საქმე №ას-651-619-2013 24 მარტი, 2014 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თეიმურაზ თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ბესარიონ ალავიძე, პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – დ. გ-ე (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – გ. ქ-ე (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 25 თებერვლის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და 2013 წლის 24 აპრილის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და მისი უცვლელად დატოვების შესახებ განჩინების გაუქმება
დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
გ. ქ-ემ სარჩელი აღძრა სასამართლოში დ. და თ. გ-ის მიმართ ზიანის, კერძოდ, სამედიცინო ხარჯების – 1034 ლარის, დაზიანებული ავტომანქანის აღსადგენად – 800 ლარის, 3 თვის განაცდურისათვის – 1500 ლარისა და მორალური ზიანისათვის 500 ლარის ანაზღაურების შესახებ შემდეგი საფუძვლებით:
მოსარჩელე შეუთანხმდა ა. ა-ს თავისი კუთვნილი სატრანსპორტო საშუალებით გადაეყვანა მგზავრები.
დ. გ-ე განაწყენდა, რადგან გ. ქ-ე მას კონკურენციას უწევდა მგზავრების გადაყვანაში, რის გამოც გადაწყვიტა, ეცემა და ავტომანქანა დაეზიანებინა მისთვის.
2011 წლის 10 იანვარს დაახლოებით 21.00 საათზე, დანაშაულებრივი განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, მოპასუხემ თავისი კუთვნილი ავტომანქანით მოძრაობა გადაუკეტა გ. ქ-ეს, გადმოვიდა ავტომანქანიდან და თავის შვილ თ. გ-ან ერთად დააზიანა გ. ქ-ის კუთვნილი მიკროავტობუსი, რის გამოც, გ. ქ-ეს მიადგა 800 ლარის ოდენობის ზიანი. ამასთანავე, დ. გ-ემ მოსარჩელეს მიაყენა სხეულის დაზიანება. გ. ქ-ე ხანგრძლივი დროის განმავლობაში მკურნალობდა დიაგნოზით – გულ-მკერდის დაჟეჟილობა, ნეკნების დაზიანება, ქალატვინის დახურული ტრავმა და თავის ტვინის შერყევა.
ჩადენილი დანაშაულის გამო, 2011 წლის 4 მარტს არსებითი განხილვის გარეშე თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ განხილულ იქნა სისხლის სამართლის საქმე დ. გ-სა და თ. გ-ის მიმართ და ისინი ცნობილ იქნენ დამნაშავეებად. ჩადენილი დანაშაულის შედეგად გ. ქ-ემ განიცადა, როგორც ეკონომიური, ასევე, ფიზიკური და მორალური ზიანი, დარჩა უმუშევარი და შეერყა ჯანმრთელობა.
მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს და განმარტეს, რომ მათ მოსარჩელეს ზიანი სრულად აუნაზღაურეს. გარდა ავტომანქანის შეკეთების, მედიკამენტების შეძენისა და საავადმყოფოში მკურნალობისა, მოსარჩელეს დამატებით უხდიდნენ ყოველდღიურად 50 ლარს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილებით გ. ქ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, დ. გ-ეს გ. ქ-ის სასარგებლოდ დაეკისრა მორალური ზიანის – 100 ლარისა და მატერიალური ზიანის – 250 ლარის ანაზღაურება, გ. ქ-ეს უარი ეთქვა 3131 ლარის დაკისრების ნაწილში მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში მოსარჩელემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 25 თებერვლის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით გ. ქ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, მოწინააღმდეგე მხარეების მიერ შესაგებლის წარუდგენლობის გამო, რაზეც საჩივარი შეიტანეს დ. და თ. გ-მა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 24 აპრილის განჩინებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ 2013 წლის 31 იანვრის განჩინებით გ. ქ-ის სააპელაციო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად, დ. და თ. გ-ს დაევალათ გ. ქ-ის სააპელაციო საჩივრის ასლის ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში სასამართლოსათვის სააპელაციო პასუხის წარდგენა. მათვე განემარტათ, რომ სააპელაციო პასუხის წარმოუდგენლობის შემთხვევაში, შესაძლოა, მათ წინააღმდეგ გამოსულიყო დაუსწრებელი გადაწყვეტილება.
გ. ქ-ის სააპელაციო საჩივარი სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 31 იანვრის განჩინებასთან ერთად დ. და თ. გ-ს გაეგზავნათ სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით.
დასახელებული გზავნილი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების დაცვით დ. გ-ეს ჩაბარდა 2013 წლის 5 თებერვალს, თ. გ-ეს კი – 2013 წლის 10 თებერვალს.
დ. და თ. გ-ს გ. ქ-ის სააპელაციო საჩივარზე სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შესაგებელი არ წარუდგენიათ.
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე, 387-ე, 2321 მუხლებით და მიუთითა, რომ კანონის ზემოხსენებული დანაწესის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო მიიღებს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას, თუ აპელანტის მოწინააღმდეგე მხარე სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში არასაპატიო მიზეზით სააპელაციო საჩივარზე შესაგებელს არ წარადგენს. აღნიშნული განპირობებულია, ერთის მხრივ, სასამართლოს ვარაუდით, რომ მხარემ საქმის მიმართ იურიდიული ინტერესი დაკარგა, მეორე მხრივ კი, დაუსწრებელი გადაწყვეტილება წარმოადგენს სანქციას იმ მხარისათვის, რომელმაც სასამართლოს დავალება უგულებელყო და მის მიერ განსაზღვრული საპროცესო მოქმედება არასაპატიო მიზეზით არ შეასრულა. კონკრეტულ შემთხვევაში შესაგებლის წარუდგენლობის საპატიო მიზეზად საჩივრის ავტორები მიუთითებენ მათ მიერ საპროცესო კანონმდებლობის არცოდნას, ფინანსური მდგომარეობის გამო კი, იმის შესაძლებლობის არქონას, რომ საქმე სასამართლოში ეწარმოებინათ წარმომადგენლის მეშვეობით.
სააპელაციო სასამართლომ უსაფუძვლოდ მიიჩნია საჩივრის ავტორების დასახელებული არგუმენტები და განმარტა, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მესამე ნაწილი განსაზღვრავს ამა თუ იმ საპროცესო მოქმედების შეუსრულებლობის საპატიოდ მიჩნევის წანამძღვრებს. პალატამ მიიჩნია, რომ დ. და თ. გ-ს შეეძლოთ, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში წარმოედგინათ პირადად შედგენილი შესაგებელი და გაექარწყლებინათ მათ მიმართ წარდგენილი პრეტენზიები მსგავსად მათ მიერ წარმოდგენილი საჩივრებისა, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 25 თებერვლის დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე ან, უკიდურეს შემთხვევაში, შესაგებლის წარმოდგენისათვის დადგენილ ვადაში ერთ-ერთ მოწინააღმდეგე მხარეს სასამართლოსათვის საპროცესო ვადის გაგრძელების მოთხოვნით მაინც მიემართა.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე და 233-ე მუხლების ანალიზის საფუძველზე სასამართლომ დაასკვნა, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი შეიძლება, გახდეს მხოლოდ ისეთი გარემოებების დადასტურება, რომელიც სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში შესაგებლის წარმოდგენის შეუძლებლობისა და აღნიშნულის შესახებ სასამართლოსათვის დროულად შეუტყობინებლობის საპატიო მიზეზზე მიუთითებს. მოცემულ შემთხვევაში, როგორც დადგინდა, საჩივრის ავტორებმა ვერ დაადასტურეს შესაგებლის სასამართლოში წარმოუდგენლობის შეუძლებლობის საპატიო გარემოებების არსებობა, რაც შეიძლებოდა, გამხდარიყო სადავო დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი.
სააპელაციო სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება და განჩინება მისი უცვლელად დატოვების თაობაზე დ. გ-ემ გაასაჩივრა საკასაციო წესით შემდეგი დასაბუთებით:
სააპელაციო შესაგებლის წარუდგენლობა გამოწვეული იყო აპელანტების მიერ კანონმდებლობის არცოდნით. კასატორის ოჯახი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ბაზაშია რეგისტრირებული და დ.გ-ეს ადვოკატის აყვანა, ფინანსური მდგომარეობიდან გამომდინარე, არ შეეძლო. ამასთან, საკასაციო საჩივრის ავტორი არ დაეთანხმა სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ, მხარემ სააპელაციო შესაგებლის წარუდგენლობის გამო, დავის მიმართ იურიდიული ინტერესი დაკარგა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივრის საფუძვლები, შეამოწმა გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და მისი ძალაში დატოვების შესახებ განჩინების იურიდიული დასაბუთება და მიაჩნია, რომ დ. გ-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანს წარმოადგენს აპელანტის მოწინააღმდეგე მხარის მიერ სააპელაციო საჩივარზე შესაგებლის წარუდგენლობის მოტივით მიღებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების კანონიერება.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2321 მუხლი ითვალისწინებს პირველი ინსტანციის სასამართლოში მოპასუხის მიერ ამ კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დადგენილ ვადაში პასუხის (შესაგებლის) წარუდგენლობისას, თუ ეს გამოწვეულია არასაპატიო მიზეზით, მოსამართლის მიერ ზეპირი მოსმენის გარეშე დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანას. ამასთანავე, მოსამართლე დააკმაყოფილებს სარჩელს, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას.
კანონის დასახელებული დანაწესის შესაბამისად, დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებისათვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: სარჩელის წარმოებაში მიღების შემდეგ სასამართლომ მოპასუხესათვის სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების ასლების გაგზავნისას თავისი განჩინებით უნდა განუსაზღვროს მას ვადა შესაგებლის წარსადგენად; მითითებული განჩინება და სარჩელის ასლი მოპასუხეს უნდა ჩაბარდეს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების დაცვით, თუმცა სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში მხარემ შესაგებელი ობიექტურად არასაპატიო მიზეზით არ უნდა წარადგინოს. ამავდროულად, დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებამდე სასამართლო გამოარკვევს, ამართლებს თუ არა სარჩელში მითითებული გარემოებანი სასარჩელო მოთხოვნას. უფრო ზუსტად თუ განვმარტავთ, მოპასუხის მიერ სარჩელზე შესაგებლის წარუდგენლობა (როგორც სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში, ისე ამ ვადის გასვლის შემდეგაც) სასამართლოს მხრიდან აღიქმება, როგორც მხარის მიერ დავისადმი იურიდიული ინტერესის დაკარგვად და სარჩელში მითითებული გარემოებანი დადგენილად მიიჩნევა ისე, რომ მოსარჩელე საკუთარი მოთხოვნის დასასაბუთებლად დასახელებული გარემოებების კანონით დადგენილი წესით მტკიცების ტვირთისაგან თავისუფლდება. სასამართლომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებამდე უნდა დაადგინოს, კანონის ძალით დადგენილი ფაქტების სამართლებრივი შეფასების შედეგად დასტურდება თუ არა კონკრეტული სადავო ურთიერთობის მარეგულირებელი მატერიალური ნორმის შემადგენლობის არსებობა.
პირველი ინსტანციის სასამართლოსათვის დადგენილი ზემოხსენებული წესები ვრცელდება სააპელაციო პალატის მიმართაც, ვინაიდან, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით. ამავე კოდექსის 387-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილები არეგულირებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას საქმის განხილვაზე აპელანტისა და მოწინააღმდეგე მხარის არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობისას, ხოლო ყველა სხვა შემთხვევაში გამოიყენება ამ კოდექსში ჩამოყალიბებული ნორმები პირველი ინსტანციის სასამართლოში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ.
განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ დაადგინა და მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ ის გარემოება, რომ დ. და თ. გ-ს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით გაეგზავნათ გ. ქ-ის სააპელაციო საჩივარი სასამართლოს 2013 წლის 31 იანვრის განჩინებასთან ერთად, რომლითაც აპელანტის მოწინააღმდეგე მხარე გაფრთხილებულ იქნა 7 დღის ვადაში სააპელაციო პასუხის წარდგენის ვალდებულებასა და წარუდგენლობის შემთხვევაში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანასთან დაკავშირებით.
საქმეში წარმოდგენილია შეტყობინების ბარათები, რომლებითაც დასტურდება, რომ დ. გ-ის ოჯახის წევრ (მეუღლე) მ. ბ-ეს სასამართლო გზავნილი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლებით დადგენილი წესით ჩაბარდა 2013 წლის 5 თებერვალს, ხოლო თ. გ-ეს – პირადად, 2013 წლის 10 თებერვალს (ტ. მე-2, ს.ფ. 11, 15).
აღნიშნულის მიუხედავად, გ. ქ-ის სააპელაციო საჩივარზე დ. გ-ეს არც სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში და არც შემდეგ შესაგებელი არ წარუდგენია, რის საპატიო მიზეზად მან მიუთითა საპროცესო კანონმდებლობის არცოდნაზე, ფინანსური მდგომარეობის გამო კი, საქმის კვალიფიციური წარმომადგენლის დახმარებით წარმოების შესაძლებლობა, მისი განმარტებით, მხარეს არ გააჩნდა.
საკასაციო სასამართლო სავსებით ეთანხმება სააპელაციო პალატის დასაბუთებას იმასთან დაკავშირებით, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მესამე ნაწილი განსაზღვრავს ამა თუ იმ საპროცესო მოქმედების შეუსრულებლობის საპატიოდ მიჩნევის წანამძღვრებს და ასეთად მიიჩნევს ავადმყოფობას, ახლო ნათესავის გარდაცვალებას ან სხვა განსაკუთრებულ ობიექტურ გარემოებას, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის საპროცესო მოქმედების შესრულებას.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ დ. გ-ემ სასამართლოს მიერ დავალებული საპროცესო მოქმედების – სააპელაციო შესაგებლის შეტანის განუხორციელებლობის საპატიო გარემოების არსებობა ვერ დაასაბუთა.
რაც შეეხება საჩივრის ავტორის მიერ მითითებულ მიზეზს (კანონის მოთხოვნათა არცოდნას), სამოქალაქო კოდექსის მე-3 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, კანონის არცოდნა ან მისი არასათანადოდ გაგება არ შეიძლება იყოს კანონის გამოუყენებლობის ანდა ამ კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობისაგან განთავისუფლების საფუძველი.
ამდენად, გასაზიარებელია გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება, რომ დ. გ-ეს შეეძლო, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში წარმოედგინა პირადად შედგენილი შესაგებელი, უარეყო ან გაექარწყლებინა მის მიმართ წარდგენილი პრეტენზიები ისევე, როგორც მან განახორციელა დაუსწრებელი გადაწყვეტილებაზე შეტანილ საჩივარში.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მართებულად ჩათვალა დადგენილად გ.ქ-ის სააპელაციო საჩივარში მითითებული შემდეგი ფაქტობრივი გარემოებანი:
2011 წლის 10 იანვარს დ. გ-ემ ფიზიკური შეურაცხოფა მიაყენა გ. ქ-ეს, რის შედეგადაც გ. ქ-ემ მიიღო გულ-მკერდის დაჟეჟილობა, ნეკნების დაზიანება, ქალა-ტვინის დახურული ტრავმა და თავის ტვინის შერყევა.
აღნიშნული ინციდენტის დროს მოპასუხეებმა – დ. გ-ემ და თ. გ-ემ დააზიანეს გ. ქ-ის კუთვნილი მიკრო ავტობუსი. მიკრო ავტობუსისათვის მიყენებული დაზიანებების აღმოფხვრისათვის აუცილებელი თანხა შეადგენს 800 ლარს.
გ. ქ-ის მიერ მკურნალობისათვის გაწეულმა ხარჯმა შეადგინა 1034 ლარი. ამასთან, გ. ქ-ე ეწეოდა სამეწარმეო საქმიანობას, მიკროავტობუსით გადაჰყავდა მგზავრები და მისი საშუალო შემოსავალი შეადგენდა საშუალოდ 500 ლარს. მიკროავტობუსის დაზიანების გამო, შეუძლებელი გახდა მისი გამოყენება სამი თვის განმავლობაში, რის გამოც მიუღებელი შემოსავლის სახით გ. ქ-ეს მიადგა 1500 ლარის ოდენობით ზიანი.
გ. ქ-ეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს საჯაროდ, მან მიიღო სხეულის დაზიანებები, ამდენად, აპელანტმა განიცადა მძიმე სულიერი ტკივილი, რითაც მოპასუხე დ. გ-ემ მას მიაყენა მორალური ზიანი 500 ლარის ოდენობით.
გ. ქ-ემ ადვოკატის მომსახურებისათვის გადაიხადა 300 ლარი.
საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო პალატის დასკვნას, რომ ზემოხსენებული ფაქტობრივი გარემოებანი იურიდიულად ამართლებს გ. ქ-ის მოთხოვნას სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 992-ე, 413-ე მუხლებისა და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის დანაწესებიდან გამომდინარე.
შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს მოცემულ შემთხვევაში არსებობდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებისა და გ. ქ-ის მოთხოვნის დაკმაყოფილების ყველა სამართლებრივი წინაპირობა. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით კი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლით გათვალისწინებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების, შესაბამისად, არც დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების თაობაზე განჩინების გაუქმების საფუძვლის არსებობა კასატორმა ვერ დაადასტურა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დ. გ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 25 თებერვლის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და 2013 წლის 24 აპრილის განჩინება დარჩეს უცვლელად.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე თ. თოდრია
მოსამართლეები: ბ. ალავიძე
პ. ქათამაძე