Facebook Twitter

ბს-673-260-კ-05 1 ივნისი, 2005 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. ვაჩაძე (თავმჯდომარე),

ი. ლეგაშვილი (მომხსენებელი),

ჯ. გახოკიძე

დავის საგანი: ბინიდან გამოსახლება.

აღწერილობითი ნაწილი:

ქ. ბათუმის მერიამ სარჩელით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოპასუხეების: ა. ც-ისა და ს. ს-ის მიმართ და მოითხოვა საცხოვრებელი ბინიდან გამოსახლება.

მოსარჩელე აღნიშნავდა, რომ აჭარის ა/რ-ში განვითარებული მოვლენების შემდგომ, ..... მდებარე, მერიის საკუთრებაში არსებული ¹16 ბინა თვითნებურად დაიკავეს მოპასუხეებმა, რომლებიც არაერთგზის გაფრთხილების მიუხედავად, უარს აცხადებდნენ ბინის გათავისუფლებაზე, რაც მიაჩნდა უკანონოდ და უსაფუძვლოდ, რადგან სკ-ის 161-ე მუხლის შესაბამისად, არაკეთილსინდისიერი მფლობელი ვალდებული იყო, უფლებამოსილი პირისათვის დაებრუნებინა ქონება.

მოსარჩელეს მიაჩნდა, რომ მოპასუხეთა მხრიდან უკანონო ქმედებით ირღვეოდა მისი კონსტიტუციური უფლება საკუთრებაზე და სკ-ის 170-ე მუხლის მოთხოვნები, რაც დაკავშირებულია საკუთრების თავისუფლად ფლობასთან, სარგებლობასა და განკარგვასთან. სკ-ის 170-172-ე მუხლების საფუძველზე ითხოვდა მოპასუხეთა გამოსახლებას ქ. ბათუმის მერიის საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ბინიდან, მდებარე ქ. ბათუმში, ...... და ბინის თავისუფალ მდგომარეობაში ჩაბარებას.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2004წ. 30 სექტემბრის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ქ. ბათუმის მერიის სარჩელი. ა. ც-ე და ს. ს-ი თავიანთ არასრულწლოვან შვილებთან ერთად გამოსახლდნენ ქ. ბათუმში, ....., ბინა 16-დან. სასამართლომ დადგენილად ცნო, რომ მოპასუხეებმა სადავო ბინა დაიკავეს 2004წ. მაისში, ყოველგვარი ნებართვის გარეშე და არ გაიზიარა მოპასუხის მოსაზრება იმის შესახებ, რომ იგი კანონიერად ფლობდა სადავო ბინას, რადგან ქ. ბათუმის მერიამ ხელი შეუწყო ა. ც-ის აწ გარდაცვლილ დედას ბინის გაყიდვაში, რის გამოც იგი თავის ცოლ-შვილთან ერთად დარჩა უბინაოდ და მიუთითა, რომ მოპასუხის მიერ მითითებულ გარემოებას შემხებლობა არ ჰქონდა განსახილველი დავის საგანთან. თუ მოპასუხეს მიაჩნდა, რომ მერიამ შელახა მისი უფლებები, ეს გარემოება ცალკე დავის საგანს წარმოადგენდა.

სასამართლომ მიიჩნია, რომ ქ. ბათუმის მერიის მოთხოვნა მოპასუხეთა სადავო ბინიდან გამოსახლების თაობაზე საფუძვლიანი იყო სკ-ის 170-172-ე მუხლების საფუძველზე. სასამართლოს აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანეს ა. ც-ემ და ს. ს-მა, რომლებმაც გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.

აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 17 თებერვლის განჩინებით არ დაკმაყოფილდა სააპელაციო საჩივარი, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

სააპელაციო პალატამ მთლიანად გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მოსაზრება ქ. ბათუმის მერიის სარჩელის საფუძვლიანობის თაობაზე და მიუთითა, რომ აპელანტებს არ გააჩნდათ ბინის ფლობის სამართლებრივი საფუძველი და ისინი ყოველგვარი ნებართვის გარეშე ფლობდნენ სადავო ბინას. სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტების მოსაზრება “საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობის შესახებ” კანონის საფუძველზე სადავო ურთიერთობის გადაწყვეტის შესახებ და აღნიშნა, რომ აღნიშნული კანონი აწესრიგებდა სხვა სამართლებრივ ურთიერთობას და მას კავშირი არ ჰქონდა მოცემულ დავასთან.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრეს ა. ც-ემ და ს. ს-მა, რომლებიც ითხოვენ გადაწყვეტილების გაუქმებას.

კასატორები აღნიშნავენ, რომ სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ მათი ადრინდელი საცხოვრებელი ბინა მერიის ხელშეწყობით გაყიდა ა. ც-ის აწ გარდაცვლილმა დედამ. მერიას შეცდომაში რომ არ შეეყვანა იგი, არ გაყიდდა ბინას და დღეს არ იქნებოდნენ უსახლკაროდ. მერია არც იმ დათმობაზე მიდის, რომ თანდათან გადაუხადონ თანხა და იცხოვრონ ბინაში.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის, გასაჩივრებული განჩინების დასაბუთებულობა-კანონიერების შემოწმებისა და საკასაციო საჩივრის მოტივების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ ა. ც-ისა და ს. ს-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად დარჩეს აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 17 თებერვლის განჩინება.

სსკ-ის 393-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ იმას, რომ გადაწყვეტილება კანონის დარღვევითაა გამოტანილი. სამართლის ნორმები დარღვეულად ითვლება თუ სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა და არასწორად განმარტა კანონი. ა. ც-ის და ს. ს-ის საკასაციო საჩივარი არ შეიცავს დასაბუთებას ზემომითითებული ნორმის შესაბამისად. კასატორები მიუთითებენ გასაჩივრებული გადაწყვეტილების უკანონობაზე, თუმცა არ ასაბუთებენ, თუ კონკრეტულად, რაში გამოიხატება განჩინების უკანონობა.

კასატორები განჩინების გაუქმებას ითხოვენ იმ გარემოებაზე მითითებით, რომ ა. ც-ის აწ გარდაცვლილმა დედამ მერიის ხელშეწყობით გაასხვისა ბინა, რის გამოც ისინი დარჩნენ უბინაოდ. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ აღნიშნული გარემოება არ წარმოადგენს მათ მიერ თვითნებურად დაკავებული ბინის მართლზომიერ მფლობელად მიჩნევის საფუძველს და მიაჩნია, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით სწორად იმსჯელა სააპელაციო სასამართლომ, როდესაც მიუთითა, რომ აღნიშნულ გარემოებას არანაირი შემხებლობა არ აქვს დავის საგანთან, თუ მათ მიაჩნდათ რომ ქ. ბათუმის მერიამ შელახა მათი უფლებები, უფლება ჰქონდათ სასარჩელო გზით მოეთხოვათ თავიანთი უფლებების დაცვა.

სსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, საკასაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: ქ. ბათუმში, ... მდებარე ¹16 ბინა საჯარო რეესტრის ჩანაწერის მიხედვით, წარმოადგენს ქ. ბათუმის მერიის საკუთრებას, რომელიც ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე დაიკავეს ა. ც-ემ და ს. ს-მა. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები კასატორებს სადავოდ არ გაუხდიათ. სკ-ის 170-ე მუხლის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით, არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ქონებით სარგებლობა. განსახილველ შემთხვევაში კასატორების მიერ სადავო ბინაში ცხოვრებით ილახება ბინის მესაკუთრის უფლებები ბინის თავისუფლად ფლობის თაობაზე, რადგან იგი მოკლებულია შესაძლებლობას, თავისი შეხედულებისამებრ განკარგოს იგი. ამდენად, კასატორთა მიერ სადავო ბინის ფლობით ილახება საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლით გარანტირებული მესაკუთრის უფლება საკუთრებაზე და სკ-ის 172-ე მუხლის საფუძველზე ქ. ბათუმის მერიის მოთხოვნა ქონების უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვის შესახებ საფუძვლიანია.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ გასაჩივრებულ განჩინებას საფუძვლად არ უდევს კანონდარღვევა, სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა და სწორად განმარტა იგი, რის გამოც არ უნდა დაკმაყოფილდეს წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი უსაფუძვლობისა და დაუსაბუთებლობის მოტივით.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, სსკ-ის 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ა. ც-ისა და ს. ს-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 17 თებერვლის განჩინება;

3. ა. ც-ესა და ს. ს-ს სოლიდარულად დაეკისროთ სახელმწიფო ბაჟის გადახდა 40 ლარის ოდენობით;

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.