საქმე№ა-2349-შ-55-2013 7 მარტი, 2014 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ვასილ როინიშვილი, პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი - შპს „…“
წარმომადგენელი - პ. კ-ი
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ჯ- მარგანეზი“
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებასაც მხარე მოითხოვს – უკრაინის სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან არსებული საერთაშორისო კომერციული საარბიტრაჟო სასამართლოს 2012 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილება
დავის საგანი – ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის გამო თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
უკრაინის სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან არსებული საერთაშორისო კომერციული საარბიტრაჟო სასამართლოს 2012 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილებით „G. M-E“ LLC (საქართველოს რესპუბლიკა, 2000, ქ.ზესტაფონი, ს-ოს ქუჩა, სახლი 9, სახელმწიფო რეგისტრაციის კოდი ...) შპს „...“ (უკრაინა, 91047, ქ.ლუგანსკი, გ-ოს ქუჩა 39ბ, სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი ...) სასარგებლოდ დაეკისრა ძირითადი ვალის - 28 800,00 აშშ დოლარის, საურავის - 3 484,80 აშშ დოლარის, ჯარიმის - 2 880,00 აშშ დოლარისა და საარბიტრაჟო მოსაკრებლის - 2 647,91 აშშ დოლარის, სულ - 37 812,71 აშშ დოლარის გადახდა.
საქართველოს უზენაეს სასამართლოს შუამდგომლობით მომართა შპს „...“ წარმომადგენელმა პ. კ-მა და მოითხოვა დასახელებული საარბიტრაჟო გადაწყვეტილების 9012,71 აშშ დოლარის დაკისრების ნაწილში საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება, ასევე, საარბიტრაჟო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდგომ შუამდგომლობის ავტორის მიერ გაწეული იურიდიული მომსახურებისა და დოკუმენტების მომზადების ხარჯის - 600,64 აშშ დოლარის ეკვივალენტი ეროვნული ლარის, საარბიტრაჟო გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულებისათვის შუამდგომლობის ავტორის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 448 ლარის შპს „ს.მ-ის“ დაკისრება.
საქმის მასალებით დასტურდება, რომ მოპასუხემ ნაწილობრივ ნებაყოფლობით აანაზღაურა საარბიტრაჟო გადაწყვეტილებით დაკისრებული თანხა და დარჩენილი დავალიანება შეადგენს 9012,71 აშშ დოლარს.
შუამდგომლობის ავტორმა წარმოადგინა შპს „...“ მიერ პ.კ-ის სახელზე გაცემული მინდობილობისა და მის ქართულენოვანი თარგმანის სანოტარო წერით დადასტურებული ასლი, შპს „...“ და პ.კ-ს შორის დადებული ხელშეკრულების ასლი და მომსახურების ღირებულების - 600,64 აშშ დოლარის წარმომადგენლის ანგარიშზე ჩარიცხვის დამადასტურებელი მტკიცებულება, უკრაინის სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან არსებული საერთაშორისო კომერციული საარბიტრაჟო სასამართლოს 2012 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილების ასლი და მისი სანოტარო წესით დამოწმებული ქართულენოვანი თარგმანი, ამავე საარბიტრაჟო სასამართლოს გზავნილი, სადაც დადასტურებულია ის გარემოება, რომ, საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გამო, არ არის გაცემული სააღსრულებო ფურცელი, ხოლო არბიტრაჟის ცნობისა და თანდართული გზავნილის ჩაბარების მტკიცებულების ასლების, ასევე გადაწყვეტილების შინაარსის თანახმად, დადასტურებულია ის გარემოება, რომ, გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში და ექვემდებარება აღსრულებას, მოწინააღმდეგე (მოპასუხე) მხარე ინფორმირებული იყო საქმის განხილვის ყველა ეტაპზე, კერძოდ, მას ჩაბარდა: ა)სასარჩელო მასალები, რეგლამენტი და არბიტრთა სია; ბ)მოსარჩელის მიერ დამატებით წარდგენილი მასალები; გ)შეტყობინება საქმის განხილვის დროისა და ადგილის თაობაზე, საარბიტრაჟო სასამართლოს შემადგენლობის მითითებით და უკრაინის სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტის დადგენილება ერთპიროვნული არბიტრის დანიშვნის თაობაზე; დ)საარბიტრაჟო სასამართლოს 2012 წლის 12 ნოემბრის გადაწყვეტილება. თავად გადაწყვეტილების შესწავლით ირკვევა ის გარემოებაც, რომ მიუხედავად მოწინააღმდეგე (მოპასუხე) მხარის ჯეროვანი ინფორმირებისა, მას საქმის განხილვაში მონაწილეობა არ მიუღია. შუამდგომლობის ავტორმა წარმოადგინა ასევე შპს „...“ წარმომადგენელ პ. კ-ის წერილობითი შეთავაზებები შპს „ჯ- მ-ის“ მიმართ გადაწყვეტილებით დაკისრებული ვალდებულების შეუსრულებელი ნაწილის ნებაყოფლობით შესრულების თაობაზე. საქმეში წარმოდგენილი სამეწარმეო რეესტრის ამონაწერის თანახმად, მოპასუხე შპს „ჯ- მ-ი“ საქართველოში რეგისტრირებული იურიდიული პირია, ამასთან, საქმეს ერთვის ასევე მხარეთა შორის გაფორმებული საარბიტრაჟო შეთანხმების ასლი და მისი სანოტარო წესით დამოწმებული ქართულენოვანი თარგმანი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 12 სექტემბრის განჩინებით შპს „...“ შუამდგომლობა 9012,71 აშშ დოლარის დაკისრების ნაწილში უკრაინის სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან არსებული საერთაშორისო კომერციული საარბიტრაჟო სასამართლოს 2012 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ მიღებულ იქნა განსახილველად.
შუამდგომლობის წარმოებაში მიღების შემდგომ, მოწინააღმდეგე მხარის უფლებამოსილმა წარმომადგენელმა განცხადებით მომართა სასამართლოს და წარმოადგინა საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილებით დაკისრებული თანხის გადაუხდელ ნაწილში ვალდებულების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტი. ვალდებულების შესრულება დაადასტურა ასევე შუამდგომლობის ავტორის წარმომადგენელმა, მოგვიანებით კი, 2014 წლის 14 თებერვალს, პ. კ-მა განცხადებით მომართა სასამართლოს და, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის „ა1“ ქვეპუნქტის საფუძველზე იშუამდგომლა საქმის წარმოების შეწყვეტისა და მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის დაბრუნების თაობაზე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ მოცემული საქმის წარმოება უნდა შეწყდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
„უცხოეთის საარბიტრაჟო გადაწყვეტილებათა ცნობისა და აღსრულების კონვენციის“ მე-3 მუხლის თანახმად, ყოველი ხელშემკვრელი სახელმწიფო საარბიტრაჟო გადაწყვეტილებებს ცნობს როგორც სავალდებულოს და აღასრულებს მათ იმ ტერიტორიის პროცესუალური ნორმებით, სადაც მოითხოვება ამ გადაწყვეტილებათა ცნობა და აღსრულება, ქვემოჩამოთვლილ მუხლებში ჩამოყალიბებული პირობებით.
დასახელებული ნორმით გათვალისწინებულია კონვენციაზე ხელმომწერი სახელმწიფოს ვალდებულება, საქმის განხილვისას იხელმძღვანელოს კონვენციით დადგენილი ნორმების შესაბამისად, თუმცა ამა თუ იმ საპროცესო მოქმედების განხორციელებისას გამოიყენება საქმის განმხილველი სასამართლოს ეროვნული კანონმდებლობით დადგენილი საპროცესო ნორმები.
მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით დასტურდება, რომ შპს „ჯ- მ-მა“ საარბიტრაჟო გადაწყვეტილებით დაკისრებული ფულადი ვალდებულება ნებაყოფლობით შეასრულა, შესაბამისად, შუამდგომლობის ავტორის - შპს „...“ წარმომადგენელმა პ. კ-მა განცხადებით მომართა სასამართლოს და მოითხოვა საქმის წარმოების შეწყვეტა.
საკასაციო პალატა შუამდგომლობის ავტორის უფლებამოსილი წარმომადგენლის განცხადების შესწავლით მიდის დასკვნამდე, რომ საქმის წარმოება უნდა შეწყდეს, რადგანაც შუამდგომლობის ავტორი უარს ამბობს მის მოთხოვნაზე საარბიტრაჟო გადაწყვეტილებით დაკისრებული ვალდებულების მოვალის მიერ ნებაყოფლობით შესრულების გამო.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს – ცნოს სარჩელი.
მითითებული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მოსარჩელე უფლებამოსილია, შესაბამისი სამართლებრივი შედეგების გათვალისწინებით, საქმის განხილვის ნებისმიერ ეტაპზე დაუბრკოლებლად განაცხადოს უარი თავის მოთხოვნაზე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლო, მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით, შეწყვეტს საქმის წარმოებას, თუ მოსარჩელემ უარი თქვა სარჩელზე. ამასთან, ამავე კოდექსის 273-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ პ. კ-ის მოთხოვნა საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ შუამდგომლობის ავტორმა სასამართლოს მთავარ სხდომამდე უარი თქვა შუამდგომლობაზე და მოითხოვა საქმის წარმოების შეწყვეტა, საკასაციო პალატა თვლის, რომ შპს „...“ სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს 2013 წლის 12 ივლისს პ. კ-ის მიერ №306826082 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 448 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „უცხოეთის საარბიტრაჟო გადაწყვეტილებათა ცნობისა და აღსრულების კონვენციის“ მე-3 მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე, 273-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
შპს „...“ წარმომადგენელ პ. კ-ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს. შეწყდეს წარმოება საქმეზე შპს „...“ შუამდგომლობის გამო, შპს „ჯ- მ-ის“ მიმართ უკრაინის სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან არსებული საერთაშორისო კომერციული საარბიტრაჟო სასამართლოს 2012 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ. განემარტოთ მხარეებს, რომ საქმის წარმოების შეწყვეტის გამო სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება. შპს „...“ (ს/N...) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს 2013 წლის 12 ივლისს პ. კ-ის მიერ №306826082 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 448 ლარი.. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: ვ. როინიშვილი
პ. ქათამაძე