№ას-292-274-2014 3 აპრილი, 2014 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე: თეიმურაზ თოდრია
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი _ ი. კ-ე (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე _ ც. ბ-ე, მ. მ-ი, ი. ჩ-ი (მოპასუხეები)
მოსარჩელეები – ც. ბ-ა, ვ. მ-ი, ს. მ-ი
გასაჩივრებული განჩინება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 9 იანვრის განჩინება
დავის საგანი _ ქონების ყადაღისაგან გათავისუფლება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 5 სექტემბრის გადაწყვეტილებით ვ. მ-ის, ს. მ-ის და ც. ბ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროს 2013 წლის 29 მაისის დაყადაღების აქტიდან ამოირიცხა: პერსონალური კომპიუტერი 1ც; მონიტორი 1ც.; თაგვი 1ც.; პრინტერი 1ც.; ვიდეოთვალი 1ც. როგორც ვ. მ-ის საკუთრება. იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროს 2013 წლის 29 მაისის დაყადაღების აქტიდან ამოირიცხა: საძინებელი გარნიტური: კარადა სარკით 1 ც.; კომოდი მცირე ზომის 2 ც.; 2 კომოდი საშუალო ზომის ტანსაცმლის 3 უჯრიანი, ტრილიაჟი სარკით საშუალო ზომის, როგორც ს. მ-ის საკუთრება. იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროს 2013 წლის 29 მაისის დაყადაღების აქტიდან ამოირიცხა: ორ კამერიანი მაცივარი ბეკო ვერცხლისფერი დიდი ზომის 1ც. - როგორც ც. ბ-ას საკუთრება. ი.ს კ-ის მოთხოვნა იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროს 2013 წლის 29 მაისის დაყადაღების აქტიდან ზალის მაგიდის, ამორიცხვის შესახებ არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო. მოთხოვნა პეროსნალური კომპიუტერის და სარეცხი მანქანის იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროს 2013 წლის 29 მაისის დაყადაღების აქტიდან ამორიცხვის შესახებ არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ი. კ-ემ, ს. ბ-ამ და მოითხოვეს მისი გაუქმება იმ ნაწილში, რომლითაც უარი ეთქვათ სარჩელის დაკმაყოფილებაზე.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 9 იანვრის განჩინებით ი. კ-სა და ც. ბ-ას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ი. კ-ის წარმომადგენელმა ზ. ფ-ემ და მოითხოვა მისი გაუქმება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ შეისწავლა ი. კ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების მიხედვით, საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის ვადაში მომხსენებელმა მოსამართლემ უნდა შეამოწმოს, შეტანილია თუ არა საკასაციო საჩივარი ამ კოდექსის 396-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით. აღნიშნული მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 397-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის შეტანის ვადაა 21 დღე. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. ამავე კოდექსის 2591 მუხლის თანახმად, თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოტანის თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი; წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მითითებული ნორმა ავალდებულებს მხარეს (მის წარმომადგენელს) გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი, თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოტანის თარიღი. ამ ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში კანონი ადგენს, რომ გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს.
მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით დასტურდება, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 9 იანვრის სასამართლო სხდომაზე განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებას ესწრებოდა როგორც კასატორი ი. კ-ე, ასევე მისი წარმომადგენელი ზ. ფ-ე (იხ. ს.ფ.205-216). ასეთ შემთხვევაში კასატორი ან მისი წარმომადგენელი ვალდებული იყვნენ გასაჩივრებული განჩინების ასლის მისაღებად სასამართლოსათვის მიემართათ არა უგვიანეს 2014 წლის 8 თებერვლისა. საქმის მასალებით ირკვევა, რომ არც კასატორს და არც მის წარმომადგენელს განჩინების ასლის მისაღებად სააპელაციო სასამართლოსათვის დადგენილ ვადაში არ მიუმართავთ. კასაოტორის წარმომადგენელ ზ. ფ-ემ გასაჩივრებული განჩჲნების ასლი ჩიაბარა 2014 წლის 14 თებერვალს. ამდენად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591 მუხლის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს განჩინების გასაჩივრების 21-დღიანი ვადის ათვლა მოცემულ შემთხვევაში დაიწყო გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს, ანუ 2014 წლის 8 თებერვალს და ამოიწურა ამავე წლის 28 თებერვალს, შესაბამისად, საკასაციო საჩივარი წარდგენილ უნდა ყოფილიყო 2014 წლის 28 თებერვლის ჩათვლით. საქმის მასალებით ირკვევა, რომ საკასაციო საჩივარი ი. კ-ის წარმომადგენელმა ზ. ფ-ემ შეიტანა 2014 წლის 14 მარტს (იხ. ს.ფ.234-240) ანუ კანონით დადგენილი ვადის დარღვევით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.
მითითებული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია კანონით დადგენილ ვადაში შეასრულოს შესაბამისი საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი კარგავს ამ საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას.
განსახილველ შემთხვევაში, ვინაიდან ი. კ-ემ საკასაციო საჩივარი შეიტანა კანონით დადგენილი ვადის დარღვევით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ იგი განუხილველად უნდა დარჩეს.
ს ა რ ე ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591 მუხლით, 397-ე მუხლის პირველი ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ი. კ-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად;
2. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე: თეიმურაზ თოდრია