საქმე№ას-1245-1188-2013 1 აპრილი, 2014 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შე.დგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
თეიმურაზ თოდრია, პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – ე. ე-ა (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „თ. ს. კ-ა“ (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 31 ოქტომბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – განაცდურისა და ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ე. ე-ამ სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „თ. ს. კ-ის“ მიმართ და მოითხოვა 2011 წლის 12 ოქტომბრიდან 2013 წლის 13 მარტამდე (სამსახურში აღდგენის დღემდე) იძულებითი განაცდურის – 6865,12 ლარისა და ზიანის – 1029 ლარის ანაზღაურება შემდეგი საფუძვლებით:
2005 წლის 24 მაისიდან 2011 წლის 11 ოქტომბრამდე ე. ე-ა მუშაობდა შპს „თ. ს. კ-ი“ მოძრაობის სამსახურის კონტროლიორის თანამდებობაზე სხვადასხვა მეტროსადგურებში.
მოსარჩელემ სამსახურში ყოფნისას წარმატებით ჩააბარა რამდენიმე საკვალიფიკაციო გამოცდა და, პრაქტიკული გამოცდილების გარდა, იგი სრულყოფილად ფლობს თავისი თანამდებობისათვის შესაფერის თეორიულ ცოდნას.
მხარეთა შორის ბოლო შრომითი ხელშეკრულება დაიდო 2010 წლის 1 აპრილს და მისი მოქმედების ვადა განისაზღვრა 2015 წლის 1 აპრილამდე. ხელშეკრულების მიხედვით, მოსარჩელე დასაქმებულ იქნა სადგურ „რუსთაველზე“ კონტროლიორის თანამდებობაზე, სარგოდ განესაზღვრა 400 ლარი.
შპს „. ს.კ-ის“ გენერალურმა დირექტორმა 2011 წლის 11 ოქტომბერს გამოსცა №01/3-4/1633 ბრძანება, რომლითაც 2011 წლის 12 ოქტომბრიდან მოსარჩელე გაათავისუფლა დაკავებული თანამდებობიდან.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 17 ოქტომბრის გადაწყვეტილებით მოსარჩელე აღდგენილ იქნა სამსახურში. მიუხედავად იმისა, რომ მოპასუხემ შეასრულა სასამართლოს გადაწყვეტილება და მოსარჩელე 2013 წლის 13 მარტიდან სამსახურში აღადგინა, განაცდური მას არ აუნაზღაურა.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 10 ივლისის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით ე. ე-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაზეც მოსარჩელემ შეიტანა საჩივარი. ამავე სასამართლოს 2013 წლის 7 აგვისტოს განჩინებით აღნიშნულ საჩივარს ეთქვა უარი.
საქალაქო სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება და განჩინება მისი უცვლელად დატოვების შესახებ ე. ე-ამ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 31 ოქტომბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 229-ე მუხლის თანახმად, სასამართლომ დაადგინა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში ე. ე-ას სარჩელის განხილვა დანიშნული იყო 2013 წლის 10 ივლისს, 15:00 საათზე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 10 ივლისის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით ე. ე-ას სასარჩელო მოთხოვნა შპს „თ. ს. კ-ის“ მიმართ განაცდურისა და ზიანის ანაზღაურების შესახებ არ დაკმაყოფილდა მოსარჩელის გამოუცხადებლობის გამო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 7 აგვისტოს საოქმო განჩინებით ე. ე-ას საჩივარი ამავე კოლეგიის 2013 წლის 10 ივლისის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის განახლების შესახებ არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება.
საქალაქო სასამართლომ გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და განჩინების (დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ) გამოტანის საფუძვლად მიუთითა იმ გარემოებებზე, რომ საქმის მასალებით არ დასტურდებოდა, რომ გამოუცხადებელი მხარე ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით მოწვეული არ იყო, ამასთან, სასამართლო სხდომაზე მოსარჩელე მხარის გამოუცხადებლობა არ იყო გამოწვეული საპატიო მიზეზით.
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლით, 233-ე მუხლის პირველი ნაწილით, 215-ე მუხლის მესამე ნაწილით და, მითითებული მუხლებიდან გამომდინარე, მიიჩნია, რომ გამოუცხადებელ მხარეს შეუძლია, გააქარწყლოს ვარაუდი, რომელიც საფუძვლად უდევს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანას, მოითხოვოს მისი გაუქმება და საქმის განხილვის განახლება, თუ დაამტკიცებს, რომ არ არსებობდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის წინაპირობები.
მოცემულ შემთხვევაში სასამართლომ მიუთითა, რომ აპელანტი ე. ე-ა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლად უთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტსა და 215-ე მუხლზე, როგორც სასამართლო პროცესზე მხარის გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზზე და გასაჩივრებულ განჩინების გაუქმებას მოითხოვს იმ საფუძვლით, რომ იგი სატელეფონო საშუალებით მოსამართლის თანაშემწის მიერ გაფრთხილებულ იქნა არა 2013 წლის 10 ივლისის, არამედ, 2013 წლის 15 ივლისის სასამართლო სხდომის შესახებ, რა დროსაც იგი გამოცხადდა კიდეც.
პალატამ არ გაიზიარა აპელანტ ე. ე-ას სააპელაციო საჩივრის (საჩივრის) საფუძვლად მითითებული ზემოაღნიშნული გარემოებები.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის მესამე ნაწილისა და 73-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე სასამართლომ აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში საქმეში განთავსებული, 2013 წლის 19 ივნისით დათარიღებული ტელეფონით სასამართლოში დაბარების შესახებ აქტით დასტურდება, რომ ე. ე-ას 2013 წლის 10 ივლისის სასამართლოს მთავარი სხდომის დღის შესახებ ეცნობა ტექნიკური საშუალებით და განე.რტა სასამართლოში გამოუცხადებლობის შედეგები. აღნიშნულ სატელეფონო აქტში განმარტებულია, რომ სასამართლოს მთავარი სხდომა დანიშნული იყო 2013 წლის 10 ივლისს, 15:00 საათზე, №22 სხდომის დარბაზში.
პალატამ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ სატელეფონო შეტყობინების აუდიოჩანაწერის გადამოწმების შედეგად დადასტურდა, რომ მოსამართლის თანაშემწემ გარკვევით, აუჩქარებლად, გასაგებად ორჯერ განუმარტა ე. ე-ას სხდომის დღის შესახებ.
ამდენად, სასამართლომ მიიჩნია, რომ მხარემ ვერ დაადასტურა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლით გათვალისწინებული სასამართლო პროცესზე მისი გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზი, რისი მტკიცების ტვირთიც, ამავე კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თავად საჩივრის ავტორს ეკისრებოდა.
რაც შეეხება ე. ე-ას აპელირებას, რომ სასამართლოს უნდა ემსჯელა სასარჩელო გადაწყვეტილებაში მოყვანილ ფაქტებზე, პალატამ განმარტა, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამომტანი სასამართლო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 229-ე მუხლის საფუძველზე ამოწმებს, მოსარჩელე სასამართლოს სხდომის შესახებ გაფრთხილებული იყო თუ არა ამავე კოდექსის 70-ე-78-ე მუხლებით დადგენილი წესით და ხომ არ არსებობს სასამართლო სხდომაზე მისი გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზი. თუკი აღნიშნული პირობები დაცულია, მას გამოაქვს დაუსწრებელი გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. დაუსწრებელი გადაწყვეტილების თავისებურება მდგომარეობს სწორედ იმაში, რომ სასამართლო არ მსჯელობს და არ ადგენს სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების სისწორესა და დასაბუთებულობას საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების გამოკვლევის საფუძველზე. შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის პრეტენზია, რომ სასამართლოს არ უმსჯელია სასარჩელო განცხადებაში მოყვანილ ფაქტებზე, სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება ე. ე-ამ გაასაჩივრა საკასაციო წესით და მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგი საფუძვლებით:
სასამართლომ უკანონოდ არ გაითვალისწინა კასატორის არგუმენტი, რომ მოსამართლის თანაშემწემ აუდიოშეტყობინებით იგი საქმის განხილვაზე დაიბარა 2013 წლის 15 ივლისს.
2013 წლის 22 ივლისს ე.ე-ას სასამართლოსაგან გადაეცა მისთვის ჩაბარებული შეტყობინების ჩანაწერი, რომელსაც არ ახლდა შედგენილი ოქმი. მეტიც, საქმეში წარმოდგენილი არ არის შესაბამისი აქტი, აუდიოჩანაწერი კი, აღმოჩნდა დაზიანებული.
სააპელაციო პალატამ არ გაითვალისწინა, რომ ამჟამად არსებულ ემოციურად გადატვირთულ გარემოში გამორიცხული არ არის შეცდომის დაშვების შესაძლებლობა და ერთი პირისათვის „გარკვევით, აუჩქარებლად და გასაგებად“ გადაცემული ინფორმაცია სხვა პირის მიერ გაცნობიერებულ იქნეს გარკვეული ნაკლოვანებებით.
სააპელაციო პალატას უნდა შეეფასებინა სასამართლოსათვის მიმართვის ხელმისაწვდომობის პრინციპი. აღნიშნული კუთხით სასამართლო ვალდებულია, დასვას სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის საქართველოს კონსტიტუციასთან შესაბამისობის საკითხი.
მოცემულ შემთხვევაში კანონის ვიწრო თეორიული განმარტებითაც არსებობს პროცესუალური დარღვევები. ამიტომ საგულისხმოა საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი ნაწილის და „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის“ მე-6 მუხლი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 17 იანვრის განჩინებით ე. ე-ას საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად. ამავე განჩინებით კასატორი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლდა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა ე. ე-ას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ე. ე-ას საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: თ. თოდრია
პ. ქათამაძე