Facebook Twitter

საქმე №ას-205-192-2014 27 მარტი, 2014 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ბესარიონ ალავიძე, პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი _ ი. კ-ი (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე _ მ. ვ-ი (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 3 თებერვლის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – პირგასამტეხლოს შემცირება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ი. კ-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში მ. ვ-ის მიმართ და მოითხოვა პირგასამტეხლოს - 7605 აშშ დოლარის მოსარჩელისათვის დაკისრების ნაწილში ნოტარიუს ე. შ-ის მიერ 2013 წლის 23 აპრილს გაცემული სააღსრულებო ფურცლის გაუქმება და პირგასამტეხლოს შემცირება ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0.03%-მდე, რაც შეადგენს 760,5 აშშ დოლარს.

მოპასუხემ სარჩელი ნაწილობრივ, პირგასამტეხლოს 0,05%-მდე შემცირების მოთხოვნის ნაწილში ცნო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 5 დეკემბრის გადაწყვეტილებით ი. კ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ცვლილება შევიდა ნოტარიუს ე. შ-ის მიერ 2013 წლის 23 აპრილს გაცემულ №130395786 სააღსრულებო ფურცელში და შემცირდა დაკისრებული პირგასამტეხლო 7605 აშშ დოლარიდან 1267.5 აშშ დოლარამდე.

საქალაქო სასამართლო გადაწყვეტილება 507 აშშ დოლარის დაკისრების ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა ი. კ-მა და მოითხოვა ახალი გადაწყვეტილებით 1267,5 აშშ დოლარის ნაცვლად 760,5 აშშ დოლარის დაკისრება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 3 თებერვლის განჩინებით ი. კ-ის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად შემდეგი დასაბუთებით:

სააპელაციო პალატამ მიუთითა იმ გარემოებაზე, რომ დავის საგანს პირგასამტეხლოს შემცირება წარმოადგენდა. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 365-ე მუხლის თანახმად კი, სააპელაციო საჩივრის საგნის ღირებულება განისაზღვრებოდა 507 აშშ დოლარით, რაც საქმის განხილვის დროს მოქმედი ოფიციალური კურსის მიხედვით, 903.68 ლარი იყო (507X1.7824). კონკრეტულ შემთხვევაში, დავის საგნის ღირებულება არ აღემატებოდა 1000 ლარს, რის გამოც სასამართლომ სააპელაციო საჩივარი დაუშვებლად მიიჩნია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 374-ე მუხლის თანახმად.

სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა ი. კ-მა და მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგი დასაბუთებით:

სააპელაციო სასამართლომ სააპელაციო საჩივრის განსახილველად მიღებაზე უარი დაასაბუთა იმ მოტივით, რომ დავის საგნის ღირებულება 1000 ლარს არ აღემატებოდა, თანახმად სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 365-ე მუხლისა. მართალია, აღნიშნულ ნორმა იმპერატიულია, თუმცა ის ეწინააღმდეგება ამავე კოდექსის 364-ე მუხლის დათქმას, რომ მხარე დადგენილ ვადაში უფლებამოსილია, გაასაჩივროს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება. მოცემულ შემთხვევაში აპელანტს ეს ვადა დაცული ჰქონდა. ამ გარემოების გათვალისწინებით, მხარემ მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ვინაიდან სააპელაციო საჩივრის დაშვებაზე ზემოაღნიშნული საფუძვლით უარის თქმის გამო დაირღვა მისი კონსტიტუციური უფლება, გაესაჩივრებინა ქვემდგომი სასამართლოს გადაწყვეტილება ზემდგომი წესით.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 4 მარტის განჩინებით ი. კ-ის კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ი. კ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლით, რომლის ნაწილობრივ გაუქმებასაც მხარე მოითხოვს, პირგასამტეხლოს ოდენობა, სახელშეკრულებო პირობებიდან გამომდინარე, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0,3%-ის გათვალისწინებული მყარად განსაზღვრული თანხაა და შეადგენს 7605 აშშ დოლარს;

მოსარჩელის მოთხოვნას წარმოადგენდა 0,3% პირგასამტეხლოს შემცირება 0,03%-მდე;

თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, პირგასამტეხლო შემცირდა 0,05%-მდე და ერთიანად გადასახდელმა თანხამ შეადგინა 1267,5 აშშ დოლარი;

სააპელაციო საჩივრით მხარე მოითხოვდა სარჩელის სრულად დაკმაყოფილებას, კერძოდ პირგასამტეხლოს შემცირებას 0,05%-დან 0,03%-მდე, შესაბამისად, გადასახდელი ერთიანი თანხის - 1267,5 აშშ დოლარის შემცირებას - 760,5 აშშ დოლარამდე;

სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ სხვაობა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით დაკისრებულ პირგასამტეხლოსა და სააპელაციო საჩივრით მოთხოვნილ თანხას შორის 507 აშშ დოლარს შეადგენდა, ხოლო, საქმის განხილვის დროს მოქმედი ოფიციალური კურსის თანახმად, 507 აშშ დოლარი შეადგენდა 903,68 ლარს;

კერძო საჩივრის ავტორს ეროვნული ვალუტის მიმართება აშშ დოლართან სადავოდ არ გაუხდია, რის გამოც ეს გარემოება საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანი ვეღარ გახდება.

მხარე გასაჩივრებული განჩინების გაუქმების მოთხოვნას ამყარებს იმას, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 365-ე მუხლის იმპერატიული დანაწესი ეწინააღმდეგება ამავე კოდექსით გათვალისწინებულ სააპელაციო საჩივრის შეტანის მარეგულირებელ ნორმას, ასევე არღვევს ქვემდგომი სასამართლოს გასაჩივრების კონსტიტუციურ პრინციპს.

საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს მხარის აღნიშნულ არგუმენტს და თვლის, რომ ქონებრივ-სამართლებრივ დავაში სააპელაციო პალატამ სავსებით მართებულად იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 365-ე მუხლით და რადგანაც სააპელაციო საჩივრის საგნის ღირებულება 1000 ლარს არ აღემატებოდა, სავსებით მართებულად დატოვა განუხილველად ი. კ-ის სააპელაციო საჩივარი.

კერძო საჩივრის არგუმენტებთან მიმართებით კი, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქართველოს საერთო სასამართლოები სამოქალაქო საქმეებს განიხილავენ ამ კოდექსით დადგენილი წესების მიხედვით. ისეთ ვითარებაში, როდესაც კანონმდებლობით დადგენილია სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის კრიტერიუმები, სასამართლო ყოველთვის ვალდებულია, ზედმიწევნით სწორად გამოარკვიოს, ხომ არ არის სახეზე კანონით გათვალისწინებული შეზღუდვები, რათა ამ წინაპირობების დაუცველობით ხელი არ შეშალოს მართლმსაჯულების სწორად და სამართლიანად განხორციელებას, თავის მხრივ, საერთო სასამართლოები საპროცესო თუ მატერიალური სამართლის დანაწესის გამოყენებისას ვალდებული არიან შეამოწმონ კონკრეტული ნორმის შემადგენლობის არსებობა, იმგვარად, რომ არ აქვთ უფლება, დაადგინონ ძალაში შესული (მოქმედი) კანონის კონსტიტუციურობის საკითხი, რაც შეეხება მხარის მოსაზრებას, რომ ქონებრივ დავაზე სააპელაციო საჩივრის დასაშვებობისათვის გათვალისწინებული შეზღუდვა წინააღმდეგობაშია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 364-ე მუხლთან, ვერც აღნიშნული იქნება მიჩნეული დასაბუთებულ შედავებად, ვინაიდან, ზოგადი წესის თანახმად, მართალია, კანონი ითვალისწინებს ქვემდგომი სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრების შესაძლებლობას, თუმცა ქონებრივ დავებთან მიმართებით, კანონმდებელმა დაადგინა, თუ რა კატეგორიის საქმის მიმართ დაიშვება სააპელაციო საჩივრის შეტანა. აღნიშნულ კრიტერიუმს წარმოადგენს დავის საგნის ღირებულება და დადგენილია, რომ სააპელაციო საჩივარი იმ გადაწყვეტილების ან გადაწყვეტილების იმ ნაწილის მიმართ, რომელსაც მხარე სადავოდ ხდის და მოთხოვნის ოდენობა არ აღემატება 1000 ლარს, სააპელაციო საჩივრის შეტანა არ დაიშვება. კანონის აღნიშნული დანაწესი სწრაფი მართლმსაჯულების პრინციპიდან გამომდინარეობს და შედარებით ნაკლები ღირებულების ქონებრივი დავის სწრაფად გადაწყვეტასა და დასრულებას ემსახურება, საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქმის განხილვაზე უარის თქმა სასამართლოს შეუძლია მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლებითა და წესით, უფრო მეტიც, საპროცესო კანონმდებლობა ითვალისწინებს შემთხვევას, როდესაც საქმეებზე, რომლებზედაც სააპელაციო საჩივარი არ დაიშვება, მოსამართლე აცხადებს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილს, ამასთანავე, განმარტავს გადაწყვეტილების მოტივებს, რაც ცვლის გადაწყვეტილების აღწერილობით და სამოტივაციო ნაწილებს. მოსამართლის განმარტება აისახება სასამართლო სხდომის ოქმში. ამ შემთხვევაში მოსამართლე ვალდებული არ არის, გამოიტანოს დასაბუთებული გადაწყვეტილება (იხ. სსსკ 2571 მუხლი).

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ გასაჩივრებული განჩინება კანონის სწორ განმარტებას ემყარება და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების წინაპირობები.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ი. კ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობისა და დაუსაბუთებლობის გამო.

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 3 თებერვლის განჩინება დარჩეს უცვლელად.

3. კერძო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.

4. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ვ. როინიშვილი

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

პ. ქათამაძე