Facebook Twitter

საქმე№ას-191-180-2014 27 მარტი, 2014 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ბესარიონ ალავიძე, პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორები: 1. ტ. ი-ე (მოსარჩელე)

2. შპს „...“ (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 27 იანვრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორების მოთხოვნა: 1. გასაჩივრებული განჩინების ნაწილობრივ გაუქმება, მოპასუხისათვის კომპენსაციის 2010 წლის 1 ივლისიდან დაკისრება;

2. გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – კომპენსაციის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ტ. ი-ემ სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „...“ წინააღმდეგ და მოითხოვა მოპასუხისათვის ფულადი კომპენსაციის - ყოველთვიურად 928.4 ლარის გადახდის დაკისრება.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა ითხოვა.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 31 იანვრის გადაწყვეტილებით ტ. ი-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, შპს „...“ მის სასარგებლოდ დაეკისრა ფულადი კომპენსაციის, ყოველთვიურად 928.4 ლარის გადახდა.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს „...“, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 17 აპრილის გადაწყვეტილებით შპს „...“ სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 31 იანვრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, ტ. ი-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, შპს „...“ ტ. ი-ის სასარგებლოდ დაეკისრა ფულადი კომპენსაციის, ყოველთვიურად 400 ლარის გადახდა.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2013 წლის 8 ნოემბერს საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ ტ. იობაძის საკასაციო საჩივრისა და შპს „...“ შეგებებული საკასაციო საჩივრის დაუშვებლად მიჩნევის გამო.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 17 აპრილის გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში და მასზე გაცემულია სააღსრულებო ფურცლები.

სააპელაციო სასამართლოს განცხადებებით მიმართა ტ. ი-ის წარმომადგენელმა გ. გ-ემ და მოითხოვა ამავე სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 17 აპრილის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტის განმარტება იმგვარად, რომ შპს „...“ ტ. ი-ის სასარგებლოდ ფულადი კომპენსაციის სახით ყოველთვიურად 400 ლარის გადახდა დაეკისროს 2008 წლის 15 დეკემბრიდან, როცა მოსარჩელე საჯარო რეესტრში რეგისტრაციით გახდა 210,50 კვ.მ მიწის იმ ნაკვეთის მესაკუთრე, რომლის ქვეშაც გადის მოპასუხის კუთვნილი წყლის მაგისტრალური მილი, რის გამოც ამავე მიწის ნაკვეთზე რაიმე მშენებლობის განხორციელება დაუშვებელია, ანუ სამეზობლო თმენის ვალდებულება ტ. ი-ეს, ხოლო შესაბამისი კომპენსაციის გადახდის ვალდებულება შპს „...“ წარმოეშვა იმავე პერიოდიდან.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 27 იანვრის განჩინებით ტ. ი-ის განცხადება ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 17 აპრილის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტის განმარტების თაობაზე დაკმაყოფილდა, სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 17 აპრილის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქის პირობა: ,,დაეკისროს შპს „...“ ტ. ი-ის სასარგებლოდ ფულადი კომპენსაციის სახით ყოველთვიურად 400 ლარის გადახდა” - განიმარტა შემდეგნაირად: ,,4. დაეკისროს შპს „...“ ტ. ი-ის სასარგებლოდ ფულადი კომპენსაციის სახით ყოველთვიურად 400 ლარის გადახდა ტ. ი-ის მიერ ამ საქმეზე სარჩელის აღძვრის მომენტიდან - 2012 წლის 18 სექტემბრიდან“.

სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლის პირველი ნაწილით და ნორმის დისპოზიციიდან გამომდინარე, განმარტა შემდეგი: დასაშვებია არა ყველა გადაწყვეტილების განმარტება, არამედ მხოლოდ ისეთის, რომლის შინაარსიც გაუგებარია, ე.ი გადაწყვეტილების განმარტება შეიძლება მხოლოდ მაშინ, როდესაც მხარეები ან სასამართლო აღმასრულებელი ზუსტად ვერ ადგენენ, თუ რა გადაწყვეტილება მიიღო სასამართლომ, ამასთან, განმარტებით არ უნდა შეიცვალოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი. დაუშვებელია, განმარტებით მოხდეს მიღებული და კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების რევიზია.

პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 17 აპრილის გადაწყვეტილებით შპს „...“ სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 31 იანვრის გადაწყვეტილება და მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ტ. ი-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, დაეკისრა შპს „...“ ტ. ი-ის სასარგებლოდ ფულადი კომპენსაციის სახით ყოველთვიურად 400 ლარის გადახდა, ამავე გადაწყვეტილებით განაწილდა სასამართლო და სასამართლოსგარეშე ხარჯები.

ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა 2013 წლის 17 აპრილის გადაწყვეტილებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლებსაც ემყარებოდა ამავე გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტი. სასამართლოს განმარტებით, 2013 წლის 17 აპრილის გადაწყვეტილების ჩამოყალიბებისას უდავოდ დადგენილად იქნა მიჩნეული ის ფაქტი, რომ გონივრული და სამართლიანი იყო აპელანტ ორგანიზაციას - შპს „...“ დაკისრებოდა საკომპენსაციო თანხა თმენის ვალდებულებისათვის 400 ლარის ოდენობით ყოველთვიურად, მაგრამ სასამართლომ არ მიუთითა თუ რა პერიოდიდან უნდა მომხდარიყო ამ თანხის მოპასუხისთვის დაკისრება, რაც გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტის ბუნდოვანებას იწვევდა. აღნიშნულის გათვალისწინებით, პალატამ საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლის შესაბამისად, ტ. ი-ის მოთხოვნა გადაწყვეტილების განმარტების თაობაზე დასაბუთებულად მიიჩნია და ჩათვალა, რომ იგი უნდა დაკმაყოფილებულიყო არა იმგვარად, როგორც ამას განმცხადებელი მიუთითებდა, არამედ შემდეგი სახით: მოცემულ საქმეზე კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებას ფულადი კომპენსაციის დაკისრების დავაზე საფუძვლად ედო ტ. ი-ის მიერ 2012 წლის 18 სექტემბერს აღძრული სარჩელი, შესაბამისად, გადაწყვეტილების აღსრულების ხელშეწყობის მიზნით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს, სამოქალაქო საქმეთა პალატის, 2013 წლის 17 აპრილის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტის პირობა უნდა განმარტებულიყო შემდეგნაირად: „4. დაეკისროს შპს „...“ ტ. ი-ის სასარგებლოდ ფულადი კომპენსაციის სახით ყოველთვიურად 400 ლარის გადახდა ტ. ი-ის მიერ ამ საქმეზე სარჩელის აღძვრის მომენტიდან - 2012 წლის 18 სექტემბრიდან“.

განმცხადებლის მსჯელობასთან დაკავშირებით, რომ შპს „...“ ტ. ი-ის სასარგებლოდ ფულადი კომპენსაციის სახით ყოველთვიურად 400 ლარის გადახდა უნდა დაკისრებოდა 2008 წლის 15 დეკემბრიდან, როცა მოსარჩელე საჯარო რეესტრში რეგისტრაციით გახდა 210,50 კვ.მ მიწის იმ ნაკვეთის მესაკუთრე, რომლის ქვეშ გადის მოპასუხე შპს „...“ კუთვნილი წყლის მაგისტრალური მილი, რის გამო ამავე მიწის ნაკვეთზე რაიმე მშენებლობის განხორციელება დაუშვებელია, ანუ სამეზობლო თმენის ვალდებულება ტ. ი-ეს, ხოლო შესაბამისი კომპენსაციის გადახდის ვალდებულება შპს „...“ წარმოეშვა იმავე პერიოდიდან, ე.ი 2008 წლის 15 დეკემბრიდან“, არ იქნა გაზიარებული, რადგანაც სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 17 აპრილის გადაწყვეტილებით უდავოდ იყო დადგენილი, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 21 მარტის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით მოსარჩელე ტ. ი-ის სარჩელი, შპს „...“ მიმართ ხელშეშლის აღკვეთის თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

სასამართლოს შეფასებით, უფლების დარღვევის თაობაზე მოსარჩელემ ადრე იდავა და არსებობს კანონიერ ძალაში შესული ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 21 მარტის გადაწყვეტილება, რომლითაც ასევე უდავოდ დადგინდა, რომ ტ. ი-ეს, როგორც ნაკვეთის მესაკუთრეს, დაეკისრა თმენის ვალდებულება მისი მიწით ამგვარი სარგებლობისათვის შპს „...“ მიერ. სწორედ ეს გადაწყვეტილება დაედო საფუძვლად ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 17 აპრილის გადაწყვეტილებას ფულადი კომპენსაციის დაკისრების თაობაზე. პალატა განმცხადებლის პოზიციას, რომ კომპენსაციის გადახდის ვალდებულება შპს „...“ წარმოეშვა 2008 წლის 15 დეკემბრიდან, სწორედ ამ გარემოებიდან გამომდინარე არ ეთანხმებოდა.

სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა ტ. ი-ემ, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების ნაწილობრივ გაუქმება და შპს „...“ კომპენსაციის დაკისრება არა მეორე სარჩელის აღძვრიდან, არამედ 2010 წლის 1 ივლისიდან, როდესაც მოსარჩელისათვის გახდა ცნობილი მისი უფლების დარღვევის შესახებ და ამ დარღვევის აღკვეთის მოთხოვნის მიმართა მან სასამართლოს. კერძო საჩივრის ავტორმა მიუთითა შემდეგ გარემოებებზე:

სააპელაციო პალატამ მიღებული განჩინებით ჩათვალა, რომ ყოველთვიური კომპენსაციის გადახდა სამეზობლო ზემოქმედებათა თმენის ვალდებულების გამო უნდა მომხდარიყო არა ამ უფლების დარღვევის (შეზღუდვის) დაწყების, არამედ „ამ საქმეზე სარჩელის აღძვრის მომენტიდან - 2012 წლის 18 სექტემბრიდან“. თუ რატომ მიიღო სააპელაციო პალატამ ასეთი გადაწყვეტილება, განჩინებაში დასაბუთებული არ არის. სამოქალაქო კოდექსი დარღვეულ (შეზღუდულ) უფლებას, ბუნებრივია, უვადოდ არ იცავს და სწორედ ამიტომ არის განსაზღვრული ამ კოდექსის 128-ე მუხლის პირველი ნაწილით ხანდაზმულობის ცნება. სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლით, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან.

უდავოდ დადგენილია, რომ ტ. ი-ის უფლება ფაქტობრივად დაირღვა (შეიზღუდა) და სამეზობლო ზემოქმედების გამო თმენის ვალდებულება, ასევე კომპენსაციის მიღების უფლება, მას წარმოეშვა 2008 წლის 15 დეკემბრიდან, როცა მხარემ შეიძინა მიწის ნაკვეთი, რომლის ქვეშაც გადის მოპასუხე კომპანიის კუთვნილი წყლის მაგისტრალური მილი და რის გამოც ამავე მიწის ნაკვეთზე რაიმე კაპიტალური ნაგებობის მშენებლობა არ დაიშვება. უფლების დარღვევა (შეზღუდვა) ობიექტურად მანამდეც ხდებოდა, როცა უძრავი ნივთის ადრინდელი მესაკუთრე იყო სახელმწიფო და უწყვეტად გრძელდება დღემდე, ახალი მესაკუთრის ხელში, რის შესახებ ტ. ი-ემ შეიტყო 2010 წლის 1 ივლისს, მოპასუხის წერილიდან, როდესაც დამტკიცებული პროექტისა და ნებართვის საფუძველზე, კუთვნილ მიწის ნაკვეთზე დააპირა მშენებლობის დაწყება.

ტ. ი-ემ სარჩელი აღძრა სამოქალაქო კოდექსის, როგორც 128-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილი 10-წლიანი საეროთო ვადის, ისე 129-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დადგენილი ხანდაზმულობის 6-წლიანი ვადის დაცვით. სასამართლო ვალდებული იყო, მიღებულ განჩინებაში კონკრეტულ სამართლებრივ ნორმაზე მითითებით, დაესაბუთებინა, ყოველთვიური ფულადი კომპენსაციის გადახდა მოპასუხე წყლის კომპანიას რატომ უნდა დაეკისროს არა უფლების რეალურად დარღვევის (შეზღუდვის) მომენტიდან, როგორც ამას მოსარჩელე ითხოვს, არამედ სასამართლოში სარჩელის აღძვრის მომენტიდან, სამომავლოდ, მით უფრო, როცა გასული არ არის სასარჩელო მოთხოვნის არც საერთო და არც სპეციალური ხანდაზმულობის ვადები.

მოსარჩელეს, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 181-ე მუხლის საფუძველზე, ვალდებულების მომავალში შესრულება არ მოუთხოვია, ამასთან, მოქმედი სამოქალაქო მატერიალური და საპროცესო კანონმდებლობის არც ერთი ნორმა არ უკრძალავს მოსარჩელეს, მან მატერიალური ზიანის ანაზღაურება ან კომპენსაცია მოითხოვოს წარსული პერიოდისათვის, ცხადია, სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადის ფარგლებში. მხოლოდ სარჩელის აღძვრის მომენტიდან ზიანის ან კომპენსაციის მოცულობის განსაზღვრა და მხოლოდ სარჩელის აღძვრის შემდგომი პერიოდისათვის (სამომავლოდ) სარჩელის დაკმაყოფილება მოსარჩელის საპროცესო და მატერიალური უფლებების დროში განხორციელების გაუმართლებელი შეზღუდვა იქნებოდა, მეტიც, პირდაპირ დააბრკოლებდა ამ უფლებათა ეფექტურად დაცვას.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 2013 წლის 5 ნოემბრის №3/1/531 გადაწყვეტილებაში განმარტა, რომ „სამართლიანი სასამართლოს უფლება გულისხმობს არა მარტო სასამართლოსადმი ფორმალურ ხელმისაწვდომობას, არამედ ასევე მოითხოვს, რომ საქმის განმხილველ სასამართლოს ჰქონდეს უფლების დარღვევის ფაქტზე რეაგირების ეფექტური საშუალება“.

სამოქალაქო კოდექსი უშვებს საგამონაკლისო შემთხვევას, როცა თანხის გადახდის დაკისრება მოვალის მიმართ ხდება როგორც მხოლოდ სამომავლოდ, ისე წარსული დროის კონკრეტული ვადის ფარგლებში. მაგალითად, სამოქალაქო კოდექსის 1234-ე მუხლის მე-2 ნაწილი. სხვა საგამონაკლისო ნორმა სამეზობლო ზემოქმედებათა თმენის ვალდებულებიდან გამომდინარე კომპენსაციის გადახდასთან და, ზოგადად, ვალდებულების დარღვევის გამო თანხის ანაზღაურებასთან მიმართებაში სამოქალაქო კოდექსში არ მოიპოვება. თუნდაც სასამართლო პრაქტიკამ დააწესოს წარსული დროისათვის კომპენსაციის გადახდის დაუშვებლობა, გარდა სამოქალაქო კოდექსის 1234-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული სამწლიანი ვადისა, და მყარად დადგინდეს, რომ კომპენსაციის გადახდა ვალდებულ პირს ეკისრება საქმეზე სარჩელის აღძვრის მომენტიდან, მხოლოდ მომავალი დროისათვის, ყველა შემთხვევაში ზუსტად უნდა განისაზღვროს, რომელი საქმე და რომელი სარჩელი იგულისხმება კონკრეტულად. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილით, საქმის განხილვას სასამართლო შეუდგება იმ პირის განცხადებით, რომელიც მიმართავს მას თავისი უფლების ან კანონით გათვალისწინებული ინტერესის დასაცავად. სააპელაციო პალატამ გასაჩივრებული განჩინებით დაადგინა, რომ ტ. ი-ის სასარგებლოდ ფულადი კომპენსაციის სახით ყოველთვიურად 400 ლარის გადახდა უნდა მომხდარიყო ტ. ი-ის მიერ ამ საქმეზე სარჩელის აღძვრის მომენტიდან – 2012 წლის 18 სექტემბრიდან. საკითხის მსგავსი გადაწყვეტილება არ უნდა ჩაითვალოს გონივრულად და სამართლიანად, რადგან ტ. ი-ემ შეიტყო რა თავისი უფლების დარღვევის (შეზღუდვის) შესახებ, პირველად სასამართლოში სარჩელი აღძრა 2010 წლის 24 დეკემბერს და მოითხოვა უძრავი ნივთით სარგებლობის ხელშეშლის აღკვეთა. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 21 მარტის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა, შემდგომში საქმე განიხილა ჯერ სააპელაციო, შემდეგ უზენაესმა სასამართლომ და უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 5 მარტის განჩინებაში მიეთითა, რომ, თუმცა ადგილი ჰქონდა ტ. ი-ის მიმართ უძრავი ნივთით სარგებლობის ხელშეშლას მოპასუხე კომპანიის მხრიდან, მაგრამ იგი ექცეოდა სამეზობლო ზემოქმედების ფარგლებში. უზენაესი სასამართლოს ხსენებული განჩინების მიღების შემდეგ, ტ. ი-ემ მეორე სარჩელი აღძრა მოპასუხე კომპანიის წინააღმდეგ და მოითხოვა სამეზობლო ზემოქმედების თმენისათვის ყოველთვიური კომპენსაციის - 928,4 ლარის გადახდა, რაც ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 31 იანვრის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა, საბოლოოდ, სააპელაციო პალატის კანონიერ ძალაში შესული 2013 წლის 17 აპრილის გადაწყვეტილებით ყოველთვიურად გადასახდელი საკომპენსაციო თანხა შემცირდა და განისაზღვრა 400 ლარით.

მითითებული სამოქალაქო საქმეები ერთმანეთთან არსებითად არის დაკავშირებული და, რაც მთავარია, 2010 წლის 24 დეკემბერს აღძრულ სარჩელზე დადასტურდა ტ. ი-ის უფლება დარღვევის (შეზღუდვის) ფაქტი კანონიერ ძალაში შესული ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 21 მარტის გადაწყვეტილებითა და უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 5 მარტის განჩინებით. ის გარემოება, რომ კონკრეტული ოდენობის კომპენსაციის გადახდის მოთხოვნით მეორე სარჩელი სასამართლოში აღძრა მოგვიანებით, 2012 წლის 18 სექტემბერს, არ იძლევა კანონიერ საფუძველს, რომ მოპასუხეს კომპენსაციის გადახდა ამ დროიდან დაეკისროს, ვინაიდან მოსარჩელემ უფლების დარღვევის (შეზღუდვის) შესახებ დავა დაიწყო გაცილებით უფრო ადრე, 2010 წლის 24 დეკემბერს.

თუკი გაზიარებული იქნება სააპელაციო პალატის ის პოზიცია, რომ ფულადი კომპენსაციის ანაზღაურების დაწყების თარიღი უნდა განისაზღვროს სასამართლოში სარჩელის აღძვრის მომენტით, ამ კონკრეტულ შემთხვევაში, საქმის ინდივიდუალური თავისებურებების გათვალისწინებით, ფულადი კომპენსაციის დაკისრება მოპასუხისათვის უნდა მოხდეს არა მეორე, არამედ პირველი სარჩელის აღძვრიდან, როცა ტ. ი-ემ მოპასუხე შპს „...“ მხრიდან კუთვნილ უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების დარღვევის (შეზღუდვის) შესახებ სარჩელით მიმართა საქალაქო სასამართლოს.

სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე ასევე შეიტანა კერძო საჩივარი შპს „...“ და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება შემდეგი საფუძვლებით:

კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებით, სასამართლოს განმარტება სცდება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლის დეფინიციას, ვინაიდან მოცემული ნორმა გულისხმობს გადაწყვეტილების აღსრულების ხელშეწყობის მიზნით, სარეზოლუციო ნაწილის შეუცვლელად მის განმარტებას, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის შინაარსი ბუნდოვანია. ამ შემთხვევაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 17 აპრილის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტი არ შეიძლება ჩაითვალოს ბუნდოვნად, ვინაიდან, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 264-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება (განჩინება) ძალაში შედის დაუყოვნებლივ, მის გამოცხადებისთანავე, შესაბამისად, კომპენსაციის გადახდა კომპანიის მხრიდან იწარმოებდა ყოველთვიურად 2013 წლის 8 ნოემბრიდან, როცა ძალაში შევიდა უზენაესი სასამართლოს განჩინება საკასაციო საჩივრის დაშვებობაზე უარის თქმის შესახებ.

პალატის სადავო განმარტებით არსებითად შეიცვალა სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 17 აპრილის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი, ვინაიდან კომპანიას დამატებით ერთჯერადად 5200 ლარის გადახდა დაეკისრა (2012 წლის 18 სექტემბრიდან 2013 წლის 8 ნოემბრამდე პერიოდი მოიცავს 13 თვეს). აღნიშნული განმარტებით ზიანი ადგება კომპანიის ინტერესებს. არც ერთი ინსტანციის სასამართლოში მხარეს საკითხი კომპენსაციის გადახდის პერიოდის შესახებ სადავოდ არ გაუხდია, რაც იმას ნიშნავს, რომ მხარე ავტომატურად გულისხმობდა კომპენსაციის გადახდის ათვლის დასაწყისად გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის დღეს. არც საქალაქო სასამართლოს და არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში არ არის მითითებული, თუ რა პერიოდის განმავლობაში უნდა იხადოს კომპანიამ ტ. ი-ის სასარგებლოდ ყოველთვიურად კომპენსაცია, აღნიშნული კომპანიის მიერ სადავო გახდა მეორე ინსტანციის სასამართლოში, თუმცა სასამართლომ გადაწყვეტილების დასაბუთების პროცესში ეს გარემოება არ გაითვალისწინა და კომპანიას დააკისრა კომპენსაციის გადახდის ვალდებულება უვადოდ, განუსაზღვრელი პერიოდით, შესაბამისად, თუ სასამართლოში დადგა საკითხი იმის შესახებ, თუ სადამდე უნდა ეხადა კომპანიას კომპენსაცია, მხარეს ასევე შეეძლო, სადავო გაეხადა გარემოება იმის შესახებ, თუ რა პერიოდიდან უნდა დაწყებულიყო კომპენსაციის გადახდა. სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 17 აპრილის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტი ბუნდოვანი კი არ არის, არამედ იგულისხმება და ჩანაწერიდან პირდაპირ გამომდინარეობს, რომ კომპენსაციის გადახდის ვალდებულება კომპანიას გააჩნია გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის მომენტიდან.

არასწორია სასამართლოს არგუმენტაცია კომპენსაციის გადახდისათვის პერიოდად 2012 წლის 18 სექტემბრის მიჩნევის შესახებ. მართალია, ტ. ი-ემ სწორედ ამ დროს შეიტანა სარჩელი თმენის ვალდებულებისათვის კომპენსაციის მოთხოვნით, მაგრამ ეს არ შეიძლება გახდეს საფუძველი სასამართლოსათვის, მოსთხოვოს მეორე მხარეს ამ პერიოდიდან კომპენსაციის გადახდა, ვინაიდან სარჩელის შეტანის მომენტისათვის მხარეებმა არ იციან წინასწარ მოიგებენ თუ არა კონკრეტულ დავას.

სასამართლო არსებითად გასცდა სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებს, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 248-ე მუხლის მიხედვით მოსარჩელის მიერ მსგავსი მოთხოვნა არც ერთი ინსტანციის სასამართლოში სადაოდ არ გამხდარა, ამასთან, სარეზოლუციო ნაწილის ჩანაწერი, რომელიც სასამართლომ განმარტა, არ იყო ბუნდოვანი არც ერთი მხარისთვის. მსგავსი განმარტება თავისი არსით სცილდება სასამართლოსთვის მინიჭებულ უფლებამოსილებას კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის განმარტებასთან დაკავშირებით და წარმოადგენს ახალ გადაწყვეტილებას, რომელიც უკანონოა, ამასთანავე, განმარტებით გადაწყვეტილებას უკუქცევითი ძალა მიანიჭა, რაც ეწინააღმდეგება სასამრთლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის კანონით გათვალისწინებულ დროს და მის შედეგებს.

კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებით, გასაჩივრებული განჩინების მსჯელობა ასევე ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილ პრაქტიკას გადაწვეტილების განმარტების თაობაზე,

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 261-ე მუხლით, თვით სასამართლოს, თუ ის მიიჩნევდა, რომ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომელიც საჭიროებდა დაზუსტებას, გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 7 დღის ვადაში მიეღო დამატებითი გადაწყვეტილება საკუთარი ინიციატივით ან მხარის მოთხოვნით. მოცემულ შემთხვევაში, დამატებითი გადაწყვეტილების მიღების საჭიროების საკითხი არ დამდგარა, რაც კიდევ ერთხელ მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი მხარეთა და სასამართლოსათვის ნათელი და არაორაზროვანი იყო.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 28 თებერვლის განჩინებით, „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 5.1 მუხლის „მ“ ქვეპუნქტით ტ.ი-ე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლდა, ხოლო მისი კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად, ამავე პალატის 2014 წლის 28 თებერვლის განჩინებით წარმოებაში იქნა მიღებული ასევე შპს „...“ კერძო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრების საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ტ. ი-სა და შპს „...“ კერძო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს იმის გარკვევა, სააპელაციო სასამართლომ მის მიერ მიღებული კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით სწორად განსაზღვრა თუ არა მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი კომპენსაციის გადახდის დასაწყისი, მეორე მხრივ, არსებობდა თუ არა კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების განმარტების საფუძველი.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 31 იანვრის გადაწყვეტილებით ტ. ი-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, შპს „...“ მის სასარგებლოდ დაეკისრა ფულადი კომპენსაციის, ყოველთვიურად 928.4 ლარის გადახდა;

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 17 აპრილის გადაწყვეტილებით შპს „...“ სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 31 იანვრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ტ. ი-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, შპს „...“ ტ. ი-ის სასარგებლოდ დაეკისრა ფულადი კომპენსაციის, ყოველთვიურად 400 ლარის გადახდა;

უდავოა, რომ გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში;

მოცემულ შემთხვევაში, არ არის განსაზღვრული კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დაკისრებული საკომპენსაციო თანხის გადახდის დენის დასაწყისი, რამაც განაპირობა სასამართლო გადაწყვეტილების განმარტება.

საკასაციო სასამართლო სავსებით იზიარებს გასაჩივრებული განჩინების დასკვნას იმის თაობაზე რომ ეს საკითხი იწვევდა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის ბუნდოვანებას და არსებობდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლით განსაზღვრული გადაწყვეტილების განმარტების საფუძველი.

განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო პალატამ თანხის გადახდის დენის დასაწყისი დაუკავშირა გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილით დადგენილ ფაქტებს და ამ ფაქტების ანალიზით მივიდა დასკვნამდე, რომ მოსარჩელე თანხის დაკისრებას მოითხოვდა სარჩელის აღძვრის მომენტიდან, თავის მხრივ, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

1. ტ.ი-ის კუთვნილ მიწის ნაკვეთზე დ-300 მმ თუჯის მაგისტრალური წყლის მილი, რომლითაც ხორციელდება ქალაქის სასმელი წყლით მომარაგება, ათეული წლებია განთავსებულია და ტ. ი-ეს, როგორც მისი ნაკვეთის მესაკუთრეს, დაეკისრა თმენის ვალდებულება მისი მიწით ამგვარი სარგებლობისათვის შპს „...“ მიერ;

2. მესაკუთრის თვითნებური მოქმედებით არ გაუქმებულა უკვე არსებული დაკავშირება სადავო მიწის ნაკვეთისა, რადგან ტ.ი-ის კუთვნილ მიწის ნაკვეთზე დ-300 მმ თუჯის მაგისტრალური წყლის მილი, რომლითაც ხორციელდება ქალაქის სასმელი წყლით მომარაგება, ათეული წლებია განთავსებულია. 2008 წლის 30 სექტემბერს, უძრავი ქონების აუქციონზე შეძენისას, ტ. ი-ის საკუთრებაში გადავიდა მიწის ნაკვეთთან, ასევე ამ მიწის ნაკვეთზე განთავსებულ მაგისტრალურ წყლის მილთან დაკავშირებული მოთხოვნები და უფლებები ისეთივე მდგომარეობაში, როგორშიც ისინი ძველი მესაკუთრის - სახელმწიფოს ხელში იყო;

3. ტ. ი-ის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე გადის აპელანტის მაგისტრალური წყალსადენი მილი, რომლის თმენის ვალდებულებაც დაეკისრა მას და რომლის არსებობაც მესაკუთრის მიწის ნაკვეთზე სცილდება ჩვეულებრივ სარგებლობას და ეკონომიურად დასაშვებ ფარგლებს. ამასთან, სამოქალაქო კოდექსის 180-ე მუხლით გათვალისწინებული კანონისმიერი თმენის ვალდებულება არაა უსასყიდლო ვალდებულება. სხვისი უფლებებით დატვირთული მიწის მესაკუთრეს შეუძლია მოითხოვოს შესაბამისი ფულადი კომპენსაცია, შესაბამისად, კანონიერია მოსარჩელის ტ. ი-ის მოთხოვნა ფულადი კომპენსაციის მოპასუხეზე დაკისრების თაობაზე, მაგრამ არა იმ ოდენობით რა ოდენობასაც ტ. ი-ე ითხოვს, არამედ, არსებული რეალობის გათვალისწინებით, იგი უნდა იყოს გონივრული და სამართლიანი;

4. მხარეთა შორის კომპენსაციის გადახდის საკითხზე შეთანხმება ვერ შედგა. მოსარჩელე ტ. ი-ემ წარმოადგინა აუდიტის დასკვნა მის მიერ მოთხოვნილი კომპენსაციის თანხის ოდენობაზე, ხოლო აპელანტი (მოპასუხე) მხარე საერთოდ უარს აცხადებს თანხის გადახდაზე და მათ ასევე სადავო გახადეს ტ. ი-ის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულება. თავად აპელანტს კი კომპენსაციის თანხის გაანგარიშებაზე არავითარი მტკიცებულება არ წარმოუდგენია;

5. პალატის განმარტებით, არსებული რეალობიდან გამომდინარე, როცა მესაკუთრეს დაკისრებული აქვს თმენის ვალდებულება და ის, რომ აღნიშნული ურთიერთობა მხარეებს შორის სცილდება ჩვეულებრივ სარგებლობას და ეკონომიკურად დასაშვებ ფარგლებს, გონივრული და სამართლიანია აპელანტ ორგანიზაციას დაეკისროს საკომპენსაციო თანხა თმენის ვალდებულებისათვის 400 ლარის ოდენობით ყოველთვიურად და არა 928,4 ლარი როგორც ეს საქალაქო სასამართლოს მიერ იქნა გადაწყვეტილი.

საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებას ზემოაღნიშნულ ფაქტებთან მიმართებაში და დამატებით განმარტავს, რომ მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა დამყარებულია დისპოზიციურიბის პრინციპზე (სსსკ მე-3 მუხლი), რაც თავის თავში მოიაზრებს მხარის ფართო შესაძლებლობებს, გარკვეულწილად, თავადვე განსაზღვროს დავის შემდგომი გადაწყვეტის ბედი, იგი შეზღუდული არ არის მის საპროცესო უფლებამოსილებათა განხორციელებაში. საქმის განმხილველი სასამართლოს ვალდებულებას წარმოადგენს მხარეთა დისპოზიციური ნების ფარგლებში საქმის ფაქტობრივი გარემოებების კვლევა და მათი სწორი სამართლებრივი შეფასება. დისპოზიციურობის გამოვლინებას წარმოადგენს მოსარჩელის მიერ მოთხოვნის ფორმულირება, რაც იმას მიანიშნებს, რომ დავა სწორედ მოთხოვნის ფარგლებში იქნება გადაწყვეტილი, იმგვარად, რომ სასამართლო არ არის უფლებამოსილი გასცდეს მოთხოვნის ფარგლებს (სსსკ 248-ე მუხლი).

მოცემულ შემთხვევაში ტ.ი-ე მიიჩნევს, რომ მისი უფლება დაირღვა სასამართლოსათვის მეორე სარჩელით მიმართვამდე, რაც სასამართლოს უნდა გაეთვალისწინებინა, თუმცა მას მსგავსი მოთხოვნა სარჩელით არ დაუყენებია და ბუნებრივია, სასამართლო ვერც დავის არსებითად გადაწყვეტის და ვერც მიღებული გადაწყვეტილების განმარტების გზით წინა პერიოდის კომპენსაციაზე ვერ იმსჯელებდა, ამასთანავე, სავსებით უსაფუძვლოა მისი მსჯელობა წინა პერიოდის ალიმენტის გადახდის მარეგულირებელ ნორმასა თუ უძრავ ნივთთან დაკავშირებული სახელშეკრულებო მოთხოვნის ხანდაზმულობის 6-წლიან, ასევე საერთო ხანდაზმულობის 10-წლიან ვადაზე.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ კომპენსაციის გადახდის დასაწყისის მარეგულირებელი მატერიალური ნორმის არარსებობა არ გამორიცხავს წინა პერიოდის დარღვეული უფლების აღდგენის თხოვნით სასამართლოსათვის მიმართვის შესაძლებლობას, თუმცა სათანადო ფაქტობრივი გარემოებების დადასტურებისას ამ სარჩელის დაკმაყოფილება დასაშვებია მხოლოდ მხარის მოთხოვნის არსებობის შემთხვევაში. სპეციალური ურთიერთობის მარეგულირებელი ნორმის ანალოგიის გზით გამოყენება სამეზობლო ურთიერთობის რეგულირებისათვის დაუშვებელია და ეწინააღმდეგება სამოქალაქო კოდექსის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილს, ამასთანავე, გასათვალისწინებელია, რომ ყოველთვიური კომპენსაციის გადახდა პერიოდულად შესასრულებელ ვალდებულებას წარმოადგენს რომლის მიმართაც ვრცელდება სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული 3-წლიანი ვადა.

პალატა კვლავ ყურადღებას გაამახვილებს სარჩელის მოთხოვნაზე, სადაც ასევე არ არის მითითებული გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან კომპენსაციის დაკისრების თაობაზე, რაც სავსებით უმართებულოა და სამართლებრივი თვალსაზრისით დაუსაბუთებელს ხდის შპს „...“ კერძო საჩივრის საფუძვლებს, რომ სასამართლო გასცდა გადაწყვეტილების განმარტების ფარგლებს და პრაქტიკულად ახალი გადაწყვეტილება მიიღო, მიღებულ გადაწყვეტილებას უკუძალა მიანიჭა და თითქოს ივარაუდებოდა თანხის გადახდის ვალდებულება მხოლოდ გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდგომ, იმ მოტივით, რომ სარჩელის საფუძვლიანობის გარკვევა დავის დაწყებისას შეუძლებელია.

რაც შეეხება ტ. ი-ის მითითებას, რომ მან უფლების დარღვევის თაობაზე შეიტყო მშენებლობის დაწყების შეუძლებლობისა თუ სასამართლოსათვის სარჩელით პირველად მიმართვისას, რაც მოცემულ დავის ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილების აღსრულების დაწყებაზე ახდენს გავლენას, საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს და, ერთი მხრივ, მიუთითებს, რომ მხოლოდ უფლების დარღვევის ფაქტი, სასარჩელო მოთხოვნის არარსებობისას, სამართლებრივ შედეგს არ წარმოშობს, მეორე მხრივ კი, პალატა აღნიშნავს, რომ ტ.ი-ის თავდაპირველი სარჩელი იყო არა სამეზობლო თმენის ვალდებულების გამო კომპენსაციის დაკისრება, არამედ საკუთრებით სარგებლობის ხელშეშლის აღკვეთა, ამდენად არ არსებობს მისი მოსაზრებების გაზიარების წინაპირობები.

ასევე უსაფუძვლოა შპს „...“ არგუმენტი დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის ვადის დარღვევისა და გასაჩივრებული განჩინების განმარტების საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებულ პრაქტიკასთან წინააღმდეგობის შესახებ, რადგანაც სააპელაციო პალატამ სავსებით სწორად იხელმძღვანელა და სწორად განმარტა საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლი, რაც შეეხება დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანას, ამ საკითხის თაობაზე პალატა აღნიშნავს მხოლოდ იმას, რომ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადასტურებული უფლების ბუნდოვანება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 261-ე მუხლის არც ერთ დანაწესს არ შეესაბამება და გადაწყვეტილების ამ ნაკლოვანების აღმოფხვრა მხოლოდ და მხოლოდ გადაწყვეტილების განმარტების გზით არის შესაძლებელი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ სწორად გამოიყენა საპროცესო ნორმა და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა როგორც ტ.ი-ის განცხადებაში მითითებულ გარემოებებს, ისე საქმის მასალებს, ხოლო წარმოდგენილი კერძო საჩივრები უსაფუძვლოა და არ ქმნის გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძვლებს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ტ. ი-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო. შპს „..“ კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 27 იანვრის განჩინება დარჩეს უცვლელად. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ვ. როინიშვილი

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

პ. ქათამაძე