№ას-51-50-2014 10 აპრილი, 2014 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი – ა. წ-ა
მოწინააღმდეგე მხარე – ე. ფ-ი
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 22 ნოემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების უცვლელად დატოვება
დავის საგანი – თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2013 წლის 26 აპრილს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას სარჩელით მიმართა ა. წ-ამ მოპასუხე ე. ფ-ის მიმართ და მოითხოვა სესხის თანხის, სარგებლისა და პირგასამტეხლოს დაკისრება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 27 ივნისის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით ა. წ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა:
მოპასუხე ე. ფ-ს მოსარჩელე ა. წ-ას სასარგებლოდ დაეკისრა სესხის ძირითადი თანხის დავალიანების – 6000 აშშ დოლარის, ერთი თვის საპროცენტო სარგებლის – 240 აშშ დოლარის და მიუღებელი შემოსავლის სახით მიყენებული ზიანის – 300 აშშ დოლარის, მთლიანობაში 6540 აშშ დოლარის გადახდა.
დაუსწრებელი გადაწყვეტილება გაასაჩივრა ე. ფ-მა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 16 ივლისის განჩინებით ე. ფ-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა ამავე სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება.
დაუსწრებელი გადაწყვეტილება, აგრეთვე, მისი უცვლელად დატოვების შესახებ განჩინება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ე. ფ-მა. აპელანტმა მოითხოვა ამ განჩინებების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 22 ნოემბრის განჩინებით ე. ფ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება და მისი უცვლელად დატოვების შესახებ განჩინება და საქმე განსახილველად დაუბრუნდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას.
სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა საქმის მასალებით დადგენილ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:
2013 წლის 26 აპრილს, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას სარჩელით მიმართა ა. წ-ამ მოპასუხე ე. ფ-ის მიმართ, თანხის დაკისრების მოთხოვნით.
2013 წლის 26 აპრილს, მოსარჩელეს გადაეცა სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების ასლების გზავნილი მოპასუხისთვის ჩასაბარებლად.
2013 წლის 2 მაისს, მოსარჩელეს ეცნობა, რომ სარჩელი მიღებული იყო განსახილველად და მას ორი თვის ვადაში უნდა უზრუნველეყო მოპასუხისათვის გზავნილის ჩაბარება და ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტის სასამართლოში წარდგენა.
სასამართლო გზავნილის მიხედვით, მოპასუხეს შესაგებლის წარსადგენად განესაზღვრა 10-დღიანი საპროცესო ვადა.
2013 წლის 28 მაისს, მოსარჩელემ თბილისის საქალაქო სასამართლოში წარადგინა მოპასუხისთვის სარჩელის და თანდართული დოკუმენტების ჩაბარების დამადასტურებელი მტკიცებულება. გზავნილის ჩაბარების შესახებ შეტყობინების ბარათის თანახმად, ა. წ-ას სარჩელი და თანდართული დოკუმენტები პირადად ჩაბარდა ე. ფ-ს.
ე. ფ-ს, სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში შესაგებელი არ წარუდგენია და არც მისი წარუდგენლობის საპატიო მიზეზების შესახებ უცნობებია.
2013 წლის 27 ივნისს, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ, შესაგებლის დადგენილ ვადაში წარუდგენლობის გამო მიიღო დაუსწრებელი გადაწყვეტილება ა. წ-ას სარჩელის დაკმაყოფილების თაობაზე.
აპელანტმა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლად მიუთითა სხვადასხვა საფუძველზე, კერძოდ:
ერთი მხრივ, აპელანტმა მიუთითა, რომ შესაგებლის წარუდგენლობა გამოწვეული იყო საპატიო მიზეზით – მოპასუხის ავადმყოფობით, კერძოდ, ე. ფ-ი მის მიერ საპატიო მიზეზის გამო შესაგებლის წარუდგენლობას ასაბუთებდა გულსისხლძარღვთა სისტემის კომპიუტერული გამოკვლევის შესახებ სამედიცინო დასკვნით. აღნიშნულ სამედიცინო დასკვნასთან მიმართებით მოსარჩელემ (ანუ საჩივრის ავტორის მოწინააღმდეგე მხარემ) პირველი ინსტანციის სასამართლოში წარადგინა სამედიცინო დასკვნის გამცემი დაწესებულების – სამკურნალო გამაჯანსაღებელ ცენტრ „ანთროპოსის“ მიერ გაცემული ცნობა იმის შესახებ, რომ ე. ფ-ს გულსისხლძარღვთა სისტემის კომპიუტერული გამოკვლევა ჩაუტარდა 2013 წლის 15 მაისს, გამოკვლევა იყო გეგმიური და საშუალებას იძლეოდა შეფასებულიყო გულსისხლძარღვთა სისტემის მდგომარეობა. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ აღნიშნული მტკიცებულება ვერ შეფასდებოდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილი სტანდარტის მქონე მტკიცებულებად, რაც დაადასტურებდა საპროცესო მოქმედების განუხორციელებლობის საპატიო მიზეზს და თავისთავად საკმარისი შეიძლებოდა ყოფილიყო დაუსწრებელი გადაწყვეტილების გასაუქმებლად.
სააპელაციო სასამართლოს მითითებით, საქმეში წარდგენილი მტკიცებულებები იმასთან დაკავშირებით, რომ 2013 წლის 15 მაისს ე. ფ-ს ჩაუტარდა გულსისხლძარღვთა სისტემის კომპიუტერული გეგმიური გამოკვლევა, ვერ ასაბუთებდა 2013 წლის 24 მაისიდან 10 დღის განმავლობაში ე. ფ-ის მიერ შესაგებლის წარუდგენლობის საპატიოობას. რაიმე მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა აღნიშნული გეგმიური გამოკვლევის შედეგებით სადავო პერიოდში მოპასუხის შრომისუუნარობის გამომწვევი დიაგნოზის დადგენას, საქმეში წარდგენილი არ ყოფილა;
მეორე მხრივ, აპელანტი უთითებდა იმის თაობაზე, რომ სარჩელის მოთხოვნას საფუძვლად ედო გაუქმებული ხელშეკრულება, კერძოდ, 2012 წლის 29 მაისის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება გაუქმდა 2012 წლის 25 ივნისის სანოტარო აქტით, რომლითაც ნოტარიუსმა დაადასტურა ე. ფ-ის მიერ სესხის თანხის სრულად დაბრუნების ფაქტი.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ უნდა დადგენილიყო, მოსარჩელის მიერ სარჩელში მითითებული და მოპასუხის მიერ შესაგებლის დადგენილ ვადაში წარუდგენლობით დამტკიცებულად მიჩნეული გარემოებები ამართლებდა თუ არა იურიდიულად სარჩელის მოთხოვნას, ამასთან, დამტკიცებულად ითვლებოდა სარჩელში მითითებული ფაქტები და არა მოსარჩელის მხრიდან მათი სამართლებრივი შეფასება. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, მოთხოვნის იურიდული მართებულობა გულისხმობს, რომ სარჩელში მითითებული ფაქტები უნდა იყოს ცალსახა და არა წინააღმდეგობრივი, უპირობოდ უნდა ქმნიდეს მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველს – კონკრეტული მატერიალურ-სამართლებრივი ნორმით (ნორმებით) განსაზღვრულ მოთხოვნის დაკმაყოფილების შემადგენლობას (მოთხოვნის დაკმაყოფილების ფაქტობრივ საფუძვლებს). ფაქტები მოთხოვნას შეიძლება ამართლებდეს სრულად ან ნაწილობრივ.
სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, განსახილველ შემთხვევაში, ა. წ-ას სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები გარკვეულწილად წინააღმდეგობრივი იყო, მაგალითად, მოსარჩელე სარჩელში მიუთითებდა შემდეგ გარემოებებზე:
2012 წლის 29 მაისს, ა. წ-ას და ე. ფ-ს შორის დაიდო სესხის ხელშეკრულება, რომლითაც ე. ფ-მა ისესხა 6000 აშშ დოლარი სამი თვის ვადით, ყოველთვიურად 4% სარგებლის დარიცხვით;
იპოთეკის საგანს წარმოადგენდა მსესხებლის სახელზე რიცხული სახლი, თუმცა ხელოვნური ბარიერებით სახლი იპოთეკით ვერ დაიტვირთა საჯარო რეესტრში;
მოვალემ გადაიხადა ორი თვის პროცენტი, ჯამში 480 აშშ დოლარი, შემდეგ კი იმ მოტივით თითქოსდა უბრუნებდა სესხის სახით მიღებულ თანხას, მიიყვანა ნოტარიუსთან და გააუქმებინა იპოთეკა;
მართალია, არსებობს ხელშეკრულების გაუქმების დოკუმენტი, რომლითაც შეიძლება სასამართლომ მიიჩნიოს, რომ სესხი დაბრუნებულია, თუმცა საწინააღმდეგოს ამტკიცებს თვით მსესხებლის მიერ თითქმის 6 თვის შემდგომ დაწერილი ხელწერილი, რომ აბრუნებდა 3000 აშშ დოლარს და არა 6000 აშშ დოლარს (რაც ხელშეკრულებაში ეწერა).
სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელე სესხის და იპოთეკის გაუქმების შეთანხმებაზე მსჯელობისას ერთგან უთითებდა, რომ „მოპასუხეს ხელთ ჰქონდა 3000 $ და არა 6000 $“, მეორეგან კი აღნიშნავდა, რომ „აბრუნებდა 3000 $-ს და არა 6000$-ს“.
სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ სარჩელში მითითებული გარემოებები არ იყო სრულად თანმიმდევრული და იურიდიულად ცალსახად არ ამართლებდა სარჩელის მოთხოვნას, რაც დაუსწრებელი გადაწყვეტილების და დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ განჩინების გაუქმების საფუძველს წარმოადგენდა.
ზემოაღნიშნულზე დაყრდნობით, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ დასახელებული გარემოებები გარკვეულწილად წინააღმდეგობრივი იყო და ცალსახად არ იძლეოდა ძირითადი მოთხოვნის (6000 აშშ დოლარის) სრულად დაკმაყოფილების უპირობო საფუძველს. რაც შეეხებოდა ერთი თვის პროცენტის, ასევე მიუღებელი შემოსავლის მოთხოვნებს, ისინი გამომდინარეობდა ძირითადი მოთხოვნიდან და არ არსებობდა მათ იურიდიულ მართებულობაზე დამოუკიდებლად მსჯელობის საფუძველი.
სააპელაციო სასამართლომ, საქმის განხილვისას იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 201-ე მუხლის პირველი და მე-7 ნაწილებით, 2321 მუხლით. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ როგორც მითითებული ნორმიდან, ისე სამოქალაქო საპროცესო კოდექსის XXVI თავის ზოგადი ანალიზიდან ირკვევა, ნორმაში მითითებულ სხვა პირობებთან ერთად, იმისათვის რომ მოსარჩელის მოთხოვნა დაუსწრებელი გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდეს, საჭიროა არსებობდეს ასევე უმთავრესი პირობა – სარჩელში მითითებული გარემოებები უნდა იყოს თანმიმდევრული და იურიდიულად ცალსახად უნდა ამართლებდეს სარჩელის მოთხოვნას. სარჩელში მითითებული გარემოებები, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, სასამართლოს მიერ ყოველგვარი გამოკვლევისა და შეფასების გარეშე დამტკიცებულად მიიჩნევა. ვინაიდან დადგინდა მოსარჩელის მიერ სარჩელში მითითებული და მოპასუხის მიერ შესაგებლის დადგენილ ვადაში წარუდგენლობით დადგენილად მიჩნეული გარემობების გარკვეული წინააღმდეგობრიობა, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ არსებობდა სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
სააპელაციო სასამართლოს დასახელებული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ა. წ-ამ.
კასატორის მოთხოვნა:
გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმეზე პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების უცვლელად დატოვება.
საკასაციო საჩივრის საფუძველი:
სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა კანონი (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2321 მუხლი), ამასთან, სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 248-ე მუხლი), სააპელაციო სასამართლომ იმსჯელა იმ საკითხზე, რაზეც მოთხოვნა არ გაცხადებულა. სასამართლომ იმსჯელა არა გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების კანონიერებაზე, არამედ საქმე არსებითად განიხილა, რაც არასწორია.
უზენაეს სასამართლოში შუამდგომლობა წარმოადგინა კასატორის მოწინააღმდეგე მხარემ, ე. ფ-მა, რომლითაც მან ითხოვა ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოში მის მიერ გაღებული ხარჯების კასატორისათვის დაკისრება, ხოლო გადახდილი სახელმწიფო ბაჟის მისთვის სრულად უკან დაბრუნება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ა. წ-ას საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემომითითებული საფუძვლით.
სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას ა. წ-ას საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე ნ. კ-ის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (579 ლარი) 70% – 405.3 ლარი.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ უსაფუძვლოა კასატორის მოწინააღმდეგე მხარის შუამდგომლობა ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებში მის მიერ გაწეული სასამართლო ხარჯების კასატორისათვის დაკისრების თაობაზე. საკასაციო სასამართლო მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის იმ მოთხოვნათა პროპორციულად, რომელზეც მოსარჩელეს უარი ეთქვა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ამ მუხლში აღნიშნული წესები შეეხება, აგრეთვე, სასამართლო ხარჯების განაწილებას, რომლებიც გასწიეს მხარეებმა საქმის სააპელაციო და საკასაციო ინსტანციებში წარმოებისას, ხოლო, მე-3 ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, შესაბამისად, შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც. ამდენად, მითითებული ნორმის მიხედვით, ზემდგომი ინსტანციის (სააპელაციო ან საკასაციო ინსტანციის) სასამართლოში სასამართლო ხარჯების განაწილების საკითხი იმ შემთხვევაში დადგება დღის წესრიგში, თუკი საქმეზე ახალი გადაწყვეტილება იქნება მიღებული. იმ შემთხვევაში კი, როდესაც სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს აბრუნებს ხელახლა განსახილველად, მაშინ სასამართლო, რომელსაც საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა, ხელახლა გაანაწილებს სასამართლო ხარჯებს, იმის შესაბამისად, თუ როგორ გადაწყვეტილებას გამოიტანს საქმის ხელახლა განხილვის შედეგად. ხელახლა გადანაწილება მოიცავს სასამართლო ხარჯებს მთლიანად, რაც გაწეულია სარჩელის აღძვრიდან საქმის ხელახლა განხილვის შედეგად მიღებული გადწყვეტილების გამოტანამდე (სსკ-ის 53.4 მუხლი).
მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ გააუქმა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილბა და საქმე ხელახლა განსახილველად დააბრუნა, შესაბამისად, პირველი ინსტანციის სასამართლო ხელახლა გაანაწილებს სასამართლო ხარჯებს, იმის შესაბამისად, თუ როგორ გადაწყვეტილებას გამოიტანს საქმის ხელახლა განხილვის შედეგად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ა. წ-ას (პირადი ნომერი – ...) საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. კასატორ ა. წ-ას დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე ნ. კ-ის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (579 ლარი, საგადახდო დავალება № 1, გადახდის თარიღი – 2014 წლის 6 თებერვალი) 70% – 405.3 ლარი;
3. მოწინააღმდეგე მხარის - ე. ფ-ის შუამდგომლობა მის მიერ გაწეული სასამართლო ხარჯების კასატორისათვის დაკისრების თაობაზე, არ დაკმაყოფილდეს;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. ქათამაძე
მოსამართლეები: ვ. როინიშვილი
ბ. ალავიძე