Facebook Twitter

საქმე №ა-2799-შ-64-2013 5 მარტი, 2014 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა

ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

პაატა ქათამაძე, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი - ე. ხ-ი

მოწინააღმდეგე მხარე - ჰ. ბ-რ, უ. ბ-რ

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებასაც მხარე მოითხოვს - გერმანიის რეგენსბურგის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2012 წლის 12 ივნისის გადაწყვეტილება

დავის საგანი - შვილად აყვანა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

გერმანიის რეგენსბურგის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2012 წლის 12 ივნისის გადაწყვეტილებით ჰ. ბ-მა (დაბადებული ...წ., გერმანიის მოქალაქე) და უ. ბ-მა (დაბადებული ...წ., გერმანიის მოქალაქე) შვილად აიყვანეს საქართველოს მოქალაქე ე. ხ-ი (დაბადებული ... წ., ქვემო ქედაში, საქართველო, ქვემო ქედის სასოფლო საბჭოს მმაჩის განყოფილება, დაბადების რეესტრის ჩანაწერი №66). შვილობილის ახალ გვარს დაემატა მისი ყოფილი გვარი ი, რომ ე. ხ-ი მომავალში იქნება ე. ბ-რ-ხ-ი.

საქართველოს უზენაეს სასამართლოს შუამდგომლობით მომართა ე. ხ-ის წარმომადგენელმა ნ. თ-ამ და მოითხოვა დასახელებული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება.

შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციით დასტურდება, რომ გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა-აღსრულებას მხარე მოითხოვს კანონიერ ძალაში შევიდა 2012 წლის 14 ივნისს. ასევე, მხარეები სათანადოდ იყვნენ ინფორმირებულნი საქმის განხილვის თაობაზე და მონაწილეობდნენ საქმის განხილვაში. ე. ხ-ი საქართველოს მოქალაქეა.

საქართველოს უზენაესი სასამართლო სასამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 16 სექტემბრის განჩინებით მოცემულ შუამდგომლობას დაუდგინდა ხარვეზი და მის ავტორს დაევალა წარმოედგინა ცნობა იმის თაობაზე, რომ გერმანიის რეგენსბურგის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2012 წლის 12 ივნისის გადაწყვეტილება არ იყო აღსრულებული გერმანიის ტერიტორიაზე. ე. ხ-ის წარმომადგენელმა ნ. თ-ამ განცხადებით მომართა სასამართლოს და დადგებნილი ხარვეზი სრულად გამოასწორა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 14 ნოემბრის განჩინებით ე. ხ-ის შუამდგომლობა გერმანიის რეგენსბურგის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2012 წლის 12 ივნისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების თაობაზე მიღებულ იქნა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და თვლის, რომ ე. ხ-ის შუამდგომლობა გერმანიის რეგენსბურგის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2012 წლის 12 ივნისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერირორიაზე ცნობის შესახებ საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო ამავე გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე აღსრულების მოთხოვნის ნაწილში შუამდგომლობას უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად დასტურდება, რომ გერმანიის რეგენსბურგის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2012 წლის 12 ივნისის გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2012 წლის 14 ივნისს, მხარეები სათანადოდ იყვნენ ინფორმირებულნი საქმის განხილვის თაობაზე და მონაწილეობდნენ საქმის განხილვაში (გადაწყვეტილებაში მითითებულია, რომ მშვილებლები და შვილობილი დაიკითხნენ პირადად). ე.ხ-ი საქართველოს მოქალაქეა.

„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტებით. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში ზემოხსენებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს. ამდენად, გერმანიის რეგენსბურგის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2012 წლის 12 ივნისის გადაწყვეტილება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ უნდა იქნას ცნობილი საქართველოს ტერიტორიაზე.

რაც შეეხება მოცემული შუამდგომლობის საქართველოს ტერიტორიაზე აღსრულებას, საკასაციო პალატა მიუთითებს შემდეგზე:

„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, შუამდგომლობას აღსრულებისათვის თან უნდა დაერთოს სასამართლო გადაწყვეტილების დამოწმებული ასლი და დამოწმებული ქართული თარგმანი, აგრეთვე ცნობა გადაწყვეტილების ძალაში შესვლისა და მისი აღსრულების აუცილებლობის შესახებ. დასახელებული ნორმა ადგენს, რომ უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე აღსრულებისათვის უნდა ერთვოდეს კომპეტენტური ორგანოს მიერ გაცემული ცნობა მისი აღსრულების აუცილებლობის შესახებ, რომლითაც დადასტურდება ის ფაქტი, რომ გადაწყვეტილების მიმღები ქვეყნის ტერიტორიაზე აღნიშნული გადაწყვეტილება არ აღსრულებულა და მისი აღსრულება სწორედ საქართველოს ტერიტორიაზეა სავალდებულო მხარისათვის სასამართლო წესით მინიჭებული უფლებისა თუ სამართლებრივი სიკეთის რეალიზაციისათვის.

მოცემულ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი დაბადების სარეგისტრაციო ჩანაწერით უდავოდ დასტურდება, რომ გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე აღსრულებასაც შუამდგომლობის ავტორი მოითხოვს, მისი მიმღები ქვეყნის ტერიტორიაზე აღსრულებულია. ამდენად, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ აღნიშნული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე განმეორებით აღსრულების სავალდებულობა არ არსებობს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

პალატამ იხელმძღვანელა ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე, 71-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ე. ხ-ის შუამდგომლობა გერმანიის რეგენსბურგის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2012 წლის 12 ივნისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ დაკმაყოფილდეს.

2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნას გერმანიის რეგენსბურგის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2012 წლის 12 ივნისის გადაწყვეტილება რომლითაც ჰ. ბ-რმა (დაბადებული ...წ., გერმანიის მოქალაქე) და უ. ბ-რმა (დაბადებული ...წ., გერმანიის მოქალაქე) შვილად აიყვანეს საქართველოს მოქალაქე ე. ხ-ი (დაბადებული ... წ., ქვემო ქედაში, საქართველო, ქვემო ქედის სასოფლო საბჭოს მმაჩის განყოფილება, დაბადების რეესტრის ჩანაწერი №66). შვილობილის ახალ გვარს დაემატა მისი ყოფილი გვარი ი, რომ ე. ხ-ი მომავალში იქნება ე. ბ-რ-ხ-ი.

3. ე. ხ-ის შუამდგომლობა გერმანიის რეგენსბურგის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2012 წლის 12 ივნისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე აღსრულების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს.

4. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ვ. როინიშვილი

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

პ. ქათამაძე