Facebook Twitter
#as-660-619-2010

№ას-879-837-2013 10 მარტი, 2014 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი _ ა. ს-ი

მოწინააღმდეგე მხარე _ გ. ნ-ი

გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 16 ივლისის განჩინება

კერძო საჩივრის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი _ უფლებამონაცვლეობის დადგენა, სააღსრულებო ფურცლის გაცემა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

ქ.თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2001 წლის 30 ივლისის გადაწყვეტილებით:

1. გ. ნ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა;

2. მოპასუხეები: ი. ს-ი, უ. ს-ი, ა. ს-ი, ი. ს-ი და ბ. ზ-ი გამოსახლებულ იქნენ ქ.თბილისში, ჩ-ის ქუჩის მე-5 კვარტლის მე-2 კორპუსში მდებარე №101 ბინიდან;

3. აღნიშნული ბინა თავისუფალი სახით გადაეცა მოსარჩელეს.

აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანეს მოპასუხეებმა.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2002 წლის 6 ივნისის განჩინებით:

1. დამტკიცდა მხარეთა შორის მიღწეული შემდეგი შინაარსის მორიგება:

ა. ა. ს-მა, ი. ს-მა, უ. ს-მა, ი. ს-მა და ბ. ზ-მა იკისრეს ვალდებულება გ. ნ-ის წინაშე, რომ 2002 წლის 6 ივნისიდან შვიდი თვის ვადაში გადაიხდიდნენ 7000 (შვიდი ათას) აშშ დოლარს ეტაპობრივად, კერძოდ, პირველი ოთხი თვის განმავლობაში - 3500 აშშ დოლარს, ხოლო მომდევნო სამი თვის ვადაში - 3500 აშშ დოლარს;

ბ. შეთანხმებულ ვადაში თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში მოპასუხეებმა იკისრეს ვალდებულება, დაუყოვნებლივ გაენთავისუფლებინათ სადავო საცხოვრებელი ფართი;

გ. მოსარჩელე გ. ნ-მა იკისრა ვალდებულება, რომ თანხის სრულად გადახდისთანავე გადაეფორმებინა სადავო ბინა (მდებარე, ქ.თბილისი, ჩ-ის ქუჩა, მე-5 კვ., მე-2 კორპ., ბ.№101) ი. ს-ის სახელზე;

2. მხარეთა მორიგების გამო გაუქმდა თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2001 წლის 30 ივლისის გადაწყვეტილება და შეწყდა საქმის წარმოება.

2013 წლის 2 ივლისს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას განცხადებით მიმართა ა. ს-მა. განმცხადებელმა მოითხოვა გ. ნ-ის უფლებამონაცვლედ მ. პ-ის ცნობა და აღნიშნულის შესაბამისად, გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით სააღსრულებო ფურცლის გაცემა.

განცხადების მიხედვით, მოპასუხეებმა ჯეროვნად შეასრულეს მორიგების აქტით ნაკისრი ვალდებულება, კერძოდ, 2002 წლის 12 დეკემბერს გ. ნ-ს გადაეცა 7000 აშშ დოლარი, რაზეც ამ უკანასკნელმა გასცა ხელწერილი. მიუხედავად ამისა, გ. ნ-მა მორიგების პირობების შესაბამისად არ შეასრულა ვალდებულება და არ გააფორმა ი. ს-ან ნასყიდობის ხელშეკრულება სადავო ბინაზე. მოპასუხეთა მოთხოვნის საფუძველზე, 2008 წლის 10 იანვარს თბილისის სააპელაციო სასამართლომ გაცა სააღსრულებო ფურცელი, რომელიც 2013 წლის 23 მაისს წარედგინა აღსრულების ეროვნული ბიუროს. აღსრულების პროცესში გაირკვა, რომ თბილისში, ჩ-ის ქუჩის მე-2 კვარტლის მე-5 კორპუსში მდებარე №101 ბინა აღარ ირიცხებოდა მოვალე გ. ნ-ის სახელზე. საჯარო რეესტრის ამონაწერით, მითითებული ქონება ირიცხებოდა მ. პ-ის სახელზე. დასახელებული გარემოების გამო, თბილისის სააღსრულებო ბიურომ უარი განაცხადა გადაწყვეტილების აღსრულებაზე.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 16 ივლისის განჩინებით ა. ს-ის განცხადება არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო სასამართლომ გამოარკვია, რომ:

მოცემულ საქმეზე, როგორც გადაწყვეტილების გამოტანამდე, ასევე გადაწყვეტილების მიღების შემდგომ, უზრუნველყოფის ღონისძიება არ ყოფილა გატარებული;

საქმის მასალებით, კერძოდ, გ. ნ-ის 2002 წლის 12 დეკემბრის ხელწერილით დგინდებოდა, რომ მან, 2002 წლის 6 ივნისის მორიგების აქტის შესაბამისად, ა. ს-ან მიიღო 7000 აშშ დოლარი, აღარ ჰქონდა პრეტენზია სადავო ბინაზე და იკისრა ვალდებულება, ნასყიდობის ხელშეკრულებით ბინა გაეფორმებინა ს. ს-ე (ს.ფ. 360);

ამავე საქმის მასალებით დგინდებოდა, რომ თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2002 წლის 6 ივნისის განჩინება შევიდა კანონიერ ძალაში (ს.ფ. 267-268);

გადაწყვეტილებაზე სააღსრულებო ფურცელი გაიცა 2008 წლის 10 იანვარს (ს.ფ. 324);

საჯარო რეესტრიდან წარდგენილი 2012 წლის 20 სექტემბრის ამონაწერით ირკვეოდა, რომ თბილისში, ჩ-ის ქუჩის მე-2 კვარტლის მე-5 კორპუსში, ბინა №101-ში მდებარე ქონება 2012 წლის 10 სექტემბრის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე საკუთრების უფლებით ირიცხებოდა მანანა პაქსაშვილის სახელზე (ს.ფ. 366-367).

სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ სააღსრულებო ფურცელი შეიძლება გაიცეს გადაწყვეტილებაში დასახელებული მოვალის უფლებამონაცვლე პირთა საწინააღმდეგოდ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ უფლებამონაცვლეობა ნათელია.

სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, განსახილველ შემთხვევაში, მოვალის – გ. ნ-ის უფლებამონაცვლედ განმცხადებლის მიერ მითითებული პირის – მ. პ-ის დადგენის და, შესაბამისად, მისი, როგორც მოვალის მიმართ სააღსრულებო ფურცლის გაცემის თაობაზე, სათანადო მტკიცებულებები საქმეში წარდგენილი არ იყო. კერძოდ, არ ირკვეოდა ის გარემოება, რომ 2002 წლის 6 ივნისს მხარეთა შორის დამტკიცებული მორიგების პურობების აღსრულების მიზნით სადავო უძრავ ქონებაზე გატარდა უზრუნველყოფის ღონისძიება და მ. პ-მა მითითებული ქონება შეიძინა შესაბამისი უფლებრივი შეზღუდვით. ამდენად, იმის გათვალისწინებით, რომ წარდგენილი მასალების მიხედვით უფლებამონაცვლეობა არ იყო ნათელი და განმცხადებელი ვერ ადასტურებდა მოვალის – გ. ნ-ის უფლებამონაცვლედ მ. პ-ის დადგენის სამართლებრივი საფუძვლის არსებობას, ა. ს-ის განცხადება დაკმაყოფილებას არ ექვემდებარებოდა.

სააპელაციო სასამართლოს აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინა ა. ს-მა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება. ამასთან, კერძო საჩივრის ავტორი გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის მიზნით ითხოვს უძრავი ქონების (მდებარე, თბილისი, ჩ-ის ქუჩა, მე-2 კვარტ., კორპ. №5, ბ. №101) ყადაღით დატვირთვას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, კერძო საჩივრის საფუძვლების გამოკვლევის შედეგად მიიჩნევს, რომ ა. ს-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად უნდა დარჩეს გასაჩივრებული განჩინება, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმის მასალებით ირკვევა, რომ თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2002 წლის 6 ივნისის განჩინებით დამტკიცდა მხარეთა შორის მიღწეული შემდეგი შინაარსის მორიგება:

ა. ა. ს-მა, ი. ს-მა, უ. ს-მა, ი. ს-მა და ბ. ზ-მა იკისრეს ვალდებულება გ. ნ-ის წინაშე, რომ 2002 წლის 6 ივნისიდან შვიდი თვის ვადაში გადაიხდიდნენ 7000 (შვიდი ათას) აშშ დოლარს ეტაპობრივად, კერძოდ, პირველი ოთხი თვის განმავლობაში - 3500 აშშ დოლარს, ხოლო მომდევნო სამი თვის ვადაში - 3500 აშშ დოლარს;

ბ. შეთანხმებულ ვადაში თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში მოპასუხეებმა იკისრეს ვალდებულება, დაუყოვნებლივ გაენთავისუფლებინათ სადავო საცხოვრებელი ფართი;

გ. მოსარჩელე გ. ნ-მა იკისრა ვალდებულება, რომ თანხის სრულად გადახდისთანავე გადაეფორმებინა სადავო ბინა (მდებარე, ქ.თბილისი, ჩ-ის ქუჩა, მე-5 კვ., მე-2 კორპ., ბ.№101) ი. ს-ის სახელზე.

საქმის მასალებით ირკვევა ასევე, რომ ზემოაღნიშნული განჩინება შევიდა კანონიერ ძალაში და, ა. ს-ის მოთხოვნის საფუძველზე, თბილისის სააპელაციო სასამართლომ 2008 წლის 10 ივნისს გასცა სააღსრულებო ფურცელი.

გასაჩივრებული განჩინებით დადგენილია ისიც, რომ ა. ს-მა, ი. ს-მა, უ. ს-მა, ი. ს-მა და ბ. ზ-მა გ. ნ-ს გადაუხადეს 7000 აშშ დოლარი.

საჯარო რეესტრის 2012 წლის 20 სექტემბრის ამონაწერით ირკვევა, რომ ქ.თბილისში, ჩ-ის ქუჩის მე-2 კვარტლის მე-5 კორპუსში მდებარე №101 ბინა 2012 წლის 10 სექტემბრის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე საკუთრების უფლებით ირიცხება მ. პ-ის სახელზე.

კერძო საჩივრის ავტორი მიიჩნევს, რომ მ. პ-ი წარმოადგენს გ. ნ-ის უფლებამონაცვლეს, ამიტომ სასამართლომ უნდა გასცეს სააღსრულებო ფურცელი გ. ნ-ის (მოვალის) უფლებამონაცვლე პირის - მ. პ-ის საწინააღმდეგოდ.

საკასაციო პალატა არ იზიარებს კერძო საჩივრის ავტორის ზემოაღნიშნულ მოსაზრებას და მიუთითებს „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლზე, რომელიც აწესრიგებს უფლებამონაცვლე პირთა სასარგებლოდ ან საწინააღმდეგოდ სააღსრულებო ფურცლის გაცემის საკითხს, კერძოდ, მითითებული ნორმის მიხედვით, სააღსრულებო ფურცელი შეიძლება გაცემულ იქნეს გადაწყვეტილებაში დასახელებული კრედიტორის უფლებამონაცვლე პირის სასარგებლოდ ან მოვალის უფლებამონაცვლე პირის საწინააღმდეგოდ, თუ უფლებამონაცვლეობა ნათელია ან ამის დამადასტურებელი დოკუმენტი შეადგინა სათანადოდ უფლებამოსილმა ორგანომ ან დაამოწმა ნოტარიუსმა. საპროცესო უფლებამონაცვლეობის საფუძვლები მოცემულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლის 1-ელ ნაწილში, რომლის თანახმად, სადავო ან სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილი სამართლებრივი ურთიერთობიდან ერთ-ერთი მხარის გასვლის შემთხვევაში (მოქალაქის გარდაცვალება, იურიდიული პირის რეორგანიზაცია, მოთხოვნის დათმობა, ვალის გადაცემა და სხვა) სასამართლო დაუშვებს ამ მხარის შეცვლას მისი უფლებამონაცვლით.

საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საპროცესო უფლებამონაცველობის საფუძველია უფლებამონაცვლეობა მატერიალურ სამართალში, როდესაც მატერიალური სამართლის ნორმების მიხედვით, დასაშვებია სამართლებრივ ურთიერთობაში უფლებებისა და მოვალეობების სუბიექტების შეცვლა, როდესაც ახალი სუბიექტი მთლიანად ან ნაწილობრივ თავის თავზე იღებს თავისი წინამორბედის უფლებებს ან მოვალეობებს. შესაბამისად, თუ უფლებამონაცვლეობა მატერიალური სამართლის მიხედვით დაუშვებელია, მაშინ დაუშვებელია საპროცესო უფლებამონაცვლეობაც.

განსახილველ შემთხვევაში, მორიგების აქტიდან გამომდინარე, ა. ს-ს გააჩნდა უფლება, 7000 დოლარის გადახდის სანაცვლოდ, გ. ნ-ის მოეთხოვა სადავო ქონების ი. ს-ის სახელზე გადაფორმება. ეს უფლება რელატიურია, რაც ნიშნავს იმას, რომ იგი მოქმედებს მხოლოდ ამ კონკრეტული სამართლებრივი ურთიერთობის ფარგლებში და, შესაბამისად, ამ ურთიერთობის მონაწილეთა მიმართ. ამდენად, ა. ს-ს, მორიგების აქტიდან გამომდინარე, მოთხოვნის უფლება გააჩნია მხოლოდ გ. ნ-ის მიმართ. ეს უფლება ვერ გავრცელდება მესამე პირებზე, რომლებიც ამ სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილეები არ არიან. მოცემულ შემთხვევაში, მ. პ-ი - სადავო უძრავი ქონების შემძენი, არ არის ზემოხსენებული სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილე, ამიტომ მის მიმართ ა. ს-ს ვერ ექნება მორიგების აქტიდან გამომდინარე მოთხოვნის უფლება. აღსანიშნავია, რომ კერძო საჩივრის ავტორი, მესამე პირის მიერ სადავო ქონების შეძენის გარდა, ვერ უთითებს სხვა ისეთ გარემოებაზე, რაც მას ამ უკანასკნელის მიმართ მოთხოვნის უფლებას მიანიჭებდა (მაგ. ვალის გადაკისრება, სადავო უძრავი ქონების ვალდებულებით დატვირთვა საჯარო რეესტრში და სხვა). აქედან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სადავო უძრავი ქონების შემძენი - მ. პ-ი, ვერ იქნება მიჩნეული ამ ქონების თავდაპირველი მესაკუთრის (მოვალის) - გ. ნ-ის უფლებამონაცვლედ, ვინაიდან, მოცემულ შემთხვევაში, უფლებამონაცვლეობა დაუშვებელია მატერიალური სამართლის მიხედვით.

საკასაციო პალატა მიიჩნევს ასევე, რომ უსაფუძვლოა კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა სადავო უძრავი ქონების დაყადაღების თაობაზე, ვინაიდან ეს ქონება საკუთრების უფლებით ირიცხება მ. პ-ის სახელზე, რომელიც, როგორც აღინიშნა, პასუხს არ აგებს მორიგების აქტიდან გამომდინარე გ. ნ-ის ვალდებულებებზე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა. კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო არ აკმაყოფილებს კერძო საჩივარს, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ა. ს-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 16 ივლისის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. ქათამაძე

მოსამართლეები: ვ. როინიშვილი

ბ. ალავიძე