№ას-1115-1062-2013 16 აპრილი, 2014 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თეიმურაზ თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორები:
1. სსიპ „სახელმწიფო ქონების სააგენტო“ (მოსარჩელე)
2. შპს „ა. პ-ი“ (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 17 სექტემბრის განჩინება
სსიპ „სახელმწიფო ქონების სააგენტოს“ მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება
შპს „ა.-პ-ის“ მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – პირგასამტეხლოს დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „ა. პ-ის“ წინააღმდეგ და მოითხოვა შპს „ა. პ-ის“ პირგასამტეხლოს 4157750 ლარისა და 99493500 აშშ დოლარის დაკისრება შემდეგი დასაბუთებით: მოსარჩელის განმარტებით, 2010 წლის 17 თებერვალს დადებული სადავო ხელშეკრულების მოქმედება შეწყდა 2012 წლის 4 ივნისს. მოპასუხემ არ შეასრულა ნაკისრი ვალდებულება და მისი გაანგარიშებით პირგასამტეხლოს ოდენობამ შეადგინა სარჩელით მოთხოვნილი თანხა.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო იმ მოტივით რომ ხელშეკრულება არ სესრულდა მოსარცელის ბრალით.
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილებით სააგენტოს სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: შპს ,,ა. პ-ს“ სახელმწიფო ბიუჯეტის (მოსარჩელის) სასარგებლოდ დაეკისრა 124.500 აშშ დოლარის (ექვივალენტი ეროვნულ ვალუტაში) და 219.750 ლარის გადახდა; აგრეთვე - შპს ,,ა. პ-ს“ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის გადახდა 5000 ლარის ოდენობით.
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ორივე მხარემ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 17 სექტემბრის განჩინებით სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს და შპს ,,ა. პ-ის” სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილება.შპს ,,ა. პ-ის” სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 7000 ლარი დარჩა სახელმწიფო ბიუჯეტში.
სააპელაციო სასამართლომ დამტკიცებულად ცნო შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
1) საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 21 დეკემბრის №922 და 2010 წლის 25 იანვრის №45 განკარგულებების საფუძველზე (იხ: ტ.1,ს.ფ.14-30), 2010 წლის 17 თებერვალს სამინისტროს (გამყიდველი) და შპს ,,ა. პ-ს” (მყიდველი) შორის დაიდო ნასყიდობის ხელშეკრულება (იხ: ტ.1,ს.ფ.31-48), რომლითაც შპს ,,ა. პ-ს” საკუთრებაში გადაეცა მიწის ნაკვეთები, საერთო ფართით 20944180 მ2. მყიდველს, ხელშეკრულების 2.1 პუნქტით, დაეკისრა შემდეგი ვალდებულებები:
ა) ნასყიდობის თანხა (6.340.445 ლარი) გადაეხადა ხელშეკრულების გაფორმებიდან 1 თვის ვადაში;
ბ) ა. ს-ს-ო კვანძის მშენებლობა დაეწყო 2010 წლის 1 სექტემბერს;
გ) ა. ს-ს-ო კვანძის მშენებლობა დაესრულებინა 2010 წლის 1 სექტემბრიდან არა უგვიანეს 6 წლის ვადაში; კვანძის შემადგენლობაში უნდა შესულიყო: გ.ა) საზღვაო ნავსადგური; გ.ბ) სატვირთო აეროპორტი; გ.გ) არსებულ რკინიგზასა და საავტომობილო გზასთან დამაკავშირებელი სარკინიგზო და საგზაო ხაზები, სარკინიგზო და საავტომობილო გადაზიდვის ინფრასტრუქტურა; გ.დ) ენერგეტიკული უზრუნველყოფისა და საინჟინრო მომსახურების ობიექტები; გ.ე) ახალი საცხოვრებელი დასახლება; გ.ვ) არანაკლებ 11-სართულიანი სასტუმრო, რომლის გარე მზიდი კედლები და შიდა ხისტი ბირთვი უნდა აშენებულიყო 2010 წლის 1 ნოემბრამდე; მთლიანად სასტუმროს მშენებლობა უნდა დასრულებულიყო და ექსპლუატაციაში შესულიყო ხელშეკრულების გაფორმებიდან 2 წლის ვადაში;
დ) ა. ს-ს-ო კვანძის მშენებლობაში, 2010 წლის 1 სექტემბრიდან 6 წლის ვადაში, ეტაპობრივად განეხორციელებინა არანაკლებ 5.000.000.000 მილიარდი აშშ დოლარის ინვესტიცია (1-ლ წელს - 350.000.000 აშშ დოლარი; მე-2 წელს - 700.000.000 აშშ დოლარი; მე-3 წელს - 1.250.000.000 აშშ დოლარი; მე-4 წელს - 1.250.000.000 აშშ დოლარი; მე-5 წელს - 800.000.000 აშშ დოლარი; მე-6 წელს - 650.000.000 აშშ დოლარი);
ე) ა. ს-ს-ო კვანძის მშენებლობაზე, არანაკლებ 1 წლით, დაესაქმებინა: 1-ლ წელს - არანაკლებ 3500 ადამიანი; მე-2 წელს - არანაკლებ 8000 ადამიანი; მე-3 წელს - არანაკლებ 15000 ადამიანი; მე-4 წელს - არანაკლებ 15000 ადამიანი; მე-5 წელს - არანაკლებ 10000 ადამიანი; მე-6 წელს - 7000 ადამიანი;
ვ) ა. ს-ს-ო კვანძის ობიექტების ექსპლუატაციაში მიღების შემდეგ, კვანძის ფუნქციონირებისათვის, პირველ წელს დაესაქმებინა 4000, შემდგომ კი - 5000 ადამიანი, არანაკლებ ერთი წლით;
ზ) ამ ხელშეკრულების 2.1 პუნქტის ,,გ”, ,,დ”, ,,ე”, ,,ვ” და ,,თ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საპრივატიზებო პირობების შესრულების ვადის დადგომიდან 1 თვის ვადაში სამინისტროსთვის წარედგინა აუდიტორული დასკვნა, მომზადებული ამავე პუნქტში მითითებული აუდიტორული კომპანიის მიერ (,,Dელოიტტე”, ,,Gრანტ თჰორნტონ” და სხვ.);
თ) ამ ხელშეკრულების 2.1 პუნქტის ,,დ” ქვეპუნქტში გათვალისწინებული საპრივატიზებო პირობის შესრულების მიმდინარეობის თაობაზე, შესაბამისი ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებიდან 20 თვეში და შემდგომ ყოველ 12 თვეში ერთხელ, სამინისტროსთვის წარედგინა ,,ზ” ქვეპუნქტში მითითებული ერთ-ერთი აუდიტორული კომპანიის მიერ მომზადებული აუდიტორული დასკვნა;
ი) ამ ხელშეკრულების 2.1 პუნქტის ,,დ” ქვეპუნქტში გათვალისწინებული საპრივატიზებო პირობის უზრუნველსაყოფად, მშენებლობის დაწყებამდე, წარედგინა არანაკლებ 15.000.000 აშშ დოლარის უპირობო და გამოუხმობადი საბანკო გარანტია 350.000.000 აშშ დოლარის ინვესტიციის განხორციელების თაობაზე, ამავე პუნქტის ,,ზ” ქვეპუნქტში მითითებული ერთ-ერთი აუდიტორული კომპანიის მიერ მომზადებული აუდიტორული დასკვნისა და აღნიშნული ინვესტიციის სამინისტროს მიერ დადასტურებამდე, 2010 წლის 1 სექტემბრიდან არანაკლებ 13 თვის ვადით;
კ) ამ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების თაობაზე წელიწადში ერთხელ ან გამყიდველის მოთხოვნისთანავე ინფორმაცია წარედგინა გამყიდველისათვის.
ამავე ხელშეკრულების 2.4 პუნქტით განისაზღვრა, რომ ნაკისრი ვალდებულებები შესრულებულად ითვლებოდა სამინისტროს მიერ მათი დადასტურების შემდეგ; ხოლო 2.5 პუნქტით დადგინდა, რომ დადასტურებას გამყიდველი განახორციელებდა მყიდველის მიერ წარდგენილი, შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტების გათვალისწინებით.
ხელშეკრულების 3.4 პუნქტის თანახმად, მყიდველი ვალდებული იყო - საკუთრების უფლების საჯარო რეესტრში რეგისტრაციისას ასევე დაერეგისტრირებინა ამ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები და აღნიშნულის თაობაზე ერთი კვირის ვადაში ეცნობებინა გამყიდველისათვის.
ხელშეკრულების მე-4 მუხლით გათვალისწინებულ იქნა პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულება, სახელშეკრულებო ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის, კერძოდ:
- ხელშეკრულების 2.1 პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტთან დაკავშირებით: გადაუხდელი თანხის 0,1%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე;
- ხელშეკრულების 2.1 პუნქტის ,,ბ” ქვეპუნქტთან დაკავშირებით: 1000 ლარის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე;
- ხელშეკრულების 2.1 პუნქტის ,,გ” ქვეპუნქტთან დაკავშირებით: 50000 აშშ დოლარის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ თვეზე (მათ შორის - არასრულზე), თითოეული ქვეპუნქტისათვის;
- ხელშეკრულების 2.1 პუნქტის ,,დ” ქვეპუნქტთან დაკავშირებით: მყიდველი ჯარიმდებოდა თითოეულ ეტაპზე (წლების მიხედვით) დარჩენილი განსახორციელებელი ინვესტიციის 0,1%-ის ოდენობით დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე;
- ხელშეკრულების 2.1 პუნქტის ,,ე” და ,,ვ” ქვეპუნქტებთან დაკავშირებით: მყიდველი ჯარიმდებოდა თითოეული ადამიანის დაუსაქმებლობისათვის 100 ლარის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე;
- ხელშეკრულების 2.1 პუნქტის ,,ზ” და ,,თ” ქვეპუნქტთან დაკავშირებით: 1000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, თითოეული ქვეპუნქტისათვის;
- ხელშეკრულების 2.1 პუნქტის ,,ი” ქვეპუნქტთან დაკავშირებით: წარმოუდგენელი საბანკო გარანტიის თანხის 0,01%-ის ოდენობით დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
- ხელშეკრულების 2.1 პუნქტის ,,კ” ქვეპუნქტთან დაკავშირებით: 250 ლარის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე;
- ხელშეკრულების 3.4 პუნქტთან დაკავშირებით: 250 ლარის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
ხელშეკრულების 4.4 პუნქტის თანახმად ნაკისრი ვალდებულებების დამატებით ვადაში, ან განმეორებითი შეუსრულებლობის და/ან დაწესებულ ვადაში
პირგასამტეხლოს გადაუხდელობის შემთხვევაში გამყიდველს ენიჭებოდა ხელშეკრულების ცალმხრივად მოშლის უფლება.
ხელშეკრულების 4.5 პუნქტის თანახმად მყიდველის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების დარღვევის შედეგად გამყიდველის მიერ ხელშეკრულების მოშლის შემთხვევაში ხელშეკრულების შეწყვეტისას მყიდველს არ უბრუნდება მის მიერ გადახდილი საპრივატიზებო და სხვა თანხები და არ აუნაზღაურდება გაწეული დანახარჯები.
აღსანიშნავია, რომ ხელშეკრულება სახელმწიფოს სხვა ვალდებულებებს, გარდა მიწის ნაკვეთების გადაცემისა, არ ითვალისწინებდა.
2) შპს ,,ა. პ-მა” ნასყიდობის ფასი გადაიხადა სრულად (იხ: ტ.1,ს.ფ.226), რის შემდგომაც მასზე 2010 წლის 5 მაისს გაიცა საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა №1915-პ (იხ: ტ.1,ს.ფ.189). უდავოა ის გარემოება, რომ მყიდველს, თავდაპირველი რეგისტრაციის განხორციელებისას, სახელშეკრულებო ვალდებულებები საჯარო რეესტრში არ დაურეგისტრირებია.
3) 2010 წლის 31 აგვისტოს შპს ,,ა.–პ-მა“ წერილობით მიმართა სამინისტროს, საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულს და აცნობა შემდეგი: კვანძის მშენებლობა იწყებოდა 2010 წლის 1 სექტემბერს; კვანძის მშენებლობის დაწყება საჭირო დაფინანსებით უზრუნველყოფილი იყო; მშენებლობასთან დაკავშირებით შესრულებული იყო საპროექტო დოკუმენტაცია; მშენებლობის ოფიციალური გახსნის თარიღზე ითხოვდა კონსულტაციებს და შეთანხმებას; მშენებლობის ოფიციალური გახსნის თარიღი სამინისტროს ეცნობებოდა დამატებით (იხ: ტ.2,ს.ფ.82-87).
სამინისტროსადმი მიმართვას არ ერთვოდა მშენებლობის დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტები. სამინისტროს არ დაუდასტურებია მშენებლობის (მათ შორის - ხელშეკრულების 2.1 პუნქტის ,,გ.ვ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული ობიექტის) დაწყების ფაქტი.
სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა იმის თაობაზე, რომ მოპასუხის მიერ მშენებლობის დაწყებას ვერ დაადასტურებს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ოფიციალურ ვებ-გვერდზე 2010 წლის 3 სექტემბერს განთავსებული ინფორმაცია, სადაც გაშუქებულია საქართველოს პრეზიდენტის შეხვედრა საქართველოს პარლამენტის წევრებთან ა.ში (იხ:ტ.2,ს.ფ.120-128; ს.ფ.151-152), რადგან ეს ინფორმაცია ვერ მიიჩნევა მხარეთა შეთანხმების თანახმად განსაზღვრულ ,,შესაბამის დოკუმენტაციად”, რაშიც მოიაზრებოდა საპროექტო დოკუმენტაცია, შესაბამისი შეთანხმებები, თანხის გადახდის ქვითრები, სამშენებლო ორგანიზაციებთან ან ფიზიკურ პირებთან გაფორმებული ხელშეკრულებები და ა.შ.
4) სამინისტრომ, 2010 წლის 9 აგვისტოს №20/585 წერილით, შპს ,,ა. პ-ს” შეახსენა ხელშეკრულების 2.1. მუხლის ,,ი“ ქვეპუნქტით (საბანკო გარანტია) და 2.1. მუხლის ,,გ.ვ.“ ქვეპუნქტით (11 სართულიანი სასტუმროს მშენებლობის დაწყება) გათვალისწინებული ვალდებულებები (იხ: ტ.1,ს.ფ.98).
5) სამინისტრომ, 2010 წლის 10 სექტემბრის №20/2182/6-10 წერილით, შპს ,,ა. პ-ს” მოსთხოვა 2010 წლის 17 თებერვლის ხელშეკრულების 2.1 პუნქტის ,,ი” ქვეპუნქტითა და 3.4 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების თაობაზე ინფორმაციის წარდგენა, აგრეთვე - პირგასამტეხლოს გადახდა ამ ვალდებულებათა დარღვევის გამო (იხ: ტ.1, ს.ფ.96). ამ ვალდებულებების შეუსრულებლობასთან დაკავშირებით წერილობითი ინფორმაცია და მოთხოვნები მოპასუხეს წარედგინა აგრეთვე სამინისტროს 2010 წლის 18 ნოემბრის №04/1124 წერილით (იხ: ტ.1,ს.ფ.99-100) და 2010 წლის 14 დეკემბრის №04/2849 წერილით (იხ: ტ.1,ს.ფ.101-102), რომლითაც მყიდველს დაენიშნა 10-დღიანი ვადა ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისათვის, შესრულებასთან დაკავშირებული დეტალური ინფორმაციის წარდგენისა და პირგასამტეხლოს გადახდისათვის, თუმცა - უშედეგოდ.
6) შპს ,,ა. პ-მა”, 2012 წლის 17 აგვისტოს წარდგენილი შესაგებლით, სარჩელი ნაწილობრივ ცნო და ხელშეკრულების 2.1 მუხლის ,,ი“ ქვეპუნქტით (საბანკო გარანტიის წარდგენა) და 3.4. მუხლით (ვალდებულებების საჯარო რეესტრში რეგისტრაცია) გათვალისწინებული პირობების შეუსრულებლობა აღიარა (იხ: ტ.1,ს.ფ.61-72), რის გამოც მას, პირგასამტეხლოს სახით, გადახდილი აქვს შემდეგი თანხები: ა) საბანკო გარანტიის წარუდგენლობისათვის, 2010 წლის 1 სექტემბრიდან 2010 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდისთვის - 321714 ლარის ოდენობით, რაც შეადგენს 183.000 აშშ დოლარის ეკვივალენტს (იხ: ტ.1,ს.ფ.92, 94); ბ) საჯარო რეესტრში ვალდებულებების დაურეგისტრირებლობის გამო, 2010 წლის 12 მაისიდან 2010 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდისათვის - 58250 ლარი (იხ: ტ.1,ს.ფ.93).
შპს ,,ა. პ-მა”, შემდგომში წარდგენილი შესაგებლებით (იხ: ტ.1,ს.ფ.168-168; ტ.2,ს.ფ.20-32), შეიცვალა პოზიცია და სარჩელი არ ცნო. აღსანიშნავია, რომ საქმის მასალებით არ დგინდება მოპასუხის წარმომადგენლების მიერ სასამართლო სხდომაზე მითითებული იმგვარი საფრთხის (იძულება, მუქარა, სხვა საშიშროება) არსებობა, რომელმაც ეს აღიარება განაპირობა მოპასუხის ნების არარსებობის პირობებში. პირიქით, სარჩელის აღძვრამდე არსებულ წერილობით მიმოწერაში, მხარეები აფიქსირებდნენ ურთიერთპატივისცემას და სახელშეკრულებო ურთიერთობებში ნებაყოფლობით მონაწილეობას.
7) სამინისტროს 2011 წლის 24 მარტის №1–1/427 ბრძანებით ცალმხრივად მოიშალა ხელშეკრულება შპს ,,ა. პ-ან“ (იხ: ტ.1,ს.ფ.103-104).
8) უდავოა, რომ ხელშეკრულების ცალმხრივად მოშლა მოპასუხეს არ გაუსაჩივრებია და არც ხელშეკრულების განახლება მოუთხოვია; ხელშეკრულების მოშლის შემდეგ პირგასამტეხლო არ გადაუხდია, ნაკისრი ვალდებულებები არ შეუსრულებია.
13
9) სამინისტროს 2011 წლის 20 აპრილის №1–1/635 ბრძანებით (იხ: ტ.1,ს.ფ.97) ძალადაკარგულად გამოცხადდა სამინისტროს 2011 წლის 24 მარტის №1–1/427 ბრძანება. სამინისტრომ ცალხრივად განახორციელა მოპასუხის საკუთრების რეგისტრაციის აღდგენისთვის საჭირო პროცედურები (იხ: ტ.2,ს.ფ.47-49).
10) სამინისტროს 2012 წლის 4 ივნისის №1–1/1276 ბრძანებით შეწყდა 2010 წლის 17 თებერვლის ნასყიდობის ხელშეკრულება (იხ: ტ.1,ს.ფ.52), რის შემდეგაც მიწის ნაკვეთები ისევ დარეგისტრირდა სახელმწიფო საკუთრებად საჯარო რეესტრში.
11) შპს ,,ა. პ-ის“ 2010 წლის 17 თებერვლის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე გადაცემულ მიწის ნაკვეთებზე ფაქტიურად ფიქსირდება შემდეგი შენობა-ნაგებობები: იუსტიციის სახლი დამხმარე ნაგებობით, ახალგაზრდული ბანაკის ტერიტორიაზე განთავსებული ძირითადი და დამხმარე შენობა-ნაგებობები, წყალსაქაჩი სადგურის ტერიტორიაზე განთავსებული საოპერატორო და სატრანსფორმატორო ჯიხური (იხ: სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტიზის 10.01.2013წ. №000049613 დასკვნა - ტ.2,ს.ფ.1-9). ამ ნაგებობებთან დაკავშირებით მშენებლობის ნებართვები გაცემული არ არის (იხ: ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის 16.01.2013წ. №10-1/54 და 09.01.2013წ. №08 წერილები; - ტ.2,ს.ფ.33-34); ეს შენობები საჯარო რეესტრში რეგისტრირებული არ არის (იხ: სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 25.01.2013წ. №11617 წერილი - ტ.2,ს.ფ.47-49). თუმცა, მოპასუხეს, ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში, არ დაუფიქსირებია არცერთი პრეტენზია ამ საკითხზე.
12) 2013 წლის 22 თებერვალს, ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მთავარ სხდომაზე, სააგენტომ იშუამდგომლა - საქმეს მტკიცებულებების სახით დართვოდა: ა) სამინისტროს 2011 წლის 8 აპრილის №04/7144 წერილი, სარჩელი, წერილობითი კორესპონდენციის ნუსხა და ხელშეკრულება, რომლითაც დასტურდებოდა, რომ შპს ,,ა. პ-ს” ჩაბარდა სამინისტროს 2011 წლის 24 მარტისა და 20 აპრილის ბრძანებები; ბ) სამინისტროს 2011 წლის 11 მაისის წერილი (იხ: ტ.2,ს.ფ.200).
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 22 თებერვლის განჩინებით შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა (იხ: სხდომის ოქმი - 14:13:33 სთ, ტ.2,ს.ფ.193-198), იმ მოტივით, რომ იგი წარდგენილი იყო დაგვიანებით, სასამართლოს მთავარ სხდომაზე, ისე, რომ მოსარჩელეს არ მიუთითებია მისი წარუდგენლობის საპატიო მიზეზებზე.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო საჩივრის ფარგლებში მოწმდება პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საქმის განხილვისას გამოტანილი განჩინება მტკიცებულებათა მიღებაზე უარის თქმის თაობაზე და საქმეზე გამოტანილი შემაჯამებელი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 29 აპრილის განჩინებით სააგენტოსა და თეიმურაზ ქარჩავას სააპელაციო საჩივრები განსჯადობით განსახილველად გადმოეცა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას, იმ მოტივით, რომ 2010 წლის 17 თებერვლის ნასყიდობის ხელშეკრულება არ წარმოადგენს ადმინისტრაციულ ხელშეკრულებას და მის შესრულებასთან დაკავშირებული დავა განხილულ უნდა იქნეს სამოქალაქო სამართალწარმოების წესით.
სამოქალაქო საქმეთა პალატას განსჯადობა სადავოდ არ გაუხდია, მიიღო სააპელაციო საჩივრები და განიხილა არსებითად. ამდენად, სამოქალაქო საქმეთა პალატამ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ, დავის გადაწყვეტისას, გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, კერძოდ - საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ნორმები, რომლებიც შეეხება ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებას, შესრულებასა და შეწყვეტას. აღნიშნული მოქმედება ქმნის საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ საფუძვლებს იმისათვის, რომ გადაწყვეტილება ჩაითვალოს კანონის დარღვევით გამოტანილად.
პალატამ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მე-2 ნაწილზე მითითებით აღნიშნა, რომ სააგენტოს წარმომადგენელმა ახალ მტკიცებულებათა წარდგენის თაობაზე შუამდგომლობა პირველი ინსტანციის სასამართლოს განუცხადა მთავარ სხდომაზე; ამასთან, მას, შესაბამის საპატიო მიზეზებზე მითითებითა და მათი დამტკიცებით, არ დაუსაბუთებია ის, რომ შეუძლებელი იყო ამ მტკიცებულებათა წარდგენა საქმის მომზადების სტადიაზე. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 22 თებერვლის განჩინება მტკიცებულებათა მიღებაზე უარის თქმის თაობაზე კანონიერი იყო და არ არსებობდა მისი გაუქმების საფუძველი
სააპელაციო სასამართლოს მითითებით, მხარეთა შორის ძირითად სადავო საკითხს წარმოადგენს ის, თუ როდის შეწყდა მათ შორის სახელშეკრულებო ურთიერთობა: 2011 წლის 24 მარტს, თუ - 2012 წლის 4 ივნისს. ამ საკითხის სწორ სამართლებრივ შეფასებაზეა დამოკიდებული იმის განსაზღვრა, თუ კონკრეტულად რომელი სახელშეკრულებო ვალდებულებების შესრულების ვადა იყო დამდგარი ხელშეკრულების მოშლის მომენტისათვის და რა ოდენობით უნდა დაეკისროს შპს ,,ა. პ-ს” პირგასამტეხლო.
სააპელაციო სასამართლო, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტის შესაბამისად, დაეტანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს სამართლებრივ დასკვნებს (გარდა საქმის გადაწყვეტისას ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობის ნორმების გამოყენებისა და 2010 წლის 17 თებერვლის ხელშეკრულების 2.1 პუნქტის ,,გ.ვ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობასთან დაკავშირებული დასკვნისა) და ამასთან, დამატებით განმარტა შემდეგი:
სწორია პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა იმის თაობაზე, რომ 2011 წლის 24 მარტს სამინისტროს მიერ 2010 წლის 17 თებერვლის ხელშეკრულების მოშლის შემდგომ გამოცემული, 2011 წლის 20 აპრილის №1–1/635 ბრძანება წარმოადგენდა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 329-ე მუხლით გათვალისწინებულ წინადადებას ხელშეკრულების დადების შესახებ (ოფერტი), რასაც თანხმობა (აქცეპტი) შპს ,,ა. პ-ან”, კანონით დადგენილი ფორმით, არ მოჰყოლია.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. იმავე კოდექსის 323-ე მუხლის თანახმად კი, ხელშეკრულება, რომლითაც ერთი მხარე იღებს ვალდებულებას, უძრავ ნივთზე საკუთრება გადასცეს სხვას ან შეიძინოს იგი, მოითხოვს წერილობით ფორმას; ხოლო 328-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად თუ კანონით ხელშეკრულების ნამდვილობისათვის დადგენილია განსაზღვრული ფორმა, ან მხარეებმა ხელშეკრულებისათვის გაითვალისწინეს ასეთი ფორმა, მაშინ ხელშეკრულება ძალაში შედის მხოლოდ ამ ფორმის შესახებ მოთხოვნის შესრულების შემდეგ.
ამდენად, 2011 წლის 24 მარტს დასრულდა რა 2010 წლის 17 თებერვლის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე წარმოშობილი ურთიერთობა, სამინისტროსა და შპს ,,ა. პ-ს” თუ სურდათ იმავე პირობებით სახელშეკრულებო ურთიერთობის გაგრძელება, მათ, წერილობითი ფორმით, უნდა დაედოთ ახალი ხელშეკრულება უძრავი ქონების ნასყიდობასთან დაკავშირებით, რაც არ განხორციელებულა. დამატებით აღსანიშნავია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 418-ე მუხლის მე-2 ნაწილის ნორმაც, რომლის თანახმადაც სავალდებულოა ასევე წერილობითი ფორმა პირგასამტეხლოზე შეთანხმებისათვის.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ 2011 წლის 24 მარტის შემდგომ სამინისტროსა და შპს ,,ა. პ-ს” შორის სახელშეკრულებო ურთიერთობა 2010 წლის 17 თებერვლის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე აღარ გაგრძელებულა. შესაბამისად, შპს ,,ა. პ-ის” მიერ სამინისტროს წინაშე ვალდებულებების შესრულების გარემოებები უნდა შეფასდეს სწორედ 2011 წლის 24 მარტის მდგომარეობით.
პალატამ იხელომზღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლით და განმარტა, რომ მოცემულ შემთხვევაში, მხარეთა შეთანხმებით, შესაბამისი ფორმით, 2011 წლის 24 მარტის ჩათვლით პერიოდისათვის, დაწესებული იყო პირგასამტეხლოს გადახდა ვალდებულების შეუსრულებლობისათვის, ან არაჯეროვანი შესრულებისათვის. ამასთან, სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა ხელშეკრულების 4.5 პუნქტზე, რომლის თანახმადაც, მყიდველის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების დარღვევის შედეგად გამყიდველის მიერ ხელშეკრულების მოშლის შემთხვევაში ხელშეკრულების შეწყვეტისას მყიდველს არ უბრუნდება მის მიერ გადახდილი საპრივატიზებო და სხვა თანხები და არ აუნაზღაურდება გაწეული დანახარჯები. საპრივატიზებო თანხაში იგულისხმება მყიდველის მიერ გადახდილი ნასყიდობის ფასიც - 6.340.445 ლარი, რომელსაც მყიდველი ვერ დაიბრუნებდა მისი ბრალით ხელშეკრულების მოშლის შემთხვევაში. ამდენად, მიუხედავად იმისა, რომ ეს თანხა ხელშეკრულებაში პირდაპირ არ არის მოხსენიებული პირგასამტეხლოდ, სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ეს თანხაც ასრულებდა პირგასამტეხლოს ფუნქციას ხელშეკრულების მოშლის შემთხვევაში.
სააპელაციო სასამართლო, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნას იმის თაობაზე, რომ 2011 წლის 24 მარტისათვის 2010 წლის 17 თებერვლის ნასყიდობის ხელშეკრულების 2.1 პუნქტის ,,გ” (გარდა ,,გ.ვ” ქვეპუნქტით), ,,დ”, ,,ე”, ,,ვ”, ,,ზ” და ,,თ” ქვეპუნქტებით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულების ვადა არ იყო დამდგარი; შესაბამისად, ამ ვალდებულებათა შეუსრულებლობის გამო მოპასუხეს პირგასამტეხლოს გადახდა ვერ დაეკისრებოდა.
სააპელაციო სასამართლო ასევე დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნებს ხელშეკრულების 2.1 პუნქტის ,,ბ” და ,,ი” ქვეპუნქტებით, აგრეთვე - 3.4 პუნქტით გათვალისწინებულ ვალდებულებათა შეუსრულებლობის შესახებ, კერძოდ:
ა) ხელშეკრულების 2.1 პუნქტის ,,ბ” ქვეპუნქტის თანახმად ა. ს-ს-ო კვანძის მშენებლობა შპს ,,ა. პ-ს” უნდა დაეწყო 2010 წლის 1 სექტემბერს და ეს ფაქტი უნდა დაედასტურებინა სამინისტროს, რაც არ განხორციელებულა. შესაბამისად, 2010 წლის 1 სექტემბრიდან 2011 წლის 24 მარტის ჩათვლით გასული იყო 205 დღე; თითოეული ვადაგადაცილებული დღისათვის კი ხელშეკრულება ითვალისწინებდა 1000 ლარის გადახდას; ამდენად, არსებობდა საფუძველი შპს ,,ა. პ-ის” 205000 ლარის გადახდის დაკისრებისათვის;
ბ) ხელშეკრულების 2.1 პუნქტის ,,ი” ქვეპუნქტის თანახმად შპს ,,ა. პ-ს” 2010 წლის 1 სექტემბრამდე უნდა წარედგინა საბანკო გარანტია, რაც არ მომხდარა. შესაბამისად, 2010 წლის 1 სექტემბრიდან 2011 წლის 24 მარტის ჩათვლით გასული იყო 205 დღე; საერთო ჯამში, პირგასამტეხლოს ოდენობა ამ პერიოდისთვის შეადგენს: 205 დღე X 1500 აშშ დოლარზე = 307.500 აშშ დოლარს, რასაც უნდა გამოაკლდეს შპს ,,ა. პ-ის” მიერ 2010 წლის 23 დეკემბერს გადახდილი 183.000 აშშ დოლარი. საბოლოოდ, გადასახდელი დარჩა 124.500 აშშ დოლარი;
გ) ხელშეკრულების 3.4 პუნქტის თანახმად შპს ,,ა. პ-ს” საჯარო რეესტრში საკუთრების უფლების რეგისტრაციისას ასევე უნდა დაერეგისტრირებინა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები, რაც განახორციელა დაგვიანებით; 2010 წლის 12 მაისიდან 2010 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდისათვის მან გადაიხადა პირგასამტეხლო 58.250 ლარის ოდენობით, თუმცა - ამის შემდგომაც 59 დღის განმავლობაში არ განუხორციელებია ვალდებულებათა რეგისტრაცია საჯარო რეესტრში. შესაბამისად, მას გადასახდელად შეიძლებოდა დაკისრებოდა: 59 დღე X 250 ლარზე = 14750 ლარი.
სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ 2010 წლის 1 ნოემბერს უკვე სახეზე იყო მყიდველის მხრიდან ხელშეკრულების 2.1 პუნქტის ,,გ.ვ” ქვეპუნქტის დარღვევის ფაქტი: შპს ,,ა. პ-ს” სწორედ 2010 წლის 1 ნოემბრამდე უნდა აეშენებინა არანაკლებ 11-სართულიანი სასტუმროს გარე მზიდი კედლები და შიდა ხისტი ბირთვი, რაც, იმავე ხელშეკრულების 2.4 და 2.5 პუნქტების თანახმად, უნდა დაედასტურებინა სამინისტროს, შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტების გათვალისწინებით. დადგენილია, რომ სამინისტროს ა. ს-ს-ო კვანძის მშენებლობის დაწყება (მათ შორის - არც ხელშეკრულების 2.1 პუნქტის ,,გ.ვ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული ობიექტისა) არ დაუდასტურებია. ამდენად, არსებობდა პირგასამტეხლოს დაკისრების ცალკე, დამოუკიდებელი მატერიალურ-სამართლებრივი საფუძვლები შპს ,,ა. პ-ის”, ხელშეკრულების 2.1 პუნქტის ,,გ.ვ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობის გამო.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. საქმის გარემოებები, მოცემულ შემთხვევაში, ასეთია: შპს ,,ა. პ-მა”, პირგასამტეხლოს სახით, დაკარგა 6.340.445 ლარი, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილებით მას დაეკისრა 124.500 აშშ დოლარის (ექვივალენტი ეროვნულ ვალუტაში) და 219.750 ლარის გადახდა. ასეთ პირობებში, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ გონივრული იქნებოდა, თუ ამ თანხებით შემოიფარგლებოდა შპს ,,ა. პ-ის” პასუხისმგებლობა 2010 წლის 17 თებერვლის ნაყიდობის ხელშეკრულებიდან (მათ შორის - 2.1 პუნქტის ,,გ.ვ” ქვეპუნქტიდან) გამომდინარე ვალდებულებათა დარღვევის გამო; გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დაკისრებული პირგასამტეხლოს თანხის გაზრდა, ცალკე 2.1 პუნქტის ,,გ.ვ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების დარღვევის გამო პირგასამტეხლოს დაკისრებით, მიზანშეწონილი აღარ იყო.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 17 სექტემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ორივე მხარემ.
სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ“ საკასაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება შემდეგი საფუძვლებით:
კასატორის განმარტებით, სასამართლო გადაწყვეტილების დასაბუთებაში უთითებს, რომ 2011 წლის 24 მარტს სამინისტროს მიერ 2010 წლის 17 თებერვლის ხელშეკრულების მოშლის შემდგომ გამოცემული, 2011 წლის 20 აპრილის №1-1/635 ბრძანება წარმოადგენდა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 329-ე მუხლით გათვალისწინებულ წინადადებას ხელშეკრულების დადების შესახებ (ოფერტი), რასაც თანხმობა (აქცეპტი) შპს „ა. პ-ან“ კანონით დადგენილი ფორმით არ მოჰყოლია. სასამართლოს მსჯელობას სააგენტო ვერ დაეთანხმება იმ მოტივით, რომ შპს „ა. პ-ი“ 2011 წლის 12 აგვისტოს №69 და 2011 წლის 19 აგვისტოს №71 წერილებით, ითხოვს საურავებისა და ჯარიმების დარიცხვის ვადის გადაწევას ერთი წლით – 2012 წლის 01 სექტემბრამდე, რაც ნათლად მიუთითებს იმ ფაქტზე, რომ შპს „ა. პ-ის“ ხელშეკრულების აღდგენის თაობაზე ცნობილი იყო. ამდენად, მხარემ ოფერტი მიიღო უსიტყვოდ და ყოველგვარი შენიშვნების გარეშე იმ სახით, რა სახითაც გამოხატული იყო. ამასთან, საქართელოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ სამინისტროს 2011 წლის 24 მარტის №1-1/427 ბრძანების საფუძველზე, 2011 წლის აპრილში შეტანილი იქნა სარჩელი ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში შპს „ა. პ-ის მიმართ“ პირგასამტეხლოს თანხის დაკისრების თაობაზე რაც, ბუნებრივია მოპასუხე მხარისათვის ცნობილი იყო. სასამართლომ არასწორი შეფასება მისცა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 20 აპრილის №1-1/635 ბრძანებას, ვინაიდან ცალსახაა, რომ აღნიშნული აქტით მხარეთა შორის სახელშეკულებო ურთიერთობა აღდგენილ იქნა.
კასატორის არ ეთანხმება სასამართლოს მოტივაციას იმ ნაწილში, სადაც იგი იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსაზრებას, რომ 2011 წლის 24 მარტისათვის არ დამდგარა სადავო ხელშეკრულების 2.1 მუხლის „გ“, „დ“, „ე“, „ზ“, „თ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულების ვადა და შესაბამისად მოპასუხეს არ აკისრებს პირგასამტეხლოს თანხას, ვინაიდან, ხელშეკრულების მე-2 მუხლის, 2ბ1 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტში გაწერილია, რომ „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საპრივატიზებო პირობების შესრულების მიზნით 2010 წლის 1 სექტემბრიდან 6 წლის ვადაში არანაკლებ 5 000 000 000 აშშ დოლარის ინვესტიციის განხორციელება ეტაპობრივად: პირველ წელს – 350 000 000 აშშ დოლარის, მეორე წელს – 700 000 000 აშშ დოლარის და ა.შ. აღნიშნული პირობების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების გამოვლენის შემთხვევაში მყიდველს ეკისრება ჯარიმა თითოეულ ეტაპზე (წლების მიხედვით) დარჩენილი განსახორციელებელი ინვესტიციის 0,1% ოდენობით. დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. მოცემულ შემთხვევაში, პირველი წლის (2011 წლის 01 სექტემბერი) ვალდებულების დარღვევის გამო მყიდველისთვის დაკისრებული პირგასამტეხლო შეადგენს 97 300 000 აშშ დოლაის ექვივალენტს ლარში (დარღვევის პერიოდი – 278 დღე, 2011 წლის 01 სექტემბერი – 2012 წლის 04 ივნისი).
კასატორი ასევე, არ ეთანხმება სასამართლოს მოტივაციას ნასყიდობის ხელშეკრულების 2.1 პუნქტის, „ე“ ქვეპუნქტთან მიმართებაში, ვინაიდან, მისი მოსაზრებით, აღნიშნული ქვეპუნქტით მყიდველმა იკისრა ვალდებულება სატვირთო-სატრანსპორტო კვანძის აშენების (შესაბამისი ობიექტის) მშენებლობაზე პირველ წელს დაესაქმებინა (2011 წლის 1 სექტემბერი) არანაკლებ 3500, მეორე წელს არანაკლებ 8 000, მესამე წელს არანაკლებ 15 000 და ა.შ. ადამიანი. აღნიშნული ვალდებულების დარღვევისათვის, გათალისწინებულია ჯარიმა თითოეული ადამიანის დაუსაქმებლობისათვის 100 ლარის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ თვეზე, რამაც შეადგინა 3 150 000 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში. (დარღვევის პერიოდი – 278 დღე (9 თვე),2011 წლის 01 სექტემბერი – 2012 წლის 04 ივნისი).
კასატორის აზრით, როგორც პირველი ინსტანციის სასამართლომ, ასევე სააპელაციო სასამართლომ უგულებელყო ხელშეკრულების 2.1 პუნქტის „ზ“ და „თ“ ქვეპუნქტები, რომლის თანახმად, საპრივატიზებო პირობების შესრულების მიმდინარეობის თაობაზე მყიდველს ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებიდან (20 თვეში) და შემდეგ ყოველ 12 თვეში ერთხელ სამინისტროსთვის უნდა წარედგინა აუდიტორული დასკვნა. აღნიშნული ვალდებულების დარღვევისათვის ხელშეკრულების 4ბ1 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულია პირგასამტეხლო 1000 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. ვინაიდან მყიდველს ხელშეკრულებით ნაკისრი ეს ვალდებულება არ შეუსრულებია, ხელშეკულების შეწყვეტის დროისათვის მასზე დაკისრებული პირგასამტეხლოს ოდენობამ შეადგინა 231 000 აშშ დოლარის ექვივალდენტი ლარში, (დარღვევის პერიოდი – 231 დღე, 2011 წლის 18 ოქტომბერი – 2012 წლის 04 ივნისი).
კასატორის აზრით, არასწორია სასამართლოს განმარტება ხელშეკრულების 2.1 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტის მიმართაც, ვინაიდან, მითითებული ქვეპუნქტის თანახმად, მყიდველმა იკისრა ვალდებულება საპრივატიზებო პირობის უზრუნველსაყოფად, მშენებლობის დაწყებამდე (2010 წლის 01 სექტემბერი) წარმოედგინა არანაკლებ 15 000 000 აშშ დოლარის ოდენობის უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია 35 000 000 აშშ დოლარის ინვესტიციის განხორციელების თაობაზე. აღნიშნული ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების გამო, ხელშეკრულების 4.1 პუნქტის, „ზ“ ქვეპუნქტით მყიდველს ეკისრება პირგასამტეხლო საბანკო გარანტიის თანხის 0,01% ოდენობით (1500 აშშ დოლარი) დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, მყიდველზე დაკისრებული პირგასამტეხლო შეადგენს 964 500 აშშ დოლარის ექვივალენტს ლარში, (დარღვევის პერიოდი – 2011 წლის 01 სექტემბერი – 2012 წლის 04 ივნისი.
არასწორია სასამართლოს განმარტება ხელშეკრულების 2.1 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტის მიმართაც, ვინაიდან, მითითებული ქვეპუნქტის თანახმად, მყიდველმა იკისრა ვალდებულება საპრივატიზებო პირობის უზრუნველსაყოფად, მშენებლობის დაწყებამდე (2010 წლის 01 სექტემბერი) წარმოედგინა არანაკლებ 15 000 000 აშშ დოლარის ოდენობის უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია 35 000 000 აშშ დოლარის ინვეტიციის განხორციელების თაობაზე. აღნიშნული ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების გამო, ხელშეკრულების 4.1 პუნქტის, „ზ“ ქვეპუნქტით მყიდველს ეკისრება პირგასამტეხლო საბანკო გარანტიის თანხის 0,01% ოდენობით (1500 აშშ დოლარი) დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. აღნიშნულიდან გამომდინარე მყიდველზე დაკისრებული პირგასამტეხლო შეადგენს 964 500 აშშ დოლარის ექვივალენტს ლარში, (დარღვევის პერიოდი – 2011 წლის 01 სექტემბერი – 2012 წლის 04 ივნისი).
კასატორის არ ეთანხმება სასამართლოს მოსაზრებას ხელშეკრულების 2.1 პუნქტის „ბ“ქვეპუნქტიდან გამომდინარე, ვინაიდან, მითითებული ქვეპუნქტის თანახმად, მყიდველმა იკისრა ვალდებულება დაეწყო ა. ს-ს-ო კვანძის მშენებლობა 2010 წლის 01 სექტემბერს. აღნიშნული ვალდებულების დარღვევისათვის ხელშეკრულების 4.1 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირგასამტეხლო შეადგენს 1000 ლარს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. მყიდველს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება არ შეუსრულებია და პირგასამტეხლოს ოდენობამ შეადგინა 643 000 ლარი, (დარღვევის პერიოდი – 643 დღე, 2010 წლის 1 სექტემბერი – 2012 წლის 04 ივნისი).
ასევე, კასატორის განმარტებით, სასამართლომ მოპასუხეს პირგასამტეხლო არ დააკისრა ხელშეკრულების 2.1 პუნქტის „გ“, „ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ვალდებულების დარღვევისათვის, კერძოდ, ამ ქვეპუნქტის თანახმად, 2010 წლის 1 სექტემბრიდან არაუგვიანეს 6 წლის ვადაში უნდა უზრუნველყო ხელშეკრულებით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთებზე ა. ს-ს-ო კვანძის მშენებლობა, რომლის შემადგენლობაშიც უნდა შესულიყო არანაკლებ 11- სართულიანი სასტუმრო, რომლის აშენების გრაფიკი განისაზღვრა შემდეგნაირად: 2010 წლის 01 ნოემბრამდე გარე მზიდი კედლებისა და შიდა ხისტი ბირთვის აშენება, ხოლო ხელშეკრულების გაფორმებიდან 2 წლის განმავლობაში სასტუმროს მშენებლობის დასრულება და ექსპლუატაციაში შეყვანა. აღნიშნული ვალდებულების დარღვევის შემხთვევაშიმ, ხელშეკრულების 4.1 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულია პირგასამტეხლო 50 000 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში ყოველ ვადაგადაცილებულ თვეზე. პირგასამტეხლომ შეადგინა 1 000 000 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში, (დარღვევის პერიოდი – 2011 წლის 01 სექტემბერი – 2012 წლის 04 ივნისი).
ნასყიდობის ხელშეკრულების 3.4 პუნქტის თანახმად, მყიდველმა იკისრა ვალდებულება ქონებაზე საკუთრების უფლების საჯარო რეესტრში რეგისტრაციისას დაერეგისტრირებინა, ასევე ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები. აღნიშნული ვალდებულების შეუსრულებლობის გამო, ხელშეკრულების 4.1 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს ოდენობა შეადგენს 250 ლარს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. პირგასამტეხლოს თანხამ შეადგინა 14750 ლარი, (დაანგარიშების პერიოდი 2011 წლის 01 იანვარი- 2011 წლის 28 თებერვალი). მითითებული პუნქტებისა და ქვეპუნქტების შესაბამისად, სააგენტოს მიაჩნია, რომ მოწინააღმდეგე მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულებები ექვემდებარება შესრულებას 2010 წლის 01 სექტემბრიდან – 2012 წლის 04 ივნისის პერიოდზე. სააგენტოს მიაჩნია, რომ ყოველივე ზემოაღნიშნული სასამართლოს მიერ შეფასებული იქნა არასწორად, რაც გახდა სასამართლოს მიერ მიღებული უკანონო გადაწყვეტილების გამოტანის საფუძველი.
ყოველივე ზმოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მოწინააღმდეგე მხარეს არ დააკისრა იმ ოდენობის პირგასამტეხლო, რა ოდენობასაც ითვალისწინებდა ხელშეკრულებიდან გამომდინარე პირობები. შესაბამისად, სააგენტოს მიაჩნია, რომ მოწინააღმდეგე მხარეს – შპს „ა. პ-ს“ სააგენტოს სასარგებლოდ უნდა დაეკისროს პირგასამტეხლო სრული ოდენობით – 999 493 500 აშშ დოლარი და 4 157 750 ლარი.
შპს „ა. პ-მა“ საკასაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი საფუძვლებით:
კასატორის განმარტებით, სასამართლოს გადაწყვეტილება იურიდიულად დაუსაბუთებელია და სასამართლომ არასწორად განმარტა კანონი, სათანადოდ არ შეაფასა საქმეში წამოდგენილი მტკიცებულებები და მოწმეთა ჩვენებები, კერძოდ, სასამართლომ ა.-პ-ის მშენებლობის დაწყება არ მიიჩნია დადასტურებულად და განმარტა, რომ შესაბამისი დოკუმენტების გათვალისწინებით მშენებლობის დაწყება უნდა დაედასტურებინა სამინისტროს, რაც არ დაუდასტურებია, მოპასუხეს შესაბამისი დოკუმენტაცია არ წარუდგენია და ამ ვალდებულების შეუსრულებლობისათვის კანონიერად ჩათვალა პირგასამტეხლოს დარიცხვა 2010 წლის 1 სექტემბრიდან 2011 წლის 1 მარტამდე, 205 დღე. პირგასამტეხლოს დღიური ოდენობა შეადგენს 1000 ლარს, სულ 205 000 ლარი, რაც არ არის გადახდილი. სასამართლოს აღნიშნულ მოსაზრებას კასატორი არ იზიარებს, რადგან შპს „ა. პ-მა“ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადებში დაიწყო მშენებლობა და ამის დამადასტურებელი დოკუმენტაცია წარედგინა სასამართლოს და თან ერთვის საქმის მასალებს, კერძოდ: სამინისტროს გაეგზავნა წერილი №61 31.08.2010, სადაც მითითებულია, რომ შპს „ა. პ-ი“ მშენებლობას იწყებს 2010 წლის 1 სექტემბერს, ამ დროისათვის მომზადდა მუშა პოექტები, შესრულდა გარკვეული საპროექტო და მოსამზადებელი სამუშაოები. გარდა იმისა, რომ შპს „ა. პ-ის მიერ მშენებლობა იყო დაწყებული და დაწყების შესახებ ეცნობა სამინისტროს, ეკონომიკის სამინისტროს მიერ ხელშეკრულება ისე გაუქმდა (ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების ვადის დადგომამდე 6 თვით ადრე), რომ შესრულების ვადა არ დამდგარა. ამდენად აღნიშნული ვალდებულებისათვის პირგასამტეხლოს დაკისრება უკანონოა.
კასატორის განმარტებით, სასამართლო მიუთითებს, რომ 2011 წლის 24 მარტამდე არ შესრულდა აგრეთვე შესრულების ვადადამდგარი ვალდებულება – საბანკო გარანტიასთან დაკავშირებით (2ბ1. „ი“) შესაბამისად პირგასამტეხლოს დარიცხვის პერიოდია 2010 წლის 1 სექტემბრიდან 2011 წლის 24 მარტამდე პერიოდი. ეს თანხა გადახდილია 2010 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით (122 დღეზე დღეში 1500 დოლარი – სულ 183 000 აშშ დოლარის ექვივალენტის ოდენობით. გადასახდელია 2011 წლის 1 იანვრიდან 2011 წლის 24 მარტის ჩათვლით 83 დღეზე სულ 124 500 აშშ დოლარი. აღნიშნულ მოსაზრებას კასატორის ასევე არ იზიარებს, რადგან ხელშეკრულების ხელმოწერისთანავე სახელმწიფოს მხრიდან ადგილი ჰქონდა ა. პ-ის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ხელშეშლას. შპს „ა. პ-მა“ თანხის გადახდისაგან თავი შეიკავა არასტაბილური სახელშეკრულებო ურთიერთობის გამო. გარდა აღნიშნულისა, ამ შემთხვევაში გარანტიის მოთხოვნა ზედმეტად ავალდებულებდა „ა. პ-ს“, რადგან მას გადახდილი აქვს მიწის ნაკვეთების ღირებულება 6340445 ლარი.
კასატორი არ იზიარებს სასამართლოს მოსაზრებას, რომ ა. პ-ის მიერ არ ყოფილა წაყენებული პრეტენზიები უკანონო მშენებლობების შესახებ. მიმდინარეობდა სიტყვიერი მოლაპარაკება იმდროინდელი ხელისუფლების მაღალჩინოსნებთან უკანონო მშენებლობის დემონტაჟის მოთხოვნით, მაგრამ მათ აღნიშნული უკანონო მშენებლობების დემონტაჟი არ მოუხდენიათ, რის გამოც შეუძლებელი გახდა პორტის მშენებლობის გაგრძელება და ადგილი ჰქონდა კონსტიტუციის 21-ე მუხლით გარანტირებული საკუთრების ხელყოფას.
სასამართლოს გადაწყვეტილებით თანხის (პირგასამტეხლოს) დაკისრება მოხდა საჯარო რეესტრში ვალდებულებების რეგისტრაციის გაუტარებლობის გამო.
2010 წლის 17 თებერვლის ნასყიდობის ხელშეკრულების 3.4 მუხლით განისაზღვრა შპს ა. პ-ის ვალდებულება საჯარო რეესტრში მიწის ნაკვეთის რეგისტრაციასთან ერთად დაერეგისტრირებინა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებაც.
2010 წლის 18 მაისს „ა. პ-მა“ 2010 წლის 17 თებერვლის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, მოახდინა ხელშეკრულებით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთის საკუთრების უფლების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში.
სააპელაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს ხელშეკრულების 4.5 პუნქტზე და განმარტავს, რომ მყიდველის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების დარღვევის შედეგად გამყიდველის მიერ ხელშეკრულების მოშლის შემთხვევაში ხელშეკრულების შეწყვეტისას მყიდველს არ უბრუნდება მის მიერ გადახდილი საპრივატიზებო და სხვა თანხები და არ აუნაზღაურდება გაწეული დანახარჯები. საპრივატიზებო თანხაში იგულისხმება მყიდველის მიერ გადახდილი ნასყიდობის ფასიც – 6.34.445 ლარი, რომელსაც მყიდველი ვერ დაიბრუნებდა მისი ბრალით ხელშეკრულების მოშლის შემთხვევაში. ამდენად, მიუხედავად იმისა, რომ ეს თანხა ხეშეკრულებაში პიდაპირ არ არის მოხსენიებული პირგასამტეხლოდ, სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ეს თანხაც ასრულებდა პირგასამტეხლოს ფუნქციის ხელშეკრულების მოშლის შემთხვევაში.
სასამართლოს აღნიშნულ მოსაზრებას კასატორი არ იზიარებს, რადგან საპრივატიზებო თანხა მოცეული საქმის განხილვის დავის საგანი არ ყოფილა, ამასთან, იგი არ შეიძლება ჩაითვალოს პირგასამტეხლოდ, რადგან ხელშეკრულებაში ეს თანხა არ ფიქსირდება როგორც პირგასამტეხლო. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 418-ე მუხლის შესაბამისად, მხარეები თავისუფლად განსაზღვრავენ პირასამტეხლოს, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას. ის, რომ ხელშეკრულების 4.5 პუნქტით მყიდველის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულდებების დარღვევის შემთხვევაში არ ბრუნდება საპრივატიზებო თანხა, ეს არ იძლევა საფუძველს აღნიშნული თანხა განვიხილოთ როგორც პირგასამტეხლო.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 21 ნოემბრის განჩინებით შპს „ა. პ-ის“, ხოლო 2014 წლის 6 იანვრის განჩინებით სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს“ საკასაციო საჩივრები მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს „ა. პ-სა“ და სსიპ „სახელმწიფო ქონების მართვის სააგენტოს“ საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.
სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორები მიუთითებენ რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.
ამასთან, საკასაციო საჩივრების განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას შპს „ა. პ-სა“ და სსიპ „სახელმწიფო ქონების მართვის სააგენტოს“ საკასაციო საჩივრები , რის გამოც საკასაციო საჩივრებს უარი უნდა ეთქვათ განხილვაზე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივრები დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორებს უნდა დაუბრუნდეთ საკასაციო საჩივრებზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (8000 – 8000 ლარის) 70% – 5600-5600 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს „ა. პ-ის“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს“საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
3. კასატორ შპს „ა. პ-ს“ დაუბრუნდეს მის მიერ 2013 წლის 6 ნოემბერს №1 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (8000 ლარის) 70% – 5600 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150.
4. კასატორ სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს“ დაუბრუნდეს მის მიერ 2013 წლის 25 დეკემბერს №586 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (8000 ლარის) 70% – 5600 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150.
5. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე თ. თოდრია
მოსამართლეები: ვ. როინიშვილი
ბ. ალავიძე