Facebook Twitter

Nას-193-181-2014 27 მარტი, 2014 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ბესარიონ ალავიძე, პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი - ე. ს-ი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე - ვ. გ-ი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 31 იანვრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ვ. გ-მა სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოში ე. ს-ის მიმართ სამართლებრივი საფუძვლის გარეშე მიღებული თანხის დაბრუნების მოთხოვნით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 3 დეკემბრის გადაწყვეტილებით ვ. გ-ის სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა და ე. ს-ს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 3 400 აშშ დოლარის გადახდა.

ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება მოპასუხემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 31 იანვრის განჩინებით ე. ს-ის სააპელაციო დარჩა განუხილველად დაუშვებლობის გამო. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, საქმის მასალებით ირკვევა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 3 დეკემბრის სასამართლო სხდომას ესწრებოდა მოპასუხე (აპელანტი) ე. ს-ი (იხ. სხდომის ოქმი, ტ 1, ს.ფ. 63). გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადის ათვლა აპელანტისთვის დაიწო 2014 წლის 3 იანვარს (გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 30-ე დღეს), ვინაიდან აპელანტი არ გამოცხადებულა გადაწყვეტილების ჩასაბარებლად გადაწყვეტილების გამოტანიდან არა უადრეს 20 (23 დეკემბერი) და არა უგვიანეს 30-ე ( 2 იანვრისა) დღისა. გადაწყვეტილების გასაჩივრების 14 დღიანი საპროცესო ვადა ამოიწურა 2014 წლის 16 იანვარს, შესაბამისად გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლებამოსილება აპელანტს გააჩნდა 2014 წლის 16 იანვრის ჩათვლით. სააპელაციო საჩივარი კი შეტანილა 2014 წლის 20 იანვარს,

აღნიშნული განჩინება ე. ს-მა კერძო საჩივრით გაასაჩივრა. მისი მითითებით, 2013 წლის 23 დეკემბრიდან 2014 წლის 6 იანვრამდე თითქმის ყოველ დღე უკავშირდებოდა მოსამართლის თანაშემწეს გადაწყვეტილების ჩასაბარებლად, მაგრამ ეუბნებოდნენ, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილება მზად არ იყო. გადაწყვეტილება 6 იანვარს ჩაბარდა, რის შემდეგაც, 14-დღიანი ვადის დაცვით, 20 იანვარს შეიტანა სააპელაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის განხილვისა და საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ ე. ს-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის მიხედვით, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.

იმავე კოდექსის 410-ე მუხლის მიხედვით კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი.

საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მტკიცებას, რომ მას გასაჩივრებისათვის დადგენილი ვადა არ დაურღვევია.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ე. ს-ის სადავოდ არ ხდის იმ გარემოებას, რომ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებას ესწრებოდა, შესაბამისად, მისთვის ცნობილი იყო დასაბუთებული გადაწყვეტილების მისაღებად სასამართლოში გამოცხადების აუცილებლობისა და შესაბამისი ვადების თაობაზე. მხარე არც იმ ფაქტს ხდის სადავოდ, რომ გადაწყვეტილება 2014 წლის 6 იანვარს ჩაიბარა, სააპელაციო საჩივარი კი, 20 იანვარს შეიტანა. კერძო საჩივარი იმ გარემოებას ემყარება, რომ ე. ს-ს გადაწყვეტილება კანონით დადგენილ ვადაში სასამართლოს მიზეზით ვერ ჩაბარდა.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადაა 14 დღე. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან.

იმავე კოდექსის 2591-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი; წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

აღნიშნული ნორმიდან გამომდინარე, გადაწყვეტილების გასაჩივრებისათვის დადგენილი ვადის დენა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 30-ე დღეს მხოლოდ იმ შემთხვევაში დაიწყება, თუ მხარე ამავე მუხლით განსაზღვრულ ვადაში სასამართლოში არ გამოცხადდება და გადაწყვეტილებას არ ჩაიბარებს.

საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ზემომითითებული მუხლი, ერთი მხრივ, მხარის ვალდებულებას ადგენს, მითითებულ ვადაში სასამართლოში გამოცხადდეს გადაწყვეტილების მისაღებად (გარდა იმავე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული გამონაკლისებისა), ხოლო, მეორე მხრივ, ითვალისწინებს სასამართლოს ვალდებულებას იმავე ვადაში მზად ჰქონდეს დასაბუთებული გადაწყვეტილება მხარისათვის გადასაცემად.

იმ შემთხვევაში, თუ მხარე ან მისი წარმომადგენელი კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს სასამართლოს გადაწყვეტილების გადაცემის თაობაზე, ხოლო სასამართლო ვერ უზრუნველყოფს დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებას, აღნიშნული გარემოება მხარის პასუხისმგებლობის საფუძველი ვერ გახდება და ვერც გასაჩივრების ვადის 30-ე დღიდან ათვლას გამოიწვევს. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ამ შემთხვევაში გასაჩივრების ვადა გადაწყვეტილების რეალურად ჩაბარების მომენტიდან უნდა აითვალოს, ამასთან, საკასაციო პალატა ხაზს უსვამს, რომ სასამართლოსადმი გადაწყვეტილების მისაღებად მიმართვის ფაქტი სათანადო მტკიცებულებებით უნდა დასტურდებოდეს.

განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებით არ დასტურდება ის გარემოება, რომ ე. ს-მა სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართა გადაწყვეტილების ჩაბარების მიზნით, მაგრამ გადაწყვეტილება ვერ ჩაბარდა. კერძო საჩივრის ავტორი თავად უთითებს, რომ იგი მხოლოდ ტელეფონით უკავშირდებოდა მოსამართლის თანაშემწეს. საკასაციო სასამართლო აქვე აღნიშნავს, რომ ე. ს-ის მიერ წარმოდგენილი მობილურ ოპერატორ „ბანის“ დეტალური ამონაწერით დასტურდება მხოლოდ ის გარემოება, რომ ზ. ს-ის სახელზე რეგისტრირებული ნომრიდან პერიოდულად ხორციელდებოდა ზარები ... ნომერზე, რაც სრულებით არ ადასტურებს იმ გარემოებას, რომ ე. ს-ი დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩასაბარებლად უკავშირდებოდა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის თანაშემწეს, გარდა ამისა, საკასაციო სასამართლო ხაზს უსვამს, რომ მოსამართლის თანაშემწესთან ტელეფონის მეშვეობით დაკავშირება არ ცვლის მხარის კანონისმიერ ვალდებულებას, დადგენილ ვადაში გამოცხადდეს სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩასაბარებლად.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილების გასაჩივრებისათვის დადგენილი ვადის ათვლა გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღიდან მართებულად დაიწყო. ვინაიდან გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი 2013 წლის 3 დეკემბერს გამოცხადდა და მხარე სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591-ე მუხლით გათვალისწინებულ ვადაში სასამართლოში არ გამოცხადდა გადაწყვეტილების ჩასაბარებლად, სააპელაციო საჩივრის შეტანისათვის დადგენილი ვადის დენა დაიწყო 3 იანვრიდან (გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღის მომდევნო სამუშაო დღიდან) და ამოიწურა 16 იანვარს, სააპელაციო საჩივარი კი 20 იანვარსაა შეტანილი.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ე. ს-ის კერძო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე, 410- მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ე. ს-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 31 იანვრის განჩინება;

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ვ. როინიშვილი

მოსამართლეები ბ. ალავიძე

პ. ქათამაძე