საქმე №ას-34-33-2014 1 აპრილი, 2014 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
თეიმურაზ თოდრია, პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – ნ. მ-ე (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – ც., ნ. ო-ი (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 14 ნოემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – სამკვიდრო მოწმობის ბათილად ცნობა, სამკვიდრო ქონების წილზე თანამესაკუთრედ ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ც. და ნ. ო-მა სარჩელი აღძრეს სასამართლოში ნ. მ-ის მიმართ და მოითხოვეს, ნაწილობრივ ბათილად იქნეს ცნობილი 2011 წელის 10 აგვისტოს მოპასუხე ნ. მ-ის სახელზე სამკვიდრო მოწმობა, ც. და ნ. ო-ი ცნობილ იქნენ მოპასუხე ნ. მ-ის სახელზე რეგისტრირებული გარდაბნის რაიონის სოფელ მ-ი მდებარე ლ. ო-ის სამკვიდრო ქონების 5/6 წილის მესაკუთრეებად (უძრავი ქონების საკადასტრო კოდი :...), ასევე ქ.თბილისში, შ-ას ქუჩა №45-ში მდებარე №17 ბინიდან ნ. მ-ის სახელზე რეგისტრირებული 7/12 ნაწილის ნახევრის – 7/24-ის 5/6-ის მესაკუთრეებად შემდეგი საფუძვლებით:
მოსარჩელეები არიან 2010 წლის 17 დეკემბერს გარდაცვლილი ლ. ო-ის პირველი რიგის მემკვიდრეები – შვილები. მოპასუხე ნ. მ-ეც წარმოადგენს პირველი რიგის მემკვიდრეს – გარდაცვლილის მეუღლეს.
1984 წელს ლ. ო-მა შეადგინა ანდერძი, რომლითაც მთელი თავისი ქონება უანდერძა შვილებს – ც. და ნ. ო-ს.
ნ. მ-ემ ლ. ო-ის გარდაცვალების შესახებ შვილებს არ აცნობა და მათგან დაფარულად მიიღო სამკვიდრო მოწმობა მამკვიდრებლის მთელ ქონებაზე.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 14 დეკემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, სამკვიდრო ქონების 5/6-ის ნაწილში ბათილად იქნა ცნობილი ნოტარიუს დ. ბ-ის მიერ 2011 წლის 10 აგვისტოს ნ. მ-ის სახელზე გაცემული სამკვიდრო მოწმობა 2010 წლის 17 დეკემბერს გარდაცვლილი ლ. ო-ის დანაშთ ქონებასთან დაკავშირებით, ც. ო-ი და ნ. ო-ი ცნობილ იქნენ 2010 წლის 17 დეკემბერს გარდაცვლილი ლ. ო-ის სამკვიდრო ქონების 5/6 ნაწილის მესაკუთრეებად გარდაბნის რაიონის სოფელ მ-ი მდებარე უძრავი ქონების (საკადასტრო კოდი: ...) ლ. ო-ის წილის (რომელიც ამჟამად აღრიცხულია ნ. მ-ის სახელზე) 5/6 ნაწილის მესაკუთრეებად ცნობილ იქნენ ც. და ნ. ო-ი, ხოლო 1/6 ნაწილი დარჩა მოპასუხე ნ. მ-ის საკუთრებაში, ქ.თბილისში, შ-ას ქუჩა N45-ში მდებარე №17 ბინის (საკადასტრო კოდი: ...) 35/144 ნაწილის მესაკუთრეებად ცნობილ იქნენ ც. და ნ. ო-ი, ბესიკ მ-ის კუთვნილი 5/12 (60/144) ნაწილი დარჩა უცვლელად, ხოლო ნ. მ-ის სახელზე აღირიცხა 49/144 ნაწილი.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ნ. მ-ემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 14 ნოემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 104-ე მუხლის პირველი ნაწილის ანალიზის საფუძველზე სასამართლომ მიიჩნია, რომ უნდა მიიღოს მხოლოდ ისეთი მტკიცებულებები, რომელიც ეხება საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებას და, რომელსაც შეუძლია, დაადასტუროს ისინი. აღნიშნულ წესს საფუძვლად უდევს მტკიცებულებათა განკუთვნადობის პრინციპი, რომელიც უზრუნველყოფს საჭირო და საქმისათვის მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებების შეგროვებას, ზედმეტი და გამოუსადეგარი მტკიცებულებების შეგროვებისაგან თავის არიდებას. განკუთვნებადია მხოლოდ ისეთი მტკიცებულება, რომელიც მიმართულია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოების დადასტურებისაკენ.
განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხის წარმომადგენლის განმარტებიდან სასამართლომ დაადგინა, რომ მოპასუხის სასარგებლოდ მოწმეების დაკითხვას მხარე ითხოვდა, რადგან აღნიშნული მოწმეები იყვნენ მარტყოფის ადგილობრივი მკვიდრნი და ნ. მ-ის შვილი, რომელიც გარდაცვალებამდე უვლიდა მამკვიდრებელს და მანვე გასწია ხარჯები სამკვიდრო ქონების გაუმჯობესების მიზნით. სწორედ აღნიშნულ გარემოებას დაადასტურებენ ადგილობრივი მკვიდრნი, რომლებმაც იციან, თუ რა მდგომარეობაში იყო სამკვიდროში შემავალი სახლი, ვიდრე მას ნ. მ-ის შვილი გაარემონტებდა და გააუმჯობესებდა. მოწმეები ასევე დაადასტურებდნენ იმ გარემოებას, რომ მოსარჩელეები არ ჩამოდიოდნენ მამკვიდრებლის მოსავლელად და მას მხოლოდ მოპასუხე მხარე უვლიდა და პატრონობდა. მოსარჩელისათვის მიკუთვნებული რამდენიმე ოთახი სწორედ მოპასუხის მიერ გაწეული ხარჯების შემდგომ შეემატა სადავო სახლს. მათი დაკითხვით ასევე დადასტურდებოდა, რომ ლ. ო-ს დაქვეითებული ჰქონდა მხედველობა და იგი ვერ შეძლებდა ანდერძის შედგენას.
სააპელაციო პალატა დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნებს, რომ მოპასუხის მიერ მითითებულ მოწმეთა ჩვენებები არ იყო არსებითი მნიშვნელობის მქონე განსახილველი დავისათვის.
განსახილველ შემთხვევაში საქმეზე დავის საგანს წარმოადგენს 2011 წლის 10 აგვისტოს მოპასუხე ნ. მ-ის სახელზე გაცემული სამკვიდრო მოწმობის ბათილად ცნობა და სამკვიდრო ქონების წილზე მესაკუთრედ ცნობა. აღნიშნული დავის საგნიდან გამომდინარე, პირველი ინსტანციის სასამართლომ დაადგინა საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები, რომლებიც აპელანტის მიერ სადავოდ არ გამხდარა, კერძოდ:
ლ. ო-ის პირველი რიგის მემკვიდრეებს წარმოადგენენ შვილები – ც. ო-ი და ნ. ო-ი (მოსარჩელეები), ასევე მეუღლე – ნ. მ-ე (მეუღლე).
გარდაცვალების დროისათვის ლ. ო-ი წარმოადგენდა გარდაბნის რაიონის სოფელ მ-ი მდებარე საცხოვრებელი სახლის თანამესაკუთრეს. მითითებული ქონების თანამესაკუთრეები არიან მოპასუხეები – ც. და ნ. ო-ი და მათი დედა – ნ. მ-ე. მამკვიდრებელი ლ. ო-ი ასევე წარმოადგენდა ქ.თბილისში, შ-ას ქუჩა №45-ში მდებარე №17 ბინის თანამესაკუთრეს და მას ეკუთვნოდა მითითებული ქონების 14/24 წილი.
1984 წლის 11 ნოემბერს მ-ის სასოფლო საბჭოს აღმასკომის თავმჯდომარის მიერ დამოწმებული ანდერძით ლ. ო-მა მთელი თავისი ქონება უანდერძა შვილებს – ც. და ნ. ო-ს. ნ. მ-ე სასამართლოში წარდგენილი შესაგებლით დაეთანხმა მოსარჩელეების მიერ მითითებულ იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ ც. და ნ. ო-ი ასევე წარმოადგენდნენ ლ. ო-ის მემკვიდრეებს და მან იცოდა ანდერძის არსებობის შესახებ, მაგრამ განზრახ დაუმალა აღნიშნული ინფორმაცია ნოტარიუსს.
სასამართლომ დაადგინა სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოება იმის შესახებ, რომ ც. და ნ. ო-ის ცნობილი არ იყო მამის – ლ. ო-ის გარდაცვალების შესახებ და ამის თაობაზე შეიტყვეს 6 თვის გასვლის შემდეგ. ნ. მ-ე სასამართლოში წარდგენილი შესაგებლით ასევე დაეთანხმა მოსარჩელეების მითითებას, რომ მან შეგნებულად არ აცნობა მოსარჩელეებს მამის გარდაცვალების თაობაზე და მათ მხოლოდ ექვსი თვის გასვლის შემდეგ შეიტყვეს ამის შესახებ.
ამდენად, დასახელებული ფაქტობრივი გარემოებების არსებობის პირობებში, განსახილველი საქმის დავის საგნიდან გამომდინარე, ის ჩვენებები, რასაც მოპასუხის წარმომადგენლის განმარტებით, მათ სასარგებლოდ დაკითხული მოწმეები მისცემდნენ სასამართლოს, წარმოადგენდა შეუსაბამო და არასაჭირო მტკიცებულებებს.
შესაბამისად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სწორად დააკმაყოფილა სარჩელი სამკვიდრო მოწმობის ბათილად ცნობასა და სამკვიდრო ქონების წილზე თანამესაკუთრედ ცნობის თაობაზე. სასამართლომ, დავის საგნისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით ასევე სწორად უთხრა უარი მოპასუხეს მოწმეთა დაკისთვის შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე.
პალატა სრულად დაეთანხმა საქალაქო სასამართლოს მიერ ჩამოყალიბებულ სამართლებრივ შეფასებას, რომელიც ემყარება სამოქალაქო კოდექსის 1306-ე, 1424-ე, 1426-ე, 1828-ე, 13710ე და 1374-ე მუხლებით განსაზღვრულ საფუძვლებს.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება ნ. მ-ემ გაასაჩივრა საკასაციო წესით, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი საფუძვლებით:
კასატორმა სადავოდ გახადა სასამართლოს განჩინება მოწმეთა დაკითხვისა და საქმეზე მტკიცებულებათა დართვის თაობაზე შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.
სააპელაციო პალატამ არასწორად გამოიყენა კანონი და კანონდარღვევით შეაფასა საქმის ფაქტობრივი გარემოებანი.
სასამართლომ არ გაითვალისწინა, რომ მოსარჩელეებმა გაუშვეს სამკვიდროს მიღების ვადა, კანონით დადგენილი წესით იგი არ აღადგინეს და არც ფაქტობრივი ფლობით სამკვიდრო არ მიიღეს.
სააპელაციო პალატამ ისე მიაკუთვნა მოწინააღმდეგე მხარეს ქ.თბილისში, შ-ას ქ.№45-ში მდებარე №17 ბინა, რომ არ გაურკვევია, ეკუთვნოდა თუ არა აღნიშნული ნივთი მამკვიდრებელს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 20 იანვრის განჩინებით ნ. მ-ის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად. ამავე განჩინებით კასატორი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლდა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა ნ. მ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ნ. მ-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: თ. თოდრია
პ. ქათამაძე