№ას-66-64-2014 4 მარტი, 2014 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ბესარიონ ალავიძე, პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი - შპს ,,ჯ-ი“ (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე - სს „ვ. პ. ჯ-ა“ (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 30 დეკემბრის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სს „ვ. პ. ჯ-ამ“ თბილისის საქალაქო სასამართლოში ი. დ-ის, შპს „ჯ-ის“ და ჯ. ნ-ის წინააღმდეგ სარჩელი აღძრა. მოსარჩელემ მოითხოვა დანაშაულით მიყენებული ზიანის - 365 548 ლარის გადახდის დაკისრება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 21 თებერვლის განჩინებით სს „ვ. პ. ჯ-ას“ სარჩელი მოპასუხეების ი. დ-ის, შპს „ჯ-ის“ და ჯ. ნ-ის მიმართ დელიქტით მიყენებული ზიანის ანაზღაურების თაობაზე დარჩა განუხილველად, რაც მოსარჩელემ კერძო საჩივრით გაასაჩივრა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 8 მაისის განჩინებით სს „ვ. პ. ჯ-ას“ კერძო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 21 თებერვლის განჩინება მოპასუხეების ჯ. ნ-სა და შპს „ჯ-ის“ მიმართ სს „ვ. პ. ჯ-ას“ სარჩელის განუხილველად დატოვების ნაწილში და ამ ნაწილში საქმე განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს. გასაჩივრებული განჩინება ი. დ-ის ნაწილში უცვლელად დარჩა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 6 ივნისის გადაწყვეტილებით სს „ვ. პ. ჯ-ას“ სარჩელი დაკმაყოფილდა. მოპასუხეებს შპს „ჯ-სა“ და ჯ. ნ-ს მოსარჩელის სს „ვ. პ. ჯ-ას“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ დანაშაულით მიყენებული ზიანის 365 548 ლარის ანაზღაურება.
ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება მოპასუხეებმა სააპელაციო წესით გაასაჩივრეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 3 სექტემბრის განჩინებით ჯ. ნ-ის სააპელაციო საჩივარი მიღებული იქნა განსახილველად.
იმავე 2013 წლის 30 დეკემბრის განჩინებით შპს „ჯ-ის“ სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 6 ივნისის გადაწყვეტილებაზე დარჩა განუხილველი დაუშვებლობის გამო.
აღნიშნული განჩინება შპს „ჯ-იმ“ კერძო საჩივრით გაასაჩივრა. მისი მითითებით, სააპელაციო სასამართლო გადაწყვეტილების ჩაბარების თარიღს აითვლის 2013 წლის 25 ივნისიდან, რითაც იზიარებს საქალაქო სასამართლოს აშკარად კანოდარღვევით გავრცელებულ ინფორმაციას მოპასუხისათვის სარჩელის, თანდართული მასალებისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების ჩაბარების თაობაზე. არც ერთი ზემოაღნიშნული დოკუმენტი შპს „ჯ-ის“ არ ჩაბარებია. მოსარჩელისათვის ცნობილი იყო კომპანიის ფაქტობრივი მისამართი - თბილისი, კ-ის გზატკეცილი N44, მაგრამ განზრახ არ მიუთითა სარჩელში. პირველი ინსტანციის სასამართლოს დოკუმენტები არ გაუგზავნია დირექტორისათვის. შპს „ჯ-ის“ წინააღმდეგ გამოტანილი გადაწყვეტილების თაობაზე მისი დირექტორისათვის ცნობილი გახდა მაშინ, როდესაც სააპელაციო სასამართლოში სხდომაზე დაიბარეს უწყებით.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, გასაჩივრებული განჩინების სამართლებრივი დასაბუთებულობა და მიიჩნია, რომ შპს „ჯ-ის“ კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადაა 14 დღე. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლების ან 2591 მუხლის შესაბამისად, ასევე 2591 მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ.
იმავე კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს, ხოლო 71-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით კი, სასამართლო უწყება ადრესატს ბარდება მხარის მიერ მითითებული ძირითადი მისამართის (ფაქტობრივი ადგილსამყოფლის), ალტერნატიული მისამართის, სამუშაო ადგილის, სასამართლოსთვის ცნობილი სხვა მისამართის ან მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესის მიხედვით.
მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით ირკვევა, რომ სს „ვ. პ. ჯ-ამ“ მოპასუხე შპს „ჯ-ის“ ძირითად მისამართად მიუთითა ქ. თბილისი, უ-ის ქ. N2, რაც, სამეწარმეო რეესტრის მონაცემებით, აღნიშნული კომპანიის იურიდიული მისამართია. ამ მისამართზე გაგზავნილი დოკუმენტები მხარეს არ ჩაბარდა, რის შემდეგაც სასამართლომ მიიღო განჩინება შეტყობინების საჯაროდ გავრცელების თაობაზე.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 71-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ მოსარჩელის მიერ მითითებული მოპასუხის მისამართი სწორია და მას უწყება ვერ ჩაჰბარდა ამ კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ მოთხოვნათა დაცვით, სასამართლო ხელმძღვანელობს ამ კოდექსის 78-ე მუხლის დებულებებით. 73-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით კი, სასამართლო უწყება იგზავნება ამ კოდექსის 70-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ტექნიკური საშუალებით, ფოსტით , სასამართლო კურიერის მეშვეობით ან მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესის მიხედვით. სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას, უწყების გაგზავნის რომელი ფორმა გამოიყენოს, რომელ მისამართზე გააგზავნოს უწყება, და არ არის ვალდებული, დაიცვას თანამიმდევრობა. სასამართლომ დასაბარებელ პირს უწყება შეიძლება ჩააბაროს ასევე სასამართლოს შენობაში. თუ პირველად გაგზავნისას უწყების ადრესატისათვის ჩაბარება ვერ ხერხდება, იგი დასაბარებელ პირს უნდა გაეგზავნოს დამატებით ერთხელ მაინც იმავე ან სასამართლოსთვის ცნობილ სხვა მისამართზე.
საკასაციო სასამართლო ხაზს უსვამს, რომ ზემოაღნიშნული ნორმების მიხედვით, სასამართლო საჯარო შეტყობინებას მიმართავს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ 73-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული საშუალებებით მხარეს გზავნილი ვერ ბარდება, ამასთან, ფოსტით გაგზავნის შემთხვევაში, შესრულებული უნდა იყოს იმავე ნორმით განსაზღვრული სავალდებულო პირობა: გზავნილი ადრესატს ორჯერ მაინც უნდა გაეგზავნოს სასამართლოსათვის ცნობილ ძირითად ან ალტერნატიულ მისამართზე.
მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს ზემოაღნიშნული მოთხოვნა არ შეუსრულებია. საქმის მასალები ადასტურებს, რომ მოსარჩელე შპს „ჯ-ის“ ძირითად მისამართთან ერთად უთითებდა აღნიშნული საზოგადოების დირექტორის ადგილსამყოფელს და პროკურისტის მისამართს. სამეწარმეო რეესტრის ამონაწერის თანახმად, როგორც დირექტორი ვ. მ-ი, ისე პროკურისტი პ. ფ-ა სარგებლობდნენ სრული წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით. პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვის არც ერთ ეტაპზე სასამართლოს არც უცდია დოკუმენტების მათთვის ჩაბარება. იგი ერთხელ აგზავნიდა გზავნილს მხოლოდ შპს „ჯ-ის“ იურიდიულ მისამართზე და ჩაუბარებლობის შემდეგ, გამოჰქონდა განჩინება შეტყობინების საჯაროდ გავრცელების თაობაზე.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ, მართალია, სასამართლო თავად ირჩევს ვის გაუგზავნოს სასამართლო დოკუმენტები, უშუალოდ მხარეს თუ წარმომადგენელს, ასევე თავად განსაზღვრავს 73-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული რომელი საშუალების გამოყენებით ჩააბაროს გზავნილი ადრესატს, მაგრამ ამგვარი შერჩევა უნდა განხორციელდეს იმ ვარაუდით, რომ სწორედ ესაა მხარის ინფორმირების საუკეთესო საშუალება. ისეთ პირობებში, როდესაც საქმეში არსებობს უფლებამოსილი წარმომადგენლის მისამართი და თავად მხარეს გზავნილი არ ბარდება, სასამართლომ დოკუმენტები მხარის მისამართზე კი არ უნდა აგზავნოს, არამედ წარმომადგენლისათვის ჩაბარებაც უნდა სცადოს. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მართალია, მოსარჩელის მითითებით, შპს „ჯ-ის“ დირექტორი ვ. მ-ი პატიმრობაში იმყოფებოდა და სასამართლოს, შესაძლოა, მიზანშეწონილად არ მიეჩნია მისთვის დოკუმენტების გაგზავნა, მაგრამ, როგორც უკვე აღინიშნა, სარჩელში მითითებული იყო პროკურისტის მისამართი, რომელსაც სრული წარმომადგენლობითი უფლებამოსილება გააჩნდა და შეეძლო, შპს „ჯ-ის“ ინტერესების დაცვა, სასამართლოს კი, საქმის განხილვის არც ერთ ეტაპზე დოკუმენტები მისთვის არ გაუგზავნია. რაც შეეხება საჯარო შეტყობინებას, საკასაციო სასამართლო კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ ესაა საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული უკიდურესი საშუალება, რომელსაც სასამართლომ მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა მიმართოს, თუ ამოწურულია მხარის ინფორმირების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ყველა რესურსი, მათ შორის ის ვალდებულებაც, რომ დოკუმენტები მხარეს ეგზავნება სასამართლოსათვის ცნობილ იმავე ან სხვა მისამართზე ორჯერ მაინც. მოცემულ შემთხვევაში, კი პირველი ინსტანციის სასამართლო საჯარო შეტყობინებას ამ ვალდებულების შესრულების გარეშე მიმართავდა, რაც სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო ეთანხმება კერძო საჩივრის ავტორის მითითებას, რომ შპს „ჯ-ის“ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება არ ჩაბარებია, ამდენად, სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვება იმ საფუძვლით, რომ დარღვეულია გასაჩივრებისათვის დადგენილი 14-დღიანი ვადა, დაუშვებელია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე, 412-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს „ჯ-ის“ კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 30 დეკემბრის განჩინება და საქმე შპს „ჯ-ის“ სააპელაციო საჩივრის განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ვ. როინიშვილი
მოსამართლეები ბ. ალავიძე
პ. ქათამაძე