საქმე №ას-1267-1209-2013 1 აპრილი, 2014 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
თეიმურაზ თოდრია, პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – ი. კ-ე (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – ი. კ-ე (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 6 ნოემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმების დავალდებულება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ი. კ-ემ სარჩელი აღძრა სასამართლოში ი. კ-ის მიმართ და მოითხოვა მოპასუხისათვის უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმების დავალდებულება შემდეგი საფუძვლებით:
1995 წელს ი. კ-ემ ი. კ-ან ზეპირი შეთანხმების საფუძველზე შეიძინა ქ.ქუთაისში, დ.ა-ის გამზირ №50-ში მდებარე უძრავი ნივთი და გადასცა ნასყიდობის საგნის ღირებულება, რასაც დაესწრნენ მოწმეები. ბინა იყო არაპრივატიზებული, ამდენად, იგი მოსარჩელის სახელზე ვერ აღირიცხა.
ი.კ-ემ საკუთარ სახელზე გაიფორმა სადავო ქონება და მოსარჩელეს ნასყიდობის ხელშეკრულებას არ უფორმებს.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ სარჩელში მითითებული გარემოებანი სინამდვილეს არ შეესაბამება.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 26 ივლისის გადაწყვეტილებით ი. კ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც მოსარჩელემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 6 ნოემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
1986 წლის 16 აპრილის გადაწყვეტილების საფუძველზე გაცემული ორდერით, ქ. ქუთაისში, ლ-ის ქ.№46-ში მდებარე სადავო კოოპერატიული №50 ბინა გადაეცა მ. შ-ს. ორდერში შეყვანილი იყო მ. შ-ის შვილი – ი. შ-ი (შემდეგში კ-ე).
მ. შ-ი და ი. კ-ე არიან დედა-შვილი.
1995 წელს ი. კ-სა და ი. კ-ეს შორის დაიწყო მოლაპარაკება ქ. ქუთაისში, ლ-ის ქ.№46-ში მდებარე №50 ბინის ნასყიდობასთან დაკავშირებით.
მხარეები ზეპირი ფორმით შეთანხმდნენ, რომ დასახელებულ ბინას შეიძენდა ი. კ-ე. შეთანხმების შემდეგ, ი. კ-ე დაეუფლა ხსენებულ ქონებას და გააერთიანა თავის საკუთრებაში არსებულ ბინასთან. ორივე ბინის კომუნალურ გადასახადებს იხდიდა ი. კ-ე. აღნიშნულის მიუხედავად, მხარეებს შორის წერილობითი ხელშეკრულება არ გაფორმებულა და უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლება ი. კ-ის სასარგებლოდ არ დარეგისტრირებულა.
2013 წლის 1 თებერვლის მდგომარეობით ქ.ქუთაისში, დ.ა-ის გამზირ №52-ში მდებარე (ყოფილი №46) №50 ბინა საკუთრების უფლებით აღრიცხული იყო ბინის მესაკუთრეთა ამხანაგობის სახელზე.
2013 წლის 7 თებერვალს მ.შ-მა ი. კ-ის სასარგებლოდ უარი თქვა ქ. ქუთაისში, დ. ა-ის გამზირ №52-ში (ყოფილი №46) მდებარე №50 ბინის საკუთრების უფლებაზე.
სათანადო დოკუმენტების წარდგენის შემდეგ ნოტარიუსმა ი. კ-ის სახელზე გასცა საკუთრების მოწმობა, რომლითაც ი. კ-ემ ქონებაზე მოიპოვა საკუთრების უფლება.
დასახელებული საკუთრების მოწმობა ი. კ-ემ წარადგინა საჯარო რეესტრში და საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში დარეგისტრირდა ქონების მესაკუთრედ.
საკუთრების უფლების მოპოვების შემდეგ, ი. კ-ემ მიმართა პოლიციას და მოითხოვა ი. კ-ის მიერ მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ხელყოფის აღკვეთა.
ი. კ-ემ მიიჩნია, რომ მოპასუხე არღვევდა მის ქონებრივ უფლებებს, რადგანაც მას ი. კ-ის გადახდილი აქვს ბინის ღირებულება. დარღვეული უფლების აღდგენის მიზნით, სარჩელი აღძრა და მოითხოვა მოპასუხის დავალდებულება ქ.ქუთაისში ა-ის გამზირ №52-ში მდებარე №50 ბინაზე (საკადასტრო კოდი №....) მასთან გააფორმოს ნასყიდობის ხელშეკრულება.
სააპელაციო პალატამ დამატებით დაადგინა, რომ საქმეზე წარმოდგენილ წერილობით დოკუმენტში, შსს ადმინისტრაციის იურიდიული სამმართველოს უფროსის მიერ 2013 წლის 29 მარტს №427614 ადმინისტრაციულ საქმეზე შედგენილ ზეპირი მოსმენის სხდომის ოქმში დაფიქსირებულია მოპასუხე ი. კ-ის განმარტება, რომელმაც აღნიშნა, რომ 1995 წელს, ფინანსური პრობლემების გამო, გადაწყვიტა სადავო ბინის 2500 აშშ დოლარად გასხვისება. ბინის შესყიდვის სურვილი გამოთქვა მისმა კარის მეზობელმა ი. კ-ემ, რომელმაც თანხის გარკვეული ნაწილი გადაიხადა. ი.კ-ის არა ერთი მოთხოვნის მიუხედავად, ი. კ-ემ თანხის დარჩენილი ნაწილი აღარ გადაიხადა, რის გამოც ი. კ-ემ უარი განაცხადა ბინის გაფორმებაზე. საქმეში წარმოდგენილ ვიდეოდისკზე დაფიქსირებულია ი. კ-ის მიერ მიცემული განმარტება, სადაც მან აღნიშნა, რომ თანხის ნაწილი ი. კ-ან მიღებული აქვს.
პირველი ინსტანციის სასამართლოში 2013 წლის 4 ივლისის მთავარ სხდომაზე დაკითხულმა მოწმე მ. ჭ-ამ განმარტა, რომ ი. კ-ემ ი. კ-ან და დედამისისაგან იყიდა ერთოთახიანი ბინა და გადაიხადა 2000 აშშ დოლარი. მან მიულოცა ი. კ-ეს, რომელმაც მილოცვა მიიღო და განუცხადა, რომ ბინა 2000 დოლარად მიჰყიდა ი. კ-ეს.
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 54-ე, 328-ე მუხლებით და მიუთითა, რომ მხარეები ფორმადაუცველი ხელშეკრულებით ვერ მიაღწევენ იმ შედეგს, რომლის მიღწევაზეც შეთანხმდნენ და ერთმანეთს განუსაზღვრეს უფლებები და მოვალეობები.
განსახილველ შემთხვევაში ი. კ-ე და ი. კ-ე ზეპირი ფორმით შეთანხმდნენ რა უძრავი ქონების ნასყიდობაზე, როგორც შეთანხმების დროისათვის (1995 წელს), ისე ამჟამად მოქმედი სამოქალაქო კოდექსის 183-ე მუხლის მიხედვით, ასეთი ფორმის შეთანხმება ნამდვილი არ არის და, სამოქალაქო კოდექსის 54-ე, 59-ე მუხლების შესაბამისად, ბათილია.
სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა აპელანტის მითითება იმის თაობაზე, რომ ხანგრძლივი დროის განმავლობაში (18 წელი) უძრავი ქონების ფლობა, კომუნალური გადასახადების გადახდა და, ქონების შეძენის მიზნით, თანხის გადაცემა, საკმარის საფუძველს წარმოადგენს უძრავ ქონებაზე გარიგების ნამდვილობისათვის. აპელანტის მიერ მითითებული გარემოებები არ გამომდინარეობს კანონის მოთხოვნებიდან და არასაკმარისია უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების წარმოშობისათვის.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის, 103-ე მუხლისა და მე-4 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლომ განმარტა, რომ მოპასუხემ შესაგებლით სადავო გახადა ი. კ-ის მიერ 1995 წელს, უძრავი ქონების შეძენის მიზნით, თანხის გადაცემის ფაქტი.
პალატის მოსაზრებით, მტკიცების ტვირთის შესაბამისად, მოსარჩელე ვალდებულია, ამტკიცოს მის მიერ მითითებული ფაქტის ნამდვილობა.
სასამართლომ მიიჩნია, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადასტურებულია, რომ 1995 წელს ი. კ-ემ ი. კ-ეს გადასცა 2000 აშშ დოლარი, ქ.ქუთაისში, დ.ა-ის გამზირ №52-ში მდებარე №50 ბინის შეძენის მიზნით.
პალატამ აღნიშნა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ არასწორად დაადგინა თანხის გადაცემის ფაქტი, მაგრამ, რადგანაც უძრავი ქონების ნასყიდობაზე მხარეთა გარიგება ბათილია, ბათილი გარიგების საფუძველზე თანხის გადაცემის ფაქტის კვლევა არაარსებითია ნასყიდობის ხელშეკრულების დადების დავალდებულებაზე სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლიანობის შემოწმებისას. ამდენად, ამ ფაქტთან დაკავშირებით სასამართლოს არასწორი მსჯელობა ვერ გახდება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ არსებითად სწორი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება ი. კ-ემ გაასაჩივრა საკასაციო წესით, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება შემდეგი საფუძვლებით:
სააპელაციო სასამართლომ არასწორად იმსჯელა მხარეთა შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილობის შესახებ მაშინ, როდესაც არც ერთ მხარეს აღნიშნული გარიგების ბათილად ცნობასთან დაკავშირებით მოთხოვნა არ წარუდგენია.
პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლზე, თუმცა არ დაასაბუთა, რა სახის ზნეობრივი ნორმები და კანონი დაარღვიეს მხარეებმა.
სასამართლომ არასწორად განმარტა და გამოიყენა ამავე კოდექსის 328-ე მუხლი, რადგან მხარეთა შორის არსებული შეთანხმება ითვალისწინებდა სამომავლო გარიგების დადებას. აღნიშნულის საფუძველზე კასატორმა შეასრულა მასზე დაკისრებული ვალდებულება და ნასყიდობის საფასური მოწმეთა დასწრებით გადაიხადა. მოპასუხემ აღიარა კიდეც სამომავლო გარიგების პირობების არსებობისა და ნასყიდობის საფასურის მიღების ფაქტი. მითითებული გარემოება არც ერთი ინსტანციის სასამართლომ არ გაიზიარა.
ასევე არასწორია სასამართლოს მსჯელობა სამოქალაქო კოდექსის 59-ე მუხლთან და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით გათვალისწინებულ შეჯიბრებითობის პრინციპთან დაკავშირებით.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 6 იანვრის განჩინებით ი. კ-ის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა ი. კ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორ ი. კ-ეს უნდა დაუბრუნდეს 2013 წლის 19 დეკემბერს სახელმწიფო ბაჟის სახით მის მიერ №1 საგადახდო დავალებით გადახდილი 1000 ლარის 70% – 700 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ი. კ-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
2. კასატორ ი. კ-ეს (პირადი №) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს 2013 წლის 19 დეკემბერს სახელმწიფო ბაჟის სახით მის მიერ №1 საგადახდო დავალებით გადახდილი 1000 ლარის 70% – 700 ლარი.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: თ. თოდრია
პ. ქათამაძე