Facebook Twitter

№ა-547-ა-1-2014 25 მარტი, 2014 წელი.

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე: ვასილ როინიშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

განმცხადებელი – ლ. ლ-ა (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – გ. შ-ა, ს. ზ-ი, თ. ტ-ე (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება - საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 30 იანვრის განჩინება

განმცხადებლის მოთხოვნა – ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლება

დავის საგანი – გარიგების ბათილად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ლ. ლ-ამ სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოში გ. შ-ას, ს. ზ-სა და თ. ტ-ის მიმართ გარიგების ბათილად ცნობის მოთხოვნით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 26 ივნისის გადაწყვეტილებით ლ. ლ-ას სარჩელი, 2011 წლის 23 დეკემბერს გ. შ-ე გაცემული მინდობილობის ბათილად აღიარების შესახებ, არ დაკმაყოფილდა. ასევე არ დაკმაყოფილდა ლ. ლ-ას სარჩელი, 2012 წლის 5 მარტის შპს „რ. ლ-ის“ კრების ოქმის და ამ კრების ოქმის საფუძველზე მოპასუხე გ. შ-ას მიერ თ. ტ-ან და ს. ზ-ან დადებული წილის ნასყიდობის შესახებ გარიგებების ბათილად ცნობის თაობაზე.

აღნიშნული გადაწყვეტილება მოსარჩელემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 30 ოქტომბრის განჩინებით ლ. ლ-ას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 26 ივნისის გადაწყვეტილება.

აღნიშნული გადაწყვეტილება ლ. ლ-ამ საკასაციო წესით გაასაჩივრა მისი გაუქმების მოთხოვნით.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 30 იანვრის განჩინებით ლ. ლ-ას საკასაციო საჩივარი განუხილველად დარჩა.

2014 წლის 14 თებერვალს საქართველოს უზენაეს სასამართლოს განცხადებით მომართა ლ. ლ-ამ და მოითხოვა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 30 იანვრის განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება. განმცხადებლის მითითებით, საქართველოს უზენაესმა სასამართლომ არასწორად მიიჩნია მისი საკასაციო საჩივარი ვადის დარღვევით შემოტანილად. სასამართლოს საკასაციო საჩივრის შემოტანისათვის კანონით დადგენილი 21-დღიანი ვადის ათვლა არა 30-ე, არამედ მომდევნო - 31-ე დღიდან უნდა დაეწყო.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები და მიიჩნევს, რომ ლ. ლ-ას განცხადება გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 425-ე მუხლის მიხედვით გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების შეტანა და მისი განხილვა წარმოებს საერთო წესების დაცვით, იმ გამონაკლისების გათვალისწინებით, რომლებიც ამ თავშია დადგენილი.

იმავე კოდექსის 430-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი, თუ აღმოჩნდება, რომ საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადება უსაფუძვლოა, სასამართლო გამოიტანს განჩინებას განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემული განცხადება უსაფუძვლოა.

განმცხადებელი საქმის წარმოების განახლებას იმ საფუძვლით მოითხოვს, რომ საქართველოს უზენაესმა სასამართლომ არასწორად მიიჩნია მისი საკასაციო საჩივარი ვადის დარღვევით შემოტანილად. სასამართლოს საკასაციო საჩივრის შემოტანისათვის კანონით დადგენილი 21-დღიანი ვადის ათვლა არა 30-ე, არამედ მომდევნო, 31-ე, დღიდან უნდა დაეწყო.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით, თუ

ა) აღმოჩნდება, რომ დოკუმენტი, რომელსაც გადაწყვეტილება ემყარება, ყალბია;

ბ) დადგენილია მოწმის შეგნებულად ცრუ ჩვენება, ექსპერტის შეგნებულად ყალბი დასკვნა, შეგნებულად არასწორი თარგმანი, რასაც მოჰყვა უკანონო ან დაუსაბუთებელი გადაწყვეტილების მიღება;

გ) დადგენილია ამ საქმეზე მხარეთა და მათ წარმომადგენელთა დანაშაულებრივი ქმედება ან მოსამართლის დანაშაულებრივი ქმედება;

დ) სასამართლო განაჩენი, გადაწყვეტილება, განჩინება ან სხვა ორგანოს დადგენილება, რომელიც საფუძვლად დაედო ამ გადაწყვეტილებას, გაუქმდა;

ე) მხარე წარუდგენს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებას, რომელიც გამოტანილია იმავე სარჩელის მიმართ;

ვ) მხარისათვის ცნობილი გახდა ისეთი გარემოებები და მტკიცებულებები, რომლებიც, ადრე რომ ყოფილიყო წარდგენილი სასამართლოში საქმის განხილვის დროს, გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას;

ზ) არსებობს ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება (განჩინება), რომელმაც დაადგინა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის ან/და მისი დამატებითი ოქმების დარღვევა ამ საქმესთან დაკავშირებით, და დადგენილი დარღვევა გადასასინჯი გადაწყვეტილებიდან გამომდინარეობს.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მითითებული ნორმა ამომწურავად ჩამოთვლის იმ საფუძვლებს, რომელთა არსებობის შემთხვევაშიც დასაშვებია საქმის წარმოების განახილება. განსახილველი განცხადება არც ერთ ზემომითითებულ საფუძველს არ ემყარება, არამედ ლ. ლ-ა სადავოდ ხდის საკასაციო სასამართლოს მიერ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591-ე მუხლის განმარტებას, რაც ახლად აღმოჩენილ გარემოებაზე მითითებად ვერ ჩაითვლება. ახლად აღმოჩენილად მიიჩნევა ისეთი გარემოებები, ფაქტები, რომელთა არსებობის თაობაზე საქმის განმხილველი სასამართლო შემადგენლობისათვის ცნობილი რომ ყოფილიყო, დავა სხვაგვარად გადაწყდებოდა. სამართლებრივი შეფასება, რომელიც საფუძვლად უდევს გადაწყვეტილებას, ამგვარ გარემოებას არ მიეკუთვნება, შესაბამისად, ლ. ლ-ას განცხადება ყოველგვარ სამართლებრივ საფუძველსაა მოკლებული.

საკასაციო სასამართლო დამატებით მიუთითებს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი; წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

იმავე კოდექსის 60-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 60-ე მუხლის არის ზოგადი ნორმა, რომელიც მოქმედებს იმ შემთხვევაში, როდესაც იმავე კოდექსის სპეციალური ნორმა განსხვავებულ ქცევის წესს არ ადგენს. მოცემულ შემთხვევაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591-ე მუხლი სპეციალური ნორმაა, რომელიც გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადის ათვლის მომენტად მისი გამოცხადებიდან 30-ე დღეს განსაზღვრავს, ამდენად, იმ შემთხვევაში, როდესაც მხარე გადაწყვეტილების გამოცხადებიდან არაუადრეს 20 და არაუგვიანეს 30 დღისა სასამართლოში არ გამოცხადდება გადაწყვეტილების ასლის ჩასაბარებლად, ამ გადაწყვეტილების გასაჩივრებისათვის დადგენილი ვადის დენა დაიწყება სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 30-ე დღეს.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განცხადება უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 425-ე, 430-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ლ. ლ-ას განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 30 იანვრის განჩინების გაუქმებისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე ვ. როინიშვილი