№ას-329-310-2014 30 აპრილი, 2014 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – სს „ს. რ-ა“
მოწინააღმდეგე მხარე – ა. კ-ი
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 12 თებერვლის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – საწარმოო ტრავმის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2013 წლის 20 აგვისტოს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას სარჩელით მიმართა ა. კ-მა მოპასუხე სს „ს. რ-ის“ მიმართ.
მოსარჩელის მოთხოვნები:
1. მოპასუხე ორგანიზაციისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ 2013 წლის 1 აგვისტოდან ყოველთვიურად სარჩოს დაკისრება 1125 ლარის ოდენობით;
2. მოპასუხისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ ბოლო სამი წლის განმავლობაში მიუღებელი სარჩოს გადახდის დაკისრება 17652 ლარის ოდენობით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 13 ნოემბრის გადაწყვეტილებით ა. კ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა:
1. სს „ს. რ-ას“ ა. კ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 2010 წლის აგვისტოდან 2013 წლის აგვისტომდე პერიოდის მიუღებელი სარჩოს ერთობლივი თანხა 17652 ლარის ოდენობით, საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული საშემოსავლო გადასახადის განაკვეთის გათვალისწინებით;
2. სს „ს. რ-ას“ ა. კ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 2013 წლის აგვისტოდან ყოველთვიურად 1125 ლარის გადახდა, საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული საშემოსავლო გადასახადის განაკვეთის გათვალისწინებით.
საქალაქო სასამართლომ საქმეზე დადგენილად ცნო შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
მოსარჩელე, 1995 წლის ოქტომბრიდან მოპასუხე ორგანიზაციისგან ყოველთვიურად იღებდა სარჩოს საწარმოო ტრავმის გამო, 451.28 ლარის ოდენობით;
ხაშურის სალოკომოტივო მემანქანის ყოველთვიური ხელფასი შეადგენდა: 2010 წლის მაისიდან – 687.69 ლარს; 2011 წლის 1 მარტიდან – 1050 ლარს; 2012 წლის 30 მარტიდან – 1150 ლარს; 2012 წლის 1 დეკემბრიდან – 1250 ლარს.
ა. კ-მა სხეულის დაზიანება მიიღო სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, 1994 წლის 7 თებერვალს.
საქმის მასალებში დაცული იყო 1994 წლის 27 თებერვლის აქტი, რომლითაც დასტურდებოდა, რომ მოსარჩელემ სხეულის დაზიანება მიიღო სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას რ-ე მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად.
საქმეში ასევე წარდგენილი იყო სოცუზრუნველყოფის სამინისტროს 2001 წლის 3 სექტემბრის აქტი, რომელიც ადასტურებდა, რომ ა. კ-მა წარმოების ტრავმით მიიღო შრომისუნარიანობის 90%-იანი დაკარგვის ხარისხი.
საქალაქო სასამართლომ, სს „ს. რ-ის” მიმართ, მოსარჩელის მოთხოვნა – მემანქანის გაზრდილი ხელფასის ოდენობის გათვალისწინებით სარჩოს ოდენობის გადააანგარიშების შესახებ, კანონიერად ჩათვალა და სარჩელი დააკმაყოფილა. დავის გადაწყვეტისას, საქალაქო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტით, სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილით,
992-ე მუხლით, 408-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სს „ს. რ-ამ“.
აპელანტის მოთხოვნა:
გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 12 თებერვლის განჩინებით სს „ს. რ-ის“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად ცნო შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
მოსარჩელე ა. კ-ი მუშაობდა სს „ს. რ-ი”, სს ხაშურის სალოკომოტივო დეპოში ელმავლის მემანქანედ, სადაც სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას მიიღო საწარმოო ტრამვა და შრომითი დასახიჩრების გამო დაკარგა პროფესიული შრომითი უნარი 90%-ით, უვადოდ.
მოპასუხე სს „ს. რ-ა”, მოსარჩელეს, საწარმოო ტრავმის გამო, წლების განმავლობაში, ყოველთვიურად უხდის სარჩოს 451.28 ლარის ოდენობით.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, ყოველი შესრულება გულისხმობს ვალდებულების არსებობას. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მიღებული საწარმოო ტრავმის გამო სს ,,ს. რ-ა“ სარჩელის წარდგენამდე ყოველთვიურად უხდიდა და დღემდე უხდის სარჩოს მოსარჩელეს 451.28 ლარის ოდენობით, კონკრეტულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს მსჯელობის საგანს სარჩოს დანიშვნა კი არ წარმოადგენდა, არამედ სასამართლოს განხილვის საგანი იყო სარჩოს გადაანგარიშება. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, მისი განხილვის საგანს არ წარმოადგენდა აპელანტის მითითება, რომ საქმის მასალებით არ დგინდებოდა, ნამდვილად სს „ს. რ-ი“ მუშაობის პერიოდში მიიღო თუ არა ა. კ-მა ტრავმა და ამ მიზეზით დაკარგა თუ არა შრომის უნარი 90%-ით, უვადოდ.
ამავდროულად, სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლზე, რომლის თანახმად, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, ნორმით დადგენილი დელიქტური ვალდებულებიდან გამომდინარე, პირს ზიანის ანაზღაურება შეიძლება დაეკისროს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არსებობს პასუხისმგებლობის დაკისრების კანონით გათვალისწინებული წინაპირობები, კერძოდ: სახეზეა ზიანი; ზიანი მიყენებულია მართლსაწინააღმდეგო მოქმედებით; მართლსაწინააღმდეგო მოქმედებასა და დამდგარ ზიანს შორის არსებობს მიზეზობრივი კავშირი; ზიანის მიმყენებელს მიუძღვის ბრალი.
მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სახეზე იყო კანონის ზემოაღნიშნული ნორმით გათვალისწინებული წინაპირობები კერძოდ, მოსარჩელეს სს ,,ს. რ-ი” მუშაობის პერიოდში მიღებული ჰქონდა საწარმოო ტრავმა, რის გამოც მას შეზღუდული ჰქონდა შრომის უნარი, ე.ი. ა. კ-ს მიღებული ტრავმის გამო პროფესიული შრომის უნარი დაკარგული ჰქონდა 90%-ით, უვადოდ.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა აგრეთვე, სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის მიხედვით, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სხეულის დაზიანებით ან ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად დაზარალებულს წაერთვა შრომის უნარი ან შეუმცირდა იგი, ანდა იზრდება მოთხოვნილებები, დაზარალებულს უნდა აუნაზღაურდეს ზიანი ყოველთვიური სარჩოს გადახდით.
რამდენადაც სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლით გათვალისწინებული ვალდებულება განეკუთვნება დელიქტურ ვალდებულებათა ჯგუფს, სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ მოცემული დავის გადაწყვეტისას სწორად იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის ზემოთ მითითებული ნორმებით და ამ თვალსაზრისით, აპელანტის მოსაზრება დაუსაბუთებელი იყო.
,,შრომითი მოვალეობის შესრულებისას მუშაკის ჯანმრთელობისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების წესის შესახებ” საქართველოს მთავრობის 2007 წლის 24 მარტის №53 დადგენილების მე-2 მუხლის თანახმად, საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 9 თებერვლის №48 ბრძანებულების მოთხოვნათა დაცვით დანიშნული სარჩო ექვემდებარება ანაზღაურებას დამსაქმებლის ან მისი უფლებამონაცვლის მიერ, გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა, რაც თავის მხრივ ითვალისწინებს, რომ დამსაქმებლის გაკოტრების ან ლიკვიდაციის შემთხვევაში, წყდება დანიშნული სარჩოს გაცემის ვალდებულება. რაც შეეხებოდა სარჩოს გაანგარიშებას, სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ მართალია, საქართველოს მთავრობის 2007 წლის 24 მარტის №53 დადგენილება არ ითვალისწინებს სარჩოს გაანგარიშებს წესს, თუმცა ყურადღება უნდა მიექცეს თავად ზიანის ანაზღაურების მიზანს, რომლის არსი სწორედ დაზარალებულის კომპენსირებაში მდგომარეობს, რისთვისაც მხედველობაშია მისაღები ის შემოსავალი, რომელიც დაზარალებულს გააჩნდა ზიანის დადგომამდე ორგანიზაციაში მუშაობისას და ზიანის დადგომის შემდგომი პერიოდი, როდესაც შრომის უნარის შეზღუდვის გამო დაზარალებული ვეღარ ახერხებს მუშაობას, რის გამოც მას უკვე არ აქვს უნარი მიიღოს შემოსავალი ხელფასის სახით.
ზემოაღნიშნული მსჯელობის შესაბამისად სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ სარჩოს სახით ზიანის ანაზღაურების ოდენობის განსაზღვრის კრიტერიუმს სწორედ ხელფასის ის ოდენობა წარმოადგენს, რასაც დაზარალებული იღებდა დაწესებულებიდან ჯანმრთელობის დაზიანებამდე შრომის უნარის დაკარგვის ხარისხთან შეფარდებით. აღნიშნულის შესაბამისად სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ყოველთვიური სარჩოს სახით ზიანის ანაზღაურების ოდენობის განსაზღვრის კრიტერიუმს სწორედ ხელფასის ის ოდენობა წარმოადგენდა, რასაც დაზარალებული იღებდა დაწესებულებიდან ჯანმრთელობის დაზიანებამდე შრომის უნარის დაკარგვის ხარისხთან შეფარდებით.
ამდენად, სააპელაციო სასამართლომ თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, როგორც კანონიერი და დასაბუთებული, უცვლელად დატოვა და წარდგენილი სააპელაციო საჩივარი არ დააკმაყოფილა.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სს „ს. რ-ამ“.
კასატორის მოთხოვნა:
გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
საკასაციო საჩივრის საფუძვლები:
სასამართლომ, სარჩელის დაკმაყოფილების საფუძვლად მიუთითა საქართველოს მთავრობის 2007 წლის 24 მარტის დადგენილებასა და სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლზე. კანონის მითითებული ნორმები არ აწესრიგებენ სარჩოს გადაანგარიშების წესს. უფრო მეტიც, საქართველოს მთავრობის 2007 წლის 24 მარტის დადგენილებით დამტკიცებული „შრომითი მოვალეობის შესრულებისას მუშაკის ჯანმრთელობისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების წესის“ პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დამსაქმებელი ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, რომელიც მიადგა დასაქმებულის ჯანმრთელობას შრომითი მოვალეობის შესრულებისას, თუ ზიანი გამოწვეულია დამსაქმებლის ბრალეული მოქმედებით, შრომის კოდექსი და სამოქალაქო კოდექსი ითვალისწინებს ზიანის ანაზღაურების ვალდებულებას ასეთი მოქმედებისათვის და თუ არ არის გასული მოთხოვნის წარდგენის სამოქალაქო კოდექსით დადგენილი ხანდაზმულობის ვადა. აღნიშნული წესი არეგულირებს მხოლოდ დამსაქმებლის ბრალის შემთხვევაში ზიანის ანაზღაურების წესს და არა პროფესიული დაავადების გამო დანიშნული სარჩოს ანაზღაურებას;
დანიშნული სარჩოს გადაანგარიშების წესს განსაზღვრავდა საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის №48 ბრძანებულებით დამტკიცებული „შრომითი მოვალეობის შესრულებისას მუშაკის ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად ზიანის ანაზღაურების წესი“. ამ წესის მე-11 პუნქტის თანახმად, დაზარალებულს ზიანი აუნაზღაურდებოდა იმავე თანრიგის სპეციალობის მუშაკის ბოლო სამი თვის სრულად ნამუშევარი ფაქტობრივად მიღებული საშუალო ხელფასიდან, იმ ოდენობით, რა ოდენობითაც დაკარგული ჰქონდა შრომის უნარის ხარისხი. მითითებული წესის მე-12 პუნქტის თანახმად, ორგანიზაციაში შრომის ანაზღაურების ან მისი მინიმალური დონის ცვლილების შესაბამისად ხდება სასამართლოს ან დამსაქმებლის მიერ ყოველთვიური სარჩოს გადაანგარიშება, მიუხედავად იმისა, თუ როდის მიიღო მან ეს დასახიჩრება. საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 11 სექტემბრის №443 ბრძანებულებით, დასახელებულ ნორმაში ცვლილება შევიდა და იგი შემდეგი რედაქციით ჩამოყალიბდა: ორგანიზაციაში შრომის ანაზღაურების მინიმალური ხელფასის ცვლილების შესაბამისად ხდება სასამართლოს ან დამსაქმებლის მიერ დადგენილი ყოველთვიური სარჩოს გადაანგარიშება, მიუხედავად იმისა, როდის მიიღო დაზარალებულმა ტრავმა. აღნიშნული დანაწესიდან გამომდინარე, 2003 წლის 11 სექტემბრიდან სარჩო შრომის ანაზღაურების ცვლილების შესაბამისად გადაანგარიშებას აღარ ექვემდებარება. საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 7 ნოემბრის №923 ბრძანებულებით, მითითებული მე-12 პუნქტი ბრძანებულებიდან საერთოდ ამოღებულ იქნა. ამდენად, სარჩოს გადაანგარიშების შესახებ მოსარჩელის მოთხოვნას, სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნია;
სარჩელის დაკმაყოფილების საფუძვლად სასამართლო უთითებს აგრეთვე სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველ ნაწილზე, აღნიშნული ნორმა ვრცელდება სახელშეკრულებო ან სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობიდან გამომდინარე ზიანის ანაზღაურებაზე, იგი არ შეიძლება გავრცელდეს ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად ზიანის ანაზღაურებაზე, რამდენადაც ამავე მუხლის მე-2 ნაწილი სპეციალური ნორმაა, რომელიც ითვალისწინებს ზიანის ანაზღაურებას სხეულის დაზიანების ან ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად ყოველთვიური სარჩოს გადახდით. შესაბამისად, სასამართლოს არ უნდა გამოეყენებინა სამოქალაქო კოდექსის 408-ე და 992-ე მუხლები;
არასწორია სასამართლოს მსჯელობა იმის თაობაზე, რომ მოსარჩელე ა. კ-ს შრომის უნარი დაკარგული აქვს 90%-ით, რადგან საქმის მასალებით არ დასტურდება მის მიერ პროფესიული შრომის უნარის 90%-ით დაკარგვის ფაქტი. ამასთან, საქმეზე არც ის დგინდება, რომ შრომის უნარის დაკარგვა სს „ს. რ-ის“ ბრალით მოხდა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სს „ს. რ-ის“ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემომითითებული საფუძვლით.
სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას სს „ს. რ-ის“ საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (1286.90 ლარი) 70% – 900.83 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სს „ს. რ-ის“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. კასატორ სს „ს. რ-ას“ დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (1286.90 ლარი, გადახდის თარიღი – 2014 წლის 21 მარტი, საგადასახადო დავალება №889) 70% – 900.83 ლარი;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. ქათამაძე
მოსამართლეები: ვ. როინიშვილი
ბ. ალავიძე