Facebook Twitter

საქმე№ას-83-79-2014 6 მარტი, 2014 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

თეიმურაზ თოდრია, პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – შპს „ე. ჰ-ი“ (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – სს „ხ-ი“ (შეგებებული სარჩელის ავტორი)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 22 ნოემბრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად დაბრუნება

დავის საგანი – თავდაპირველ სარჩელში - ნასყიდობის თანხის დაბრუნება, შეგებებულ სარჩელში - ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

შპს „ე. ჰ-მა“ სარჩელი აღძრა სასამართლოში სს „ხ-ის“ მიმართ უსაფუძვლო გამდიდრების გზით მიღებული 580000 ლარის დაკისრების მოთხოვნით.

მოპასუხე სს „ხ-მა“ სარჩელი არ ცნო და შეგებებული სარჩელით მიმართა სასამართლოს შპს „ე. ჰ-ის“ მიმართ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის - 933399 ლარის დაკისრების მოთხოვნით.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 30 სექტემბრის გადაწყვეტილებით შპს „ე. ჰ-ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა, სს „ხ-ს“ შპს „ე. ჰ-ის“ სასარგებლოდ დაეკისრა 580000 ლარის გადახდა, სს „ხ-ის“ შეგებებული სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, შპს „ე. ჰ-ს“ სს „ხ-ის სასარგებლოდ დაეკისრა ზიანის - 624400 ლარის ანაზღაურება.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილების თაობაზე სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს „ე. ჰ-მა“.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 22 ნოემბრის განჩინებით შპს „ე. ჰ-ის“ სააპელაციო საჩივარი რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 30 სექტემბრის გადაწყვეტილებაზე დატოვებულ იქნა განუხილველად შემდეგი დასაბუთებით:

სააპელაციო პალატამ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მიუთითა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადების თარიღზე - 2013 წლის 30 სექტემბერზე და აღნიშნა, რომ სააპელაციო საჩივრის წარდგენის ვადის ათვლა დაიწყო 2013 წლის 30 ოქტომბრიდან და ამოიწურა 2013 წლის 12 ნოემბერს. აპელანტმა სააპელაციო საჩივარი წარადგინა 2013 წლის 14 ნოემბერს, რითაც დაარღვია სააპელაციო საჩივრის წარდგენისათვის კანონმდებლობით დადგენილი 14-დღიანი ვადა.

ამ გარემოების გათვალისწინებით, პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე, 63-ე მუხლებით, 374-ე მუხლის პირველი ნაწილით და მიიჩნია, რომ არ არსებობდა სააპელაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა.

სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა შპს „ე. ჰ-ის“ წარმომადგენელმა დ. ა-ემ, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის იმავე სასამართლოსათვის განსახილველად დაბრუნება შემდეგი დასაბუთებით:

კერძო საჩივრის ავტორი არ ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს დასკვნას სააპელაციო საჩივრის წარდგენის ვადის დარღვევის თაობაზე, მხარის განმარტებით, რუსთავის საქალაქო სასამართლოშს 2013 წლის 30 სექტემბრის სხდომას, როდესაც გამოცხადდა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი შპს „ე. ჰ-ის“ წარმომადგენელი არ დასწრებია, სასამართლომ კანცელარიის ბეჭდით დამოწმებული გადაწყვეტილება მხარეს ჩააბარა 2013 წლის 31 ოქტომბერს და სწორედ ამ დღიდან დაიწყო სააპელაციო საჩივრის წარდგენის ვადის დენა, რომელიც 2013 წლის 14 ნოემბერს ამოიწურა. ეს ვადა აპელანტის მიერ დაცულია, შესაბამისად, უკანონოა სასამართლოს მსჯელობა საპროცესო ვადის დარღვევის თაობაზე, რაც განჩინების გაუქმების წინაპირობას წარმოადგენს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 7 თებერვლის განჩინებით შპს „ე. ჰ-ის“ კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს „ე. ჰ-ის“ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

საქმის მასალებით დასტურდება, რომ რუსთავის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის გაუქმებასაც აპელანტის შპს „ე. ჰ-ი“ მოითხოვს, გამოცხადდა 2013 წლის 30 სექტემბერს;

დასტურდება ასევე ის გარემოება, რომ 2013 წლის 30 სექტემბრის სხდომას შპს „ე. ჰ-ის“ უფლებამოსილი წარმომადგენელი არ ესწრებოდა;

საქმეში წარმოდგენილი რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 23 სექტემბრის სხდომის ოქმის შესწავლით ირკვევა ის გარემოებაც, რომ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადება გადაიდო 2013 წლის 30 სექტემბერს, 15:00 საათზე;

სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადების შესახებ აპელანტის უფლებამოსილი წარმომადგენლის - დ. ა-ის ცნობილი იყო, კერძოდ, ის ესწრებოდა 2013 წლის 23 სექტემბრის სხდომას და სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადების გადადების შესახებ ინფორმირება ხელწერილზე ხელის მოწერით დაადასტურა;

საქმეში წარმოდგენილი ხელწერილის თანახმად, „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლით გათვალისწინებულ უფლებამოსილ პირს, შპს „ე. ჰ-ის“ დირექტორ ჯ. უ-ს საქალაქო სასამართლოს დასაბუთებული გადაწყვეტილება ჩაბარდა 2013 წლის 31 ოქტომბერს;

საქმეში არ არის წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა მხარის სასამართლოში უფრო ადრე გამოცხადებისა და სასამართლო გადაწყვეტილების ჩაბარების (ან ჩაბარების მოთხოვნის) ფაქტს;

შპს „ე. ჰ-ის“ სააპელაციო საჩივარზე დართული კონვერტის შესწავლით დასტურდება და არც კერძო საჩივრის ავტორი ხდის სადავოდ იმ გარემოებას, რომ აპელანტმა საჩივარი ფოსტას ჩააბარა 2013 წლის 14 ნოემბერს;

სააპელაციო სასამართლომ, გასაჩივრებული განჩინებით, შპს „ე. ჰ-ის“ სააპელაციო საჩივრის განსახილველად დაშვებაზე უარის იმ საფუძვლით განაცხადა, რომ მხარემ დაარღვია გადაწყვეტილების გასაჩივრების იმპერატიული ვადა.

კერძო საჩივრის ავტორი სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას არ ეთანხმება შემდეგი საფუძვლებით: ა) რუსთავის საქალაქო სასამართლოს სხდომას, რომელზეც გამოცხადდა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი, არ ესწრებოდა ; ბ) სასამართლომ დასაბუთებული გადაწყვეტილება მხარეს 2013 წლის 31 ოქტომბერს ჩააბარა, ამ დროიდან უნდა აითვალოს სააპელაციო საჩივრის წარდგენის ვადა, რაც, მოცემულ შემთხვევაში, მხარის მიერ დაცულია.

საკასაციო პალატა, დაუსაბუთებლობის გამო, ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ამ არგუმენტებს და განმარტავს შემდეგს:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 216-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასამართლო საქმის განხილვის გადადებისას დანიშნავს ახალი სასამართლო სხდომის დღეს და ამის შესახებ აცნობებს სასამართლო პროცესზე გამოცხადებულ პირებს, რასაც ისინი ადასტურებენ ხელის მოწერით. მოცემულ შემთხვევაში, მხარე კანონის ამ დათქმის შესაბამისად ინფორმირებული იყო რა სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადების დროის თაობაზე, აღნიშნული გარემოება საპროცესო ვადის 2591 მუხლით დადგენილი წესით დენის დაწყების საკმარისი საფუძველია.

რაც შეეხება საპროცესო ვადის არასწორად გამოთვლას, საკასაციო პალატა ამ საკითხის სწორად შეფასების მიზნით მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმადაც, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადაა 14 დღე. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლების ან 2591 მუხლის შესაბამისად, ასევე 2591 მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. ამავე კოდექსის 2591 მუხლით კი დადგენილია ქცევის შემდეგი წესი: თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი; წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია. ამ კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

დასახელებული ნორმებიდან გამომდინარე, კანონმდებლობა გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადის დენას უკავშირებს გარკვეულ წინაპირობებს, იმ შემთხვევაში, თუ გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირისათვის ცნობილია სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადების დღე, მხარე ვალდებულია, გამოცხადდეს სასამართლოში გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა და ხელზე ჩაიბაროს გადაწყვეტილება, წინააღმდეგ შემთხვევაში, საპროცესო ვადის დენა დაიწყება სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 30-ე დღეს.

უდავოა ის ფაქტიც, რომ აპელანტი საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტს არ წარმოადგენს, რაც სასამართლოს წარმოუშობდა ვალდებულებას, მისთვის გადაწყვეტილება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით გაეგზავნა.

დადასტურებულია რა ის გარემოება, რომ მხარისათვის ცნობილი იყო გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადების დღის შესახებ, საპროცესო ვადის დენის დაწყების მარეგულირებელი ზოგადი ნორმის თანახმად (სსსკ 60.2), გადაწყვეტილების ჩაბარების 30-დღიანი ვადის დენა დაიწყო მოვლენის დადგომის მომდევნო დღეს - 2013 წლის 1 ოქტომბერს და ამოიწურა 2013 წლის 30 ოქტომბერს. ვინაიდან ამ ვადის განმავლობაში შპს „ე. ჰ-ს“ საქალაქო სასამართლოსათვის გადაწყვეტილების ჩაბარების თხოვნით არ მიუმართავს (მან სასამართლოს მხოლოდ 2013 წლის 31 ოქტომბერს მიმართა), სააპელაციო საჩივრის წარდგენის 14-დღიანი ვადის დენა დაიწყო გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 30-ე დღეს, როგორც ამას სპეციალური ნორმა ადგენს (სსსკ 2591 მუხლის პირველი ნაწილი) და არა მხარის მიერ მისი ჩაბარების შემდგომ და ამოიწურა 2013 წლის 12 ნოემბერს. მხარემ საჩივარი ფოსტას ჩააბარა 2013 წლის 14 ნოემბერს, კანონით დადგენილი ვადის დარღვევით. ამდენად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილისა და 63-ე მუხლის საფუძველზე, კანონით დადგენილი გასაჩივრების ვადის დარღვევის გამო, სააპელაციო სასამართლომ სავსებით მართებულად მიიჩნია, რომ არ არსებობდა სააპელაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობები.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

შპს „ე. ჰ-ის“ კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 22 ნოემბრის განჩინება დარჩეს უცვლელად. კერძო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟი გადახდილია. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ვ. როინიშვილი

მოსამართლეები: თ. თოდრია

პ. ქათამაძე