№ას-156-146-2014 26 მარტი, 2014 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ბესარიონ ალავიძე, პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – ა. ა-ა
მოწინააღმდეგე მხარე – მ. ა-ას კანონიერი წარმომადგენელი თ. გ-ე
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 17 იანვრის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
მ. ა-ას კანონიერმა წარმომადგენელმა თ. გ-ემ სარჩელი აღძრა რუსთავის საქალაქო სასამართლოში ა. ა-ას მიმართ ალიმენტის დაკისრების მოთხოვნით.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 18 ნოემბრის გადაწყვეტილებით თ. გ-ის სარჩელი ა. ა-ას მიმართ ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. მოპასუხე ა. ა-ას, მისი არასრულწლოვანი შვილის - ... წლის ...ივნისს დაბადებული მ. ა-ას სასარგებლოდ დაეკისრა ალიმენტის, თვეში 120 ლარის, გადახდა სარჩელის აღძვრის დღიდან - 2013 წლის 19 სექტემბრიდან მის სრულწლოვანებამდე.
ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება მოპასუხემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა და მოითხოვა საქმეზე მიღებული ახალი გადაწყვეტილებით დაკისრებული ალიმენტის შემცირება 70 ლარით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 17 იანვრის განჩინებით ა. ა-ას სააპელაციო საჩივარი რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 18 ნოემბრის გადაწყვეტილებაზე განუხილველად დარჩა. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ დავის საგნის ღირებულება 1000 ლარს არ აღემატებოდა.
აღნიშნული განჩინება ა. ა-ამ კერძო საჩივრით გაასაჩივრა. მისი მითითებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად მიიჩნია, რომ დავის საგნის ღირებულება 1000 ლარს არ აღემატება. ვინაიდან მოპასუხეს დაეკისრა ალიმენტის თვეში 120 ლარის გადახდა მ. ა-ას სრულწლოვანებამდე, სწორედ ამ ოდენობით უნდა განისაზღვროს დავის საგნის ღირებულება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ განიხილა კერძო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, გასაჩივრებული განჩინების სამართლებრივი დასაბუთებულობა და მიიჩნევს, რომ ა. ა-ას კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის მიხედვით, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.
იმავე კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში, ხოლო 410-ე მუხლის მიხედვით კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი.
საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მტკიცებას, რომ დავის საგნის ღირებულება 1000 ლარს აღემატება, ვინაიდან მას ალიმენტის სახით თვეში 120 ლარის გადახდა დაეკისრა.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ დავის საგნის ღირებულების განსაზღვრის წესი მოცემულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 41-ე მუხლში, რომელიც ალიმენტთან დაკავშირებულ დავებზე სპეციალურ წესს ადგენს, კერძოდ, აღნიშნული მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავის საგნის ღირებულება ალიმენტის გადახდევინების შესახებ სარჩელიზე განისაზღვრება ერთი წლის განმავლობაში გადასახდელი თანხების ერთობლიობით.
იმავე კოდექსის 365-ე მუხლის თანახმად კი, სააპელაციო საჩივარი ქონებრივ-სამართლებრივ დავაში დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ დავის საგნის ღირებულება აღემატება 1 000 ლარს. ეს ღირებულება განისაზღვრება იმის მიხედვით, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილების რა ზომით შეცვლაზე შეაქვს საჩივარი მხარეს.
მოცემულ შემთხვევაში, ა. ა-ა სააპელაციო საჩივრით დაკისრებული ალიმენტის, თვეში 120 ლარის, 70 ლარით შემცირებას მოითხოვდა, შესაბამისად, სწორედ ამ ოდენობიდან უნდა განისაზღვროს დავის საგნის ღირებულება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 41-ე მუხლის შესაბამისად. 70*12=840 ლარს, ამდენად, სააპელაციო სასამართლომ მართებულად მიიჩნია, რომ დავის საგნის ღირებულება 1000 ლარს არ აღემატებოდა და, შესაბამისად, ა. ა-ას კერძო საჩივარი უსაფუძვლოა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე, 410-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ა. ა-ას კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 17 იანვრის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ვ. როინიშვილი
მოსამართლეები ბ. ალავიძე
პ. ქათამაძე