Facebook Twitter

№ას-234-219-2014 14 მარტი, 2014 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ვასილ როინიშვილი, თეიმურაზ თოდრია

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

საჩივრის ავტორი – ს. ა-ე

მოწინააღმდეგე მხარე – ნ. მ-ე

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 16 იანვრის განჩინება

საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

საჩივრის დავის საგანი – სააღსრულებო საბუთის აღსრულების შეჩერება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 27 სექტემბრის კანონიერ ძალაში შესული დაუსწრებელი გადაწყვეტილებით:

1. ნ. მ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა;

2. ს. ა-ე გამოსახლებულ იქნა ნ. მ-ის კუთვნილი საცხოვრებელი სახლიდან - მდებარე ქ.ქუთაისში, ლ-ის ქ.№100-ში (საკადასტრო კოდი №...).

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ 2012 წლის 27 სექტემბრის დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე გასცა სააღსრულებო ფურცელი.

2013 წლის 1 ნოემბერს, ს. ა-ემ განცხადებით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს. განმცხადებელმა მოითხოვა:

1. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 27 სექტემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო და საქმის წარმოების განახლება;

2. სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 27 სექტემბრის დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე გაცემული სააღსრულებო საბუთის აღსრულების შეჩერება;

3. დაუსწრებელი გადაწყვეტილებით დადგენილი აღსრულების საშუალებისა და წესის შეცვლა იმგვარად, რომ შეჩერდეს მისი გამოსახლება.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 21 დეკემბრის განჩინებით არ დაკმაყოფილდა ს. ა-ის განცხადება აღსრულების საშუალებისა და წესის შეცვლის თაობაზე.

ამავე სასამართლოს 2013 წლის 21 დეკემბრის განჩინებით:

1. ს. ა-ის განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ დარჩა განუხილველად;

2. ს. ა-ის განცხადება უზრუნველყოფის სახით აღსრულების შეჩერების შესახებ არ დაკმაყოფილდა.

პირველი ინსტანციის სასამართლოს ზემოხსენებულ განჩინებებზე კერძო საჩივრები შეიტანა ს. ა-ემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინებების გაუქმება და მისი განცხადებების დაკმაყოფილება. ამასთან, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 198-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ი“ ქვეპუნქტისა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, კერძო საჩივრის ავტორმა მოითხოვა დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე გაცემული სააღსრულებო საბუთის აღსრულების შეჩერება.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 16 იანვრის განჩინებით ს. ა-ის განცხადება ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 27 სექტემბრის დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე გაცემული სააღსრულებო საბუთის აღსრულების შეჩერების შესახებ არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნულ განჩინებაზე საჩივარი შეიტანა ს. ა-ემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და მისი განცხადების დაკმაყოფილება.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 4 თებერვლის განჩინებით ს. ა-ის საჩივარი მიჩნეულ იქნა დაუსაბუთებლად და საქმის მასალებთან ერთად გადმოიგზავნა საკასაციო სასამართლოში.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, საჩივრის საფუძვლების გამოკვლევის შედეგად მიიჩნევს, რომ ს. ა-ის საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 194-ე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით, სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში სასამართლოს გამოაქვს განჩინება სარჩელის უზრუნველყოფაზე უარის თქმის თაობაზე. სასამართლოსათვის იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით ხელმეორედ მიმართვის შემთხვევაში მიიღება განჩინება განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ, რაც გასაჩივრდება საჩივრით.

მითითებული ნორმა კრძალავს სარჩელის უზრუნველყოფის თაობაზე სასამართლოსათვის განმეორებით მიმართვის შესაძლებლობას, თუ პირველად მიმართვისას, განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის თაობაზე არ დაკმაყოფილდა და, ამასთან, მოთხოვნილია იგივე სახის უზრუნველყოფის ღონისძიება იმავე საფუძვლით.

მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით ირკვევა, რომ ს. ა-ემ, მიმართა რა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს, ამავე სასამართლოს 2012 წლის 27 სექტემბრის კანონიერ ძალაში შესულ დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით, იმავდროულად მოითხოვა ასევე ზემოხსენებულ გადაწყვეტილებაზე გაცემული სააღსრულებო საბუთის აღსრულების შეჩერება.

საქმის მასალებით ირკვევა ასევე, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 21 დეკემბრის განჩინებით ს. ა-ის განცხადება სააღსრულებო საბუთის აღსრულების შეჩერების შესახებ არ დაკმაყოფილდა, რაც კერძო საჩივრით გაასაჩივრა განმცხადებელმა. დადგენილია ისიც, რომ განმცხადებელმა განმეორებით მოითხოვა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 27 სექტემბრის დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე გაცემული სააღსრულებო საბუთის აღსრულების შეჩერება.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ს. ა-ის განცხადება სააღსრულებო საბუთის აღსრულების შეჩერების შესახებ სააპელაციო სასამართლოს განუხილველად უნდა დაეტოვებინა, ვინაიდან განმცხადებელი მოითხოვდა იგივე სახის უზრუნველყოფის ღონისძიებას იმავე საფუძვლით, რაზეც მას უკვე ეთქვა უარი.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს ასევე, რომ ზემოაღნიშნული განცხადება სააპელაციო სასამართლოს განუხილველად უნდა დაეტოვებინა კიდევ ერთი საფუძვლით, კერძოდ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 186-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლო არ მიიღებს სარჩელს, თუ ამ ან სხვა სასამართლოს წარმოებაშია საქმე დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით.

მოცემულ შემთხვევაში, როგორც ზემოთ აღინიშნა, სააპელაციო სასამართლო იხილავდა ს. ა-ის კერძო საჩივარს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს იმ განჩინებაზე, რომლითაც ამ უკანასკნელს უარი ეთქვა ამავე სასამართლოს 2012 წლის 27 სექტემბრის დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე გაცემული სააღსრულებო საბუთის აღსრულების შეჩერებაზე, შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო არ იყო უფლებამოსილი განსახილველად მიეღო იგივე განცხადება, რომელიც უკვე იმყოფებოდა მის წარმოებაში.

საკასაციო სასამართლო დამატებით განმარტავს, რომ ს. ა-ის განცხადების დასაშვებად მიჩნევის შემთხვევაშიც, ეს განცხადება ვერ დაკმაყოფილდება, ვინაიდან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ ს. ა-ის განცხადება ქუთაისის საქლაქო სასამართლოს 2013 წლის 21 დეკემბრის გაჩინებით დარჩა განუხილველად. ამ განჩინებაზე შეტანილი კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 28 იანვრის განჩინებით და, ამდენად, იგი შესულია კანონიერ ძალაში, შესაბამისად, უსაფუძვლოა მოთხოვნა იმ გადაწყვეტილებაზე გაცემული სააღსრულებო საბუთის აღსრულების შეჩერების შესახებ, რომლის გაუქმების თაობაზე შეტანილი განცხადება დარჩა განუხილველად.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ უნდა გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 16 იანვრისა და ამავე სასამართლოს 2014 წლის 4 თებერვლის განჩინებები და ს. ა-ის განცხადება სააღსრულებო საბუთის აღსრულების შეჩერების შესახებ დარჩეს განუხილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1971 მუხლის მე-4 ნაწილით, ამავე კოდექსის 419-420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 16 იანვრისა და ამავე სასამართლოს 2014 წლის 4 თებერვლის განჩინებები;

2. ს. ა-ის განცხადება სააღსრულებო საბუთის აღსრულების შეჩერების შესახებ დარჩეს განუხილველად;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. ქათამაძე

მოსამართლეები: ვ. როინიშვილი

თ. თოდრია