Facebook Twitter
№ას-104-99-2013 11 თებერვალი, 2013 წელი

№ას-41-40-2014 10 აპრილი, 2014 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი – სს „ს. რ-ა“

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ი. ჯ. გ-ი“

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 13 ნოემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2013 წლის 15 აპრილს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას სარჩელით მიმართა შპს „ი. ჯ. გ-მა“ მოპასუხე სს „ს. რ-ის“ მიმართ.

მოსარჩელის მოთხოვნა:

სს „ს. რ-ის“ ბარათზე არსებული კრედიტიდან უკანონოდ ჩამოჭრილი თანხის – 15776.30 ლარის უკან დაბრუნება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 22 ივლისის გადაწყვეტილებით შპს „ი. ჯ. გ-ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა:

სს „ს. რ-ას“ შპს „ი. ჯ. გ-ის“ სასარგებლოდ დაეკისრა 15776.30 ლარის გადახდა;

გარდა ამისა, მოპასუხეს მოსარჩელე ორგანიზაციის სასარგებლოდ დაეკისრა 473.30 ლარის გადახდა, მოსარჩელის მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად.

საქალაქო სასამართლომ საქმეზე დადგენილად ცნო შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

მხარეები არ დავობდნენ იმ გარემოებაზე, რომ 2008 წელს შპს „ი. ჯ. გ-სა“ და სს „ს. რ-ას“ შორის არსებობდა სახელშეკრულებო ურთიერთობა, რომლის ფარგლებშიც სს „ს. რ-ა“ ახორციელებდა მოსარჩელის ტვირთის გადაზიდვას.

შპს „ი. ჯ. გ-მა“ მოპასუხე სს „ს. რ-ას“ გადაუხადა გაწეული მომსახურების საფასური 23907.14 ლარის ოდენობით.

მოპასუხემ განახორციელა მოსარჩელის ბარათზე არსებული კრედიტიდან 15776.30 ლარის ჩამოჭრა, მომსახურების დამატებით დარიცხული საფასურის ანაზღაურების მიზნით. დამატებითი თანხის მოთხოვნა გამოწვეული იყო იმ გარემოებით, რომ მოპასუხის მოსაზრებით, მან განხორციელებული გადაზიდვების ღირებულება დაითვალა არასწორად, შეცდომის აღმოჩენის შემდეგ კი, მოითხოვა დამატებითი თანხის გადახდა.

მხარეები არ დავობდნენ, რომ 15776.30 ლარის გადახდის მოთხოვნა გამომდინარეობდა მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის 2008 წელს დადებული გადაზიდვის ხელშეკრულებიდან.

საქალაქო სასამართლომ აღნიშნა, რომ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.

განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე აღნიშნავდა, რომ სს „ს. რ-ამ“ ხანდაზმული მოთხოვნიდან გამომდინარე, ისე რომ არ მიუღია შპს „ი. ჯ. გ-ის“ თანხმობა და არ უღიარებია დავალიანება, სრულიად უკანონოდ საკრედიტო ანგარიშიდან მას ჩამოაჭრა 15776.30 ლარი.

საქალაქო სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. სამოქალაქო კოდექსის 668-ე მუხლის თანახმად, გადაზიდვის ხელშეკრულებით გადამზიდველი ვალდებულია შეთანხმებული საზღაურის გადახდით გადაიტანოს ტვირთი ან გადაიყვანოს მგზავრი დანიშნულების ადგილზე.

ვინაიდან მოსარჩელემ მიუთითა სს „ს. რ-ის“ მოთხოვნის ხანდაზმულობაზე და სასამართლო მას აღნიშნულთან დაკავშირებით დაეთანხმა, გადაწყვეტილებაში ყურადღება აღარ გამახვილდა იმ გარემოებაზე, თუ რამდენად საფუძვლიანი იყო მოპასუხის მოთხოვნა დამატებითი თანხის გადახდაზე.

სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა. ამავე კოდექსის 129-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს, ხოლო უძრავ ნივთებთან დაკავშირებული სახელშეკრულებო მოთხოვნებისა – ექვს წელს. სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლის მიხედვით, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ.

საქალაქო სასამართლომ ყურადღება მიაქცია იმ გარემოებაზე, რომ კონკრეტულ შემთვევაში დავა გამომდინარეობდა სარკინიგზო გადაზიდვის ტარიფებიდან. სამოქალაქო კოდექსის 668-ე მუხლის მიხედვით, გადაზიდვის ხელშეკრულების დადებისას უნდა არსებობდეს შეთანხმება ანაზღაურებასთან დაკავშირებით. 672-ე მუხლის თანახმად, გადაზიდვის ხელშეკრულება ფორმდება ზედნადების (ან სხვა დოკუმენტის) სახით. ზედნადების არარსებობის, მისი ხარვეზის ან დაკარგვის მიუხედავად, გადაზიდვის ხელშეკრულების შინაარსი და ნამდვილობა განისაზღვრება ამ თავის ნორმებით. ამავე კოდექსის 674-ე მუხლის პირველი ნაწილის „ი“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ზედნადები უნდა შეიცავდეს გადაზიდვასთან დაკავშირებულ ხარჯებს (გადაზიდვის ფასს, დამატებით ხარჯებს, იმპორტის გადასახადებს და სხვა ხარჯებს, რომლებიც წარმოიშობა ხელშეკრულების დადებიდან ტვირთის მიტანამდე). აქედან გამომდინარე, საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ თუკი ადგილი ჰქონდა სატრანზიტო გადაზიდვას, სს „ს.რ-ას“ ეს ფაქტი გადაზიდვის განხორცილებისთანავე უნდა შეეტყო და მაშინვე მოეთხოვა უფრო მაღალი ტარიფის გადახდა. მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხემ გადაზიდვებს შორის ტარიფის განსახვავება მოსარჩელისაგან მოითხოვა 2013 წლის 16 იანვარს, ანუ მოთხოვნის სამწლიანი ხანდაზმულობის გასვლის შემდეგ და თვითნებურად მოახდინა მოსარჩელის ანგარიშიდან თანხის ჩამოჭრა ისე, რომ არ მიუღია შპს „ი. ჯ. გ-ის“ თანხმობა.

სამოქალაქო კოდექსის 144-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ ვალდებული პირი უფლებამოსილია უარი თქვას მოქმედების შესრულებაზე. საქალაქო სასამართლოს განმარტებით, აღნიშნული ნორმა მოსარჩელეს უფლებას ანიჭებდა უარი ეთქვა ვალდებულების შესრულებაზე, რაც მან განახოციელა კიდეც, მაგრამ მიუხედავად მიღებული უარისა, მოპასუხემ თვითნებურად მოახდინა თანხის მიღება მოსარჩელის ანგარიშიდან, რისი უფლებაც მას არ გააჩნდა, ვალდებულების აღიარების გარეშე.

სასამართლომ მოპასუხის მოქმედება მართლსაწინააღმდეგო ქმედებად მიიჩნია, კერძოდ, სს „ს. რ-ამ“ მოსარჩელის თანხმობის გარეშე, ისე რომ არ გააჩნდა თანხის მიღების უფლებამოსილება, შპს „ი. ჯ. გ-ის“ ანგარიშიდან მიიღო 15776.30 ლარი.

სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის თანახმად პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი. ამდენად, საქალაქო სასამართლომ დაასკვნა, რომ „ს. რ-ას“ შპს „ი. ჯ. გ-ის“ სასარგებლოდ უნდა დაკისრებოდა 15776.36 ლარის გადახდა.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სს „ს. რ-ამ“.

აპელანტის მოთხოვნა:

გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 13 ნოემბრის განჩინებით სს „ს. რ-ის“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, ხოლო სააპელაციო საჩივრით სადავოდ გამხდარ გარემოებასთან დაკავშირებით დამატებით მიუთითა შემდეგი:

შპს „ი. ჯ. გ-ი“ სარჩელით მოითხოვდა მოპასუხე სს „ს. რ-ის“ ბარათზე არსებული კრედიტიდან უკანონოდ ჩამოჭრილი თანხის – 15776.30 ლარის უკან დაბრუნებას, რომელიც სს „ს. რ-ამ“ დამატებით დაარიცხა 2008 წელს ფოთის პორტიდან სადგურ თბილისი საკვანძოს დანიშნულებით და შემდგომში სადგურ თბილისი საკვანძოდან სადახლოს მიმართულებით გადამისამართებულ 18 ვაგონზე გაწეულ მომსახურებაზე.

სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა. ხანდაზმულობის ვადაში მოიაზრება დრო, რომლის განმავლობაშიც უფლებამოსილ პირს შეუძლია თავისი უფლების რელიზაცია ან დაცვა. ხანდაზმულობის ინსტიტუტის სპეციფიკურობა იმაში მდგომარეობს, რომ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ მოთხოვნის უფლება ობიექტურად არსებობს, თუმცა, იგი განუხორციელებელია, ანუ ამ უფლების რეალიზება სრული მოცულობით დამოკიდებულია მოთხოვნის ადრესატის ნება-სურვილზე. სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლი ხანდაზმულობის დაწყებას მოთხოვნის წარმოშობის მომენტს უკავშირებს, ხოლო მოთხოვნის წარმოშობის მომენტად მიიჩნევა დრო, როდესაც პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. ამდენად, ხანდაზმულობის ვადის სწორად გამოთვლისათვის უმნიშვნელოვანესია მისი დენის დაწყების მომენტის განსაზღვრა. ხანდაზმულობის ვადის დასაწყისი შეესაბამება დღეს, როდესაც წარმოიშვა მოთხოვნის უფლება, გარდა კანონით პირდაპირ გათვალისწინებული შემთხვევებისა, როდესაც მოთხოვნის წარმოშობის ვადის განსაზღვრა ზოგადი წესისაგან განსხვავებულადაა რეგულირებული, მისი წარმოშობა დაკავშირებულია მომენტთან, როდესაც პირმა გაიგო ან უნდა გაეგო უფლების დარღვევის თაობაზე.

კონკრეტულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ მოსარჩელისთვის თავისი უფლებების დარღვევის შესახებ ცნობილი უნდა ყოფილიყო მოპასუხის მიერ ნაკისრი ვალდებულების არაჯეროვნად შესრულების მომენტიდან – მის მიერ განხორციელებული გადაზიდვის ფასის სრულად გადაუხდელობისთანავე, 2008 წლიდან. მხარეთა შორის სადავო არ ხდებოდა ის გარემოება, რომ შპს „ი. ჯ. გ-მა“ მოპასუხე სს „ს. რ-ას“ 2008 წელს გაწეული მომსახურების საფასური 23907.14 ლარის ოდენობით გადაუხადა ტვირთის გადაზიდვისთანავე, 2008 წელს.

სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის მიხედვით, სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს, ხოლო ამავე კოდექსის 144-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ ვალდებული პირი უფლებამოსილია უარი თქვას მოქმედების შესრულებაზე. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, კანონით დადგენილი დანაწესი – ხანდაზმულობის ვადა, მიმართულია სამოქალაქო ურთიერთობის მონაწილეების წინდახედულობისაკენ, დროულად იზრუნონ თავიანთი უფლების განხორციელებასა და დაცვაზე და მეორე მხრივ, შეინარჩუნონ ურთიერთობათა სტაბილურობა და სიმყარე.

ვინაიდან დადასტურდა, რომ მოსარჩელისთვის თავისი უფლებების დარღვევის შესახებ ცნობილი იყო 2008 წლიდან, ხოლო სს „ს. რ-ამ“, გადაზიდვებს შორის ტარიფის განსხვავება მოსარჩელისაგან მოითხოვა 2013 წლის 16 იანვარს, ანუ მოთხოვნის სამწლიანი ხანდაზმულობის გასვლის შემდეგ და თვითნებურად, ისე რომ არ მიუღია შპს „ი. ჯ. გ-ის“ თანხმობა მოქმედების შესრულებაზე, მოახდინა მოსარჩელის ანგარიშიდან სადავო თანხის ჩამოჭრა, სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა იმასთან დაკავშირებით, რომ შპს „ი. ჯ. გ-ის“ მოთხოვნა მის ბარათზე არსებული კრედიტიდან უკანონოდ ჩამოჭრილი თანხის (15776.30 ლარის) ანაზღაურების თაობაზე საფუძვლიანი იყო და გასაჩივრებული გადაწყვეტილებით იგი მართებულად დაკმაყოფილდა.

სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, როგორც საქმეში წარდგენილი მტკიცებულებებით დგინდებოდა, ადგილი არ ჰქონია სამოქალაქო კოდექსის 137-ე მუხლის შესაბამისად ხანდაზმულობის ვადის დენის შეწყვეტის სამართლებრივ საფუძველს, კერძოდ, სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის არგუმენტი იმის შესახებ, რომ საქმეში წარდგენილი 2013 წლის 15 იანვრის №06–01/13 წერილით მოსარჩელემ აღიარა მხარეთა შორის სახელშეკრულებო ურთიერთობა 2013 წლის მდგომარეობით, რის გამოც რ-ის მოთხოვნა არ იყო ხანდაზმული სამოქალაქო კოდექსის 137–ე მუხლის საფუძველზე. სააპელაციო სასამართლომ ხაზგასმით მიუთითა, რომ დასახელებული წერილის შინაარსი ცალსახად გამორიცხავდა ამგვარი დასკვნის გაკეთების შესაძლებლობას, ვინაიდან წერილის ავტორი (შპს „ი. ჯ. გ-ი“) წერილის ადრესატს (სს „ს. რ-ას“ ერთმინიშვნელოვანდ უფიქსირებდა იმ პოზიციას, რომ არ ეთანხმებოდა 2008 წელს განხორციელებულ გადაზიდვაზე დამატებითი თანხმების დარიხვას და ამ თანხის ანაზღაურებას კუთვნილ ბარათზე არსებული კრედიტიდან. ამდენად, აპელანტის ეს არგუნეტი უსაფუძვლობის გამო გავლენას ვერ იქონიებდა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გაკეთებულ სამართლებრივ დასკვნებზე სს „ს. რ-ის“ მოთხონვის ხანდაზმულობასთან დაკავშირებით. სააპელაციო სასამართლომ აქვე დასძინა, რომ სს „ს. რ-ის“ მოთხოვნა გადაზიდვებს შორის ტარიფის განსხვავების ანაზღაურების თაობაზე, მოკლებული იყო სამართლებრივ ვარგისიანობას ხანდაზმულობის გამო, არ არსებობდა აღნიშნული მოთხოვნის საფუძვლიანობის გამორკვევის წინაპირობები.

გარდა ამისა, სააპელაციო სასამართლომ მიზანშეწონილად მიიჩნია ყურადღების გამახვილება იმ გარემოებაზე, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 178-ე მუხლის „თ“ ქვეპუნქტი ავალდებულებს მოსარჩელეს, სარჩელში მიუთითოს იმ სამართლებრივ საფუძვლებზე, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებს, თუმცა ასეთის მიუთითებლობა ან ფაქტობრივი გარემოებების არასწორი სამართლებრივი შეფასება, არ შეიძლება იყოს სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი. მხარის მიერ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების კონკრეტულ მატერიალურ-სამართლებრივ ნორმასთან შესაბამისობის დადგენა სასამართლოს უფლებაცაა და ვალდებულებაც. დავის სამართლებრივი შეფასებისას მოსამართლე სრულიად დამოუკიდებელია, განსხვავებით პროცესის ფაქტობრივ საფუძვლებზე მუშაობისაგან და არ არის შებოჭილი დისპოზიციურობის ან შეჯიბრებითობის პრინციპებით. შეჯიბრებითობისა და დისპოზიციურობის პრინციპიდან გამომდინარე, მხარეებს შეუძლიათ თავად განსაზღვრონ, აღძრან თუ არა დავა სასამართლოში, როგორ წარმართონ ან როგორ დაასრულონ იგი. მათ ასევე შეუძლიათ თავად გადაწყვიტონ საქმის რომელი ფაქტობრივი გარემოებები მოახსენონ და რომელი მტკიცებულებები წარუდგინონ სასამართლოს. მხარეთა მიერ წარდგენილი მოთხოვნებისა და მოხსენებული ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასება მხოლოდ მოსამართლის პრეროგატივაა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების პირობებში პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასებები გააკეთა საქმისათვის მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით და სწორად შეაფასა მხარეთა შორის არსებული მატერიალურ-სამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე მხარეთა უფლება-მოვალეობები, რის შედაგადაც სასამართლო მივიდა სწორ გადაწყვეტილებამდე.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სს „ს. რ-ამ“.

კასატორის მოთხოვნა:

გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

საკასაციო საჩივრის საფუძვლები:

სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. ამავე კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას, 668-ე მუხლის თანახმად კი, გადაზიდვის ხელშეკრულებით გადამზიდველი ვალდებულია შეთანხმებული საზღაურის გადახდით გადაიტანოს ტვირთი. საქართველოს რკინიგზაში წლების მანძილზე მოქმედი წესისა და შესაბამისი ნორმატიული აქტის მიხედვით, გადაზიდვის მომსახურებისათვის შეთანხმებულ საზღაურს წარმოადგენს სატვირთო გადაზიდვების ტარიფები და დამატებითი საფასურებით გათვალისწინებული ტარიფი. ტარიფის ფორმირების აღნიშნული უნიფიცირებული წესი გამოიყენება ყველა კლიენტთან მიმართებით, გადასაზიდი ტვირთის სახეობისა და მანძილის (მარშრუტის) გათვალისწინებით;

ტვირთის გადაზიდვისა და მასთან დაკავშირებული რკინიგზის მიერ გაწეული მომსახურების საფასურის სახეები და ოდენობა განისაზღვრება რკინიგზის სატარიფო პოლიტიკის შესაბამისად. ტვირთის გადაზიდვის მოთხოვნაზე ხელმოწერით, ტვირთმიმღები ადასტურებს, რომ იცნობს საქართველოს სარკინიგზო კოდექსს, „რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესებს“, ს. რ-ის გენერალური დირექტორის 2006 წლის 1 ივნისის №311/გ ბრძანებით დამტკიცებულ სატვირთო გადაზიდვების ტარიფებსა და დამატებით საფასურებს;

მოცემულ შემთხვევაში, ტრანზიტულად 18 ვაგონი გადაზიდულ იქნა ფოთის პორტიდან სადგურ სადახლოს გავლით, სომხეთის მიმართულებით, რაც დასტურდება მითითებულ ვაგონებზე შედგენილი საგზაო უწყისებით. მათგან ნათლად ჩანს, რომ ადგილი ჰქონდა ტვირთის გადასამისამართებას, თუმცა გადაზიდვის ღირებულების საბაზო განაკვეთების მიმართ არასწორად გავრცელდა 0.5 კოიფიციენტი, ნაცვლად სს „ს. რ-ის“ სატვირთო გადაზიდვების ტარიფებისა და დამატებითი საფასურების მე-5 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული 0.83 კოეფიციენტისა. შედეგად, მოსარჩელემ ტვირთის გადაზიდვის მომსახურებისათვის ს. რ-ას გადაუხადა 23907.14 ლარი, ნაცვლად 39683.45 ლარისა;

სასამართლოს არ უნდა გამოეყენებინა სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის თანახმად, სახელშეკრულებო მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა შეადგენს 3 წელს, რამდენადაც თავად მოსარჩელეს წარდგენილი ჰქონდა 2013 წლის 15 იანვრის №06-01/13 წერილი, რომლითაც აღიარებულია სახელშეკრულებო ურთიერთობა 2013 წლის იანვრის მდგომარეობით. წერილში აღნიშნულია, რომ სარკინიგზო გადაზიდვებიდან წარმოშობილი სახელშეკრულებო ურთიერთობებიდან გამომდინარე, შპს „ი. ჯ. გ-ს“ პირად ბარათზე (ავანსის სახით) გააჩნია კრედიტი. აღნიშნულის გათვალისწინებით, სს „ს. რ-ის“ მოთხოვნა არ იყო ხანდაზმული, სამოქალაქო კოდექსის 137-ე მუხლის საფუძველზე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სს „ს. რ-ის“ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემომითითებული საფუძვლით.

სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას სს „ს. რ-ის“ საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (788.82 ლარი) 70% – 552.174 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. სს „ს. რ-ის“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. კასატორ სს „ს. რ-ას“ დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (788.82 ლარი, გადახდის თარიღი – 2013 წლის 23 დეკემბერი, საგადახადო დავალება № 810) 70% – 552.174 ლარი;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. ქათამაძე

მოსამართლეები: ვ. როინიშვილი

ბ. ალავიძე