საქმე№ას-169-159-2014 27 მარტი, 2014 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ბესარიონ ალავიძე, პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი _ ზ. მ-ი (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე _ ლ. ა-ი, ნ. მ-ი (მოპასუხე)
მესამე პირი - შიდა ქართლისა და მცხეთა-მთანეთის სააღსრულებო ბიურო
გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 19 დეკემბრის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად დაბრუნება
დავის საგანი – ქონების ყადაღისაგან გათავისუფლება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ზ. მ-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში ლ. ა-სა და ნ. მ-ის, ასევე მესამე პირის - შიდა ქართლისა და მცხეთა-მთაინეთის სააღსრულებო ბიუროს მიმართ, აღმასრულებლის მიერ 2013 წლის 23 იანვარს შედგენილ ქონების აღწერისა და დაყადაღების აქტში მითითებულია მოსარჩელის კუთვნილი მოძრავი ქონების (კომპიუტერი - 1 კომპლექტი; სარეცხის მანქანა „სამსუნგის“ 1 ცალი; „სამსუნგის“ტელევიზორი – 1 ცალი; პიან. - 1 ცალი; ავეჯი „ვიოლეტა“ - 1 კომპლექტი) ყადაღისაგან გათავისუფლების მოთხოვნით.
ლ. ა-მა სარჩელი არ ცნო, ხოლო ნ. მ-მა სარჩელი ცნო და მისი დაკმაყოფილება ითხოვა, სარჩელი ასევე არ ცნო მესამე პირმა.
გორის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 16 სექტემბრის გადაწყვეტილებით ზ. მ-ის სარჩელი ლ. ა-სა და ნ. მ-ის მიმართ, ქონების ყადაღისაგან განთავისუფლების შესახებ ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ყადაღისაგან გათავისუფლდა 2013 წლის 23 იანვარს შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის მიერ გორის რაიონის სოფელ ბერბუკში შედგენილი ქონების აღწერისა და დაყადაღების შესახებ აქტში მითითებული ნივთები - №5 კომპიუტერი ერთი კომპლექტი და №9 ავეჯი „ვიოლეტა“ 1 კომპლექტი.
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 19 დეკემბრის განჩინებით ზ. მ-ის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად შემდეგი დასაბუთებით:
სააპელაციო სასამართლომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 373-ე მუხლის პირველი ნაწილის, 374-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და 365-ე მუხლის თანახმად, შეამოწმა სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა და დადგენილად მიიჩნია, რომ ზ. მ-ის სარჩელის მოთხოვნას წარმოადგენდა ქონების აღწერისა და დაყადაღების აქტში №5, №6, №7, №8 და №9 ნივთების, კერძოდ, №5 კომპიუტერის - 1 კომპლექტი, №6 სარეცხის მანქანის- 1 ცალი („სამსუნგის“ ფირმის), №7 ტელევიზორის „სამსუნგი“ – 1 ცალი, №8 პიან.ს - 1 ცალი, №9 ავეჯი „ვიოლეტას“- 1 კომპლექტის - ყადაღისაგან გათავისუფლება.
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით ზ. მ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და ყადაღისაგან გათავისუფლდა ქონების აღწერისა და დაყადაღების შესახებ აქტში მითითებული ნივთები - №5 კომპიუტერი ერთი კომპლეტი და №9 ავეჯი „ვიოლეტა“ 1 კომპლექტი.
აპელანტი გადაწყვეტილებას ასაჩივრებდა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და მოითხოვდა ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილებას.
მოსარჩელის მიერ საქმეში წარმოდგენილი აუდიტორული დასკვნის თანახმად, სარჩელით მოთხოვნილი ნივთების საერთო ღირებულება იყო 2200 ლარი (კომპიუტერი „ფილიპსი“ 1 კომპლექტი 700 ლარი, სარეცხის მანქანა - 400 ლარი („სამსუნგის“ ფირმის), 1 ცალი ტელევიზორ „სამსუნგი“ - 200 ლარი, 1 ცალი პიან. - 200 ლარი, ავეჯი „ვიოლეტა“ - 700 ლარი). გასაჩივრებული გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა მოსარჩელის მოთხოვნა და ყადაღისგან გათავისუფლდა კოპიუტერი (700 ლარი) და ავეჯი „ვიოლეტა“ – 700 ლარი. მოსარჩელემ გადაწყვეტილება გაასაჩივრა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში - ანუ „სამსუნგის“ ფირმის სარეცხის მანქანის, ტელევიზორი „სამსუნგისა“ და პიან.ს ყადაღისაგან გათავისუფლებაზე უარის თქმის ნაწილში. აუდიტორული დასკვნის თანახმად, მითითებული ნივთების ღირებულება ჯამში 800 ლარს შეადგენდა (სარეცხი მანქანა - 400 ლარი + ტელევიზორი 200 ლარი + პიან. 200 ლარი = 800 ლარს), რის გამოც პალატამ მიიჩნია, რომ სააპელაციო საჩივარი დაუშვებელი იყო, ვინაიდან არ არსებობდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 365-ე მუხლით გათვალისწინებული სააპელაციო საჩივრის შეტანის საფუძველი, კერძოდ, დავის საგნის ღირებულება არ აღემატებოდა 1000 ლარს.
სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა ზ. მ-მა, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად დაბრუნება შემდეგი საფუძვლებით:
არასწორია სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა, რომ აპელანტი რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში ასაჩივრებდა და ახალი გადაწყვეტილებით მოითხოვდა სარჩელის სრულად დაკმაყოფილებას, რის გამოც სააპელაციო საჩივრის საგნის ღირებულება, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 365-ე მუხლის შესაბამისად, შეადგენდა 800 ლარს. სააპელაციო საჩივრის შესწავლით ირკვევა, რომ მოთხოვნას წარმოადგენდა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების შეცვლით ახალი გადაწყვეტილების მიღება და სარჩელის სრულად დაკმაყოფილება, ასევე მოითხოვდა 2013 წლის 3 სექტემბრის შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ განჩინების გაუქმებას, ანუ რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება გასაჩივრებული იყო სრულად და არა ნაწილობრივ, რის გამოც დავის საგნის ღირებულება 2200 ლარს შეადგენდა და იგი 2,2-ჯერ აღემატებოდა სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ოდენობას.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 4 მარტის განჩინებით ზ. მ-ის კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ზ. მ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი.
განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ სააპელაციო საჩივრის საგნის ღირებულება არ აღემატებოდა 1000 ლარს, რის გამოც არ არსებობდა მისი განსახილველად დაშვების საფუძველი;
სააპელაციო პალატამ ეს გარემოება დაუკავშირა შემდეგს: პირველი ინსტანციის წესით საქმის განხილვისას მოსარჩელის მოთხოვნა იყო ქონების აღწერისა და დაყადაღების აქტში მითითებულია ქონების: კომპიუტერის; სარეცხის მანქანის; ტელევიზორის; პიან.ს; ავეჯი „ვიოლეტას“ ყადაღისაგან გათავისუფლება;
უდავოა, რომ განსახილველი საქმე ქონებრივ დავათა კატეგორიას განეკუთვნება, რის გამოც, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტიდან გამომდინარე, დავის საგნის ღირებულება ქონების საბაზრო ღირებულებით გამოითვლება;
საქმეში წარმოდგენილია აუდიტორ ლ. ფ-ის დასკვნა სადავო ქონების ღირებულების თაობაზე და დადასტურებულია, რომ ყადაღადადებული ქონების საერთო ღირებულება 2200 ლარია (კომპიუტერი „ფილიპსი“ 1 კომპლექტი 700 ლარი, სარეცხის მანქანა - 400 ლარი („სამსუნგის“ ფირმის), 1 ცალი ტელევიზორი „სამსუნგი“ - 200 ლარი, 1 ცალი პიან. - 200 ლარი, ავეჯი „ვიოლეტა“ - 700 ლარი);
დავას არ იწვევს ის გარემოება, რომ გორის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 16 სექტემბრის გადაწყვეტილებით ყადაღისაგან გათავისუფლდა კომპიუტერი - ერთი კომპლექტი და ავეჯი „ვიოლეტა“ ერთი კომპლექტი, რომელთა ღირებულება ჯამში 1400 ლარია;
გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, რომლის მოთხოვნაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება, ასევე საოქმო განჩინების გაუქმება. სწორედ ამ საფუძვლიდან გამომდინარე მიიჩნევს კერძო საჩივრის ავტორი, რომ დავის საგნის ღირებულება აღემატებოდა 2200 ლარს, ხოლო სააპელაციო სასამართლომ არასწორად ჩამოაყალიბა აპელანტის მოთხოვნა და არასწორად უთხრა უარი აპელანტს სააპელაციო საჩივრის განსახილველად დაშვებაზე.
საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ამ არგუმენტს და განმარტავს, რომ მიუხედავად იმისა, თუ როგორი ფორმულირებით აყალიბებს მხარე მოთხოვნას (მიუთითებს გადაწყვეტილების შეცვლით სარჩელის სრულად დაკმაყოფილებას თუ სხვა), მის სასარგებლოდ მიღებული გადაწყვეტილების ზემდგომი წესით გასაჩივრების შესაძლებლობას მოქმედი კანონმდებლობა არ ითვალისწინებს, კერძოდ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 364-ე მუხლის დანაწესი, რომ სასამართლოს პირველი ინსტანციით გამოტანილი გადაწყვეტილება მხარეებმა და მესამე პირებმა დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით შეიძლება კანონით დადგენილ ვადაში გაასაჩივრონ სააპელაციო სასამართლოში მოიაზრებს გასაჩივრების მსურველი მხარის იმ შესაძლებლობას, რომ ზემდგომი წესით მან იდავოს მხოლოდ გადაწყვეტილების იმ ნაწილზე, რომლითაც მის მოთხოვნას ეთქვა უარი დაკმაყოფილებაზე, ხოლო გადაწყვეტილების იმ ნაწილის გასაჩივრების მიმართ, რომლითაც მხარის მოთხოვნა დაკმაყოფილებულია, მხარეს არ გააჩნია იურიდიული ინტერესი, შესაბამისად, მხარის დასახელებული არგუმენტი სააპელაციო საჩივრის საგნის ღირებულებაზე გავლენას ვერ იქონიებს.
ამასთანავე, სააპელაციო საჩივრის საგნის ღირებულების გაზრდას ვერ გამოიწვევს ასევე მოწმეთა დაკითხვის შესახებ შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საოქმო განჩინების გაუქმების მოთხოვნა, ვინაიდან იგი მიმართული შეიძლება იყოს მხოლოდ სააპელაციო მოთხოვნის დასაბუთებისკენ და არა მოთხოვნის ოდენობის გაზრდისკენ, სწორედ ამ საკითხის რეგულირებაა მოცემული საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის მე-3 ნაწილში.
ამდენად, საკასაციო პალატა ეთანხმება გასაჩივრებული განჩინების მსჯელობას და განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 365-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო საჩივარი ქონებრივ-სამართლებრივ დავაში დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ დავის საგნის ღირებულება აღემატება 1 000 ლარს. ეს ღირებულება განისაზღვრება იმის მიხედვით, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილების რა ზომით შეცვლაზე შეაქვს საჩივარი მხარეს. მითითებული ნორმის საფუძველზე, ქონებრივ დავებთან მიმართებით, კანონმდებელმა დაადგინა, თუ რა კატეგორიის საქმის მიმართ დაიშვება სააპელაციო საჩივრის შეტანა. აღნიშნულ კრიტერიუმს წარმოადგენს დავის საგნის ღირებულება და დადგენილია, რომ სააპელაციო საჩივარი იმ გადაწყვეტილების ან გადაწყვეტილების იმ ნაწილის მიმართ, რომელსაც მხარე სადავოდ ხდის და მოთხოვნის ოდენობა არ აღემატება 1000 ლარს, სააპელაციო საჩივრის შეტანა არ დაიშვება. კანონის აღნიშნული დანაწესი სწრაფი მართლმსაჯულების პრინციპიდან გამომდინარეობს და შედარებით ნაკლები ღირებულების ქონებრივი დავის სწრაფად გადაწყვეტასა და დასრულებას ემსახურება.
მოცემულ შემთხვევაში, სარჩელის მოთხოვნის დაუკმაყოფილებელი ნაწილის გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლომ სავსებით მართებულად გამოიანგარიშა სააპელაციო საჩივრის საგნის ღირებულება, რომელიც საქმეში წარმოდგენილ აუდიტორულ დასკვნას ემყარება და კანონით დადგენილი ოდენობის - 1000 ლარისა და სადავო ნივთების საბაზრო ღირებულების - 800 ლარის მხედველობაში მიღებით სასამართლომ სავსებით მართებულად დატოვა განუხილველად ზ. მ-ის სააპელაციო საჩივარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ზ. მ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 19 დეკემბრის განჩინება დარჩეს უცვლელად.
3. კერძო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.
4. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ვ. როინიშვილი
მოსამართლეები: ბ. ალავიძე
პ. ქათამაძე