბრის განჩინებით ნ. ზ-ის წარმომადგენელ ზ. ბ-ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და სააპელაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზის გამოსწორების საპროცესო ვადა აპელანტს გაუგრძელდა 10 დღით, მასვე დაევალა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის - 680 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა, სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი შემოსავლის ორდენთან ერთად უნდა წარედგინა თბილისის სააპელაციო სასამართლოში ამ განჩინებით დადგენილ ვადაში, ასევე განემარტა აპელანტს, რომ თუ სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში არ გამოასწორებდა ხარვეზს, სასამართლო გამოიტანდა განჩინებას სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ.

პალატამ საქმეში წარმოდგენილი უკუგზავნილით დადასტურებულად მიიჩნია, რომ 2013 წლის 30 დეკემბრის განჩინების ასლი ნ. ზ-ის წარმომადგენელ ზ. ბ-ეს (მეუღლე თ. ჩ-ას) ჩაბარდა 2013 წლის 31 დეკემბერს.

სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველ ნაწილზე და მიიჩნია, რომ სასამართლო შეტყობინება მხარეს კანონით დადგენილი წესის დაცვით ჩაბარდა, შესაბამისად, ხარვეზის გამოსწორების ვადის ათვლა დაიწყო 2014 წლის 3 იანვარს და ათდღიანი ვადა ამოიწურა 2014 წლის 13 იანვარს, მიუხედავად აღნიშნულისა, აპელანტს ხარვეზი არ გამოუსწორებია განჩინებით განსაზღვრულ ვადაში.

სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილით, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 63-ე მუხლით, 368-ე მუხლის მე-5 ნაწილით და მიიჩნია, რომ არ არსებობდა სააპელაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა.

სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა ნ.ზ-ის წარმომადგენელმა ზ. ბ-ემ, მოითხოვა მისი გაუქმება და სააპელაციო საჩივრის განხილვა შემდეგი საფუძვლებით:

კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, მან სასამართლოს წინაშე იშუამდგომლა სააპელაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზის გამოსწორების საპროცესო ვადის გაგრძელების თაობაზე, რაც სასამართლომ დააკმაყოფილა, თუმცა ვინაიდან მისი მარწმუნებელი რუსეთის ფედერაციაში ცხოვრობს, ამ ვადაში მასთან დაკავშირება და დადგენილი ხარვეზის გამოსწორება ვერ მოხერხდა, რაც სააპელაციო სასამართლომ სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების წინაპირობად მიიჩნია, პალატის მიერ მიღებული განჩინება უკანონოა, რადგანაც საპროცესო ვადის გაგრძელების შესახებ განცხადებაში აპელანტის წარმომადგენელი მიუთითებდა მხარის ავადმყოფობაზე, რის გამოც ვერ ხერხდებოდა საპროცესო მოქმედების შესრულება, სწორედ ამ საფუძვლით გაუგრძელა მხარეს ვადა სასამართლომ, მოგვიანებით კი, წარმომადგენელი ვერ დაუკავშირდა მარწმუნებელს, ხოლო იმ დროისათვის, როდესაც დაკავშირება მოხერხდა, ნ.ზ-მა თანხა გადმოაგზავნა, თუმცა სასამართლოს უკვე გამოტანილი ჰქონდა განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე. ზ.ბ-ის განმარტებით, აპელანტი მზადაა გადაიხადოს სახელმწიფო ბაჟი, რომლის დროულად გადაუხდელობა მხარისგან დამოუკიდებელი მიზეზით იყო განპირობებული, სწორედ ამ საფუძვლით ითხოვა მან მიღებული განჩინების გაუქმება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 27 თებერვლის განჩინებით ნ. ზ-ის კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ნ. ზ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 22 ნოემბრის განჩინებით ნ. ზ-ის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე არ დაკმაყოფილდა დაუსაბუთებლობის გამო და სააპელაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი. აპელანტს დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში სააპელაციო სასამართლოში სახელმწიფო ბაჟის - 680 აშშ დოლარის ეკვივალენტი ეროვნული ლარის სახელმწიფო ბიუჯეტში ჩარიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა;

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 30 დეკემბრის განჩინებით აპელანტის წარმომადგენლის შუამდგომლობა ხარვეზის გამოსწორების საპროცესო ვადის გაგრძელების თაობაზე დაკმაყოფილდა სრულად და მხარეს სახელმწიფო ბაჟის გადახდისათვის ვადა გაუგრძელდა 10 დღით. განჩინებით ამომწურავად განიმარტა საპროცესო მოქმედების შესრულების წესი და მისი შეუსრულებლობის ნეგატიური შედეგები;

დადგენილია და მხარე სადავოდ არ ხდის იმ გარემოებას, რომ საპროცესო ვადის გაგრძელების შესახებ განჩინება ადრესატს, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით ჩაბარდა 2013 წლის 31 დეკემბერს;

აპელანტს სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში არც ხარვეზის გამოსწორების მიზნით და არც სხვა რაიმე შუამდგომლობით არ მიუმართავს.

კერძო საჩივრის ავტორი სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმების საფუძვლად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ მან ვერ შეძლო სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში მარწმუნებელთან დაკავშირება, რადგან ნ. ზ-ი ცხოვრობს რუსეთის ფედერაციაში. დადგენილი ხარვეზის გამოუსწორებლობა მხარისგან დამოუკიდებელი მიზეზით იყო გამოწვეული.

საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს მხარის ამ არგუმენტს და მიიჩნევს, რომ არ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების წინაპირობა, რადგანაც, ფორმალური თვალსაზრისით, შესაძლებელია, დადასტურების შემთხვევაში, სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე მცხოვრებ მარწმუნებელთან დაკავშირების შეუძლებლობა, საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ საპატიო მიზეზად იქნას მიჩნეული, თუმცა, აპელანტის უფლებამოსილ წარმომადგენელს სრული შესაძლებლობა ჰქონდა, ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი (გაგრძელებული) ვადის განმავლობაში მიემართა სასამართლოსათვის და ეცნობებინა აღნიშნული შემაფერხებელი გარემოების თაობაზე, რაც მას არ განუხორციელებია.

მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზეც, რომ გასაჩივრებული განჩინებით სააპელაციო სასამართლომ არასწორად დაადგინა ხარვეზის გამოსწორების საპროცესო ვადის დენის დასაწყისი და დასასრული, რადგანაც მხარეს (უფლებამოსილი წარმომადგენლის ოჯახის ქმედუნარიან წევრს) საპროცესო ვადის გაგრძელების შესახებ განჩინება ჩაბარდა რა 2013 წლის 31 დეკემბერს, 10-დღიანი ვადის დენა, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დაიწყო 2014 წლის 1 იანვარს (და არა 3 იანვარს, როგორც ამას სააპელაციო სასამართლო მიუთითებს) და ამოიწურა სამუშაო დღეს - 2014 წლის 10 იანვარს (და არა 13 იანვარს), თუმცა ეს გარემოება მიღებული განჩინების გაუქმების საფუძველი ვერ გახდება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლი სმე-3 ნაწილიდან გამომდინარე. იმ გარემოების მხედველობაში მიღებით, რომ თუნდაც სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოთვლილი ვადის განმავლობაში მხარეს (მის წარმომადგენელს) სასამართლოსათვის რაიმე შუამდგომლობით არ მიუმართავს და არც ხარვეზი გამოუსწორებია, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არსებობდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლისა და 368-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული ნ. ზ-ის სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ნ. ზ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობისა და დაუსაბუთებლობის გამო.

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 20 იანვრის განჩინება დარჩეს უცვლელად.

3. კერძო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.

4. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ვ. როინიშვილი

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

პ. ქათამაძე