Facebook Twitter

საქმე№ას-97-92-2014 6 მარტი, 2014 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ბესარიონ ალავიძე, პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი - გ. გ-ა (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – მ. პ-ი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 31 დეკემბრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად დაბრუნება

დავის საგანი – ფულადი ვალდებულების შესრულება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

მ. პ-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში გ. გ-ას მიმართ მოპასუხის მიერ 2013 წლის 8 აპრილის ხელწერილით აღიარებული თანხის - 103950 ლარის გ.გ-ის დაკისრების მოთხოვნით.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 17 სექტემბრის გადაწყვეტილებით მ. პ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა და გ. გ-ას მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 103950 ლარის გადახდა.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 31 დეკემბრის განჩინებით გ. გ-ას სააპელაციო საჩივარი დაუშვებლობის გამო დატოვებულ იქნა განუხილველად შემდეგი საფუძვლებით:

სააპელაციო პალატამ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 373-ე მუხლის პირველი ნაწილის, 374-ე მუხლის თანახმად, შეამოწმა სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხი და დადგენილად მიიჩნია, რომ ამავე სასამართლოს 2013 წლის 30 ოქტომბრის განჩინებით გ. გ-ას შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე არ დაკმაყოფილდა, გ. გ-ას სააპელაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და აპელანტს დაევალა სახელმწიფო ბიუჯეტში სახელმწიფო ბაჟის - 4158 ლარის გადახდა და გადახდის დამადასტურებელი მტკიცებულების განჩინებით დადგენილ ვადაში სასამართლოში წარმოდგენა. ამავე განჩინებით განემარტა მხარეს, რომ ხარვეზის გამოუსწორებლობის შემთხვევაში, სასამართლო გამოიტანდა განჩინებას სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ.

2013 წლის 12 ნოემბერს სააპელაციო სასამართლოს განცხადებით მიმართა გ. გ-ამ, მიუთითა ქონებრივ მდგომარეობაზე და აღნიშნულის გათვალისწინებით ითხოვა ხარვეზის გამოსასწორებლად დადგენილი საპროცესო ვადის 14-15 დღით გაგრძელება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 18 ნოემბრის განჩინებით გ. გ-ას გაუგრძელდა დადგენილი საპროცესო ვადა 10 დღით და ხარვეზის შევსების მიზნით დაევალა სახელმწიფო ბაჟის - 4158 ლარის გადახდის დამადასტურებელი მტკიცებულების სასამართლოში წარმოდგენა, აპელანტს კვლავ განემარტა ხარვეზის გამოუსწორებლობის შედეგები.

2013 წლის 2 დეკემბერს გ. გ-ამ კვლავ მიმართა სასამართლოს და აღნიშნა, რომ ავად ჰყავს ბავშვი, რომელსაც დასჭირდა ოპერაცია, შესაბამისად, აღარ გააჩნდა სახსრები სახელმწიფო ბაჟის გადასახდელად და ითხოვა ხარვეზის შესავსებად დადგენილი საპროცესო ვადის კიდევ 10 დღით გაგრძელება.

სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 9 დეკემბრის განჩინებით გ. გ-ას გაუგრძელდა საპროცესო ვადა 5 დღით და ხარვეზის გამოსწორების მიზნით დაევალა სახელმწიფო ბაჟის - 4158 ლარის გადახდა, ასევე გადახდის დამადასტურებელი მტკიცებულების განჩინებით დადგენილ ვადაში სასამართლოში წარდგენა, აპელანტს ასევე განემარტა ხარვეზის გამოუსწორებლობის შედეგები.

სააპელაციო პალატამ საქმეში წარმოდგენილი საფოსტო შეტყობინების საფუძველზე დადგენილად მიიჩნია, რომ 2013 წლის 9 დეკემბერის განჩინება გ. გ-ას ჩაბარდა 2013 წლის 19 დეკემბერს. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის, 59-ე მუხლის პირველი ნაწილის, მე-60 მუხლის მე-2 ნაწილის, 61-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების შესაბამისად, პალატამ აღნიშნა, რომ აპელანტისათვის ხარვეზის შესავსებად დანიშნული 5-დღიანი ვადის დენა დაიწყო განჩინების ასლის მისთვის გადაცემის მომდევნო დღიდან - 2013 წლის 20 დეკემბრიდან და ამოიწურა 2013 წლის 24 დეკემბერს, რომელიც არ იყო უქმე ან/და დასვენების დღე. საქმის მასალებით ირკვეოდა, რომ აპელანტს დანიშნულ ვადაში ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით მიუმართავს სასამართლოსათვის, რაც, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილისა და 63-ე მუხლის თანახმად, გ. გრიგოლიას სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველს წარმოადგენდა.

სააპელაციო პალატის განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა გ. გ-ამ, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად დაბრუნება შემდეგი დასაბუთებით:

კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრება და საქმის იმავე სასამართლოში დაბრუნების მოთხოვნა განაპირობა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საქმის მოსამზადებელი სხდომის გარეშე ჩატარებამ და მოპასუხის შუამდგომლობის დაუკმაყოფილებლობამ სხდომის სხვა დროისათვის გადადების თაობაზე, რათა მას ჰქონოდა შესაძლებლობა, ადვოკატის მეშვეობით დაეცვა მისი უფლებები. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე, განუხილველად დატოვა სააპელაციო საჩივარი. გ.გ-ამ მიუთითა მის მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობაზე და აღნიშნა, რომ მის შვილს - რ. გ-ას ესაჭიროება მკურნალობა და ოპერაცია, რომლის ღირებულებაც 3500 ლარს შეადგენს, ასეთ პირობებში კი, მას სახელმწიფო ბაჟის გადახდა არ შეეძლო.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 18 თებერვლის განჩინებით გ. გ-ას კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ გ. გ-ას კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

სააპელაციო პალატამ გასაჩივრებული განჩინებით დადგენილად მიიჩნია და კერძო საჩივრის ავტორს სადავოდ არ გაუხდია ის გარემოება, რომ აპელანტი სააპელაციო საჩივრით მოითხოვდა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადებას ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, უდავოა, რომ სააპელაციო საჩივარს შუამდგომლობაში მითითებული გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება არ ერთვის;

თბილისის სააპელაციო სასამართლომ 2013 წლის 30 ოქტომბრის განჩინებით არ დააკმაყოფილა აპელანტის შუამდგომლობა დაუსაბუთებლობის გამო და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტისა და 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სააპელაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და მის ავტორს დაევალა სახელმწიფო ბაჟის - 4158 ლარის სახელმწიფო ბიუჯეტში ჩარიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტის 10 დღის ვადაში სააპელაციო სასამართლოში წარდგენა, განჩინება შეიცავს ამომწურავ განმარტებას, როგორც საპროცესო მოქმედების განხორციელების წესის, ისე მისი განუხორციელებლობის ნეგატიური შედეგების თაობაზე;

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 18 ნოემბრის განჩინებით გ. გ-ას შუამდგომლობით დადგენილი საპროცესო ვადა გაგრძელდა 10 დღით და აპელანტს კვლავ განემარტა, როგორც საპროცესო მოქმედების შესრულების (სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა), ისე მისი შეუსრულებლობის თაობაზე;

დადგენილ ვადაში აპელანტმა კვლავ მიმართა სასამართლოს და ითხოვა საპროცესო ვადის გაგრძელება მისი ქონებრივი მდგომარეობის მხედველობაში მიღებით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 9 დეკემბრის განჩინებით აპელანტის შუამდგომლობა საპროცესო ვადის გაგრძელების თაობაზე ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და აპელანტს დაკისრებული საპროცესო მოქმედების შესრულებისათვის ვადა განესაზღვრა 5 დღით, მას კიდევ ერთხელ განუმარტა სასამართლომ ხარვეზის გამოუსწორებლობის შედეგები;

დადგენილია და მხარე სადავოდ არ ხდის იმ გარემოებას, რომ სასამართლო შეტყობინება საპროცესო ვადის გაგრძელების თაობაზე აპელანტს 2013 წლის 19 დეკემბერს ჩაბარდა პირადად (იხ. საფოსტო შეტყობინება). ამ გარემოების მხედველობაში მიღებით, პალატა სავსებით იზიარებს გასაჩივრებული განჩინების დასკვნას, რომ საპროცესო ვადის დენა დაიწყო შეტყობინების ჩაბარების დღის მომდევნო დღეს - 2013 წლის 20 დეკემბერს და ამოიწურა ამავე წლის 24 დეკემბერს, სამუშაო დღეს, თანახმად სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის, 59-ე მუხლის პირველი ნაწილის, მე-60 მუხლის მე-2 ნაწილის, 61-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებისა. უდავოა, რომ აპელანტს ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილ ვადაში დაკისრებული საპროცესო მოქმედება არ შეუსრულებია, რაც სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების აბსოლუტური საფუძველია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილის დისპოზიციიდან გამომდინარე.

მოცემულ შემთხვევაში კერძო საჩივრის ავტორი არ ეთანხმება გასაჩივრებულ განჩინებას იმ საფუძვლით, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ საქმე საპროცესო დარღვევით განიხილა, ხოლო სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა მისი ქონებრივი მდგომარეობა და განუხილველად დატოვა სააპელაციო საჩივარი. ამ კუთხით კერძო საჩივარს ერთვის მტკიცებულება - შპს „გ-ის“ მიერ გაცემული ანგარიშფაქტურის ასლი, სადაც აღნიშნულია: პაციენტი - გ-ა რ; ასაკი - 34 წელი; მისამართი - ქ.თბილისი; 1100 პ-ის ქN18, ბინა N17; ოპერაციული მკურნალობა სუბტოტალური კოლექტემია; თანხა 3500 ლარი.

საკასაციო პალატა მხარის პირველ არგუმენტთან დაკავშირებით, განმარტავს, რომ კერძო საჩივრის განხილვის მარეგულირებელი ნორმებიდან გამოიმდინარე, (სსსკ 414.1 მუხლი) პალატის შეფასების საგანი საქმის პირველი ინსტანციის წესით განხილვისას არსებული შესაძლო ხარვეზები ვერ გახდება, რაც შეეხება მხარის ქონებრივ მდგომაროებას, აპელანტი მხლოდ წერილობითი მიუთითებდა მის ქონებრივ მდგომაროებაზე იმგვარად, რომ მას რაიმე მტკიცებულება, სასამართლოში არ წარუდგენია, ამასთანავე, ასეთად ვერც კერძო საჩივარზე დართული ანგარიშფაქტურის ასლი გახდება.

საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, სასამართლოში საქმის განხილვისას შუამდგომლობა სასამართლოს წარედგინება წერილობითი ფორმით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მხარე ახალი არსებითი გარემოების საფუძველზე შუამდგომლობას დააყენებს სასამართლო სხდომაზე. შუამდგომლობა უნდა იყოს დასაბუთებული. გარდა აღნიშნულისა, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლით კანონმდებელმა დაადგინა მოთხოვნის (შუამდგომლობის) ინიციატორი მხარის ვალდებულება, სათანადო მტკიცებულებებზე დაყრდნობით ასაბუთოს მისი პოზიცია, ნორმის ამ დანაწესის დარღვევა მხარისათვის ნეგატიური, არახელსაყრელი შედეგის დადგომის განმაპირობებელია.

ამდენად, მხარემ არ დაიცვა რა შუამდგომლობის დასაბუთებისათვის დადგენილი კანონის მოთხოვნები, საპროცესო კოდექსი 48-ე მუხლის გამოიყენებს მხოლოდ მოტივირებული შუამდგომლობის არსებობისას მიიჩნევს დასაშვებად, აპელანტს კი შუამდგომლობა ამ კუთხით არ დაუსაბუთებია.

ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ გ. გ-ას კერძო საჩივარი უსაფუძვლოა და არ ქმნის გასაჩივრებული განჩინების გაუქმების წინაპირობას.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

გ. გ-ას კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს დაუსაბუთებლობის გამო. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 31 დეკემბრის განჩინება დარჩეს უცვლელად. კერძო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟი გადახდილია. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ვ. როინიშვილი

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

პ. ქათამაძე