Facebook Twitter

№ას-1658-1555-2012 4 მარტი, 2014 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

თეიმურაზ თოდრია, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – ნ. გ-ი

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „რ-ი“

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 19 ნოემბრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

გორის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 4 ნოემბრის გადაწყვეტილებით:

1. შპს „რ-ის“ სარჩელი მოპასუხეების - ნ. გ-ის, ნ. გ-სა და გ. გ-ის მიმართ ნაწილობრივ დაკმაყოფილდა;

2. მოპასუხეებს შპს „რ-ის“ სასარგებლოდ დაეკისრათ 100000 ლარის სოლიდარულად გადახდა;

3. შპს „რ-ის“ სარჩელი მოპასუხეებისათვის პირგასამტეხლოს სახით 100000 ლარისა და ზიანის ანაზღაურების სახით 50000 ლარის დაკისრების თაობაზე არ დაკმაყოფილდა;

4. გ. გ-ის, ნ. გ-სა და ინდმეწარმე გ. გ-ის შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ორივე მხარემ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 19 ნოემბრის განჩინებით ნ. გ-ის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად ხარვეზის შეუვსებლობის გამო.

სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ ხარვეზის განჩინება აპელანტს გაეგზავნა მის მიერ მითითებულ მისამართზე და 2011 წლის 9 თებერვალს ჩაბარდა აპელანტის ოჯახის წევრს.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 და 61-ე მუხლებზე და აღნიშნა, რომ, განსახილველ შემთხვევაში, აპელანტისათვის ხარვეზის შესავსებად დანიშნული შვიდდღიანი ვადის დენა დაიწყო 2011 წლის 10 თებერვალს და ამოიწურა ამავე წლის 16 თებერვალს.

სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა ასევე, რომ აპელანტ ნ. გ-ს სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზი არ შეუვსია და არც რაიმე შუამდგომლობით მიუმართავს სასამართლოსათვის. აქედან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სააპელაციო საჩივარი განუხილველად დატოვებას ექვემდებარებოდა.

სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 19 ნოემბრის განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა ნ. გ-მა, რომელიც მოითხოვს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას შემდეგ გარემოებებზე მითითებით:

მიუხედავად იმისა, რომ საკასაციო სასამართლომ დადგენილად ცნო სააპელაციო სასამართლოს მხრიდან ნ. გ-ან მიმართებით საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევის ფაქტები, სააპელაციო სასამართლომ, მის მიერ მიღებული განჩინების გაუქმების ნაცვლად, ნ. გ-ის საჩივარი განუხილველად დატოვა იმ მოტივით, რომ თითქოს სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინება ჩაბარებული ჰქონდა მისი ოჯახის წევრ მერაბ ტერაშვილს;

სააპელაციო სასამართლოს ზემოხსენებული დასკვნა არასწორია, რადგან მერაბ ტერაშვილი არ წარმოადგენს ნ. გ-ის ოჯახის წევრს. აღნიშნულს ადასტურებს სოციალური მომსახურების ცენტრის მიერ გაცემული ცნობა, რომლის მიხედვით, აპელანტის ოჯახი 4 წევრისგან შედგება, რომელთა რიცხვშიც არ ფიგურირებს მ.ტ-ი, ასევე, სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ცნობა, რომლითაც დასტურდება, რომ ნ. გ-ი არ იმყოფება მ. ტ-ან რეგისტრირებულ ქორწინებაში;

მართალია, საქმის მასალებში დაცულია შპს „სკს-ს“ შეტყობინების ბარათი გზავნილის ჩაბარების შესახებ (ტომი 4, ს.ფ. 30), სადაც მითითებულია, რომ ნ. გ-ის სახელზე გაგზავნილი განჩინების (ხარვეზის დადგენის შესახებ) ასლი ჩაიბარა მისმა მეუღლე მ. ტ-მა, მაგრამ, ჯერ ერთი, მასზე ადრესატის გვარი გადასწორებულია და, მეორეც, საქმის მასალებში ასევე მოიპოვება შპს „სკს-ს“ შეტყობინების ბარათი გზავნილის ჩაბარების შესახებ, სადაც მითითებულია, რომ გ. გ-ის სახელზე გაგზავნილი განჩინების ასლი ჩაიბარა იმავე მ.ტ-მა – გ. გ-ის ბიძამ. გ. გ-ი არის ნ. გ-ის ძმა და, შესაბამისად, ნ. გ-ის მეუღლე მისი ძმის ბიძა ვერანაირად ვერ იქნება. ამდენად, არანაირი დოკუმენტით არ დასტურდება ის ფაქტი, რომ სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინება 2011 წლის 9 თებერვალს ჩაიბარა ნ. გ-ის ოჯახის წევრმა. აქედან გამომდინარე, გასაჩივრებული განჩინება გაუქმებას ექვემდებარება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, კერძო საჩივრის საფუძვლების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ნ. გ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად უნდა დარჩეს გასაჩივრებული განჩინება, შემდეგ გარემოებათა გამო:

გასაჩივრებული განჩინებით ნ. გ-ის სააპელაციო საჩივარი განუხილველად დარჩა ხარვეზის შეუვსებლობის გამო, კერძოდ, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ აპელანტმა ხარვეზი არ შეავსო სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში, მიუხედავად იმისა, რომ მას ხარვეზის განჩინება გაეგზავნა მის მიერ მითითებულ მისამართზე და 2011 წლის 9 თებერვალს ჩაბარდა მისი ოჯახის წევრს (მეუღლეს) - მერაბ ტერაშვილს.

კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებით, გასაჩივრებული განჩინება გასაუქმებელია, ვინაიდან ხარვეზის განჩინების ჩამბარებელი პირი - მ. ტ-ი, არ წარმოადგენს აპელანტის ოჯახის წევრს. ეს გარემოება, საჩივრის ავტორის მოსაზრებით, დასტურდება აპელანტის ოჯახის შემადგენლობის თაობაზე სოციალური მომსახურების ცენტრის მიერ გაცემული ცნობით, სადაც მ. ტ-ი არ არის მითითებული ოჯახის წევრად და სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ცნობით, რომლითაც დასტურდება, რომ აპელანტი რეგისტრირებულ ქორწინებაში არ იმყოფება მერაბ ტერაშვილთან.

საკასაციო პალატა მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლის პირველ ნაწილზე და განმარტავს, რომ ხსენებული ნორმა ითვალისწინებს ადრესატისათვის უწყების ჩაბარების შესაძლებლობას იმ შემთხვევაშიც, როდესაც ეს უკანასკნელი მის მიერ მითითებულ მისამართზე არ იმყოფება. ასეთ შემთხვევაში, სასამართლო უწყების ჩამბარებელი, უფლებამოსილია უწყება ჩააბაროს ადრესატთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე ქმედუნარიან წევრს. სავალდებულოა, რომ უწყების მიმღებმა უწყების მეორე ეგზემპლარზე აღნიშნოს თავისი სახელი და გვარი, ასევე ადრესატთან დამოკიდებულება. ასეთი პირისათვის უწყების ჩაბარება ჩაითვლება უწყების ადრესატისათვის ჩაბარებად, რაც დასტურდება უწყების მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით.

ზემოაღნიშნული ნორმის მიხედვით, უწყება ადრესატისათვის ჩაბარებულად რომ მივიჩნიოთ, უპირველესად აუცილებელია, რომ უწყება მიტანილ იქნეს ადრესატის მიერ მითითებულ მისამართზე. მეორე აუცილებელი პირობაა, რომ ადგილზე არმყოფი ადრესატის ოჯახის წევრმა (უწყების მიმღებმა) უწყების მეორე ეგზემპლარზე აღნიშნოს თავისი სახელი, გვარი, ადრესატთან დამოკიდებულება და ეს ხელმოწერით დაადასტუროს. თუ აღნიშნული პირობები დაცულია, მაშინ უწყება ადრესატისათვის ჩაბარებულად უნდა მივიჩნიოთ.

მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით, კერძოდ, სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 8 თებერვლის წერილით (ტომი 4, ს.ფ. 19) და საფოსტო გზავნილის ჩაბარების შესახებ შეტყობინების ბარათით (ტომი 4, ს.ფ. 30) დასტურდება, რომ აპელანტ ნ. გ-ს მის მიერ მითითებულ მისამართზე (გორის რაიონი, სოფელი ფ-ი) გაეგზავნა განჩინება ხარვეზის დადგენის შესახებ, რომელიც ჩაბარდა მერაბ ტერაშვილს. ამ უკანასკნელის მითითებით, იგი წარმოადგენს ადრესატის მეუღლეს. საფოსტო ბარათი ხელმოწერილია უწყების მიმღების ხელმოწერით. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში, დაცულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი წესი, რაც ნიშნავს იმას, რომ სასამართლო გზავნილი ჩაბარდა აპელანტის ოჯახის წევრს და, შესაბამისად, ადრესატს.

საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, იმ გარემოების გაქარწყლების მტკიცების ტვირთი, რომ სასამართლო გზავნილი აპელანტის ოჯახის წევრს არ ჩაბარებია, ეკისრება აპელანტს. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ, მოცემულ შემთხვევაში, აპელანტის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები საკმარისი არაა ზემოხსენებული გარემოების გასაქარწყლებლად, ვინაიდან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლის მიზნისათვის ადრესატის ოჯახის წევრად უნდა განვიხილოთ ნებისმიერი პირი, ვინც, მისივე თანხმობით, მასთან ერთად ცხოვრობს. ამ დროს გადამწყვეტია, არა ადრესატთან ნათესაური კავშირი, არამედ მასთან ერთად ცხოვრების ფაქტი. მოცემულ შემთხვევაში, კერძო საჩივრით არაა უარყოფილი ის ფაქტი, რომ მ. ტ-ი აპელანტის მიერ მითითებულ მისამართზე ცხოვრობს. კერძო საჩივრის ავტორი მხოლოდ იმ გარემოებაზე უთითებს, რომ უწყების მიმღები პირი მისი მეუღლე და ოჯახის წევრი არაა, ამასთან, არ არის წარმოდგენილი დამაჯერებელი განმარტება, თუ როგორ აღმოჩნდა ეს უკანასკნელი აპელანტის მიერ მითითებულ მისამართზე და რატომ ჩაიბარა მან აპელანტისათვის გადასაცემი სასამართლო გზავნილი როგორც მისმა ოჯახის წევრმა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლით და მართებულად დატოვა განუხილველად ნ. გ-ის სააპელაციო საჩივარი, ვინაიდან ამ უკანასკნელმა სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში არ შეავსო ხარვეზი.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა.

განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა, ამიტომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ნ. გ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 19 ნოემბრის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. ქათამაძე

მოსამართლეები: თ. თოდრია

ბ. ალავიძე