№ა-3568-შ-93-2013 13 მარტი, 2014 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე: პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი – ფედერალური სახელმწიფო უნიტარული საწარმო „…“
მოწინააღმდეგე მხარე – F. A. L./საქართველო
განხილვის საგანი – რუსეთის ფედერაციის ქ.მოსკოვის საარბიტრაჟო სასამართლოს 2011 წლის 8 აგვისტოს გადაწყვეტილების (საქმე №A40-45682/11-25-296) საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
რუსეთის ფედერაციის ქ.მოსკოვის საარბიტრაჟო სასამართლოს 2011 წლის 8 აგვისტოს გადაწყვეტილებით მოპასუხე F. A. L./საქართველოს მოსარჩელე ფედერალური სახელმწიფო უნიტარული საწარმო „…“ სასარგებლოდ დაეკისრა 5987 რუბლისა და 10 კაპიკის, აგრეთვე, სახელმწიფო ბაჟის – 2000 რუბლისა და 00 კაპიკის გადახდა.
2013 წლის 13 ნოემბერს ფედერალური სახელმწიფო უნიტარული საწარმო „…“ შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა დასახელებული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შუამდგომლობა განუხილველად უნდა იქნეს დატოვებული, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 25 ნოემბრის განჩინებით ფედერალური სახელმწიფო უნიტარული საწარმო „…“ დაევალა აღნიშნული განჩინების ჩაბარებიდან 15 დღის ვადაში წარმოედგინა: ა. 179 რუბლისა და 61 კაპიკის, მაგრამ არანაკლებ 300 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი; ბ. დამოწმებული ცნობა იმის შესახებ, რომ რუსეთის ფედერაციის ქ.მოსკოვის საარბიტრაჟო სასამართლოს 2011 წლის 8 აგვისტოს გადაწყვეტილების აღსრულება არ მომხდარა ამ გადაწყვეტილების გამომტანი ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად. ამავე განჩინებით მხარეს განემარტა დადგენილი საპროცესო მოქმედების შეუსრულებლობის შედეგი – შუამდგომლობის განუხილველად დატოვება.
საქმის მასალების თანახმად, უზენაესი სასამართლოს ზემოაღნიშნული განჩინების ასლი შუამდგომლობის ავტორს ჩაბარდა 2013 წლის 19 დეკემბერს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 60-61-ე მუხლების შესაბამისად, ხარვეზის შესავსებად დადგენილი საპროცესო მოქმედების შესრულების 15-დღიანი ვადის ათვლა მოცემულ შემთხვევაში დაიწყო 2013 წლის 19 დეკემბერს და დასრულდა 2014 წლის 3 იანვარს. აღნიშნულ ვადაში შუამდგომლობის ავტორს ხარვეზი არ შეუვსია და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავს სასამართლოსთვის.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ არის შეტანილი, დარჩება განუხილველი. აღნიშნული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შეასრულოს ის საპროცესო მოქმედება, რაც მას სასამართლომ დაავალა, წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი კარგავს ამ საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 63-ე მუხლის საფუძველზე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ზემომითითებულ ნორმათა დანაწესი უნდა გავრცელდეს ასევე უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილებათა საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ შუამდგომლობის მიმართაც.
როგორც ზემოთ აღინიშნა, მოცემულ შემთხვევაში განმცხადებელს ხარვეზის შევსების მიზნით დაევალა, დადგენილ ვადაში უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა: 1. 179 რუბლისა და 61 კაპიკის, მაგრამ არანაკლებ 300 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი; 2. დამოწმებული ცნობა იმის შესახებ, რომ რუსეთის ფედერაციის ქ.მოსკოვის საარბიტრაჟო სასამართლოს 2011 წლის 8 აგვისტოს გადაწყვეტილების აღსრულება არ მომხდარა ამ გადაწყვეტილების გამომტანი ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად. ხარვეზის პირველ საფუძველთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ რუსეთის ფედერაციის ქ.მოსკოვის საარბიტრაჟო სასამართლო არ წარმოადგენს კერძო არბიტრაჟს, იგი საერთო სასამართლოების სისტემაში შედის. შესაბამისად, მისთვის სახელმწიფო ბაჟის დაკისრების საკანონმდებლო საფუძველი არ არსებობს, ვინაიდან უცხო სახელმწიფოს საერთო სასამართლოების მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ შუამდგომლობაზე სახელმწიფო ბაჟის გადახდევინება არ წარმოებს. მიუხედავად ამისა, ვინაიდან შუამდგომლობის ავტორს უზენაესი სასამართლოს შესაბამისი განჩინებით ხარვეზის შევსების მიზნით შესასრულებელი ჰქონდა მეორე ვალდებულება (დადგენილ ვადაში უზენაეს სასამართლოში უნდა წარმოედგინა დამოწმებული ცნობა იმის შესახებ, რომ რუსეთის ფედერაციის ქ.მოსკოვის საარბიტრაჟო სასამართლოს 2011 წლის 8 აგვისტოს გადაწყვეტილების აღსრულება არ მომხდარა ამ გადაწყვეტილების გამომტანი ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად) და მას ეს ვალდებულება არ შეუსრულებია, შუამდგომლობა განუხილველად უნდა დარჩეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე, 284-ე მუხლებით, „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 63-ე, 68-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ფედერალური სახელმწიფო უნიტარული საწარმო „…“ შუამდგომლობა რუსეთის ფედერაციის ქ.მოსკოვის საარბიტრაჟო სასამართლოს 2011 წლის 8 აგვისტოს გადაწყვეტილების (საქმე №A40-45682/11-25-296) საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ, დატოვებულ იქნეს განუხილველად.
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლე პაატა ქათამაძე