№ას-362-344-2013 10 მარტი, 2014 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – დ. ხ-ი
მოწინააღმდეგე მხარე – სს „კ. ს. ბ-ი“
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 26 თებერვლის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად იმავე სასამართლოში დაბრუნება
დავის საგანი – საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 4 ივლისის გადაწყვეტილებით:
1. სს „კ. ს. ბ-ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა;
2. დ. ხ-ს, დ. მ-სა და ნ. გ-ს 2010 წლის 13 აგვისტოს საბანკო კრედიტის №6262802 ხელშეკრულებიდან და 2010 წლის 13 აგვისტოს თავდებობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, სს „კ. ს. ბ-ის“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ 7177.88 ლარის გადახდა, მათ შორის, სესხის ძირი თანხა – 6881.51 ლარი, პროცენტი – 353.27 ლარი და პირგასამტეხლო – 43.1 ლარი;
3. დ. ხ-ს სს ,,კ. ს. ბ-ის” სასარგებლოდ დაეკისრა ოვერდრაფტიდან გამომდინარე დავალიანების – 2034.67 ლარის გადახდა, მათ შორის, ძირი თანხა – 1870 ლარი, პროცენტი – 67.77, ხოლო პირგასამტეხლო – 96.9 ლარი;
4. დ. ხ-ს, დ. მ-ს და ნ. გ-ს 2010 წლის 13 აგვისტოს საბანკო კრედიტის №6262802 ხელშეკრულებიდან და 2010 წლის 13 აგვისტოს თავდებობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, სს ,,კ. ს. ბ-ის’’ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ პირგასამტეხლო, საკრედიტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული დარჩენილი ძირითადი თანხის 0.05% ოდენობით, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, 2012 წლის 15 მარტიდან სესხის დაფარვამდე.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით ნაწილობრივ გაასაჩივრა დ. ხ-მა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 26 თებერვლის საოქმო განჩინებით დ. ხ-ის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.
სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვებას საფუძვლად დაედო სასამართლო სხდომაზე აპელანტის გამოუცხადებლობა.
სააპელაციო სასამართლომ განჩინებაში იმსჯელა სხდომის გადადების შესახებ დ. ხ-ის მიერ წარდგენილ განცხადებაზე, რომელშიც პროცესზე მისი გამოუცხადებლობის მიზეზად მითითებული იყო ავადმყოფობაზე. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ აპელანტს არ წარუდგენია სხდომაზე გამოუცხადებლობის შეუძლებლობის დამადასტურებელი მტკიცებულება, კერძოდ, სამედიცინო დაწესებულების ხელმღღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტი, რაც დაადასტურებდა მისი ავადმყოფობის ფაქტს. აქედან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ არ არსებობდა აპელანტის გამოუცხადებლობის საპატიოდ მიჩნევისა და სასამართლო სხდომის გადადების საფუძველი, შესაბამისად, მოწინააღმდეგე მხარის შუამდგომლობა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ საფუძვლიანი იყო და უნდა დაკმაყოფილებულიყო.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა დ. ხ-მა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად იმავე სასამართლოსათვის დაბრუნება.
კერძო საჩივარში აღნიშნულია, რომ სასამართლო პროცესზე აპელანტის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო ავადმყოფობით, რის თაობაზეც სასამართლოს ეცნობა კანონით დადგენილი წესით. ამასთან, სასამართლოს ეცნობა ისიც, რომ ცნობა ავადმყოფობის შესახებ წარედგინებოდა. მართალია, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 275-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით სასამართლო ტოვებს საქმეს განუხილველად სხდომაზე მხარის გამოუცხადებლობის პირობებში, მაგრამ საქმის განუხილველად დატოვება არ შეიძლება, თუ ეს გამოუცხადებლობა გამოწვეულია საპატიო მიზეზით. კერძო საჩივრის ავტორმა მისი ავადმყოფობის ფაქტის დასადასტურებლად სასამართლოს წარმოუდგინა 2013 წლის 4 მარტის სამედიცინო ცნობა №45.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, კერძო საჩივრის საფუძვლების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ დ. ხ-ის კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
გასაჩივრებული განჩინებით სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვებას საფუძვლად დაედო სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 26 მაისის სხდომაზე აპელანტის გამოუცხადებლობა.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 387-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების თანახმად, თუ სააპელაციო საჩივრის აღმძვრელი პირი არ გამოცხადდება საქმის ზეპირ განხილვაზე, მოწინააღმდეგე მხარის თხოვნით სააპელაციო სასამართლო გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. ყველა სხვა შემთხვევაში გამოიყენება ამ კოდექსში ჩამოყალიბებული ნორმები პირველი ინსტანციის სასამართლოში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 229-ე მუხლის მე-2 ნაწილის პირველი წინადადების მიხედვით, თუ მოპასუხე არ მოითხოვს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანას, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სარჩელის განუხილველად დატოვების შესახებ. ამავე კოდექსის 275-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის მიხედვით, სასამართლო, მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით, განუხილველად დატოვებს სარჩელს, თუ სასამართლო სხდომაზე მოსარჩელე არ გამოცხადებულა, ხოლო მოპასუხე თანხმაა, სარჩელი განუხილველად იქნეს დატოვებული.
ზემოაღნიშნულ ნორმათა მიხედვით, სააპელაციო სასამართლოში საქმის ზეპირი განხილვისას აპელანტის გამოუცხადებლობის შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილია განუხილველად დატოვოს სააპელაციო საჩივარი, თუ მოწინააღმდეგე მხარე ამის წინააღმდეგი არ არის და, თუ აპელანტი კანონით დადგენილი წესით მოწვეული იყო საქმის განხილვაში და არ გამოცხადდა არასაპატიო მიზეზით.
მოცემულ შემთხვევაში, კერძო საჩივრის ავტორი გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას მოითხოვს იმ საფუძვლით, რომ აპელანტი სხდომის დღეს იყო ავად (ჰქონდა თირკმლის ჭვალი), ამიტომ ვერ შეძლო სასამართლოში გამოცხადება. ამასთან, სასამართლო სხდომის დაწყებამდე მან წარადგინა განცხადება, რომლითაც ავადმყოფობის გამო ითხოვა პროცესის სხვა დროისათვის გადადება.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სასამართლო სხდომაზე აპელანტის გამოუცხადებლობის გამო სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინების გადასინჯვა და საქმის განახლება უნდა მოხდეს იმ წესების დაცვით, რაც გათვალისწინებულია დაუსწრებელი გადაწყვეტილების გადასინჯვის მიმართ.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლის თანახმად, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, ან თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის.
აღნიშნული მუხლი განსაზღვრავს იმ გარემოებათა წრეს, რომელთა არსებობის შემთხვევაში დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს. ეს გარემოებები მითითებულია 233-ე მუხლის პირველ ნაწილში, მაგრამ ამ მუხლის ჩამონათვალი არაა ამომწურავი. გამოუცხადებელ მხარეს, რომლის წინააღმდეგაც გამოტანილია დაუსწრებელი გადაწყვეტილება, შეუძლია მიუთითოს სხვა გარემოებებზეც, რაც სასამართლო სხდომაზე მისი გამოუცხადებლობის მიზეზი გახდა და რომლის შესახებაც მას არ შეეძლო დროულად ეცნობებინა სასამართლოსათვის. ამასთან, კანონმდებელი ავალდებულებს მხარეს წინასწარ აცნობოს სასამართლოს სხდომაზე მისი გამოცხადების შეუძლებლობის და მიზეზის შესახებ, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ასეთი შეტყობინება სხდომამდე შეუძლებელია. იმ გარემოებათა დამტკიცების ტვირთი, რომლებზეც მიუთითებს მხარე თავის საჩივარში, როგორც გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზზე, ეკისრება მომჩივანს, ხოლო ამ გარემოებათა შეფასება იმ თვალსაზრისით, თუ რამდენად საპატიოა მხარის გამოუცხადებლობა – სასამართლოს უფლებამოსილებაა.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს იმ გარემოებათა ჩამონათვალს, რომლებიც შეიძლება მიჩნეულ იქნეს სასამართლო პროცესზე მხარის გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზად. აღნიშნული ნორმის თანახმად, ამ კანონის მიზნებისათვის, საპატიო მიზეზად ჩაითვლება მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას ან/და შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენას. ავადმყოფობა დადასტურებული უნდა იყოს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე.
მოცემულ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილია აპელანტის განცხადება, რომლითაც იგი შუამდგომლობდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს წინაშე 2013 წლის 26 თებერვლის სხდომის სხვა დროისათვის გადადების თაობაზე მისი ავადმყოფობის გამო. განცხადებაში აღნიშნულია, რომ შესაბამისი ცნობა სასამართლოს მოგვიანებით წარედგინებოდა (ტომი 2, ს.ფ. 39). კერძო საჩივარს თან ერთვის სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ გაცემული ცნობა, რომლის თანახმადაც პაციენტ დ. ხ-ს 2013 წლის 25 თებერვალს დაუდგინდა თირკმლის ჭვალის დიაგნოზი, რის გამოც მას დაენიშნა წოლითი რეჟიმი. აღნიშნული ცნობის შინაარსი, მასში მითითებული სამკურნალო და შრომითი რეკომენდაციები იძლევა საფუძველს დასკვნისათვის, რომ აპელანტს გააჩნდა სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზი, რაც გათვალისწინებულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილით. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ სასამართლო სხდომამდე აპელანტმა შეასრულა თავისი საპროცესო ვალდებულება, კერძოდ, სასამართლოს წერილობით აცნობა სხდომაზე მისი გამოცხადების შეუძლებლობის შესახებ.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული საფუძველი, შესაბამისად, მითითებული განჩინება უნდა გაუქმდეს და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დ. ხ-ის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 26 თებერვლის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. ქათამაძე
მოსამართლეები: ვ. როინიშვილი
ბ. ალავიძე