Facebook Twitter

№ას-1158-1104-2013 16 აპრილი, 2014 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

თეიმურაზ თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – სს „ბ-ი“

მოწინააღმდეგე მხარე – ა. ტ-ი, ნ. ც-ე

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 23 სექტემბრის გადაწყვეტილება

საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – დავალიანების დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სს „ბ-მა“ სარჩელი აღძრა სასამართლოში ა. ტ-სა და ნ. ც-ის წინააღმდეგ და მოითხოვა მოპასუხეებისათვის, მის სასარგებლოდ, დავალიანების 3672 აშშ დოლარისა და 88 ცენტის სოლიდარულად დაკისრება.

მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს ხანდაზმულობის გამო;

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 9 ნოემბრის გადაწყვეტილებით სს „ბ-ის“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა ხანდაზმულობის გამო.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სს „ბ-მა“, მოითხოვა მისი გაუქმება ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 23 სექტემბრის გადაწყევტილებით სს „ბ-ის“ სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბიილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 9 ნოემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, სს „ბ-ის“ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ა. ტ-სა და ნ. ც-ეს, სს „ბ-ის“ სასარგებლოდ, სოლიდარულად დაეკისრათ 901.54 აშშ დოლარის გადახდა.

პალატამ საქმეზე დადგენილად მიიჩნია, რომ სს „ბ-ის’’ სასარჩელო მოთხოვნა 2009 წლის მაისის ჩათვლით თანხის დაკისრების პერიოდზე ხანდაზმული იყო. აღნიშნულთან მიმართებით, პალატამ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 138-ე, 139-ე, 140-ე მუხლებზე და განმარტა, რომ მხარეებს შორის გაფორმებული ხელშეკრულების მე-13 მუხლი ითვალისწინებდა ზოგად მითითებას, რომ დავა უნდა გადაწყვეტილიყო არბიტრაჟის ან სასამართლოსადმი მიმართვის გზით, ანუ მხარეთა შორის არსებული საარბიტრაჟო შეთანხმება არასრულფასოვანი იყო და იურიდიულ შედეგებს არ წარმოშობდა, ამ გარემოების გათვალისწინებით, როდესაც სს „ბ-მა’’ საკუთარი არჩევანის შესაბამისად მიმართა შპს „თ. ს-ს-ო პ-ას’’, მან სარჩელის განსჯადობის წესები დაარღვია, არაუფლებამოსილ ორგანოს მიმართა, რაც იმთავითვე გამორიცხავდა მხარის იურიდიული ინტერესის დაცვას და სარჩელის დაკმაყოფილების შესაძლებლობას. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ სს „ბ-მა’’ არაუფლებამოსილ საარბიტრაჟო სასამართლოს მიმართა, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ხანდაზმულობის ვადის დენა არ შეწყვეტილა.

აპელანტის განმარტება, რომ მან 2010 წლის 22 ივნისს მიმართა სასამართლოს გამარტივებული წესით დავალიანების გადახდევინების შესახებ და თბილისის საქალაქო სასამართლომ განუხილველად დატოვა განცხადება 2010 წლის 20 დეკემბრის განჩინებით, პალატამ ასევე ვერ მიიჩნია ხანდაზმულობის ვადის დენის შეწყვეტის საფუძვლად, შემდეგ გარემოებათა გამო:

დადგინდა, რომ სს „ბ-მა“ მართლაც მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 22 ივნისს, გამარტივებული წესით დავალიანების გადახდის შესახებ და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 20 დეკემბრის განჩინებით განცხადება განუხილველად იქნა დატოვებული (ს.ფ. 103, ტ. 1). აპელანტის წარმომადგენლის განმარტებით, განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ განჩინება სს „ბ-ს’’ ჩაბარდა 2011 წლის იანვარში. საქმეში არ არის წარმოდგენილი იმის დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ სს „ბ-მა’’ აღნიშნული პერიოდიდან 6 თვის ვადაში ახალი სარჩელით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა დავალიანების გადახდევინება.

რაც შეეხება, თავდები პირის - ნ. ც-ის მიერ 2009 წლის 30 ნოემბერს თანხის გადახდის ფაქტს, სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა აპელანტის განმარტება, რომ აღნიშნული გადახდა უნდა მიჩნეულიყო, როგორც ბოლო გადახდა და სწორედ 2009 წლის 30 ნოემბრიდან უნდა დაწყებულიყო ხანდაზმულობის ვადის ათვლა.

პალატამ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 387-ე მუხლის პირველი ნაწილზე და აღნიშნა, რომ ნ. ც-ის მიერ 2009 წლის ნოემბერში გადახდილი თანხა მიემართა სწორედ საწყისი და არა მიმდინარე დავალიანების დასაფარავად. ამდენად, აღნიშნული თანხის გადახდის ფაქტი გავლენას ვერ იქონიებს ხანდაზმულობის ვადის დენაზე. ამდენად, სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა აპელანტის განმარტება, რომ თანხის დაკისრების თაობაზე სასარჩელო მოთხოვნა 2009 წლის მაისის ჩათვლით პერიოდამდე არ იყო ხანდაზმული, რადგან არსებობდა ხანდაზმულობის ვადის დენის შეწყვეტის საფუძვლები.

პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ სს „ბ-ის’’ სასარჩელო მოთხოვნა 2009 წლის მაისის შემდგომ თანხის დაკისრების პერიოდზე არ იყო ხანდაზმული.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ სს „ბ-მა’’ სარჩელი აღძრა 2012 წლის 28 მაისს. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ 2012 წლის 28 მაისამდე (სარჩელის აღძვრამდე) პერიოდზე მოქმედებს ცალკე ხანდაზმულობის ვადა და ამ პერიოდის შემდგომ თანხის დაკისრების მოთხოვნა არ არის ხანდაზმული, რადგან იგი წარდგენილია კანონით დადგენილ 3 წლიან ვადაში.

პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ სს „ბ-ის’’ წინაშე არსებული დავალიანების ოდენობა, რომელიც წარდგენილია ხანდაზმულობის ვადის გასვლამდე, შეადგენს 901.54 აშშ დოლარს.

პალატამ დაადგინა, რომ 2009 წლის მაისის შემდგომ პერიოდზე თანხის დაკისრები მოთხოვნა არ იყო ხანდაზმული (ფაქტობრივი გარემოება 4.2).

საქმის მასალებით დადგენილია, რომ საკრედიტო ხელშეკრულების ვადა ამოიწურა 2009 წლის აგვისტოში. საქმეში წარმოდგენილი გადახდის გრაფიკის (ს.ფ 18, ტ. 1) შესაბამისად დგინდება, რომ 2009 წლის ივნისი-ივლისი-აგვისტოს პერიოდზე დასაბრუნებელი თანხის ჯამი შეადგენს 901,54 აშშ დოლარს. ამდენად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მოწინააღმდეგე მხარეებს სს „ბ-ის’’ სასარგებლოდ უნდა დაკისრებოდათ სწორედ 2009 წლის მაისიდან ხელშეკრულების შეწყვეტამდე პერიოდზე - 2009 წლის აგვისტომდე დასაბრუნებელი თანხის გადახდა.

პალატამ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316.1-ე, 317.1-ე , 361.2-ე მუხლებზე და აღნიშნა, რომ საქმეში წარმოდგენილი მასალებიის თანახმად, მოწინააღმდეგე მხარეებმა ვალდებულება არ შეასრულეს დადგენილ ვადაში.

პალატამ სამოქალაქო კოდექსის 867-ე, 868-ე მუხლებზე მითითებით აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში, საქმეზე ფაქტობრივ გარემოებად დადგინდა, რომ 2007 წლის 09 აგვისტოს სს „ბ-სა” და ა. ტ-ს შორის გაფორმდა N09.08/2 საკრედიტო ხელშეკრულება და მხარეთა შორის წარმოიშვა ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა (ფაქტობრივი გარემოება 2.1). ხელშეკრულების მოქმედების ვადად განისაზღვრა 24 თვე და შესაბამისად ამოიწურა 2009 წლის აგვისტოში. დადგინდა, რომ სს „ბ-ის’’ სასარჩელო მოთხოვნა, გამომდინარე 2007 წლის 9 აგვისტოს ხელშეკრულებიდან, 2009 წლის მაისის შემდგომ თანხის დაკისრების პერიოდზე არ იყო ხანდაზმული (ფაქტობრივი გარემოება 4.2). ასევე დადგინდა, რომ სს „ბ-ის’’ წინაშე არსებული დავალიანების ოდენობა, რომელიც წარდგენილია ხანდაზმულობის ვადის გასვლამდე შეადგენს 901.54 აშშ დოლარს (ფაქტობრივი გარემოება 4.3).

პალატამ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლზე და აღნიშნა, რომ თავდებმა ნ. ც-ემ, საქმეში წარმოდგენილი 2007 წლის 9 აგვისტოს N09.08/3 ხელშეკრულების საფუძველზე, სს „ბ-ის’’ წინაშე იკისრა სოლიდარული პასუხისმგებლობა ძირითადი მოვალის - ა. ტ-ის მიერ სესხის დაუბრუნებლობის შემთხვევაში. შესაბამისად, საკრედიტო ხელშეკრულების პირობები სრულად იქნა გაზიარებული თავდების მიერ. ამდენად, პალატამ მიიჩნია, რომ სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილებას ექვემდებარებოდა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 23 სექტემბრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა სს „ბ-მა“, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფლება შემდეგი საფუძვლებით:

კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლო საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების საფუძვლად მიუთითებს სამოქალაქო კოდექსის 387-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომელიც ეხება ფულადი ვალდებულების დაფარვის რიგითობას, რაც არ უკავშირდება სახელშეკრულებო მოთხოვნათა ხანდაზმულობას. სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა ის ფაქტი, რომ ნებისმიერი შესრულება თუ ვალდებულების არსებობის აღიარება წყვეტს ხანდაზმულობის ვადის დენას, იმისდა მიუხედავად, ხელშეკრულების მოქმედების ვადა გასულია თუ არა. კასატორის აზრით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის მე-2 ნაწილზე.

კასატორის აზრით, სააპელაციო სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ 2009 წლის 30 ნოემბერს ნ. ც-ემ გადაიხადა თანხა დავალიანების დასაფარად, ხოლო აღნიშნული შესრულება არ ჩათვალა ხანდაზმულობის ვადის შეწყვეტის საფუძვლად, რაც არამართებულია.

სასამართლოს პოზიციას მასზე, რომ 2012 წლის 28 მაისამდე მოქმედებს ცალკე ხანდაზმულობის ვადა და ამ პერიოდის შემდგომ თანხის დაკისრების მოთხოვნა ხანდაზმულია, კასატორი არ იზიარებს, ვინაიდან მისი განმარტებით, ერთი საკრედიტო ხელშეკრულების საფუძველზე წარმოშობილი ერთი ვალდებულება ვერ იქნება ნაწილობრივ ხანდაზმული.

კასატორის აზრით, არასწორია სასამართლოს მსჯელობა მასზე, რომ ერთი საფუძვლით – საკრედიტო ხელშეკრულებით წარმოშობილ დავალიანებაზე, რომლის გადახდაც მხარეთა შორის გრაფიკით არის შეთანხმებული, გრაფიკით გათვალისწინებულ ყოველ გადახდაზე ვრცელდება ცალ-ცალკე ხანდაზმულობის ვადა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 2 დეკემბრის განჩინებით სს „ბ-ის“ საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სს „ბ-ის“ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.

სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას შპს სს „ბ-ის“ საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300 ლარის) 70% – 210 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სს „ბ-ის“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. კასატორს დაუბრუნდეს მის მიერ 2013 წლის 18 ნოემბერს №123 საგადასახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300 ლარის) 70% – 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე თ. თოდრია

მოსამართლეები: ვ. როინიშვილი

ბ. ალავიძე