№ას-154-144-2014 4 მარტი, 2014 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე: ვასილ როინიშვილი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლემ ერთპიროვნულად, ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ლ. ს-ას სახელით კერძო საჩივრის შემომტანი პირის ლ. კ-ის კერძო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 5 დეკემბრის განჩინებაზე, საქმეზე - ჯ. კ-ას სარჩელის გამო, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „მ-ა“ და ლ. ს-ას მიმართ ამხანაგობის კრების ოქმის ბათილად ცნობის თაობაზე და პალატამ
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ ლ. ს-ას სახელით კერძო საჩივრის შემომტანი პირის ლ. კ-ის კერძო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ საპროცესო ვადა კანონით არ არის დადგენილი, მას განსაზღვრავს სასამართლო. 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. ამდენად, დასახელებული მუხლიდან გამომდინარე, მხარე კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში ვალდებულია, განახორციელოს მისთვის დაკისრებული მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარემ დაკარგა ინტერესი დავის მიმართ.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომი ინსტანციის სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს მოცემულ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საჩივარი განუხილველი დარჩება.
მითითებული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ კერძო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა კერძო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
მოცემულ შემთხვევაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 20 თებერვლის განჩინებით ლ. ს-ას, ხარვეზის შევსების მიზნით, განჩინების ჩაბარებიდან 3 დღის ვადში დაევალა სასამართლოში წარმოედგინა ა) ლ. კ-ის სახელზე გაცემული მინდობილობა კერძო საჩივრის შეტანის უფლებამოსილებით ან ლ. ს-ას მიერ ხელმოწერილი კერძო საჩივარი და ბ) სახელმწიფო ბაჟის სახით 50 ლარის ჩარიცხვის დამადასტურებელი ქვითრის დედანი ან - შესაბამისი დოკუმენტი, რაც კანონის საფუძველზე გაათავისუფლებდა სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან. აღნიშნული განჩინება ლ. ს-ას სატელეფონო შეტყობინებით ეცნობა 2014 წლის 25 თებერვალს (იხ.ტ.III, ს.ფ. 118).
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. სასამართლო შეტყობინების ადრესატისათვის ჩაბარება სასამართლოს მიერ დადგენილი საპროცესო ვადის დენის დაწყების საფუძველს წარმოადგენს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. ამავე კოდექსის 61-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თვეებით გამოსათვლელი ვადა გასულად ჩაითვლება ვადის უკანასკნელი თვის შესაბამის თვესა და რიცხვში. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ვადის უკანასკნელი დღე ემთხვევა უქმე და დასვენების დღეს, ვადის დამთავრების დღედ ჩაითვლება მისი მომდევნო პირველი სამუშაო დღე.
დასახელებული ნორმების თანახმად, ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი სამდღიანი ვადის დენა დაიწყო 2014 წლის 26 თებერვალს და ამოიწურა 2014 წლის 28 თებერვალს. სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში კერძო საჩივრის ავტორს ხარვეზი არ გამოუსწორებია, რაც კერძო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
რაც შეეხება ლ. ს-ას მიერ 2014 წლის 28 თებერვალს წარმოდგენილ №ა-703-14 განცხადებას სახელმწიფო ბაჟის გადასახდელად დადგენილი ვადის 10 დღით გაგრძელების თაობაზე, პალატა მიუთითებს, რომ აღნიშნული განცხადების შინაარსობრივი შესწავლის შედეგად ირკვევა, რომ მხარის მიერ შესრულებული არ არის ხარვეზის აღმოსაფხვრელად სასამართლოს მიერ დადგენილი არცერთი საპროცესო მოქმედება.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, შუამდგომლობა უნდა იყოს დასაბუთებული; მასში კონკრეტულად უნდა მიეთითოს მოთხოვნა და მისი არგუმენტაცია, რომელიც უნდა შეეხებოდეს მხოლოდ იმ გარემოებებს, რომლებსაც უშუალო კავშირი აქვს შუამდგომლობაში დასმულ მოთხოვნასთან. კანონის დასახელებული ნორმით დასტურდება შუამდგომლობის ავტორის ვალდებულება, სათანადოდ დაასაბუთოს შუამდგომლობა. განსახილველ შემთხვევაში, ლ. ს-ა სახელმწიფო ბაჟის გადასახდელად დადგენილი ვადის 10 დღით გაგრძელებას ითხოვს იმ მიზეზით, რომ არის პენსიონერი და ბაჟის გადახდის საშუალება არ აქვს. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ლ. ს-ას განცხადება ხარვეზის შესავსებად დადგენილი ვადის გაგრძელების თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს, რადგან შუამდგომლობა არ არის შესაბამისად დასაბუთებული, რაც სასამართლოს შეუქმნიდა რწმენას ხარვეზის შესავსებად დადგენილი ვადის განმავლობაში ხარვეზის გამოუსწორებლობა მიეჩნია საპატიოდ და გაეგრძელებინა ხარვეზის შესავსებად დანიშნული ვადა.\
ასევე, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლის პირველი ნაწილი იმპერატიულად ადგენს კერძო საჩივრის განხილვის ორთვიან ვადას. დასახელებული ვადის დენა იწყება სასამართლოსათვის საქმის გადაცემის დღის მომდევნო კალენდარული დღიდან და მისი გაგრძელების შესაძლებლობას საპროცესო კანონმდებლობა არ ითვალისწინებს, ამდენად, მხარის მიერ 10 დღით ვადის გაგრძელების მოთხოვნის დაკმაყოფილება კერძო საჩივრის განხილვისათვის დადგენილი ვადის დარღვევას გამოიწვევს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ ლ. ს-ას სახელით კერძო საჩივრის შემომტანი პირის ლ. კ-ის კერძო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე, 396-ე მუხლის მესამე ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ლ. ს-ას განცხადება ხარვეზის შესავსებად დადგენილი ვადის გაგრძელების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს;
2. ლ. ს-ას სახელით კერძო საჩივრის შემომტანი პირის ლ. კ-ის კერძო საჩივარი დარჩეს განუხილველად.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე ვ. როინიშვილი