Facebook Twitter
# as-734-1103-06 ** *****, 2007 w

საქმე №ას-286-268-2014 28 აპრილი, 2014 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

თეიმურაზ თოდრია, პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – სს „ს. რ-ა“ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ე. ი-ი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 20 თებერვლის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – საწარმოო ტრავმის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ე. ი-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში სს „ს. რ-ის“ მიმართ 2013 წლის 1 ივნისიდან ყოველთვიური სარჩოს – საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული საშემოსავლო გადასახადის განაკვეთის გათვალისწინებით 750 ლარისა და სარჩოს მიუღებელი სხვაობის – 946,44 ლარის ერთობლივად გადახდის შესახებ შემდეგი საფუძვლებით:

მოსარჩელე მუშაობდა სს „ს. რ-ი” მემანქანედ. 1993 წლის 23 თებერვალს შრომითი მოვალეობის შესრულებისას მიიღო საწარმოო ტრავმა და დაკარგა შრომის უნარი 90%-ით, რის საფუძველზეც წლებია, მოპასუხისაგან იღებს ყოველთვიურ სარჩოს.

მოპასუხე არ ახდენს მოსარჩელისათვის სარჩოს ოდენობის გადაანგარიშებას იმავე კატეგორიის მოქმედი მუშაკის – მემანქანის თანაშემწის ხელფასის გაზრდილი ოდენობის გათვალისწინებით, რის გამოც კარგავს იმ შემოსავალს, რაც კანონით ეკუთვნის.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ კეთილსინდისიერად ასრულებს მოსარჩელისათვის სარჩოს გადახდის ვალდებულებას. ამ შემთხვევაში მოსარჩელის მოთხოვნა მიუღებელ შემოსავალზე სამართლებრივად გაუმართლებელია.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 26 სექტემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, რაც მოპასუხემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 20 თებერვლის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება ფაქტობრივი თვალსაზრისით გასაჩივრებული არ არის, ამდენად, გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები.

სააპელაციო სასამართლოს მითითებით, საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 6 თებერვლის №53 ბრძანებულებით ძალადაკარგულად გამოცხადდა საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 9 თებერვლის №48 ბრძანებულებით დამტკიცებული „შრომითი მოვალეობის შესრულებისას მუშაკის ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად ზიანის ანაზღაურების წესი“ და საქართველოს მთავრობის 2007 წლის 24 მარტის №53 დადგენილებით განისაზღვრა შრომითი მოვალეობის შესრულებისას მუშაკის ჯანმრთელობისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების წესი. აღნიშნული წესის 1.1 მუხლის შესაბამისად, საწარმოში, დაწესებულებასა თუ ორგანიზაციაში, ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის მიუხედავად, შრომითი მოვალეობის შესრულებისას დასაქმებულის ჯანმრთელობისათვის მიყენებული ზიანი ანაზღაურდება ამ წესით, საქართველოს შრომის კოდექსითა და სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრულ შემთხვევებში. იგივე წესის 1.2 მუხლით, დამსაქმებელი ვალდებულია, აანაზღაუროს ზიანი, რომელიც მიადგა დასაქმებულის ჯანმრთელობას შრომითი მოვალეობის შესრულებისას, თუ ზიანი გამოწვეულია დამსაქმებლის ბრალეული მოქმედებით და შრომის კოდექსი და სამოქალაქო კოდექსი ითვალისწინებს ზიანის ანაზღაურების ვალდებულებას ასეთი მოქმედებისათვის. აღნიშნულიდან გამომდინარე, 2007 წლის 24 მარტის №53 დადგენილებით შრომითი მოვალეობის შესრულებისას მიღებული ზიანის ანაზღაურებასთან დაკავშირებული საკითხის გადაწყვეტა განისაზღვრა შრომის კოდექსისა და სამოქალაქო კოდექსის საფუძველზე.

სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სხეულის დაზიანებით ან ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად დაზარალებულს წაერთვა შრომის უნარი ან შეუმცირდა იგი, ანდა იზრდება მოთხოვნილებები, დაზარალებულს უნდა აუნაზღაურდეს ზიანი ყოველთვიური სარჩოს გადახდით, რაც განპირობებულია ზიანის ანაზღაურების მიზნით, რომლის არსი სწორედ დაზარალებულის კომპენსირებაში მდგომარეობს, რისთვისაც მხედველობაშია მისაღები ის შემოსავალი, რომელიც დაზარალებულს გააჩნდა ზიანის დადგომამდე ორგანიზაციაში მუშაობისას და ზიანის დადგომის შემდგომი პერიოდი, როდესაც, შრომის უნარის შეზღუდვის გამო, დაზარალებული ვეღარ ახერხებს მუშაობას და უკვე არ აქვს უნარი, მიიღოს შემოსავალი ხელფასის სახით, რომელსაც იგი მიიღებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება.

აღნიშნულის შესაბამისად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ყოველთვიური სარჩოს სახით ზიანის ანაზღაურების ოდენობის განსაზღვრის კრიტერიუმს სწორედ ხელფასის ის ოდენობა წარმოადგენს, რასაც დაზარალებული იღებდა დაწესებულებიდან ჯანმრთელობის დაზიანებამდე შრომის უნარის დაკარგვის ხარისხთან შეფარდებით.

ამდენად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მის მიერ დადგენილი ფაქტები სწორად შეაფასა და მართებულად განსაზღვრა მოსარჩელის სასარგებლოდ სს „ს.რ-ე“ დასაკისრებელი სარჩოს ოდენობა.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება სს „ს. რ-ამ“ გაასაჩივრა საკასაციო წესით, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი საფუძვლებით:

სააპელაციო პალატამ გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, ამასთან, მართალია, გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის მეორე ნაწილიც, რომელიც სამოქალაქო კოდექსში სხეულის დაზიანებით ან ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად წარმოშობილი ზიანის ანაზღაურებას არეგულირებს, მაგრამ არასწორად განმარტა იგი.

სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველ ნაწილზე დაყრდნობით პირვანდელი მდგომარეობის აღდგენის მოთხოვნა დაუსაბუთებელია იმ მოტივითაც, რომ სხეულის დასახიჩრების და ტრავმის მიღების შემთხვევაში უბრალოდ შეუძლებელია პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა, განსხვავებით მატერიალური ზარალისაგან.

სხვა სახელშეკრულებო ურთიერთობაში მხარეს ყოველთვის შეიძლება, ჰქონდეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების ლეგიტიმური მოლოდინი, თუმცა ეს მოლოდინი დასაქმებულს ვერანაირად ვერ ექნება შრომით-სამართლებრივი ურთიერთობების დროს. შეუძლებელია იმის თქმა, მოსარჩელე იმუშავებდა თუ არა მოპასუხე საწარმოში და მიიღებდა თუ არა მთელი ამ წლების განმავლობაში შრომის ანაზღაურებას.

სს „ს. რ-ა“, როგორც კერძო სამართლის დამოუკიდებელი ბიზნესსუბიექტი ყველაფერს აკეთებს საკუთარი წარმოების განვითარებისათვის და კვალიფიციური კადრების მოზიდვისათვის, რომელიც, ბუნებრივია, გულისხმობს შრომითი ანაზღაურების ზრდას. გასათვალისწინებელია, რომ საწარმოს დებიტორად ჰყავს რამდენიმე ასეული სხვადასხვა დროს საწარმოო ტრავმის შედეგად დაზარალებული პირი, რომელსაც სს „ს. რ-ა“ ისედაც უხდის ყოველთვიურ სარჩოს, შესაბამისად, მოქმედი თანამშრომლის ხელფასის ზრდის პროპორციულად სარჩოს გადაანგარიშების დავალდებულება, მნიშვნელოვნად უშლის ხელს სს „ს. რ-ის“ ბიზნესაქტივობის ამაღლებას.

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს მთავრობის 2007 წლის 24 მარტის №53 დადგენილებით დამტკიცებული „შრომითი მოვალეობის შესრულებისას მუშაკის ჯანმრთელობისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების წესით“. აღნიშნული დადგენილება საქართველოს მთავრობის 2013 წლის 1 მარტის №45 დადგენილებით ძალადაკარგულად გამოცხადდა 2013 წლის 1 მარტიდან.

ამდენად, სასამართლომ გამოიყენა გაუქმებული ნორმატიული აქტი, რისი გამოყენების უფლებაც მას არ ჰქონდა. აღნიშნულის მიუხედავად, სასამართლომ მხედველობაში არ მიიღო, რომ გაუქმებული ნორმატიული აქტი (№53 დადგენილება) არ ითვალისწინებდა სარჩოს გადაანგარიშებას.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 25 მარტის განჩინებით სს „ს. რ-ის“ საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა სს „ს. რ-ის“ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორ სს „ს. რ-ას“ უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით მის მიერ 2014 წლის 18 მარტს №885 საგადასახდო დავალებით გადახდილი 300 ლარის 70% – 210 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სს „ს. რ-ის“ საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

2. კასატორ სს „ს. რ-ას“ (საიდენტიფიკაციო კოდი №...) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით მის მიერ 2014 წლის 18 მარტს №885 საგადასახდო დავალებით გადახდილი 300 ლარის 70% – 210 ლარი.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: თ. თოდრია

პ. ქათამაძე