№ას-99-94-2014 6 მარტი, 2014 წელი,
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ბესარიონ ალავიძე, პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი - მ. კ-ა (მოსარჩელე, შგებებული სარჩელის მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე - ნ. კ-ა (მოპასუხე, მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 31 დეკემბრის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
მ. კ-ამ ნ. მ.-კ-ას წინააღმდეგ სარჩელი აღძრა და მოითხოვა მოპასუხის მიერ ქორწინების პერიოდში შეძენილი ბინის მალულად გასხვისებით მიყენებული ზიანის ანაზღაურება.
ნ. მ.კ-ამ შეგებებული სარჩელით მასა და მ. კ-ას შორის რეგისტრირებული ქორწინების შეწყვეტა მოითხოვა.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 12 ნოემბრის გადაწყვეტილებით მ. კ-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა, ხოლო ნ. კ-ას შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა. შეწყდა ნ. კ-სა და მ. კ-ას შორის 1989 წლის 15 ივლისს №283 სააქტო ჩანაწერით რეგისტრირებული ქორწინება.
ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება მ. კ-ამ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 31 დეკემბრის განჩინებით მ. კ-ას სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ საჩივარი გასაჩივრებისათვის დადგენილი ვადის დარღვევით იყო წარდგენილი. სასამართლოს მითიTებით, ვინაიდან მ. კ-ა კანონით დადგენილ ვადაში სასამართლოში გადაწყვეტილების ჩასაბარებლად არ გამოცხადდა, გადაწყვეტილების სააპელაციო წესით გასაჩივრებისათვის დადგენილი 14-დღიანი ვადის ათვლა დაიწყო გამოცხადებიდან 30-ე დღეს - 2013 წლის 12 დეკემბრიდან და ამოიწურა 2013 წლის 25 დეკემბრის 24:00 საათზე; ამდენად, 2013 წლის 26 დეკემბერს ქუთაისის საქალაქო სასამართლოსათვის ჩაბარებული სააპელაციო საჩივარი დაუშვებელია.
აღნიშნული განჩინება მ. კ-ამ კერძო საჩივრით გაასაჩივრა. მისი მითითებით, გასაჩივრებისათვის დადგენილი ვადის ათვლა იწყება არა 30-ე, არამედ მომდევნო დღიდან, შესაბამისად, სააპელაციო საჩივარი ვადაშია შეტანილი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ განიხილა კერძო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები და მიიჩნევს, რომ მ. კ-ას კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის მიხედვით, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.
იმავე კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში, ხოლო 410-ე მუხლის მიხედვით კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი.
საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მტკიცებას, რომ მას გასაჩივრებისათვის დადგენილი ვადა არ დაურღვევია.
მ. კ-ა სადავოდ არ ხდის იმ გარემოებას, რომ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებას ესწრებოდა, შესაბამისად, მისთვის ცნობილი იყო დასაბუთებული გადაწყვეტილების მისაღებად სასამართლოში გამოცხადების აუცილებლობისა და შესაბამისი ვადების თაობაზე. მხარე არც იმ ფაქტს ხდის სადავოდ, რომ კანონით დადგენილ ვადაში სასამართლოში არ გამოცხადებულა გადაწყვეტილების ჩასაბარებლად და რომ სააპელაციო საჩივარი 2013 წლის 26 დეკემბერს შეიტანა. კერძო საჩივარი იმ გარემოებას ემყარება, რომ გასაჩივრების ვადის ათვლა იწყება არა გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე, არამედ მომდევნო დღიდან, შესაბამისად, სააპელაციო საჩივარი ვადაშია შეტანილი.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადაა 14 დღე. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან.
იმავე კოდექსის 2591-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი; წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
იმავე კოდექსის 60-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 60-ე მუხლის არის ზოგადი ნორმა, რომელიც მოქმედებს იმ შემთხვევაში, როდესაც იმავე კოდექსის სპეციალური ნორმა განსხვავებულ ქცევის წესს არ ადგენს. მოცემულ შემთხვევაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591-ე მუხლი სპეციალური ნორმაა, რომელიც გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადის ათვლის მომენტად მისი გამოცხადებიდან 30-ე დღეს განსაზღვრავს, ამდენად, იმ შემთხვევაში, როდესაც მხარე გადაწყვეტილების გამოცხადებიდან არაუადრეს 20 და არაუგვიანეს 30 დღისა სასამართლოში არ გამოცხადდება გადაწყვეტილების ასლის ჩასაბარებლად, ამ გადაწყვეტილების გასაჩივრებისათვის დადგენილი ვადის დენა დაიწყება სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 30-ე დღეს.
განსახილველ შემთხვევაში, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი 2013 წლის 12 ნოემბერს გამოცხადდა. მ. კ-ას კანონით დადგენილ ვადაში გადაწყვეტილება არ ჩაუბარებია, შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის შეტანისათვის დადგენილი 14-დღიანი ვადის დენა 12 დეკემბრიდან დაიწყო და 25 დეკემბერს ამოიწურა, სააპელაციო საჩივარი კი, 26 დეკემბერსაა შეტანილი, რის გამოც, სააპელაციო სასამართლომ განუხილველად მართებულად დატოვა.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მ. კ-ას კერძო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე, 410-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მ. კ-ას კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 31 დეკემბრის განჩინება.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ვ. როინიშვილი
მოსამართლეები ბ. ალავიძე
პ. ქათამაძე