Facebook Twitter

¹ ბს-674-583-კ-04 24 მაისი, 2005 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ნ. სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ნ. კლარჯეიშვილი,

გ. ქაჯაია

დავის საგანი: ქონების დაბრუნება.

აღწერილობითი ნაწილი:

20.08.03წ თბილისის საოლქო სასამართლოს კოლეგიაში სარჩელი აღძრა სს “ს.” მოპასუხეების: სს “ს. გ. ს. კ.”, სსიპ “საწარმოთა მართვის სააგენტოს” მიმართ და მოითხოვა “ს.” კუთვნილი და საწესდებო კაპიტალიდან ამოღებული ქონების სს “ს. გ. ს. კ.” გადაცემის უკანონოდ ცნობა და ქონების სს “ს.” დაბრუნება. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ საქართველოს პრეზიდენტის 20.04.97წ ¹206 ბრძანებულების მეხუთე მუხლის “ა” ქვეპუნქტის საფუძველზე, სს “ს. გ. ს. კ.” სახელმწიფო ქონება მაგისტრალური გაზსადენის სახით ფლობის, სარგებლობის, მართვისა და ექსპლოატაციის უფლებებით გადაეცა მხოლოდ მაგისტრალური გაზსადენის ვლადიკავკაზი-საგურამო-წითელი ხიდის მონაკვეთზე. საქართველოს სხვა მაგისტრალური გაზსადენების სს “ს. გ. ს. კ.” გადაცემის შესახებ პრეზიდენტის ბრძანებულებაში არაფერია ნათქვამი, რის გამოც ყველა დანარჩენი მაგისტრალური გაზსადენების გადაცემას კორპორაციისათვის არანაირი სამართლებრივი საფუძველი გააჩნდა. მოსარჩელის განმარტებით, საქართველოს მაგისტრალური გაზსადენი შედგება 9 დამოუკიდებელი გაზსადენისაგან, რომელთაგან 4 _ ჩრდილოეთ კავკასია-ამიერკავკასია, კაზახ-საგურამო, ყარაბაღი-თბილისი, ვლადიკავკაზ-თბილისი _ წარმოადგენს სწორედ პრეზიდენტის ბრძანებულებაში აღნიშნულ ვლადიკავკაზ-საგურამო-წითელი ხიდის მაგისტრალური გაზსადენის მონაკვეთს. მაგისტრალური გაზსადენების სხვა მონაკვეთებს არანაირი კავშირი აქვს დასახელებულ მონაკვეთებთან და ისინი დამოუკიდებელ ერთეულებს წარმოადგენს. მოსარჩელემ მიუთითა, რომ სს ““ს. გ. ს. კ.” შექმნის ძირითად მიზანს წარმოადგენდა საქართველოს ტერიტორიაზე რუსეთის, თურქმენეთის, ყაზახეთის და სხვა ქვეყნების ტერიტორიებიდან გაზის ტრანსპორტირება თურქეთის რესპუბლიკაში. აღნიშნული ტრანზიტის განხორციელება შესაძლებელია მხოლოდ ვლადიკავკაზ-საგურამო-წითელი ხიდის გაზსადენის მეშვეობით. ამდენად, საქართველოს პრეზიდენტის 12.08.96წ. ¹519 და 20.04.97წ. ¹206 ბრძანებულებები სს “ს. გ. ს. კ.” ითვალისწინებდა მხოლოდ ტრანზიტული დანიშნულების მილსადენების გადაცემას. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ სს “საქტრანზგაზმრეწვი” შეცდომაში შეყვანის გზით ფაქტობრივად აიძულეს, შეესრულებინა სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს 02.04.99წ ¹1-3/161 ბრძანება სადავო ქონების სს “ს. გ. ს. კ.” გადაცემის შესახებ.

მოსარჩელე მიაჩნევდა, რომ სს “ს. გ. ს. კ.” უნდა გადასცემოდა მხოლოდ ვლადიკავკაზი-საგურამო-წითელი ხიდის მაგისტრალური გაზსადენის საკომპრესორო და გამანაწილებელი სადგურები, გამწმენდი მოწყობილობები, კონდენსატის შემკვრელები, რომლებიც საჭირო იყო მაგისტრაულრი გაზსადენის ფუნქციონირებისათვის. აღნიშნული ქონების გარდა სს “ს. გ. ს. კ.” სრულიად უკანონოდ გადაეცა სს “ს.” ისეთი უძრავ-მოძრავი ქონება, რომელიც საერთოდ არ იყო საჭირო მაგისტრალური გაზსადენის ფუნქციონირებისათვის და რომელსაც არ ითვალისწინებდა საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება, კერძოდ: შენობა-ნაგებობები, მათ შორის თბილისში, ... მდებარე შენობა, სახაზო სამმართველოების ადმინისტრაციული კორპუსები, ქვეშეთის პროფილაქტორიუმი, კომპიუტერები, ავეჯი, სატრანსპორტო საშუალებები და ა.შ.

მოსარჩელე თვლის, რომ საქართველოს პრეზიდენტის 20.04.97წ ¹206 ბრძანებულების მეხუთე მუხლის “ა” ქვეპუნქტით, კორპორაციას უნდა გადასცემოდა მხოლოდ 1200, 700, 500 და 300 მმ დიამეტრის მქონე გაზსადენის მილები. მიუხედავად ამისა, მას უსაფუძვლოდ გადაეცა 300 მმ-ზე ნაკლები დიამეტრის გაზსადენები. ამავე ბრძანებულების მე-5 მუხლის თანახმად, აღიშნული ბრძანებულებით განსაზღვრული უფლებები ვლადიკავკაზ-საგურამო-წითელი ხიდის მაგისტრალურ გაზსადენზე და მის ქონებაზე სს “ს. გ. ს. კ.” უნდა გადასცემოდა ხელშეკრულებით განსაზღვრული ვადით, რომელიც დაიდებოდა საქართველოს და თურქეთის მთავრობებს შორის “გაზპრომის” მონაწილეობით.

მოსარჩელის განმარტებით, სს “ს. გ. ს. კ.” ქონების გადაცემის ერთ-ერთი საფუძველი საქართევლოს პრეზიდენტის 27.10.98წ ¹773 განკარგულებაა, რომლის თანახმადაც უნდა შექმნილიყო ასევე საქართველოს-რუსეთის ერთობლივი სს “ს.”, თუმცა ასეთი რამ დღემდე არ შექმნილა. ამდენად, ამ მიზნებისათვის კორპორაციისათვის გადაცემული ქონება უნდა ჩაითვალოს უკანონოდ და იგი უნდა დაუბრუნდეს სს “საქტრანსგაზმრეწვს”.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 09.10.03წ განჩინებით საქმეში მესამე პირად ჩაება ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტრო.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინიტსრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 09.03.04წ. გადაწყვეტილებით სს “ს.” სარჩელი არ დაკმაყოფილდა შემდეგ გარემოებათა გამო:

სასამართლო კოლეგიამ მიუთითა, რომ თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიამ 04.04.01წ განიხილა მოსარჩელე სს “ს.” სარჩელი მოპასუხე სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს და მესამე პირის სს “ს. გ. ს. კ.” მიმართ. მოსარჩელე მოითხოვდა სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს 02.04.99წ 31-3/161 ბრძანების მე-2, მე-3, მე-4 პუნქტების ბათილად ცნობას იმ საფუძვლით, რომ ბრძანება ეწინააღმდეგებოდა საქართველოს პრეზიდენტის 20.04.97წ ¹206 ბრძანებულებას. მოსარჩელის მიერ სარჩელზე უარის თქმის გამო აღნიშნულ საქმეზე წარმოება შეწყდა, საქართველოს უზენაესი საამართლოს ადმინიტსრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 27.12.02წ განჩინებით უცვლელად დარჩა საოლქო სასამართლოს განჩინება. კოლეგიამ მიუთითა, რომ ამჟამად მოსარჩელემ ახალი სარჩელი შეიტანა ფაქტობრივად იმავე საგანზე, იმავე საფუძვლით. სსკ-ის 273-ე მუხლის მეორე ნაწილით საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის იმავე საფუძვლით არ შეიძლება, ამიტომ მოსარჩელემ შეცვალა დავის საგანი, გააფართოვა მოპასუხეთა წრე, რაც მოცემულ შემთხვევაში, კოლეგიის აზრით, საქმის წარმოების ფორმალურ საფუძვლად უნდა ჩაითვალოს.

სასამართლო კოლეგიამ გაიზიარა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 13.11.01წ. განჩინებაში გამოთქმული მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს სადავო ¹1-3/161 ბრძანება წარმოადგენს არა ადმინისტრაციცულ აქტს, არამედ _ აქციონერთა კრების გადაწყვეტილებას იმ საფუძვლით, რომ სამინისტრომ, როგორც დამფუძნებელმა პარტნიორმა და 100%-იანი წილის აქციონერმა, შეამცირა თავის მიერ დაფუძნებული სს “ს.” საწესდებო კაპიტალის ნაწილი და ამ თანხის ქონება შეიტანა თავის მიერ დაფუძნებული სს “ს. გ. ს. კ.” “მეწარმეთა შესახებ” კანონის 3.3 მუხლის საფუძველზე. ამგვარი მოქმედების უფლება სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ჰქონდა თავისი სამეწარმეო საქმიანობის მიზნებიდან გამომდინარე, რაც გათვალისწინებულია “მეწარმეთა შესახებ” კანონის 1.1 მუხლით და “სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ” კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის “ა” ქვეპუნქტის საფუძველზე.

სასამართლო კოლეგიამ აღნიშნა, რომ ნორმატიული აქტი, საქართველოს პრეზიდენტის 20.04.1997წ ¹206 ბრძანებულება, რომლის საფუძველზეც მოხდა სს “ს.” ქონების ამოღება და სს “ს. გ. ს. კ.” გადაცემა, ძალადაკარგულად ან ბათილად ცნობილი არ ყოფილა. “ნორმატიული აქტების შესახებ” კანონის 46-ე მუხლის I პუნქტის მიხედვით, ნორმატიული აქტი მოქმედებს უვადოდ, თუ კანონმდებლობით ან თვით ამ აქტით სხვა რამ არ არის დადგენილი. მოცემულ შემთხვევაში კანონმდებლობით და საქართველოს პრეზიდენტის 20.04.97წ. ¹206-ე ბრძანებულებით სხვა რამ არ არის დადგენილი, ამიტომ ნორმატიული აქტი უნდა შესრულდეს. აღნიშნული აქტის საფუძველზე გამოიცა მინისტრის ¹1-3/161, 02.04.99წ. ბრძანება, რომელიც მიჩნეულ უნდა იქნეს აქციონერთა კრების გადაწყვეტილებად. ასეთ შემთხვევაში “მეწარმეთა შესახებ” კანონის 54.6 მუხლის საფუძველზე სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრო უფლებამოსილი იყო, შეეცვალა საწესდებო კაპიტალი. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ სს “ს.” ამოღებული ქონების სს “ს. გ. ს. კ.” გადაცემა მართლზომიერი მოქმედებაა.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინიტსრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 09.03.04წ გადაწყვეტილება სს “ს.” საკასაციო წესით გაასაჩივრა. კასატორი მიიჩნევს, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება არის უკანონო და უნდა გაუქმდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

კოლეგიის გადაწყვეტილება იურიდიულად იმდენად დაუსაბუთებელია, რომ გადაწყვეტილების სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია (სსკ-ის 394-ე მუხლის “ე” ქვეპუნქტი).

კასატორი თვლის, რომ გადაწყვეტილება მიღებულია სსკ-ის 272-ე მუხლის “ბ” ქვეპუნქტის მოთხოვნათა დარღვევით. კერძოდ, მოსარჩელის მიერ აღძრული სარჩელი სამინისტროს 02.04.99წ ¹1-3/161 ბრძანების ბათილად ცნობის და შემდგომში მის მიერ აღძრული სარჩელი ქონების დაბრუნების თაობაზე, რომელიც აღნიშნული გადაწყვეტილების დავის საგანს წარმოადგენდა, რადიკალურად განსხვავებული სარჩელებია, მათ ერთმანეთთან არაფერი აქვთ საერთო და იგი არ შეიძლება ჩაითვალოს დავად ერთი და იგივე მხარეებს შორის ერთი და იმავე საფუძვლით ერთსა და იმავე საგანზე.

კასატორი თვლის, რომ ეს არის სსკ-ის 393-ე მუხლის “ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევა, სასამართლომ კი იხელმძღვანელა “ნორმატიული აქტების შესახებ” კანონის 46-ე მუხლით და საქართველოს პრეზიდენტის 20.04. 97წ ¹206 ბრძანებულებით, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა. კოლეგიას გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში სასარჩელო მოთხოვნაზე არსებითად არ უმსჯელია, კოლეგიის მიერ გადაწყვეტილებაში სსკ-ის 272-ე მუხლთან დაკავშირებით მოყვანილი არგუმენტაციის მიხედვით საქმე უნდა შეწყვეტილიყო, სასამართლოს მსჯელობა არის წინააღმდეგობრივი, უპასუხოდ არის დარჩენილი სამართლებრივი მოთხოვნის დაკმაყოფილების საკითხი.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, გასაჩივრებული გადაწყვეტილებისა და საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად თვლის, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ გასაჩივრებული განჩინება წინააღმდეგობრივია და გამოტანილია სსკ-ის 272-ე მუხლის “გ” ქვეპუნქტის მოთხოვნათა დარღვევით. თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინსტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 20.06.02წ განჩინებით ასკ-ის 3.2 მუხლის, სსკ-ის 272-ე მუხლის “გ” ქვეპუნქტის საფუძველზე შეწყდა საქმის წარმოება სს “ს.” სარჩელზე, რომლითაც მოსარჩელე ითხოვდა საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის მინისტრის 02.04.99წ ¹1-3/161 ბრძანების გაუქმებას. საოლქო სასამართლოს კოლეგიის 20.06.02წ განჩინება უცვლელად დარჩა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 27.12.02წ განჩინებით. საოლქო სასამართლოს კოლეგიის 09.03.04წ. საკასაციო წესით გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში იმის აღნიშვნა, რომ ზემოთ მითითებული საქმის წარმოება შეწყდა სსკ-ის 272-ე მუხლის საფუძველზე, არ ადასტურებს იმას, რომ განსახილველ შემთხვევაშიც საქმის წარმოება უნდა შეწყვეტილიყო. საოლქო სასამართლოს კოლეგიის გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში მითითებულია, რომ მოსარჩელე სს “ს.” მიერ შეცვლილია დავის საგანი, გაფართოებულია მოპასუხეთა წრე. აღნიშნულ გარემოებათა გათვალისწინებით კოლეგიამ არსებითად განიხილა სს “ს.” სარჩელი და საქმეზე გამოიტანა გადაწყვეტილება. ამასთან, საკასაციო პალატა იზიარებს საოლქო სასამართლოს კოლეგიის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ სს “ს.” მიერ გამოყენებულია სარჩელის ფორმალური საფუძველი, რადგან სარჩელის მიზანს ორივე შემთხვევაში ქონების დაბრუნება წარმოადგენდა.

უსაფუძვლოა კასატორის მოსაზრება იმის შესახებ, რომ სს “ს. გ. ს. კ.” უკანონოდ გადაეცა სს “ს.” კაპიტალიდან ქონება და იგი პირვანდელ მფლობელს უნდა დაუბრუნდეს. “მეწარმეთა შესახებ” კანონის 1.1, 54.6 მუხლების თანახმად, სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრო (ამჟამად ეკონომიკური განვითარების სამინისტრო), როგორც დამფუძნებელი პარტნიორი და 100%-იანი წილის აქციონერი, უფლებამოსილი იყო, შეეცვალა თავის მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირის საწესდებო კაპიტალი, კერძოდ, შეემცირებინა სს “ს.” საწესდებო კაპიტალი და გაეზარდა სს “გ. ს. კ.” საწესდებო კაპიტალი. ვინაიდან საწესდებო კაპიტალში ცვლილებების შეტანა მოხდა ნორმატიული აქტის _ საქართველოს პრეზიდენტის 20.04.97წ. ¹206 ბრძანებულების საფუძველზე, მართებულია საოლქო სასამართლოს კოლეგიის მითითება “ნორმატიული აქტების შესახებ” კანონის 46-ე მუხლზე, რომლის თანახმად, ნორმატიული აქტი მოქმედებს უვადოდ, თუ კანონმდებლობით ან თვით ამ აქტით სხვა რამ არ არის დადგენილი. საქართველოს პრეზიდენტის 20.04.97წ. ¹206 ბრძანებულება საფუძვლად დაედო სახელწიფო ქონების მართვის მინისტრის 02.04.99წ ¹1-3/161 ბრძანების გამოცემას, რომელიც თავისი ბუნებით წარმოადგენს აქციონერთა კრების გადაწყვეტილებას. აღნიშნული ბრძანების მე-2, მე-3, მე-4 პუნქტების თანახმად, სს “ს.” საწესდებო კაპიტალიდან 18649715,65 ლარის ღირებულების ქონება ამოღებულ იქნა თანდართული ნუსხის მიხედვით, სს “ს. გ. ს. კ.” საწესდებო კაპიტალი 64278291,2 ლარით განისაზღვრა. ამდენად, სააქციო საზოგადოებების საწესდებო კაპიტალის ცვლილება განხორციელდა “მეწარმეთა შესახებ” კანონის, საქარველოს პრეზიდენტის 20.04.97წ. ¹206 ბრძანებულების, სახელმწიფო ქონების მართვის მინისტრის 02.04.99წ ¹1-3/161 ბრძანების და აღნიშნულ ბრძანებაზე თანდართული ნუსხის საფუძველზე.

საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ საქართველოს პრეზიდენტის 20.04.97წ ¹206 ბრძანებულებიდან გამომდინარე სს “ს. გ. ს. კ.” უნდა გადასცემოდა საქართველოში ექსპლოატაციაში შესული ცხრა მაგისტრალური გაზსადენიდან მხოლოდ ოთხი. საქართველოს პრეზიდენტის 20.04.97წ ¹206 ბრძანებულების მეხუთე პუნქტის “ა” ქვეპუნქტის თანახმად, სს “საქართველოს გაზის საერთაშორისო კორპორაციას” გადაეცა მაგისტრალი 1939,24 კმ საერთო სიგრძით. საქმის მასალებით დასტურდება, რომ 01.12.99წ მდგომარეობით საქართველოში ექსპლოატაციაში შესული იყო მაგისტრალური გაზსადენების სისტემა 1939,52 კმ საერთო სიგრძით. აღნიშნული ფაქტი ადასტურებს, რომ კორპორაციას სატრანზიტო დანიშნულების გარდა ადგილობრივი გაზმომარაგებისათვის განკუთვნილი გაზსადენები გადაეცა. უსაფუძვლოა კასატორის მოსაზრება იმის შესახებ, რომ საქართველოს პრეზიდენტის 20.04.97წ ¹206 ბრძანებულებაში დაშვებულ იქნა შეცდომა. აღნიშნული ბრძანებულება ბათილად ან ძალადაკარგულად ცნობილი არ ყოფილა, ბრძანებულება ძალაშია და ამდენად, სავალდებულოა შესასრულებლად.

საკასაციო პალატა არ იზიარებს აგრეთვე კასატორის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ კორპორაცია შეიქმნა მხოლოდ ტრანზიტული გაზსადენის მომსახურებისათვის და ამდენად მას უნდა გადასცემოდა მხოლოდ ტრანზიტული მაგისტრალი. საქრთველოს პრეზიდენტის 20.04.97წ. ¹206 ბრძანებულების მე-8 პუნქტის თანახმად, “ს. გ. ს. კ.” საქმიანობა უნდა წარმართოს საქართველოს სამრეწველო და საყოფაცხოვრებო კომუნალური ობიექტების გაზით უზრუნველსაყოფად, გაზით მომარაგების ერთიანი სისტემის ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად. გარდა ამისა საქართველოს პრეზიდენტის 20.04.97წ. ¹206 ბრძანებულებით “ს. გ. ს. კ.” გამოცხადდა ბუნებრივ მონოპოლისტად და შესაბამისი ცვლილებები იქნა შეტანილი “ბუნებრივ მონოპოლისტთა სახელმწიფო რეესტრის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 20.05.96წ. ¹334 ბრძანებულების დანართში. ამდენად, უსაფუძვლოა კასატორის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ “ს. გ. ს. კ.” შეიქმნა მხოლოდ ტრანზიტული გაზის გატარების უზრუნველსაყოფად და ამიტომ კორპორაციას მხოლოდ ვლადიკავკაზი-საგურამო-წითელი ხიდის მაგისტრალური გაზსადენი უნდა გადასცემოდა.

ყოველივე ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 09.03.04წ გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა, რაც, სსკ-ის 410-ე მუხლის შესაბამისად, საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის I მუხლის მეორე ნაწილით, სსკ-ის 390-ე, 399-ე, 410-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. სს “ს.” საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს, უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 09.03.04წ. გადაწყვეტილება;

2. კასატორს სს “ს.” დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის გადახდა 5000 ლარის ოდენობით;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.