საქმე №ას-1250-1193-2013 1 აპრილი, 2014 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
თეიმურაზ თოდრია, პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – თ. ქ-ე (მოპასუხე, შეგებებული სარჩელის ავტორი)
მოწინააღმდეგე მხარე – მ. ქ-ე (მოსარჩელე, შეგებებულ სარჩელში – მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 6 ნოემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – ალიმენტის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
მ. ქ-ემ სარჩელი აღძრა სასამართლოში თ. ქ-ის მიმართ და მოითხოვა მხარეთა შორის რეგისტრირებულ ქორწინებაში ... წლის ... ივლისს დაბადებული ა.ქ-სა და ... წლის ... ოქტომბერს დაბადებული თ. ქ-ის სასარგებლოდ ალიმენტის – 2000 ლარის დაკისრება იმ მოტივით, რომ მოპასუხე ნებაყოფლობით არ ზრუნვას შვილებზე.
მოპასუხემ სარჩელი ნაწილობრივ ცნო, გამოთქვა ნება, შვილებისათვის ყოველთვიურად გადაეხადა სულ – 300 ლარი და შეგებებული სარჩელით მოითხოვა მხარეთა შორის რეგისტრირებული ქორწინების შეწყვეტა. თ.ქ-ის განმარტებით, მას მუდმივად ესაჭიროება ძვირადღირებული მკურნალობა, რის გამოც მეტი ოდენობის თანხის გადახდის შესაძლებლობა არ გააჩნია.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 12 ივნისის გადაწყვეტილებით მ. ქ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, თ. ქ-ეს არასრულწლოვანი შვილების – თ.და ა. ქ-ის სასარგებლოდ დაეკისრა ალიმენტის გადახდა ყოველთვიურად თითოეული ბავშვისათვის 400-400 ლარის, სულ – 800 ლარის ოდენობით, რომლის გადახდევინება დაიწყო სარჩელის აღძვრის დღიდან – 2013 წლის 4 აპრილიდან ბავშვების სრულწლოვანებამდე, თ. ქ-ის შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა, შეწყდა თ. და მ. ქ-ს შორის 2003 წლის 11 ივლისს რეგისტრირებული ქორწინება და გაუქმდა სააქტო ჩანაწერი №მნ 0020887.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ძირითადი სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში თ.ქ-ემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 6 ნოემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
სასამართლომ დაადგინა, რომ მ. და თ. ქ-ი რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდნენ 2003 წლის 11 ივლისიდან.
მხარეებს თანაცხოვრების შედეგად ჰყავთ 3 შვილი, მათ შორის, ორი არასრულწლოვანი – თ. ქ-ე, დაბადებული ... წლის ... ოქტომბერს და ა. ქ-ე, დაბადებული ...წლის ... ივლისს.
თ. ქ-სა და შპს „ბ-ის” შორის 2012 წლის 16 ივლისს დაიდო სამწლიანი იჯარის ხელშეკრულება, რომლის მიხედვით, 2012 წლის ოქტომბრის ჩათვლით იჯარის გადასახდელი თანხა შეადგენს 3399 აშშ დოლარს, ხოლო 1 ნოემბრიდან ხელშეკრულების ვადის ამოწურვამდე –ყოველთვიურად – 2000 აშშ დოლარს.
2012 წლის 21 დეკემბრიდან 2013 წლის 21 დეკემბრამდე მ. ქ-ემ გააფორმა იჯარის ხელშეკრულება „ROYAL INT TRADING-თან“, რომლის თანახმად ყოველთვიური იჯარის გადასახადი შეადგენს 450 აშშ დოლარს.
2012 წლის 16 ივლისიდან ურთიერთშეთანხმების ხელშეკრულების მიხედვით, შპს „ბ-მა“ იჯარით აიღო ა-ის ქუჩა №13-ში მდებარე თ. ქ-ის საკუთრებაში არსებული ფართი ყოველთვიურად 2000 აშშ დოლარის გადახდის პირობით. აღნიშნული ფართი იყო კარკასი, რომლის შიდა სარემონტო სამუშაოები საკუთარი სახსრებით ჩაატარა მოიჯარემ. სარემონტო სამუშაოების თანხამ შეადგინა 20 000 აშშ დოლარი, რაც იქვითება საიჯარო ხელშეკრულებით დადგენილი თანხიდან. ყოველთვიური გადასახდელი თანხიდან შპს „ბ-ი“ იხდის 1000 აშშ დოლარს, 700 აშშ დოლარს და 500 აშშ დოლარს.
კავკასიის უნივერსიტეტის მიერ გაცემული ცნობის თანახმად, თ. ქ-ე სწავლობს აღნიშნულ უნივერსიტეტში და წლიური სასწავლო გადასახადი შეადგენს 7500 ლარს. აპრილის თვის მდგომარეობით დავალიანება შეადგენდა 2545 ლარს.
სს „ლიბერთი ბანკის“ ქვითრის შესაბამისად, თ. ქ-ემ დაფარა თ. ქ-ის საბავშვო ბაღის გადასახადი 2013 წლის 4 აგვისტოდან და 2013 წლის 2 ნოემბრამდე 80-80 ლარი.
სს „კორ სტანდარტ ბანკში“ თ. ქ-ემ 2013 წლის 16 იანვრიდან 2013 წლის 10 აპრილის ჩათვლით და 2012 წლის 18 ოქტომბერს გადაიხადა ანდრია ქ-ის სწავლის საფასური – 50 ლარი შპს „საფეხბურთო კლუბი საბურთალოს“ ანგარიშზე.
მ. ქ-სა და ზ. ხ-ს შორის დადებული ქირავნობის ხელშეკრულების თანახმად, რომელიც მოიცავს 2012 წლის 15 ივნისიდან 2013 წლის 15 ივნისამდე პერიოდს, ყოველთვიური გადასახდელი ქირა შეადგენს 400 აშშ დოლარს.
2013 წლის 21 მარტს სს „ინფექციური პათოლოგიის შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის“ მიერ გაცემული ფორმა 100-ის თანახმად, თ. ქ-ე დაავადებულია ქრონიკული „B-ით“.
ნ. ც-სა და მ. ქ-ეს შორის დადებული ქირავნობის ხელშეკრულების თანახმად, 2013 წლის 15 დეკემბრამდე მ. ქ-ის ყოველთვიურად გადასახდელი ბინის ქირა შეადგენს 400 აშშ დოლარს.
სს ბანკი „რესპუბლიკას“ ქვითრებით მ. ქ-ეს შპს „კავკასიის უნივერსიტეტის“ ანგარიშზე გადახდილი აქვს თ. ქ-ის პირველი კურსზე სწავლის საფასური.
სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა თ. ქ-ის მიერ სააპელაციო საჩივრის საფუძვლად მითითებული გარემოებები ალიმენტის ოდენობის განსაზღვრის ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილების დაუსაბუთებლობასთან დაკავშირებით.
სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლის პირველი ნაწილით, 1212-ე, 1213-ე, 1214-ე მუხლებით და მიუთითა, რომ მხარეები ცხოვრობენ ცალ-ცალკე. სასამართლოს გადაწყვეტილება მათი განქორწინების შესახებ შესულია კანონიერ ძალაში, ისინი არასრულწლოვანი შვილების სარჩენად საჭირო ალიმენტის ოდენობაზე ვერ შეთანხმდნენ, კერძოდ, მ. ქ-ე ალიმენტის ოდენობად ითხოვდა ორივე ბავშვზე 2000 ლარს ყოველთვიურად, მოპასუხე თანხმობას აცხადებდა 300 ლარის გადახდაზე. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით კი, ალიმენტის ოდენობად განისაზღვრა 800 ლარი (400–400).
პალატამ აღნიშნა, რომ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების, მშობლების და შვილების რეალური მატერიალური მდგომარეობის, ასევე არასრულწლოვანი ბავშვების ინტერესების გათვალისწინებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დაასკვნა, რომ ამ ეტაპზე თითოეული ბავშვისთვის ალიმენტის გონივრული და სამართლიანი ოდენობა იქნებოდა 400-400 ლარი.
ამასთან, პალატამ ალიმენტის შემცირებაზე თ. ქ-ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა დაუსაბუთებლად მიიჩნია სააპელაციო სასამართლოში დამატებით წარმოდგენილი მტკიცებულებების გათვალისწინებითაც, რომელთა მიხედვით დგინდება, რომ აპელანტს 2013 წლის განმავლობაში გასხვისებული აქვს რამდენიმე უძრავი ნივთი და ნასყიდობის საფასურის სახით მიღებული აქვს ასეულ ათასობით ლარის სარგებელი. მასვე საკუთრებაში რჩება ოთხი ავტოფარეხი.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება თ. ქ-ემ ნაწილობრივ გაასაჩივრა საკასაციო წესით, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მისთვის ალიმენტის სახით გადასახდელი თანხის 150 ლარით განსაზღვრა შემდეგი საფუძვლებით:
სააპელაციო პალატამ მართებულად გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 1202-ე, 1212-ე და 1214-ე მუხლები, თუმცა არასწორად შეაფასა საქმის ფაქტობრივი გარემოებანი და სადავო ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას არ გაითვალისწინა კასატორის ფინანსური და ჯანმრთელობის მდგომარეობა. შესაბამისად, თ.ქ-ეს ყოველთვიურად გადასახდელად დაეკისრა ალიმენტის არაგონივრული ოდენობა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 22 იანვრის განჩინებით თ. ქ-ის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა თ. ქ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორ თ. ქ-ეს უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით მის მიერ 2014 წლის 15 იანვარს №1 საგადახდო დავალებით გადახდილი 150 ლარის 70% – 105 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. თ. ქ-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
2. კასატორ თ. ქ-ეს (პირადი №...) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით მის მიერ 2014 წლის 15 იანვარს №1 საგადახდო დავალებით გადახდილი 150 ლარის 70% – 105 ლარი.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: თ. თოდრია
პ. ქათამაძე