Facebook Twitter

№ას-296-282-2013 24 მარტი, 2014 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

თეიმურაზ თოდრია, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – გ. ბ-ი (წარმომადგენლები - ლ. ტ-ი, თ. კ-ი)

მოწინააღმდეგე მხარე – ლ. ბ-ი

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 18 თებერვლის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება

კერძო საჩივრის დავის საგანი – გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და საქმის წარმოების განახლება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას სარჩელით მიმართა ლ. ბ-მა მოპასუხე მ. ა-ის მიმართ და მოითხოვა სამკვიდროს მიღების ვადის გაშვების საპატიოდ მიჩნევა, თავისი შვილის – ზ. ბ-ის დანაშთი სამკვიდრო ქონების ½ წილის მემკვიდრედ და ქ.თბილისში, ვ-ას გამზირის მეორე კვარტლის 32-ე კორპუსში მდებარე №59 ბინის ¼ წილის მესაკუთრედ ცნობა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 22 მაისის გადაწყვეტილებით ლ. ბ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანა ლ. ბ-მა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 15 ნოემბრის გადაწყვეტილებით:

1. ლ. ბ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა;

2. გაუქმდა მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 22 მაისის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება;

3. ლ. ბ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა;

4. ლ. ბ-ი ცნობილ იქნა შვილის, ზ. ბ-ის, სამკვიდროს 1/3 ნაწილის მემკვიდრედ და ქ.თბილისში, ვ-ას გამზირის მე-2 კვარტლის 32-ე კორპუსში მდებარე №59 ბინის 3/16 ნაწილის მესაკუთრედ.

მოგვიანებით, იმავე სასამართლოს 2012 წლის 20 ნოემბრის განჩინებით გასწორდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 15 ნოემბრის გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობა და სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტში 1/3-ის ნაცვლად მიეთითა 1/4.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა მ. ა-ემ, რაც საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 4 იანვრის განჩინებით დატოვებულ იქნა განუხილველად.

2013 წლის 29 იანვარს გ. ბ-ის წარმომადგენლებმა განცხადებით მიმართეს სააპელაციო სასამართლოს. განმცხადებლებმა მოითხოვეს, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტზე დაყრდნობით, თბილისის სააპელაციო სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 15 ნოემბრის გადაწყვეტილებისა და ამავე სასამართლოს 2012 წლის 20 ნოემბრის განჩინების ბათილად ცნობა.

განცხადების თანახმად, გ. ბ-ის (მამკვიდრებელ ზ. ბ-ის შვილი), როგორც პირველი რიგის მემკვიდრისათვის, დარღვეული უფლების შესახებ ცნობილი გახდა 2013 წლის 19 იანვარს. მითითებულ დღეს იგი სტუმრად მივიდა დედასთან – მ. ა-ან. დედამ გ. ბ-ს გააცნო საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება სხვა მასალებთან ერთად, რომლითაც კანონიერ ძალაში შევიდა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება. აღნიშნულის შედეგად გ. ბ-მა შეიტყო, რომ მისმა ბებიამ – ლ. ბ-მა სარჩელი აღძრა აწ გარდაცვლილი ზ. ბ-ის სამკვიდრო ქონებაზე მ. ა-ის მიმართ, ისე რომ, გ. ბ-ი (როგორც დაინტერესებული პირი და პირველი რიგის მემკვიდრე) მხარედ არ დაუსახელებია. ამასთან, არც სასამართლოს განუსაზღვრავს მემკვიდრეთა წრე, არ უმსჯელია მათზე, არ მიუწვევია ყველა მემკვიდრე.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 18 თებერვლის განჩინებით გ. ბ-ის განცხადება საქმის წარმოების განახლების შესახებ არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ სადავო გადაწყვეტილებით ლ. ბ-მა, როგორც პირველი რიგის მემკვიდრემ (დედამ), გარდაცვლილი შვილის ზ. ბ-ის სამკვიდრო ქონებიდან მიიღო ის წილი, რაც კანონით დადგენილი წესით ერგებოდა. რაც შეეხებოდა სამკვიდროს დანარჩენ ნაწილს, გათვალისწინებულ იქნა სხვა პირველი რიგის მემკვიდრის და მათ შორის, გ. ბ-ის წილი სამკვიდრო ქონებაში, რაც მათ ერგებოდათ მამკვიდრებლის გარდაცვალების შემდეგ. შესაბამისად, გ. ბ-ის, როგორც მემკვიდრის ინტერესი გათვალისწინებულ იქნა და გადაწყვეტილებით, რომლის ბათილად ცნობასაც განმცხადებელი ითხოვდა, მისი კანონიერი ინტერესი არ შელახულა.

სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, საოჯახო დამოკიდებულება, დედისა და შვილის სტატუსი, ქმნიდა ვარაუდის საფუძველს, რომ გ. ბ-ის იმთავითვე ცნობილი უნდა ყოფილიყო ოჯახური მდგომარეობა, კერძოდ, ფაქტი იმის შესახებ, რომ მამის – აწ გარდაცვლილი ზ.ბ-ის დანაშთ ქონებაზე მიმდინარეობდა დავა მემკვიდრეებს შორის. დასახელებული გარემოება ცხადყოფდა, რომ გ. ბ-ს შეეძლო მონაწილეობა მიეღო საქმის განხილვისას პირველი ინსტანციის, სააპელაციო ან საკასაციო ინსტანციის სასამართლოში. მიუხედავად ამისა, მას მითითებული შესაძლებლობით არ უსარგებლია.

სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 421-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, ამავე კოდექსის 422-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით და მიიჩნია, რომ განცხადება გადაყვეტილების ბათილად ცნობის თაობაზე უსაფუძვლო იყო და დაკმაყოფილებას არ ექვემდებარებოდა.

სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა გ. ბ-მა.

კერძო საჩივრის საფუძვლები:

არასწორია სასამართლოს მსჯელობა იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს გათვალისწინებულ იქნა განმცხადებლის, როგორც პირველი რიგის კანონისმიერი მემკვიდრის, ინტერესები წილთა განსაზღვრისას. სადავო ქონების განაწილებისას სასამართლოს საერთოდ არ გაუთვალისწინებია გ. ბ-ის წილი და მას ვერც გაითვალისწინებდა, რადგან იგი არ ყოფილა მიწვეული დავის განხილვისას;

სასამართლომ მემკვიდრეთა პირადი და უშუალო მონაწილეობის გარეშე აწარმოა საქმე და მიიღო კანონსაწინააღმდეგო გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამართლოს მიერ მემკვიდრეთა ინტერესების გათვალისწინება სარწმუნო გახდებოდა იმ შემთხვევაში, თუკი იგი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 385-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად ხელახალი განხილვისათვის გადააგზავნიდა საქმეს პირველი ინსტანციის სასამართლოში იმ მიზნით, რომ განსაზღვრულიყო მემკვიდრეთა წრე, ყველა მემკვიდრეს უშუალოდ და პირადად მონაწილეობა მიეღო სამართალწარმოებაში;

გ. ბ-ის მოთხოვნა ეფუძნებოდა და ეფუძნება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტს. სადავო გადაწყვეტილება უშუალოდ ეხება გ. ბ-ის უფლებებსა და კანონით გათვალისწინებულ ინტერესებს, რაც განმცხადებელს აქცევს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ სუბიექტად, რადგან ამ გადაწყვეტილებით განიკარგა მისი მატერიალურ-სამართლებრივი და პროცესუალური უფლებები საქმეში მხარედ ჩაუბმელობის გამო;

გასაჩივრებულ განჩინებაში გამოთქმულია ვარაუდი იმასთან დაკავშირებით, რომ განმცხადებლისათვის იმთავითვე უნდა ყოფილიყო ცნობილი მიმდინარე დავის შესახებ. ასეთი გარემოების არსებობა, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 429-ე მუხლიდან გამომდინარე, განცხადების განუხილველად დატოვების საფუძველია. მოცემულ შემთხვევაში კი, სასამართლომ ცალსახად ცნო გ. ბ-ის განცხადება დასაშვებად და განიხილა იგი;

სასამართლომ ყურადღების მიღმა დატოვა გ. ბ-ის მიერ საქმეზე წარდგენილი, ობიექტურად არსებული გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებები, რომლებითაც დასტურდება კანონით დადგენილი წესით გ. ბ-ის მიერ სამკვიდროს მიღება და ამ უკანასკნელის სახელზე სამკვიდრო მოწმობის გაცემა. სასამართლომ არ იმსჯელა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ საქმეში არსებულ ცნობებზე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 21 სექტემბრის განჩინებაზე, მოდავე მხარეებს შორის ურთიერთდამოკიდებულებაზე (მედეია აბაშიძე შვილთან – გ. ბ-ან ერთად ბებიის და ბიძის მიერ გამოსახლდა ბინიდან და გამოსახლების შემდეგ დედა-შვილი დღემდე სხვადასხვა მისამართებზე ცხოვრობენ, მხარეებს შორის უკიდურესად დაძაბული მდგომარეობაა). ეს გარემოებები ქმნის დასაბუთებულ ვარაუდს, რომ გ. ბ-მა არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა არსებული დავის თაობაზე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, კერძო საჩივრის საფუძვლების გამოკვლევის შედეგად მიიჩნევს, რომ გ. ბ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად უნდა დარჩეს გასაჩივრებული განჩინება, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმის მასალებით ირკვევა, რომ კანონიერ ძალაში შესული თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 15 ნოემბრის გადაწყვეტილებით: 1. ლ. ბ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; 2. გაუქმდა მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 22 მაისის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; 3. ლ. ბ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; 4. ლ. ბ-ი ცნობილ იქნა შვილის, ზ. ბ-ის სამკვიდროს 1/4 ნაწილის მემკვიდრედ და ქ.თბილისში, ვ-ას გამზირის მე-2 კვარტლის 32-ე კორპუსში მდებარე №59 ბინის 3/16 ნაწილის მესაკუთრედ.

სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების ბათილად ცნობა მოითხოვა გ. ბ-მა, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, კერძოდ, განმცხადებლის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება უშუალოდ შეეხო მის მატერიალურ ინტერესს, ვინაიდან იგი წარმოადგენს მამკვიდრებლის - ზ. ბ-ის პირველი რიგის მემკვიდრეს.

გასაჩივრებული განჩინებით, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო გადაწყვეტილებით ლ. ბ-მა, როგორც ზ. ბ-ის პირველი რიგის მემკვიდრემ (დედამ), გარდაცვლილის სამკვიდრო ქონებიდან მიიღო მხოლოდ ის წილი, რაც კანონით დადგენილი წესით ეკუთვნოდა. ამასთან, სამკვიდრო ქონების გაყოფისას, სასამართლომ გაითვალისწინა სხვა პირველი რიგის მემკვიდრეების, მათ შორის, გ. ბ-ის, წილი სამკვიდრო ქონებაში, რაც მათ ერგებოდათ მამკვიდრებლის გარდაცვალების შემდეგ. აქედან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო გადაწყვეტილებით გ. ბ-ის, როგორც მემკვიდრის, ქონებრივი ინტერესი გათვალისწინებულ იქნა და, შესაბამისად, მისი კანონიერი ინტერესი არ შელახულა.

კერძო საჩივრის ავტორი არ ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნულ მსჯელობას და განმარტავს, რომ სადავო გადაწყვეტილებით სასამართლოს არ გაუთვალისწინებია გ. ბ-ის წილი სამკვიდროში და ვერც გაითვალისწინებდა, ვინაიდან იგი არ ყოფილა მიწვეული საქმის განხილვაში.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს სააპელაციო სასამართლოს კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებაზე, რომლითაც დადგენილია, რომ ზ. ბ-ის სამკვიდროში შევიდა ქ.თბილისში, ვ-ას გამზირის მე-2 კვარტლის 32-ე კორპუსში მდებარე №59 ბინის 1/2 ნაწილი. ასევე დადგენილია, რომ ზ. ბ-ს ჰყავდა ოთხი პირველი რიგის მემკვიდრე, მათ შორის, შვილი - გ. ბ-ი. სასამართლომ დაადგინა ისიც, რომ ლ. ბ-მა ფაქტობრივი ფლობით მიიღო შვილის - ზ. ბ-ის სამკვიდრო. ამ ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ლ. ბ-ის წილი შვილის სამკვიდროში შეადგენდა 1/4-ს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ზ. ბ-ის სამკვიდრო ქონების გაყოფისას სასამართლომ გაითვალისწინა ოთხივე მემკვიდრის წილი, წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლო, ლ. ბ-ს მიაკუთვნებდა შვილის სამკვიდრო ქონების 1/2-ს და არა 1/4-ს. ამდენად, დაუსაბუთებელია კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზია, რომ სამკვიდრო ქონების გაყოფისას სასამართლომ მისი წილი არ გაითვალისწინა. აღნიშნულის მიუხედავად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სადავო გადაწყვეტილების ბათილად ცნობის მიმართ კერძო საჩივრის ავტორს შესაძლებელია მაინც ჰქონოდა კანონიერი ინტერესი, თუ მინიმუმ იმაზე მიუთითებდა, რომ ლ. ბ-ს შვილის სამკვიდრო ქონება ფაქტობრივი ფლობით არ მიუღია, ამიტომ მას სამკვიდროდან არაფერი ეკუთვნოდა. არც განცხადება და არც კერძო საჩივარი ასეთ მითითებას არ შეიცავს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ, მოცემულ შემთხვევაში, არსებობს საქმის წარმოების განახლებაზე უარის თქმის კიდევ ერთი საფუძველი, რაც გათვალისწინებულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე მუხლის მე-2 ნაწილით. ამ ნორმის თანახმად, სსკ-ის 422-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული საფუძვლებით გადაწყვეტილების ბათილად ცნობა არ შეიძლება, თუ მხარეს შეეძლო ამ საფუძვლების წამოყენება საქმის განხილვისას, შესაბამისად პირველი ინსტანციის, სააპელაციო ან საკასაციო ინსტანციის სასამართლოში.

ზემოხსენებული ნორმა განმცხადებელს აკისრებს იმ გარემოებების დამტკიცების ტვირთს, რომლებიც დაადასტურებენ გადაწყვეტილების ბათილობის საფუძვლების ამ გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე წამოყენების შეუძლებლობას.

მოცემულ შემთხვევაში, განმცხადებელი მიუთითებს, რომ გადაწყვეტილების ბათილობის საფუძვლის არსებობის შესახებ მან გაიგო მხოლოდ გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ, კერძოდ, განმცხადებლის განმარტებით, აღნიშნული გარემოების შესახებ მას დედამ მიაწოდა ინფორმაცია მას შემდეგ, რაც გადაწყვეტილება შევიდა კანონიერ ძალაში. განმცხადებელმა განმარტა ასევე, რომ სასამართლოში მიმდინარე დავის შესახებ, გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე, დედამ მას არ მიაწოდა ინფორმაცია, ვინაიდან მას ბებიასთან აქვს დაძაბული ურთიერთობა, ასევე, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, მისთვის დაუშვებელია ნერვიულობა.

იმ საკითხის გასარკვევად, მოცემულ შემთხვევაში, შეძლო თუ არა განმცხადებელმა მისი მტკიცების ტვირთის დაძლევა, საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს საქმის მასალებით დადასტურებულ და თავად კერძო საჩივრის ავტორის მიერ მითითებულ შემდეგ გარემოებებზე: იმ საქმის მხარეებს, რომლის განახლებასაც განმცხადებელი მოითხოვს, წარმოადგენდნენ ამ უკანასკნელის დედა და ბებია; ამ საქმის წარმოება სასამართლოში მიმდინარეობდა თითქმის ერთი წლის განმავლობაში; იმავე მხარეებს შორის 2011 წლიდან მიმდინარეობს სხვა დავაც ზ. ბ-ის სხვა ქონებასთან დაკავშირებით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ დედა-შვილური ურთიერთობა, როგორც წესი, იძლევა იმ ვარაუდის საფუძველს, რომ მამის სამკვიდრო ქონებასთან დაკავშირებით დედასა და ბებიას შორის მიმდინარე სასამართლო დავის თაობაზე, დედა ინფორმაციას მიაწვდის თავის შვილს. ამ საერთო წესიდან შეიძლება არსებობდეს ისეთი გამონაკლისიც, რომელიც ზემოხენებულ პრეზუმფციას გააქარწყლებდა, მაგრამ ასეთი გამონაკლისის არსებობის დამტკიცების ტვირთი აწევს დაინტერესებულ პირს, მოცემულ შემთხვევაში, განმცხადებელს. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განმცხადებლის მიერ მითითებული გარემოებები ვერ აქარწყლებენ ზემოაღნიშნულ პრეზუმფციას, ვინაიდან ბებიასთან დაძაბული ურთიერთობა, პირიქით, შეიძლება დამატებითი არგუმენტი იყოს იმისათვის, რომ დედამ შვილს გაუმხილოს ამ უკანასკნელთან მიმდინარე დავის შესახებ, ხოლო, რაც შეეხება ჯანმრთელობის მდგომარეობაზე მითითებას, არც ეს არგუმენტია დამაჯერებელი, ვინაიდან საქმეში წარმოდგენილი ჯანმრთელობის ცნობები იმ გარემოებასაც კი ვერ ადასტურებენ, რაზეც განმცხადებელი უთითებს.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა.

განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა, ამიტომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. გ. ბ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 18 თებერვლის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. ქათამაძე

მოსამართლეები: თ. თოდრია

ბ. ალავიძე