Facebook Twitter

№ას-30-29-2014 6 მარტი, 2014 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ბესარიონ ალავიძე, პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი - ლ. ტ-ე, კ. ტ-ე (მოსარჩელეები)

მოწინააღმდეგე მხარე - ე. ბ-ე, თ. ბ-ე (მოპასუხეები)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 13 დეკემბრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – თანხის დაკისრება, ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ლ. და კ. ტ-მა სარჩელი აღძრეს რუსთავის საქალაქო სასამართლოში ე. და თ. ბ-ის მიმართ თანხის დაკისრების, ასევე ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის მოთხოვნით.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 11 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ლ. ტ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, ხოლო კ. ტ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. ე. ბ-ეს კ. ტ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 15 000 აშშ დოლარის გადახდა.

ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება მოსარჩელეებმა სააპელაციო წესით გაასაჩივრეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 13 დეკემბრის განჩინებით ლ. ტ-ის და კ. ტ-ის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ საჩივარი ვადის დარღვევით იყო შეტანილი.

სააპელაციო სასამართლოს მითითებით, საქმის მასალებით დადგენილია, რომ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი გამოცხადდა 11.10.2013 წელს. სხდომას ესწრებოდა როგორც თავად მოსარჩელე ლ. ტ-ე, ასევე მოსარჩელეთა წარმომადგენლები ც. შ-ე და ნ. პ-ლი. მხარეებს განემარტათ გადაწყვეტილების გასაჩივრების წესი და ვადა. აპელანტები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591-ე მუხლის მე-2 ნაწილის სუბიექტებს არ წარმოადგენენ. გადაწყვეტილების გამოცხადებიდან მე-20 დღე იყო 31 ოქტომბერი, ხოლო 30-ე დღე 10 ნოემბერი. ვინაიდან გადაწყვეტილების ჩაბარების ბოლო დღე იყო კვირა, მხარეს შეეძლო 31 ოქტომბრიდან 11 ნოემბრამდე სასამართლოში გამოცხადება და გადაწყვეტილების ასლის ჩაბარება. როგორც საქმის მასალებით ირკვევა, 2013 წლის 29 ოქტომბერს, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან მე-18 დღეს ლ. და კ. ტ-ის წარმომადგენლებმა ც. შ-ემ და ნ. პ-მა გადაწყვეტილების ასლის ჩაბარების შესახებ განცხადებით მიმართეს რუსთავის საქალაქო სასამართლოს. 29 ოქტომბრის შემდგომ მხარეს გადაწყვეტილების ასლის ჩაბარების მოთხოვნით სასამართლოსთვის აღარ მიუმართავს. საქმეში წარმოდგენილი ხელწერილის თანახმად, მოსარჩელეთა წარმომადგენელმა ნ. პ-მა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 11.10.2013 წლის გადაწყვეტილების ასლი ჩაიბარა 2013 წლის 21 ნოემბერს (ს.ფ.170), ანუ 30 დღიანი ვადის გასვლის შემდგომ. შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის შეტანის 14 დღიანი ვადის დენა დაიწყო 2013 წლის 12 ნოემბერს (30 დღიანი ვადის გასვლის შემდეგ) და ამოიწურა 25.11.2013 წელს. სააპელაციო საჩივარი სასამართლოს კანცელარიაში რეგისტრირებულია 27.11.2013 წელს.

აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრეს ლ. და კ. ტ-ის წარმომადგენლებმა ნ. პ-მა და ც. შ-ემ. მათი მითითებით, 2013 წლის 29 ოქტომბრის შემდგომაც რამდენჯერმე გამოცხადდნენ სასამართლოში გადაწყვეტილების ჩასაბარებლად, მაგრამ განუმარტეს, რომ თავად აცნობებდნენ, როდის იქნებოდა შესაძლებელი გადაწყვეტილების ჩაბარება. 2013 წლის 20 ნოემბრის სატელეფონო შეტყობინების შემდეგ, 21 ნოემბერს გამოცხადდნენ და ჩაიბარეს გადაწყვეტილება. სააპელაციო საჩივარი შეტანილია 14-დღიანი ვადის დაცვით.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ განიხილა კერძო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები და მიიჩნია, რომ ლ. და კ. ტ-ის წარმომადგენლების ც. შ-სა და ნ. პ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის მიხედვით, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.

იმავე კოდექსის 410-ე მუხლის მიხედვით კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი.

საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კერძო საჩივრის ავტორების მტკიცებას, რომ მას გასაჩივრებისათვის დადგენილი ვადა არ დაურღვევია.

კერძო საჩივრის ავტორები სადავოდ არ ხდიან იმ გარემოებას, რომ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებას ესწრებოდნენ, შესაბამისად, მათთვის ცნობილი იყო დასაბუთებული გადაწყვეტილების მისაღებად სასამართლოში გამოცხადების აუცილებლობისა და შესაბამისი ვადების თაობაზე. მხარე არც იმ ფაქტს ხდის სადავოდ, რომ სააპელაციო საჩივარი 27 ნოემბერს შეიტანა. კერძო საჩივარი იმ გარემოებას ემყარება, რომ მოსარჩელეებს გადაწყვეტილება კანონით დადგენილ ვადაში სასამართლოს მიზეზით ვერ ჩაბარდა.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადაა 14 დღე. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან.

იმავე კოდექსის 2591-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი; წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ზემომითითებული მუხლი, ერთი მხრივ, მხარის ვალდებულებას ადგენს, მითითებულ ვადაში სასამართლოში გამოცხადდეს გადაწყვეტილების მისაღებად (გარდა იმავე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული გამონაკლისებისა), ხოლო, მეორე მხრივ, ითვალისწინებს სასამართლოს ვალდებულებას იმავე ვადაში მზად ჰქონდეს დასაბუთებული გადაწყვეტილება მხარისათვის გადასაცემად. იმ შემთხვევაში, თუ მხარე ან მისი წარმომადგენელი კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს სასამართლოს გადაწყვეტილების გადაცემის თაობაზე, ხოლო სასამართლო ვერ უზრუნველყოფს დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებას, აღნიშნული გარემოება მხარის პასუხისმგებლობის საფუძველი ვერ გახდება და ვერც გასაჩივრების ვადის 30-ე დღიდან ათვლას გამოიწვევს. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ამ შემთხვევაში გასაჩივრების ვადა გადაწყვეტილების რეალურად ჩაბარების მომენტიდან უნდა აითვალოს, ამასთან, საკასაციო პალატა ხაზს უსვამს, რომ სასამართლოსადმი გადაწყვეტილების მისაღებად მიმართვის ფაქტი სათანადო მტკიცებულებებით უნდა დასტურდებოდეს.

განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებით არ დასტურდება ის გარემოება, რომ მოსარჩელეებმა ან მათმა წარმომადგენლებმა სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართეს გადაწყვეტილების ჩაბარების მიზნით, მაგრამ გადაწყვეტილება ვერ ჩაბარდა.

საქმის მასალებით ირკვევა, რომ მოსარჩელეების წარმომადგენლებმა ც. შ-ემ და ნ. პ-მა გადაწყვეტილების ჩაბარების მოთხოვნით რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 29 ოქტომბერს, ანუ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან მე-18 დღეს მიმართეს, რა დროსაც სასამართლოს გადაწყვეტილების ჩაბარების ვალდებულება არ ჰქონდა. 29 ოქტომბრის შემდგომ მხარეს გადაწყვეტილების ასლის ჩაბარების მოთხოვნით სასამართლოსთვის აღარ მიუმართავს. საქმეში წარმოდგენილი ხელწერილის თანახმად, მოსარჩელეთა წარმომადგენელმა ნ. პ-მა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 11.10.2013 წლის გადაწყვეტილების ასლი ჩაიბარა 2013 წლის 21 ნოემბერს (ს.ფ.170), ანუ 30 დღიანი ვადის გასვლის შემდგომ, შესაბამისად, გასაჩივრებისათვის დადგენილი 14-დღიანი ვადის დენა დაიწყო გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს და ამოიწურა 24.11.2013 წელს. სააპელაციო საჩივარი კი 27 ნოემბერსაა შეტანილი.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ლ. და კ. ტ-ის წარმომადგენლების ც. შ-სა და ნ. პ-ის კერძო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე, 410-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ლ. და კ. ტ-ის წარმომადგენლების ც. შ-სა და ნ. პ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 13 დეკემბრის განჩინება;

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ვ. როინიშვილი

მოსამართლეები ბ. ალავიძე

პ. ქათამაძე