Facebook Twitter

№ას-161-151-2014 14 მარტი, 2014 წელი,

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ბესარიონ ალავიძე, პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი - ი. ლ-ი, ი. პ-ი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე - მ. ნ-ე (მოპასუხე)

თავდაპირველი მოპასუხე - ნ. ქ-ი, ამხანაგობა „ბ-ი“

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 23 იანვრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

მ. ნ-ემ 2013 წლის 23 აპრილს თბილისის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართა იბა „ბ-ის“, ი. ლ-ის, ი. პ-სა და ნ. ქ-ის წინააღმდეგ. მოსარჩელემ მოითხოვა მასა და ამხანაგობა „ბ-ს“ შორის 2009 წლის 2 მაისს გაფორმებული ხელშეკრულების შეწყვეტა, მოპასუხეებისათვის სოლიდარულად 19103 აშშ დოლარის გადახდის დაკისრება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 4 ნოემბრის გადაწყვეტილებით მ. ნ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა. შეწყდა მ. ნ-სა და ამხანაგობა „ბ-ს“ შორის 2009 წლის 2 მაისს გაფორმებული ხელშეკრულება. ი. ლ-ს, ი. პ-ს და ნ. ქ-ს მ. ნ-ის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ 19103 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა.

ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ი. ლ-მა და ი. პ-მა, მოითხოვეს მისი გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე ნაწილობრივ უარის თქმა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 9 იანვრის განჩინებით სააპელაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი, აპელანტებს განესაზღვრათ საპროცესო ვადა 7 დღე და დაევალათ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნის დაზუსტება: მითითება გადაწყვეტილების გაუქმებით და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის რა ნაწილის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა სურდათ მათ. ასევე დაევალათ სახ. ბაჟის გადახდა დავის საგნის ღირებულების 4%-ის ოდენობით.

2014 წლის 15 იანვარს აპელანტებმა განცხადებით მომართეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს და წარმოადგინეს დაზუსტებული სააპელაციო საჩივარი და სახ. ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 23 იანვრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი განუხილველად დარჩა. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, აპელანტს ხარვეზი სრულად არ გამოუსწორებია, მას არ დაუზუსტებია, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილების მიღების შედეგად, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას რა ნაწილში ითხოვდა.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება ი. ლ-მა და ი. პ-მა კერძო საჩივრით გაასაჩივრეს. მათი მითითებით, სააპელაციო საჩივრის შესაბამის გრაფაში მითითებული იყო, რომ ისინი ითხოვდნენ გასაჩივრებული გადაწყვეტილების სრულად გაუქმებას, ამდენად, სააპელაციო სასამართლოს საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველი არ გააჩნდა. რაც შეეხება იმ საკითხს, თუ რა ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს სარჩელი, ეს არსებითად მსჯელობის საგანია და სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველი ვერ გახდება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ განიხილა კერძო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები და მიიჩნევს, რომ ი. ლ-სა და ი. პ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის მიხედვით, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.

იმავე კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში, ხოლო 410-ე მუხლის მიხედვით კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი.

საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კერძო საჩივრის ავტორების მითითებას, რომ რადგან მათ სააპელაციო საჩივრის ფორმის შესაბამის გრაფაში მითითებული ჰქონდათ გადაწყვეტილების სრულად გასაჩივრების თაობაზე, საჩივარი განუხილველად არ უნდა დარჩენილიყო.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტების მიხედვით სააპელაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს მითითებას იმის თაობაზე, თუ გადაწყვეტილების რა ნაწილია გასაჩივრებული, ასევე, მითითებას, თუ რაში მდგომარეობს გადაწყვეტილების უსწორობა და კონკრეტულად რას მოითხოვს სააპელაციო საჩივრის შემტანი პირი.

მოცემულ შემთხვევაში ი. ლ-სა და ი. პ-ის სააპელაციო საჩივარი წინააღმდეგობრივი იყო, კერძოდ, აპელანტები მიუთითებდნენ, რომ გადაწყვეტილებას სრულად ასაჩივრებდნენ, თუმცა სააპელაციო საჩივრის გრაფაში მითითებული ჰქონდათ, რომ ითხოვდნენ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღებას, რომლითაც მ. ნ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდებოდა. მხარეები არ მიუთითებდნენ კონკრეტულად რა ნაწილში ითხოვდნენ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას და არც სააპელაციო საჩივრის შინაარსიდან ირკვეოდა, სარჩელის რა ნაწილს მიიჩნევდნენ უსაფუძვლოდ, ამასთან, საკასაციო სასამართლო ხაზს უსვამს, რომ თუ აპელანტები პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებად მთლიანად უკანონოდ მიიჩნევდნენ, მაშინ სააპელაციო საჩივრით ახალი გადაწყვეტილების მიღების გზით სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმა უნდა მოეთხოვათ, ხოლო თუ მიიჩნევდნენ, რომ მ. ნ-ის სარჩელი ნაწილობრივ სწორად იყო დაკმაყოფილებული, გადაწყვეტილება მხოლოდ იმ ნაწილში უნდა ყოფილიყო გასაჩივრებული, რომლითაც, მათი აზრით, სარჩელი არასწორად დაკმაყოფილდა. იმ ფარგლების დადგენის გარეშე, თუ გადაწყვეტილების რა ნაწილს შეეხება აპელანტის პრეტენზია და კონკრეტულად რა სამართლებრივი შედეგის დადგომას მოითხოვს იგი, სააპელაციო სასამართლო საჩივარს ვერ განიხილავს. სწორედ ამ მიზეზით, სააპელაციო სასამართლომ კერძო საჩივრის ავტორებს ხარვეზი მართებულად დაუდგინა და მოსთხოვა, მიეთითებინათ, რა ნაწილში ითხოვდნენ მ. ნ-ის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას. აპელანტებმა კი, ხარვეზის სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში არ გამოასწორეს.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს კანონით დადგენილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება. იმავე მუხლის მე-7 ნაწილის მიხედვით კი, სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის შესავსებად სააპელაციო სასამართლოს მიერ დანიშნული ვადა სასამართლომ შეიძლება გააგრძელოს მხოლოდ მხარეთა თხოვნით.

მოცემულ შემთხვევაში, აპელანტებმა სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზი არ გამოასწორეს და არც საპროცესო ვადის გაგრძელება მოუთხოვიათ, შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ საჩივარი განუხილველად მართებულად დატოვა და კერძო საჩივარი უსაფუძვლოა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე, 410-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ი. ლ-სა და ი. პ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 23 იანვრის განჩინება;

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ვ. როინიშვილი

მოსამართლეები ბ. ალავიძე

პ. ქათამაძე