Facebook Twitter

Nას-19-19-2014 4 მარტი, 2014 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ბესარიონ ალავიძე, პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი - თ. თ-ე

მოწინააღმდეგე მხარე - ნ. ს-ა

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 16 დეკემბრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება

დავის საგანი - სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ნ. ს-ამ თბილისის საქალაქო სასამართლოში თ. თ-ის წინააღმდეგ სარჩელი აღძრა და მოითხოვა მოპასუხისათვის სესხის ძირითადი თანხის, 28 000 აშშ დოლარის, პირგასამტეხლოს - 88 200 აშშ დოლარის გადახდის დაკისრება, ასევე იპოთეკით დატვირთული მოპასუხის კუთვნილი უძრავი ქონების რეალიზაცია.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 18 სექტემბრის გადაწყვეტილებით ნ. ს-ას სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და მოპასუხე თ. თ-ეს ნ. ს-ას სასარგებლოდ დაეკისრა 28 000 აშშ დოლარის გადახდა. ამავე გადაწყვეტილებით თ. თ-ეს ნ. ს-ას სასარგებლოდ 2010 წლის 23 აპრილიდან 2013 წლის 25 მარტამდე, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, ჯარიმის სახით დაეკისრა 8.4 აშშ დოლარის, სულ 8820 აშშ დოლარის გადახდა.

მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა თ. თ-ემ და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 16 დეკემბრის განჩინებით თ. თ-ის სააპელაციო საჩივარი განუხილველად დარჩა.

სააპელაციო სასამართლოს მითითებით, საქმის მასალებით დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 18 სექტემბერს დანიშნულ მთავარ სხდომას ესწრებოდა თ. თ-ის წარმომადგენ. ქ. ჯ-ი (ს.ფ. 56-60; 67). გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწო 2013 წლის 19 ოქტომბრიდან (გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 31-ე დღეს) და გასაჩივრების ვადა ამოიწურა 2013 წლის 1 ნოემბერს. სააპელაციო საჩივარი წარდგენილია 2013 წლის 4 დეკემბერს, ფოსტის საშუალებით (03.12.2013.) კანონით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება თ. თ-ემ კერძო საჩივრით გაასაჩივრა. მისი მითითებით, 2013 წლის 18 სექტემბრის სასამართლო სხდომას ესწრებოდა მისი წარმომდგენელი მისთვის ცნობილი იყო გასაჩივრების წესი და ვადები. გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 20 დღის შემდეგ არაერთხელ მიმართა მოსამართლის თანაშემწეს დასაბუთებუილი გადაწყვეტილების ჩასაბარებლად, მაგრამ გადაწყვეტილება მზად არ იყო. სააპელაციო საჩივარი შეტანილია გადაწყვეტილების ჩაბარებიდან ორ კვირაში.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის განხილვისა და საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ თ. თ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის მიხედვით, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.

იმავე კოდექსის 410-ე მუხლის მიხედვით კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი.

საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მტკიცებას, რომ მას გასაჩივრებისათვის დადგენილი ვადა არ დაურღვევია.

თ. თ-ე სადავოდ არ ხდის იმ გარემოებას, რომ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებას ესწრებოდა მისი წარმომადგენ., შესაბამისად, მისთვის ცნობილი იყო დასაბუთებული გადაწყვეტილების მისაღებად სასამართლოში გამოცხადების აუცილებლობისა და შესაბამისი ვადების თაობაზე. მხარე არც იმ ფაქტს ხდის სადავოდ, რომ სააპელაციო საჩივარი 4 დეკემბერს შეიტანა. კერძო საჩივარი იმ გარემოებას ემყარება, რომ თ. თ-ეს გადაწყვეტილება კანონით დადგენილ ვადაში სასამართლოს მიზეზით ვერ ჩაბარდა.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადაა 14 დღე. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან.

იმავე კოდექსის 2591-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენ.) ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი; წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

აღნიშნული ნორმიდან გამომდინარე, გადაწყვეტილების გასაჩივრებისათვის დადგენილი ვადის დენა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 30-ე დღეს მხოლოდ იმ შემთხვევაში დაიწყება, თუ მხარე ამავე მუხლით განსაზღვრულ ვადაში სასამართლოში არ გამოცხადდება და გადაწყვეტილებას არ ჩაიბარებს.

საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ზემომითითებული მუხლი, ერთი მხრივ, მხარის ვალდებულებას ადგენს, მითითებულ ვადაში სასამართლოში გამოცხადდეს გადაწყვეტილების მისაღებად (გარდა იმავე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული გამონაკლისებისა), ხოლო, მეორე მხრივ, ითვალისწინებს სასამართლოს ვალდებულებას იმავე ვადაში მზად ჰქონდეს დასაბუთებული გადაწყვეტილება მხარისათვის გადასაცემად.

საკასაციო პალატა იმ გარემოებაზეც ამახვილებს ყურადღებას, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 14 დღის ვადაში სასამართლო ამზადებს დასაბუთებულ გადაწყვეტილებას მხარეთათვის გადასაცემად, აღნიშნულის გათვალისწინებით, არ არსებობს დამაბრკოლებელი გარემოება, რის გამოც სასამართლო, მიმართვის შემთხვევაში, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან მე-20 დღესვე ვერ შეძლებს მხარისათვის გადაწყვეტილების ჩაბარებას.

იმ შემთხვევაში, თუ მხარე ან მისი წარმომადგენელი კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს სასამართლოს გადაწყვეტილების გადაცემის თაობაზე, ხოლო სასამართლო ვერ უზრუნველყოფს დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებას, აღნიშნული გარემოება მხარის პასუხისმგებლობის საფუძველი ვერ გახდება და ვერც გასაჩივრების ვადის 30-ე დღიდან ათვლას გამოიწვევს. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ამ შემთხვევაში გასაჩივრების ვადა გადაწყვეტილების რეალურად ჩაბარების მომენტიდან უნდა აითვალოს, ამასთან, საკასაციო პალატა ხაზს უსვამს, რომ სასამართლოსადმი გადაწყვეტილების მისაღებად მიმართვის ფაქტი სათანადო მტკიცებულებებით უნდა დასტურდებოდეს.

განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებით არ დასტურდება ის გარემოება, რომ თ. თ-ემ ან მისმა წარმომადგენელმა სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართა გადაწყვეტილების ჩაბარების მიზნით, მაგრამ გადაწყვეტილება ვერ ჩაბარდა. საქმის მასალებით დასტურდება, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი 2013 წლის 18 სექტემბერს გამოცხადდა. სხდომას თ. თ-ის წარმომადგენელი ესწრებოდა, შესაბამისად, მას დასაბუთებული გადაწყვეტილების მისაღებად 2013 წლის 8 ოქტომბრიდან 18 ოქტომბრის ჩათვლით უნდა მიემართა სასამართლოსათვის. საქმეში არსებული განცხადებით დასტურდება, რომ თ. თ-ის წარმომადგენელმა ქ. ჯ-მა გადაწყვეტილების ჩაბარების მოთხოვნით სასამართლოს 2013 წლის 12 ნოემბერს მიმართა და ამ განცხადების საფუძველზე, გადაწყვეტილება 20 ნოემბერს ჩაიბარა. აღნიშნული მტკიცებულებები არ ადასტურებს იმ გარემოებას, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილება ამ დრომდე მზად არ იყო და სასამართლომ მოპასუხეს კანონით დადგენილ ვადაში ვერ ჩააბარა, მხარის მხოლოდ სიტყვიერ განმარტებას კი, საკასაციო სასამართლო სარწმუნოდ ვერ მიიჩნევს და ვერ გაიზიარებს.

საკასაციო სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ მხარე კანონით დადგენილ ვადაში გადაწყვეტილების მისაღებად არ გამოცხადდება, გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება 30-ე და არა 31-ე დღიდან, შესაბამისად, განსახილველ შემთხვევაში, ვადის დენა 18 ოქტომბრიდან დაიწყო და 31 ოქტომბერს ამოიწურა (და არა 1 ნოემბერს, როგორც სააპელაციო სასამართლო მიუთითებს) სააპელაციო საჩივარი კი, ფოსტას 2013 წლის 3 დეკემბერს ჩაბარდა.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ თ. თ-ის კერძო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე, 410-, 369-ე, 2591-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. თ. თ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 16 დეკემბრის განჩინება;

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ვ. როინიშვილი

მოსამართლეები ბ. ალავიძე

პ. ქათამაძე