Facebook Twitter

№ას-225-210-2014 10 მარტი, 2014 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე: ვასილ როინიშვილი

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი - შპს „კ.დ.ფ-ე“ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე - შპს „ს. ე. გ-ი“ (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 5 დეკემბრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – ნარდობის საზღაურის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

შპს „ს. ე. გ-მა“ სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოში შპს „კ. დ. ფ-ეს“ მიმართ ნარდობის საზღაურის დაკისრების მოთხოვნით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 7 ოქტომბრის გადაწყვეტილებით შპს „ს. ე. გ-ის“ სარჩელი ნარდობის საზღაურის დაკისრების თაობაზე დაკმაყოფილდა. შპს „კ. დ. ფ-ს“ შპს „ს. ე. გ-ის“ სასარგებლოდ დაეკისრა 5420 ლარის გადახდა.

ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება მოპასუხემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 5 დეკემბრის განჩინებით შპს „კ. დ. ფ-ეს“ სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 7 ოქტომბრის გადაწყვეტილებაზე დარჩა განუხილველი.

აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა შპს „კ. დ. ფ-ემ“.

2014 წლის 24 თებერვალს შპს „კ. დ. ფ-ეს“ წარმომადგენელმა დ. წ-ემ განცხადებით მომართა სასამართლოს, კერძო საჩივარში დაფიქსირებულ მოთხოვნაზე განაცხადა უარი და მოითხოვა საქმის წარმოების შეწყვეტა.

ზემოაღნიშნული განცხადება კერძო საჩივართან და საქმესთან ერთად 2014 წლის 27 თებერვალს გადმოიგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოში განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ შპს „კ. დ. ფ-ეს“ კერძო საჩივარზე საქმის წარმოება უნდა შეწყდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

2014 წლის 24 თებერვალს შპს „კ. დ. ფ-ეს“ წარმომადგენელმა დ. წ-ემ (იხ. მინდობილობა ტ.I, ს.ფ.51) განცხადებით მომართა სასამართლოს, კერძო საჩივარში დაფიქსირებულ მოთხოვნაზე განაცხადა უარი და მოითხოვა საქმის წარმოების შეწყვეტა.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც ეს თავი შეიცავს. ამავე კოდექსის 372-ე მუხლის მიხედვით, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით, ხოლო მე-3 მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე.

ამდენად, მოსარჩელე უფლებამოსილია, შესაბამისი სამართლებრივი შედეგების გათვალისწინებით, საქმის განხილვის ნებისმიერ ეტაპზე დაუბრკოლებლად უარი განაცხადოს თავის სარჩელზე, ხოლო რადგან საკასაციო სასამართლო საქმის განხილვისას ხელმძღვანელობს სააპელაციო პალატისათვის დადგენილი ნორმებით, ხოლო ეს უკანასკნელი, თავის მხრივ, მოქმედებს პირველი ინსტანციისათვის დადგენილი წესებით, ცხადია, რომ მოსარჩელის ხსენებული უფლება ვრცელდება კერძო საჩივრის ავტორზეც.

ზემოხსენებული ნორმების ანალიზი ცხადყოფს, რომ კერძო საჩივრის ავტორს უფლება აქვს, ნებისმიერ დროს უარი თქვას კერძო საჩივარზე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლო, მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით, შეწყვეტს საქმის წარმოებას, თუ მოსარჩელემ უარი თქვა სარჩელზე.

კანონის აღნიშნული ნორმიდან გამომდინარე, კერძო საჩივრის ავტორის მიერ კერძო საჩივარზე უარის თქმისას სასამართლო შეწყვეტს კერძო საჩივარზე არსებულ საქმის წარმოებას, ხოლო ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოთა მიერ მიღებული გადაწყვეტილებები უცვლელად დარჩება.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 273-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საქმეზე წარმოება შეწყდება სასამართლო განჩინებით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი, საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს „კ. დ. ფ-ეს“ კერძო საჩივარზე საქმის წარმოება შეწყდეს.

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 5 დეკემბრის განჩინება დარჩეს უცვლელად.

3. მხარეებს განემარტოთ, რომ სასამართლოში დავა იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით დაუშვებელია.

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე ვ. როინიშვილი