№ა-808-შ-22-2014 24 მარტი, 2014 წელი,
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
მოსამართლე: ვასილ როინიშვილი
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
განცხადების ავტორი - ნ. დ-ე
მოწინააღმდეგე მხარე - ა. დ-ე
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასაც მხარე მოითხოვს - უკრაინის ქ. კიევის გოლოსიივსკის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 13 თებერვლის დაუსწრებელი გადაწყვეტილება
დავის საგანი – განქორწინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
უკრაინის ქ. კიევის გოლოსიივსკის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 13 თებერვლის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით ა. დ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, ა. ა. ძე დ-სა და ნ. დ-ეს შორის 2008 წლის 11 სექტემბრის ქ. კიევის ქორწინების რეგისტრაციის ცენტრალური განყოფილების მიერ N2864 სააქტო ჩანაწერით რეგისტრირებული ქორწინება შეწყდა.
საქართველოს უზენაეს სასამართლოს განცხადებით მომართა ნ. დ-ემ და მოითხოვა დასახელებული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.
შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი გადაწყვეტილებით დასტურდება, რომ ის კანონიერ ძალაშია შესული 06.03.2012 წლიდან და მხარეები ინფორმირებული იყვნენ საქმის განხილვის თაობაზე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გაეცნო რა წარმოდგენილ შუამდგომლობას და თანდართულ მასალებს, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ აღნიშნული შუამდგომლობა განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგი გარემოებების გამო:
,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის თანახმად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს. უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო.
იმავე კანონის 57-ე მუხლის თანახმად, უცხო ქვეყნის მოქალაქეები და იურიდიული პირები, აგრეთვე მოქალაქეობის არმქონე პირები სამოქალაქო პროცესში საქართველოს ტერიტორიაზე სარგებლობენ ისეთივე სამართლებრივი გარანტიებით, როგორითაც საქართველოს მოქალაქეები და იურიდიული პირები.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს აქ ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.
ნ. დ-ეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2014 წლის 12 მარტის განჩინებით დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 2 დღის ვადაში მიეთითებინა ყოფილი მეუღლის - ა. დ-ის მისამართი. მხარეს განემარტა, რომ ხარვეზის გამოუსწორებლობის შემთხვევაში, შუამდგომლობა განუხილველად დარჩებოდა. განჩინება ნ. დ-ეს 2014 წლის 13 მარტს ჩაბარდა, შესაბამისად, ხარვეზის შევსების ვადა 17 მარტს (ხარვეზის შევსებისათვის დადგენილი ვადის ბოლო დღის - 15 მარტის მომდევნო სამუშაო დღეს) ამოიწურა. შუამდგომლობის ავტორმა კი, საქართველოს უზენაეს სასამართლოს 2014 წლის 20 მარტს მომართა.
ვინაიდან მხარემ ხარვეზი სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში არ გამოასწორა ნ. დ-ის შუამდგომლობა განუხილველად უნდა დარჩეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ნ. დ-ის შუამდგომლობა უკრაინის ქ. კიევის გოლოსიივსკის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 13 თებერვლის დაუსწრებელი გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის თაობაზე დარჩეს განუხილველად;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე: ვ. როინიშვილი