¹ ბს-674-261(კ-05) 28 იანვარი, 2006წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ნ. სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მ. ვაჩაძე,
ნ. წკეპლაძე
დავის საგანი: მორალური ზიანის ანაზღაურება.
აღწერილობითი ნაწილი:
20.07.04წ. ვ. დ-მ სარჩელით მიმართა აჭარის ა.რ. უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიას აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიმართ და მოითხოვა მორალური ზიანის ანაზღაურება 2 000 000 ლარის ოდენობით. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ მან არაერთგზის მიმართა ქ. ბათუმის პროკურატურას მისი და მისი ოჯახის წინააღმდეგ განხორციელებული დანაშაულებრივი ქმედებების ფაქტებზე სისხლის სამართლის საქმის აღძვრის მოთხოვნით. მიუხედავად აღნიშნულისა, ქ. ბათუმის პროკურატურამ არ აღძრა სისიხლის სამართლის საქმე. ვ. დ-მ მიუთითა, რომ ქ. ბათუმის პროკურატურის აღნიშნული უმოქმედობის შედეგად დაუსჯელნი დარჩნენ დამნაშავეები, რომლებიც დღესაც აგრძელებენ მის მიმართ დანაშაულებრივი ქმედებების განხორციელებას, კერძოდ, აშინებენ, სცემენ და ემუქრებიან, ასევე, სასამართლოს დადგენილების გარეშე უთიშავენ ელექტროენერგიას. მოსარჩელემ ასევე მიუთითა, რომ ფარიკაობიდან სრულიად უკანონოდ გამორიცხეს მისი ოთხი შვილი, რითიც მათ ოჯახს მიადგა მატერიალური ზიანი ყოველთვიურად 70 ლარის ოდენობით. ვ. დ-ს განცხადებით, დედამისი ქ. ბათუმში ... მდებარე ბინაში ჯერ კიდევ 1970 წლიდან არის ჩაწერილი. მიუხედავად ამისა, დღემდე არ აძლევენ აღნიშნული ბინის პრივატიზების უფლებას. ვ. დ-მ ასევე აღნიშნა რომ სისხლის სამართლის საქმე უნდა აღიძრას იმ პირთა წინაარმდეგ, რომლებიც არ ასრულებენ ქ. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 01.04.97წ., 20.10.03წ. და 26.12.03წ. გადაწყვეტილებებს.
აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 21.07.04წ. განჩინებით ვ. დ-ს უარი ეთქვა სარჩელის მიღებაზე იმ მოტივით, რომ სარჩელის სასამართლოს უწყებრივად არ ექვემდებარებოდა. აღნიშნული განჩინება ვ. დ-მ გაასაჩივრა კერძო საჩივრით. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 15.12.04წ. განჩინებით ვ. დ-ს კერძო საჩივარი დაკმაყოფილდა. საკასაციო სასამართლომ განჩინებაში მიუთითა, რომ ზაკ-ის 208-ე მუხლი და სკ-ის 1005-ე მუხლი ითვალისწინებს სახელმწიფოს მოხელის მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურებას. აღნიშნულიდან გამომდინარე, საჩივრის წარმოებაში მიღების დროს სასამართლოს უნდა გამოერკვია, იგი ამ მუხლების საფუძველზე ხომ არ ითხოვდა მორალური ზინის ანაზღაურებას. აჭარის ა. რ. უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 31.01.05წ. განჩინებით ვ. დ-ს სარჩელი წარმოებაში იქნა მიღებული. ამავე სასამართლოს 31.01.05წ. განჩინებით საქმეში მესამე პირად იქნა ჩაბმული ქ. ბათუმის რაიონული პროკურატურა. აჭარის ა. რ. უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 17.03.05წ. გადაწყვეტილებით ვ. დ-ს სარჩელი არ დაკმაყოფილდა შემდეგ გარემოებათა გამო: კოლეგიამ მიუთითა, რომ სკ-ის 1005-ე მუხლის თანახმად, სახელმწიფო მისი მოხელის მიერ მიყენებული ზიანისთვის პასუხს აგებს, როცა ზიანი გამოწვეულია მუშაკის განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით. სასმართლო კოლეგიამ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში პროკურატურის მხრიდან მოსარჩელე ვ. დ-ს და მისი ოჯახის მიმართ არ ყოფილა რაიმე განზრახი ან უხეში მოქმედებები, რაც დაარღვევდა ვ. დ-ს და მისი ოჯახის კანონიერ ინტერესებს. აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ვ. დ-მ. კასატორმა აღნიშნა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებაში არ არის ასახული საქმისთვის საჭირო ფაქტები და მტკიცებულებები. მისი აღწერილობითი ნაწილი არ მოიცავს საჩივრის სრულ აღწერილობას. კასატორის განმარტებით, მისი სახელით პროკურატურაში წარდგენილ განცხადებებზე პროკურატურას რეაგირება საერთოდ არ მოუხდენია და არ გამოუტანია დადგენილება სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე უარის თქმის შესახებ. ვ. დ-ი აღნიშნავს, რომ 12.03.03წ. პროკურატურის დადგენილება სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე უარის თქმის შესახებ გამოტანილია დედამისის სახელზე. აღნიშნული დადგენილება გასაჩივრებული იქნა მის მიერ, თუმცა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 21.01.04წ. და 24.02.04წ. განჩინებებით დარჩა ძალაში. საკასაციო საჩივარში მითითებულია, რომ დამნაშავეთა მიმართ სისხლის სამართლის საქმის აღუძვრელობამ მას და მის ოჯახს დიდი ზიანი მიაყენა. აღნიშნულიდან გამომდინარე, ვ. დ-მ მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად იმავე სასამართლოს სხვა შემადგენლობისათვის დაბრუნება.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის დასაბუთებულობის და გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერების შემოწმების შედეგად თვლის, რომ საკასაციო საჩივარი უსაფუძლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ წარმოებაში გამოიყენება სსკ-ის დებულებანი, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი. სსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, საოლქო სასამართლოს კოლეგიის მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია. განსახილველ შემთხვევაში კასატორის მიერ დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია წამოყენებული არ არის.
სასამართლო კოლეგიის მიერ დადგენილად არის ცნობილი, რომ ვ. დ-ი ქ. ბათუმის რაიონულ პროკურატურას მიმართავდა ერთმანეთის მსგავსი განცხადება-საჩივრებით. ქ. ბათუმის პროკურატურის მიერ წერილობით იქნა მათზე პასუხი გაცემული და ასევე გამოტანილ იქნა 12.03.03წ. დადგენილება სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე უარის თქმის შესახებ. საქმის მასალებით დასტურდება, რომ სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე უარის თქმის შესახებ 12.03.03წ. დადგენილება უკანონოდ ცნობილი არ ყოფილა და ძალაში იქნა დატოვებული აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს 22.01.04წ. გადაწყვეტილებით. საკასაციო პალატა ვერ იქონიებს მსჯელობას სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე უარის თქმის მართებულობაზე, ვინაიდან სისხლის სამართლის აღძვრაზე უარის თქმით მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ სარჩელის სასამართლო განხილვის შედეგად კანონიერ ძალაში შესული პროცესუალური აქტის გადასინჯვა ფაქტიურად ნიშანავს კანონიერ ძალაში შესული პროცესუალური აქტის კანონიერებისა და დასაბუთებულობის შემოწმების კიდევ ერთი, პროცესუალური კანონმდებლობით გაუთვალისწინებელი პროცედურის დაშვებას, სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე უფლებამოსილი თანამდებობის პირების პროცესუალური აქტების გადასინჯვის დადგენილი პროცედურის შეცვლას დელიქტური სარჩელის წარდგენის გზით. სკ-ის 992-ე მუხლის თანახმად, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ დელიქტური პასუხისმგებლობის დადგენისათვის საგამოძიებო ორგანოების თანამდებობის პირთა მოქმედებების კანონსაწინააღმდეგო ხასიათი უნდა დასტურდებოდეს სასამართლოს მიერ მიღებული კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით. განსახილველ შემთხვევაში კასატორი ითხოვს ზიანის ანაზღაურებას, რომელიც მას სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე უარის თქმის შედეგად მიადგა. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ქ. ბათუმის რაიონული პროკურატურის თანამშრომლების ბრალი დადასტურებული არ არის სისხლის სამართლის კანონმდებლობით დადგენილი წესით, საქმის მასალებით არ დასტურდება კასატორის მიერ მითითებულ პირთა ბრალეული ქმედება, სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე უარის თქმის შესახებ გამოტანილი ქ. ბათუმის პროკურატურის 12.03.03წ. დადგენილება უკანონოდ ცნობილი არ ყოფილა. ამდენად, კასატორის მითითება ქ. ბათუმის პროკურატურის თანამშრომელთა მართლსაწინააღმდეგო ქმედებებზე არ ქმნის საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველს.
ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება მიღებულია კანონის შესაბამისად და კასატორის მიერ მითითებულ კანონდარღვევას ადგილი არა აქვს, რაც სსკ-ის 410-ე მუხლის თანახმად საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია.
საკასაციო პალატა სსკ-ის 47-ე მუხლის I ნაწილის, აგრეთვე “სახელმწიფო ბაჟის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის I ნაწილის “ვ” ქვეპუნქტის საფუძველზე ათავისუფლებს კასატორს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, სსკ-ის 390-ე, 399-ე, 410-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ვ. დ-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს. უცვლელად დარჩეს აჭარის ა. რ. უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 17.03.05წ. გადაწყვეტილება.
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გაჩიინება საბოლოოა და არ საჩივრდება.