საქმე №ას-617-587-2013 3 თებერვალი, 2014 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ვასილ როინიშვილი, პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
განმცხადებელი – ა. პ-ის საპროცესო წარმომადგენელი ნ. გ-ი (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – გ. პ-ი (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 10 აპრილის განჩინება
განმცხადებლის მოთხოვნა – სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმება
დავის საგანი – მშობლის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების შეზღუდვა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ა. პ-ის საპროცესო წარმომადგენელმა ნ. გ-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში გ. პ-ის მიმართ მშობლის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების შეზღუდვის შესახებ.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 16 იანვრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, გ. პ-ს მშობლის წარმომადგენლობითი უფლებამოსილება ა. პ-ის მიმართ შეეზღუდა, რაც მოპასუხემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 10 აპრილის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება გ. პ-მა გაასაჩივრა საკასაციო წესით, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 26 ივნისის განჩინებით ა. პ-ის საპროცესო წარმომადგენელ ნ. გ-ის განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ დაკმაყოფილდა, ქ.თბილისში, ზ. ბ-ის (ყოფილი ე-ის) ქუჩა №1-ში მდებარე ა. პ-ის კუთვნილ 20 კვ.მ №42 ბინას (საკადასტრო კოდი №...) დაედო ყადაღა მოცემულ საქმეზე საბოლოო სასამართლო გადაწყვეტილების მიღებამდე.
ამავე პალატის 2013 წლის 23 დეკემბრის განჩინებით გ. პ-ის საკასაციო საჩივარი დარჩა განუხილველად დაუშვებლობის გამო.
ა. პ-ის საპროცესო წარმომადგენელმა ნ. გ-მა განცხადებით მიმართა საკასაციო სასამართლოს და მოითხოვა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმება, რადგან საქმის წარმოების დასრულების გამო სადავო უძრავ ნივთზე ყადაღის არსებობის საჭიროება აღარ არსებობს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ შეისწავლა წარმოდგენილი შუამდგომლობის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ ა. პ-ის საპროცესო წარმომადგენელ ნ. გ-ის განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
მოცემული საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 26 ივნისის განჩინებით ა. პ-ის საპროცესო წარმომადგენელ ნ. გ-ის განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ დაკმაყოფილდა, ქ.თბილისში, ზ. ბ-ის (ყოფილი ე-ის) ქუჩა №1-ში მდებარე ა. პ-ის კუთვნილ 20 კვ.მ №42 ბინას (საკადასტრო კოდი №...) დაედო ყადაღა მოცემულ საქმეზე საბოლოო სასამართლო გადაწყვეტილების მიღებამდე.
ამავე პალატის 2013 წლის 23 დეკემბრის განჩინებით გ. პ-ის საკასაციო საჩივარი დარჩა განუხილველად დაუშვებლობის გამო.
ამდენად, წარმოდგენილ დავაზე წარმოება დასრულებულია და, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების მიზნებიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო იზიარებს განმცხადებლის მოსაზრებას, რომ განსახილველ შემთხვევაში არსებობს გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების საფუძველი, კერძოდ:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების ანალიზი ცხადყოფს, რომ კანონმდებელი შესაძლებლობას აძლევს მხარეს, მოითხოვოს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება, თუ იქმნება ვარაუდი, რომ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების აღსრულება შემდგომში გაძნელდება ან შეუძლებელი გახდება. შესაბამისად, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება საჭიროა საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე და მის აღსრულებამდე.
აღნიშნულ მსჯელობას ამყარებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991 მუხლის დანაწესი, რომლის თანახმად სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას.
ყოველივე ზემოხსენებულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ა. პ-ის საპროცესო წარმომადგენელ ნ. გ-ის განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო ა. პ-ის კუთვნილ ქ.თბილისში, ზ. ბ-ის (ყოფილი ე-ის) ქუჩა №1-ში მდებარე 20 კვ.მ №42 ბინას (საკადასტრო კოდი №...) ყადაღა უნდა მოეხსნას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ა. პ-ის საპროცესო წარმომადგენელ ნ. გ-ის განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების შესახებ დაკმაყოფილდეს.
ქ.თბილისში, ზ. ბ-ის (ყოფილი ე-ის) ქუჩა №1-ში მდებარე ა. პ-ის კუთვნილ 20 კვ.მ №42 ბინას (საკადასტრო კოდი №...) მოეხსნას ყადაღა.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: ვ. როინიშვილი
პ. ქათამაძე