№ას-145-136-2014 4 მარტი, 2014 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე: ვასილ როინიშვილი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლემ ერთპიროვნულად, ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა დ. გ-ას განცხადების წარმოებაში მიღების საკითხი მორალური ზიანის ანაზღაურების სახით 2000 ლარის მოთხოვნის თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2013 წლის 29 აგვისტოს დ. გ-ამ განცხადებით მიმართა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს და მოითხოვა მორალური ზიანის ანაზღაურება 2000 ლარის ოდენობით.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 6 სექტემბრის განჩინებით დ. გ-ას სარჩელი ბ. კ-ას, ლ. ა-ის, თ. ბ-ას, რ. ა-ის მიმართ მორალური ზიანის ანაზღაურების თაობაზე დარჩა განუხილველი.
2014 წლის 13 იანვარს დ. გ-ამ განცხადებით მიმართა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს და მოითხოვა მორალური ზიანის ანაზღაურება და სამი წლის განმავლობაში ტელეფონის გათიშვის მიზეზის დადგენა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 17 იანვრის განჩინებით დ. გ-ას განცხადება დარჩა განუხილველი.
დ. გ-ამ განცხადებით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა მორალური ზიანის ანაზღაურება 2000 ლარის ოდენობით.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ დ. გ-ას განცხადება უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ საპროცესო ვადა კანონით არ არის დადგენილი, მას განსაზღვრავს სასამართლო. 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. ამდენად, დასახელებული მუხლიდან გამომდინარე, მხარე კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში ვალდებულია, განახორციელოს მისთვის დაკისრებული მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარემ დაკარგა ინტერესი დავის მიმართ.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 276-ე მუხლის თანახმად, სარჩელის (განცხადების) განუხილველად დატოვების შემთხვევაში საქმის წარმოება მთავრდება სასამართლო განჩინებით, რომელზედაც შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა.
განსახილველ შემთხვევაში სადავოს არ წარმოადგენს ის გარემოება, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 17 იანვრის განჩინებით დ. გ-ას განცხადება დარჩა განუხილველი, რომელიც შეიძლება გასაჩივრდეს კერძო საჩივრის წარდგენის გზით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომი ინსტანციის სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს მოცემულ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ კერძო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა კერძო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
მოცემულ შემთხვევაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 17 თებერვლის განჩინებით დ. გ-ას, ხარვეზის შევსების მიზნით, დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 3 დღის ვადაში დაეზუსტებინა ა) მოცემული განცხადება წარმოადგენდა თუ არა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 17 იანვრის განჩინებაზე წარმოდგენილ კერძო საჩივარს; დადასტურების შემთხვევაში, მხარე ვალდებული იყო სასამართლოსთვის წარედგინა ბ) დაზუსტებული კერძო საჩივარი გასაჩივრების საფუძვლების მითითებით; გ) სახელმწიფო ბაჟის სახით 25 ლარის ჩარიცხვის დამადასტურებელი ქვითრის დედანი ან - შესაბამისი დოკუმენტი, რაც კანონის საფუძველზე გაათავისუფლებდა სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან; დ) უნდა მიეთითებინა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ზუსტი დასახელება და დ) მოწინააღმდეგე მხარეების ზუსტი მისამართები. აღნიშნული განჩინება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით გაეგზავნა განმცხადებელს 2014 წლის 20 თებერვალს და ჩაიბარა პირადად დ. გ-ამ 2014 წლის 21 თებერვალს (იხ.ტ.I, ს.ფ.39).
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. სასამართლო შეტყობინების ადრესატისათვის ჩაბარება სასამართლოს მიერ დადგენილი საპროცესო ვადის დენის დაწყების საფუძველს წარმოადგენს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. ამავე კოდექსის 61-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თვეებით გამოსათვლელი ვადა გასულად ჩაითვლება ვადის უკანასკნელი თვის შესაბამის თვესა და რიცხვში. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ვადის უკანასკნელი დღე ემთხვევა უქმე და დასვენების დღეს, ვადის დამთავრების დღედ ჩაითვლება მისი მომდევნო პირველი სამუშაო დღე.
დასახელებული ნორმების თანახმად, ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი სამდღიანი ვადის დენა დაიწყო 2014 წლის 22 თებერვალს და ამოიწურა 2014 წლის 24 თებერვალს. სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში დ. გ-ამ განცხადებით მომართა სასამართლოს, რომელსაც თან დაურთო ასევე ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან. თუმცა, ზემოაღნიშნული განცხადების შინაარსობრივი შესწავლის შედეგად პალატა მიიჩნევს, რომ მხარის მიერ შესრულებული არ არის ხარვეზის აღმოსაფხვრელად სასამართლოს მიერ დადგენილი საპროცესო მოქმედებები სრულად, კერძოდ, დ. გ-ამ წარმოდგენილი განმცხადებით კვლავ მოითხოვა მორალური ზიანის ანაზღაურება 2000 ლარის ოდენობით და მიუთითა, რომ იცოდა მხოლოდ ერთი მოწინააღმდეგე მხარის მისამართი. შესაბამისად, განმცხადებელს ხარვეზი სრულად არ გამოუსწორებია, რაც განცხადების განუხილველად დატოვების საფუძველია.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ დ. გ-ას განცხადება უნდა დარჩეს განუხილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე, 396-ე მუხლის მესამე ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დ. გ-ას განცხადება დარჩეს განუხილველად.
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე ვ. როინიშვილი