№ა-964-ბ-4-2014 28 მარტი, 2014 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე: პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
განმცხადებელი – გ. დ-ი
მოწინააღმდეგე მხარე – გ. ნ-ი
გასაჩივრებული განჩინება – საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 24 ოქტომბრის განჩინება
განმცხადებლის მოთხოვნა _ განჩინების ბათილად ცნობა და საქმის წარმოების განახლება
დავის საგანი _ მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
სიღნაღის რაიონული სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლის 2012 წლის 21 დეკემბრის გადაწყვეტილებით მოსარჩელე გ. დ-ის სარჩელი გ. ნ-ის მიერ სასამართლოზე გავრცელებული არასწორი და არარეალური ფაქტის უარყოფისა და მორალური და მატერიალური ზიანის ანაზღაურების შესახებ არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა გ. დ-მა და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 18 თებერვლის განჩინებით გ. დ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა გ. დ-მა და მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 24 ოქტომბრის განჩინებით გ. დ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 18 თებერვლის განჩინება.
2014 წლის 20 მარტს საკასაციო სასამართლოს განცხადებით მომართა გ. დ-მა, რომელიც მოითხოვს უზენასი სასამართლოს ზემოხსენებული განჩინების ბათილად ცნობასა და საქმის წარმოების განახლებას სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“, „ბ“, და „გ“ ქვეპუნქტების შესაბამისად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ შეისწავლა განცხადება, საქმის მასალები და მიიჩნევს, რომ გ. დ-ის განცხადება საქმის წარმოების განახლების შესახებ განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმის მასალებით ირკვევა, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 24 ოქტომბრის განჩინებით გ. დ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 18 თებერვლის განჩინება.
2014 წლის 20 მარტს საკასაციო სასამართლოს განცხადებით მომართა გ. დ-მა, რომელიც მოითხოვს უზენაესი სასამართლოს ზემოხსენებული განჩინების ბათილად ცნობასა და საქმის წარმოების განახლებას სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“, „ბ“, და „გ“ ქვეპუნქტების შესაბამისად.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 429-ე მუხლის თანახმად, სასამართლომ თავისი ინიციატივით უნდა შეამოწმოს, დასაშვებია თუ არა განცხადება საქმის განახლების შესახებ. თუ არ არსებობს განცხადების დაშვების ესა თუ ის პირობა, სასამართლომ თავისი განჩინებით განცხადება განუხილველად უნდა დატოვოს.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების დაშვების ერთ-ერთი პირობაა მისი კანონით დადგენილ ვადაში შეტანა. საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების შეტანის ვადებს ადგენს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 426-ე მუხლი. აღნიშნული მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, განცხადება გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ შეტანილ უნდა იქნეს ერთი თვის განმავლობაში და ამ ვადის გაგრძელება არ დაიშვება. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით კი, ვადის დენა იწყება იმ დღიდან, როდესაც მხარისათვის ცნობილი გახდა გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების საფუძვლების არსებობა.
განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებით ირკვევა, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 24 ოქტომბრის განჩინების ასლი გ. დ-ს ჩაბარდა 2014 წლის 25 იანვარს. ამდენად, მითითებული დღიდან მისთვის ცნობილი გახდა გადაწყვეტილების ბათილად ცნობის საფუძვლის არსებობის თაობაზე, შესაბამისად, განცხადების შეტანის ერთთვიანი ვადის ათვლაც ამ მომენტიდან უნდა დაიწყოს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 და 61-ე მუხლების მიხედვით, მოცემულ შემთხვევაში, საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების შეტანის ერთთვიანი ვადის დენა დაიწყო 2014 წლის 26 იანვარს და ამოიწურა ამავე წლის 26 თებერვალს. საქმის მასალებით ირკვევა, რომ გ. დ-მა განცხადება ფოსტას ჩააბარა 2014 წლის 19 მარტს, ანუ კანონით დადგენილი ვადის დარღვევით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.
მითითებული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია კანონით დადგენილ ვადაში შეასრულოს შესაბამისი საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი კარგავს ამ საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გ. დ-ის განცხადება საქმის წარმოების განახლების შესახებ განუხილველად უნდა დარჩეს, ვინაიდან მან განცხადება შეიტანა კანონით დადგენილი ვადის დარღვევით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 429-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. გ. დ-ის განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 24 ოქტომბრის განჩინების ბათილად ცნობის შესახებ დარჩეს განუხილველად;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე პაატა ქათამაძე