ბს-673-640(კ-06) 2 ოქტომბერი, 2006 წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები: ლალი ლაზარაშვილი, ნინო ქადაგიძე
ზეპირი განხილვის გარეშე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26.2 მუხლის შესაბამისად, განიხილა სს «ა.-ის» საკასაციო საჩივრის განსჯადობის საკითხი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილებაზე.
საკასაციო სასამართლომ საქმის მასალების გაცნობის შედეგად
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
2005 წლის 21 ოქტომბერს ი. ბ.-ა სარჩელი აღძრა ბათუმის საქალაქო სასამართლოში სს «ა.-ის», აჭარის არ ფინანსთა სამინისტროსა და აჭარის არ მთავრობის მიმართ და მოითხოვა ი. ბ.-სა და სს «ა.-ს» შორის დადებული ნარდობის ხელშეკრულებიდან წარმოშობილი დავალიანების _ 63983 ლარის, საბანკო პროცენტის 5765 აშშ დოლარის, სახელმწიფო ბაჟის 1859 ლარისა და საადვოკატო მომსახურების თანხის 10 %-ის მოპასუხეებისათვის დაკისრება სოლიდარულად (ს.ფ. 2-3).
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 9 დეკემბრის გადაწყვეტილებით ი. ბ.-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მოპასუხეებს სს «ა.-ს», აჭარის არ უმაღლეს საბჭოსა და აჭარის არ მთავრობას მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ შესრულებული სარეკონსტრუქციო სამუშაოების ღირებულების 63,983 ლარის, მოსარჩელის მიერ გაწეული საადვოკატო ხარჯების 2559,32 ლარისა და სახელმწიფო ბაჟის 1599,58 ლარის ანაზღაურება (ს.ფ. 81-83).
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს აჭარის არ მთავრობამ, აჭარის არ უმაღლესმა საბჭომ და სს «ა.-მა».
აჭარის არ მთავრობამ სააპელაციო საჩივრით მოითხოვა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 9 დეკემბრის გადაწყვეტილების გაუქმება ნაწილობრივ, კერძოდ, აჭარის არ მთავრობისათვის თანხის გადახდის დაკისრების ნაწილში და მითითებული თანხის სს «ა.-ის ან აჭარის არ უმაღლესი საბჭოსათვის დაკისრება (ს.ფ. 88-89).
აჭარის არ უმაღლესმა საბჭომ მოითხოვა ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და აჭარის არ უმაღლესი საბჭოს არასათანადო მოპასუხედ ცნობა (ს.ფ. 91-94).
სს «ა.-მა» საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტიელბის გაუქმება მოითხოვა ა.-ისათვის, როგორც არასათანადო მოპასუხისათვის თანხის დაკისრების ნაწილში (ს.ფ. 95-99).
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 27 ივნისის განჩინებით დადგინდა მოცემული საქმის სამოქალაქო სამართალწარმოების წესით განხილვა იმ მოტივით, რომ კონკრეტულ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს ნარდობის ხელშეკრულებიდან წარმოშობილი ვალდებულების შეუსრულებლობა, რაც ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის შესაბამისად, არ განეკუთვნება ადმინისტრაციულ დავათა კატეგორიას (ს.ფ. 141-142).
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილებით სს «ა.-ის» სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, აჭარის არ უმაღლეს საბჭოსა და აჭარის არ მთავრობის სააპელაციო საჩივრები დაკმაყოფილდა სრულად, გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 9 დეკემბრის გადაწყვეტილება მოსარჩელის სასარგებლოდ სს «ა.-ს», აჭარის არ უმაღლეს საბჭოსა და აჭარის არ მთავრობისათვის სოლიდარულად შესრულებული სარეკოსტრუქციო სამუშაოების ღირებულების 63983 ლარისა და საადვოკატო ხარჯების 2559,32 ლარის დაკისრების ნაწილში, ი. ბ.-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, სს «ა.-ს» ი/მ «ი. ბ.-ის» სასარგებლოდ დაეკისრა შესრულებული სარეკონსტრუქციო სამუსაოების ღირებულების 63983 ლარისა და საადვოკატო ხარჯების 2559,32 ლარის გადახდა, ხოლო ი. ბ.-ის სარჩელი შესრულებული სარეკონსტრუქციო სამუშაოების ღირებულების 63983 ლარისა და საადვოკატო ხარჯების 2559,32 ლარის სოლიდარულად მოპასუხეებისათვის დაკისრების შესახებ არ დაკმაყოფილდა, დანარჩენ ნაწილში ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად (ს.ფ. 153-157).
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა სს «ა.-მა» და მოითხოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით მოსარჩელის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა უსაფუძვლობის გამო (ს.ფ. 168-175).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მოცემული საქმე ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26.2 მუხლის თანახმად საკასაციო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის განსჯად სამოქალაქო დავას წარმოადგენს, შესაბამისად განსახილველად უნდა გადაეცეს მითითებულ სასამართლოს განსჯადობის მიხედვით შემდეგ გარემოებათა გამო:
კონკრეტულ შემთხვევაში საქმის მასალებით ირკვევა, რომ სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენს კერძო სამართლის სუბიექტებს შორის დადებული კერძო სამართლებრივი ხელშეკრულების შეუსრულებლობით გამოწვეული დავალიანების ანაზღაურება, რაც არ წარმოადგენს ადმინისტრაციული კატეგორიის დავას, რამდენადაც ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2.1. მუხლის მიხედვით საერთო სასამართლოები ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განიხილავენ ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან გამომდინარე სამართლებრივი ურთიერთობიდან წარმოშობილ დავებს. ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2.2. მუხლი კიდევ უფრო აკონკრეტებს თუ რა შეიძლება წარმოადგენდეს ადმინისტრაციული დავის საგანს.
აღნიშნულიდან გამომდინარე, კანონმდებელმა ადმინისტრაციული სამართალწარმოებით საქმის განხილვის ძირითად ელემენტად განსაზღვრა დავის საგანი, რომელიც წარმოშობილია იმ სამართალურთიერთობიდან, რომელიც საჯარო, კონკრეტულად, ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობითაა მოწესრიგებული.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ დავის საგანი კერძო სამართლებრივი ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების ანაზღაურების თაობაზე, წარმოშობილია სამოქალაქო-სამართლებრივ ურთიერთობებიდან, რომელიც გამომდინარეობს არა ადმინისტრაციული სამართლის, არამედ, კერძო სამართლის კანონმდებლობიდან, კერძოდ, სამოქალაქო კოდექსი ადგენს კერძო სამართლებრივი ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების მომწესრიგებელ ნორმებს, დავალიანების ანაზღაურების ზოგად წესებს.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოსარჩელის მიერ აღძრულია სამოქალაქო სარჩელი კერძო სამართლის იურიდიულ პირთან – სს «ა.-თან» დადებული ნარდობის ხელშეკრულებიდან /იხ.ს.ფ. 32/ გამომდინარე დავალიანების ანაზღაურების შესახებ, ხოლო სარჩელზე ძირითად მოპასუხეს წარმოადგენს სწორედ სს «ა.-ი», როგორც ხელშეკრულების მონაწილე კონტრაჰენტი. ამდენად, მოცემული დავა დაკავშირებულია იმ სამართლებრივ ურთიერთობასთან, რომელიც გამომდინარეობს არა ადმინისტრაციული სამართლის, არამედ სამოქალაქო სამართლის კანონმდებლობიდან, ვინაიდან სწორედ ეს კანონმდებლობა, კერძოდ, სამოქალაქო კოდექსი აწესრიგებს კერძოსამართლებრივი ხელშკრულებიდან გამომდინარე დავალიანების ანაზღაურების საკითხებს.
აღსანიშნავია, რომ თავად სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობაც სამოქალაქო საქმეთა განსაზღვრის პრინციპად აღიარებს სამართლებრივ ურთიერთობას, ასე მაგალითად, სსს კოდექსის 11.1. «ა» მუხლის მიხედვით, სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით სასამართლო განიხილავს საქმეებს დარღვეული უფლების, აგრეთვე, კანონით გათვალისწინებული ინტერესების დაცვის შესახებ, კერძოდ, სამოქალაქო, საოჯახო, შრომის, საადგილმამულო, ბუნებრივი რესურსების გამოყენებისა და გარემოს დაცვის ურთიერთობებიდან წარმოშობილ დავებს მოქალაქეებს, მოქალაქეებსა და იურიდიულ პირებს, აგრეთვე, იურიდიულ პირებს შორის.
საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემული დავა სწორედ სამოქალაქო ურთიერთობიდან წარმოშობილი დავაა, ამასთან სარჩელი მიმართულია კერძო სამართლის იურიდიული პირის _ სს «ა.-ის» მიმართ, ხოლო ის გარემოება, რომ სარჩელზე მოპასუხეებად ასევე მითითებულია აჭარის ა/რ ფინანსთა სამინისტრო და აჭარის ა/რ მთავრობა არ წარმოადგენს საქმის ადმინისტრაციულ კატეგორიად მიჩნევის საფუძველს, რამდენადაც დავის ადმინისტრაციულად მიჩნევის ძირითად ელემენტს წარმოადგენს სარჩელის საგანი _ ურთიერთობა, რომელიც ადმინისტრაციული კანონმდებლობით წესრიგდება.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სამართალურთიერთობას არ გააჩნია საჯარო-სამართლებრივი ურთიერთობის დამახასიათებელი ძირითადი ელემენტი, სარჩელი არ გამომდინარეობს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან, რის გამოც არ არსებობს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2.1. მუხლით განსაზღვრული პირობები დავის ადმინისტრაციულ კატეგორიად მიჩნევისათვის.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემული საქმის ადმინისტრაციული სამართალწარმოების პროცედურით განხილვა გამოიწვევს საპროცესო ნორმების ისეთ დარღვევას, რომელიც აუცილებლად განაპირობებს საქმეზე უკანონო გადაწყვეტილების დადგენას, ვინაიდან ადმინისტრაციული საპროცესო სამართლის პრინციპები მკვეთრად განსხვავდება სამოქალაქო სამართალწარმოების პრინციპებისაგან და რომელთა გამოყენება მხოლოდ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლით გათვალისწინებულ და მკაფიოდ განსაზღვრულ საქმეებზეა დასაშვები.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, განსახილველი დავა წარმოადგენს სამოქალაქო სამართალწარმოების წესით განსახილველ სამოქალაქო საქმეს და იგი განსახილველად უნდა გადაეცეს საკასაციო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატას.
აღსანიშნავია, რომ საქმე ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ განხილულ იქნა სამოქალაქო სამართალწარმოების წესით, თუმცა, ამავდროულად, სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში შეცდომით მიუთითა, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 12-ე მუხლის თანახმად გადაწყვეტილება გასაჩივრებას ექვემდებარებოდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატაში; საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში აღნიშნული ნორმის და გადაწყვეტილების გასაჩივრების არასწორი მითითება, ვერ განაპირობებს დავის ადმინისტრაციულ კატეგორიად მიჩნევის საფუძველს, შესაბამისად საქმე განსახილველად უნდა გადაეცეს უფლებამოსილ _ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1, 26.2, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე, 390-ე, 399-ე, 408.3 და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქმე (ბს-673-640(კ-06) სს «ა.-ის» საკასაციო საჩივრის გამო განსჯადობით განსახილველად გადაეცეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატას;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.