№ას-28-27-2014 10 მარტი, 2014 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე: პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი – ა. ი-ი
მოწინააღმდეგე მხარე – ნ. ჯ-ე
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 21 ნოემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა, სესხის და იპოთეკის ხელშეკრულების დადებულად ცნობა, იპოთეკის რეგისტრაცია
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 26 დეკემბრის გადაწყვეტილებით ნ. ჯ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი ა. ი-ს, ნ. ჯ-ეს და მ. ხ-ეს შორის 2009 წლის 10 დეკემბერ დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება გრდაბნის რაიონის სოფ. მ-ი მდებარე უძრავ ნივთზე საკადასტრო კოდი №...; ბათილად იქნა ცნობილი ნ. ჯ-ეს და მ. ხ-ეს და ა. ი-ს შორის 2011 წლის 5 ოქტომბერს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება გარდაბნის რაიონის სოფ. მ-ი მდებარე უძრავ ნივთზე საკადასტრო კოდი №...; ნ. ჯ-ეს (გამსეხებელი) და ზ. (ი-ს) შორის დადებულად ჩაითვალა სესხის ხელშეკრულება 2009 წლის 10 დეკემბრიდან შემდეგი პირობებით: სესხის თანხა - 8 500 აშშ დოლარი, სარგებელი თვეში 6%, სესხის დაბრუნების ვადა განუსაზღვრელი; ნ. ჯ-ეს და ზ. ი-ს შორის დადებული სესხის ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად 2009 წლის 10 დეკემბრიდან დადებულად ჩაითვალა იპოთეკის ხელშეკრულება ნ. ჯ-ეს (იპოთეკარი) და ა. ი-ს (მესაკუთრე) შორის გარდაბნის რაიონის სოფ. მ-ი მდებარე უძრავ ნივთზე საკადასტრო კოდი №...; დადგინდა იპოთეკის ხელშეკრულების დარეგისტრირება საჯარო რეესტრში.
პირველი ინსტანციის სასამართლოს დასახელებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ზ. ი-მა და ა. ი-მა და მოითხოვეს პირველი ინსტანციის სასამართლო გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 21 ნოემბრის განჩინებით ზ. ი-ის და ა. ი-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა მოცემულ საქმეზე რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 26 დეკემბრის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ა. ი-მა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება.
უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 17 იანვრის განჩინებით კასატორს დაუდგინდა ხარვეზი საკასაციო საჩივარზე და დაევალა 1343 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენა.
2014 წლის 10 თებერვალს საკასაციო სასამართლოს განცხადებით მომართა კასატორმა, მიუთითა, რომ მითითებულ ვადაში ვერ შეძლო ხარვეზის შევსება და ითხოვა ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელება ორი კვირით. 2014 წლის 14 თებერვლის განჩინებით კასატორს 5 დღით გაუგრძელდა ხარვეზის შევსების ვადა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ ა. ი-ის საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 17 იანვრის განჩინებით კასატორს დაუდგინდა ხარვეზი საკასაციო საჩივარზე, კერძოდ, მას დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში 1343 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედნის წარმოდგენა. ამავე სასამართლოს 2014 წლის 14 თებერვლის განჩინებით კასატორს გაუგრძელდა ხარვეზის შევსების ვადა განჩინების ჩაბარებიდან 10 დღით.
საქმეში წარმოდგენილი ხელწერილით დასტურდება, რომ ხარვეზის შევსების შესახებ საკასაციო სასამართლოს განჩინება ა. ი-ს მის მიერ მითითებულ მისამართზე ჩაბარდა 2014 წლის 21 თებერვალს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ, მოცემულ შემთხვევაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 და 61-ე მუხლების მიხედვით, კასატორისათვის ხარვეზის შევსების 10-დღიანი ვადის დენა დაიწყო 2014 წლის 22 თებერვალს და ამოიწურა ამავე წლის 4 მარტს. ამდენად, კასატორი ვალდებული იყო ხარვეზი შეევსო 2014 წლის 4 მარტის ჩათვლით. საქმის მასალებით ირკვევა, რომ სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადის განმავლობაში კასატორს ხარვეზი არ გამოუსწორებია.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.
ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შეასრულოს მისთვის დავალებული საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი კარგავს შესაბამისი საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას.
მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ა. ი-ის საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს, ვინაიდან კასატორმა სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში არ შეავსო ხარვეზი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილით, 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ა. ი-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე პაატა ქათამაძე