საქმე №ას-638-606-2013 14 აპრილი, 2014 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
თეიმურაზ თოდრია, პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო“ (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – თ. დ-ი (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 23 აპრილის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – ნარდობის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ“ სარჩელი აღძრა სასამართლოში თ. დ-ის მიმართ 5 658 ლარის ანაზღაურების შესახებ შემდეგი საფუძვლებით:
მოსარჩელემ 2012 წლის განმავლობაში მოპასუხეს გაუწია საინჟინრო-ტექნიკური საექსპერტო მომსახურება, რაც გათვალისწინებულია სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ დებულებით.
თ. დ-ის დაკვეთის საფუძველზე მომზადდა ქ. თბილისში, ბ-ის ქ.№73 საცხოვრებელი სახლის გამაგრების პროექტის პირველი ეტაპის სამუშაო, საინჟინრო-გეოლოგიური კვლევის ტექნიკური ანგარიში. გაწეული მომსახურებისათვის მოპასუხეს საექსპერტო მომსახურების ღირებულების საფასური არ გადაუხდია.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მოსარჩელემ კვლევა ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადებში სრულყოფილად ვერ ჩაატარა, რის გამოც, თ. დ-მა დაკარგა ინტერესი კვლევის მიმართ. მას სადავო დასკვნა ესაჭიროებოდა 2012 წლის 10 აგვისტომდე თბილისის მერიაში წარსადგენად.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 17 იანვრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც მოსარჩელემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 23 აპრილის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
სასამართლომ დაადგინა, რომ 2012 წლის 6 ივნისს სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროსა” და თ. დ-ს შორის გაფორმდა ნარდობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე მოსარჩელემ იკისრა ვალდებულება, ჩაეტარებინა საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზა, კერძოდ, ქ.თბილისში, ბ-ის ქ.№7-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის დეტალური ტექნიკური მდგომარეობის თაობაზე. ამავე ხელშეკრულების მე-3 პუნქტის თანახმად, იმ შემთხვევაში, თუ საექსპერტო მომსახურება ითვალისწინებს ბიუროს ტერიტორიის გარეთ არსებული საკვლევი ობიექტის დათვალიერებას/კვლევას და ნიმუშის აღებას, საექსპერტო მომსახურების ვადის ათვლა იწყება დაკვეთიდან 30 სამუშაო დღის ვადაში. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო იზიარებს აპელანტის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ აღნიშნული კვლევა საჭიროებდა ბიუროს ტერიტორიის გარეთ საექსპერტო სამუშაოების ჩატარებას, შესაბამისად, 30 სამუშაო დღის ათვლა დაიწყო 7 ივნისს და ამოიწურა 18 ივლისს, ხოლო ექსპერტის დასკვნა მომზადდა 2012 წლის 5 სექტემბერს.
2012 წლის 6 ივნისის ნარდობის ხელშეკრულების მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, შემსრულებელი ვალდებულია, ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში საექსპერტო მომსახურების შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში ბიუროს უფროსის ბრძანების საფუძველზე გააგრძელოს საექსპერტო მომსახურების ვადა. ამავე ხელშეკრულების მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, შესაბამისი დეპარტამენტის ხელმძღვანელი ვალდებულია, ამ მუხლის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ვადის გაგრძელების შესახებ დაუყოვნებლივ აცნობოს დამკვეთს წერილობითი ფორმით.
ამდენად, სააპელაციო პალატის მითითებით, კვლევისათვის ხელშეკრულებით გათვალისწინებულზე მეტი ვადის საჭიროებისას ბიუროს უფროსს, ბრძანების გამოცემის გზით, ცალმხრივად შეუძლია აღნიშნული ვადის გაგრძელება, თუმცა, სავალდებულოა მხარის ინფორმირება ვადის გაგრძელების თაობაზე. განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებით დასტურდება, რომ საექსპერტო მომსახურების 30-დღიანი ვადა არ გაგრძელებულა და, შესაბამისად, არც დამკვეთისათვის აღნიშნული ვადის გაგრძელების თაობაზე არ უცნობებიათ.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ დაასკვნა, რომ სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ” ექსპერტიზის დასკვნა მოამზადა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადის დარღვევით.
სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ“ 2012 წლის 5 სექტემბრის მდგომარეობით მოამზადა არა 2012 წლის 6 ივნისის ხელშეკრულებით გათვალისწინებული სრული დასკვნა, არამედ მხოლოდ მისი ნაწილი.
მოსარჩელის მიერ თ. დ-ის დაკვეთილი კვლევის ჩატარება დაიგეგმა სამ ეტაპად: 1) საინჟინრო-გეოლოგიური კვლევების ჩატარება; 2) გამაგრების პროექტის კონსტრუქციული ნაწილის ნახაზების შედგენა; 3) ხარჯთაღრიცხვის შედგენა. აღსანიშნავია, რომ ხელშეკრულების შესრულების ვადად განისაზღვრა 30 სამუშაო დღე, რაც იმას ნიშნავს, რომ არა უგვიანეს 2012 წლის 18 ივლისისა დამკვეთს ჯეროვანი შესრულება უნდა მიეღო, ანუ მითითებულ ვადაში სამივე ეტაპის სამუშაოები უნდა შესრულებულიყო. ბიუროს კანცელარიისათვის 2012 წლის 5 სექტემბერს გადაცემული დასკვნა კი, პირველი ეტაპის სამუშაოებს, კერძოდ, საინჟინრო-გეოლოგიური კვლევების ჩატარების შედეგებს ასახავდა.
მხარეთა შორის არსებული ხელშეკრულების მოქმედება ვალდებულების შესრულებისათვის გათვალისწინებული 30-დღიანი ვადის ამოწურვით არ შეწყდა.
2012 წლის 6 ივნისის ხელშეკრულების მე-8 მუხლის შესაბამისად, ხელშეკრულება ძალაში შედის მხარეთა მიერ მისი ხელმოწერის მომენტიდან და მოქმედებს ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების სრულად შესრულებამდე.
სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სასამართლომ განმარტა, რომ ვალდებულების შესრულების შეფასებისას გათვალისწინებული უნდა იყოს, შესრულდა თუ არა მოქმედება და დადებით შემთხვევაში, რა გზით მოხდა შესრულება. ჯეროვანი შესრულება შეიცავს რამდენიმე მოთხოვნის დაცვის აუცილებლობას, რომლებიც განსაზღვრავენ, ვინ ვის წინაშე უნდა განახორციელოს შესრულება, რომელი საგნით, სად, როდის და რა გზით უნდა განხორციელდეს იგი. ბრუნვის მონაწილის ვალდებულება, ჯეროვნად შეასრულოს ვალდებულება, ემყარება იმ სინამდვილეს, რომელიც მისთვის ცნობილია და მას ამ სინამდვილისადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულება ევალება. კეთილსინდისიერად ქცევის ვალდებულება ემყარება სამართალში საზოგადოდ მოქმედ კეთილსინდისიერების ვარაუდს. ეს ვარაუდი განსაზღვრავს სამართლებრივი ურთიერთობის განვითარების საერთო მიმართულებას.
ვალდებულების ჯეროვანი, კეთილსინდისიერი შესრულების სტანდარტი მოქმედებს ხელშეკრულებით გათვალისწინებული დროის მიმართაც. ხელშეკრულებით ვალდებულების შესრულებისათვის დროის განსაზღვრა ნიშნავს მხარეთა ინტერესს აღნიშნულ ვადაში ვალდებულების შესრულებასთან დაკავშირებით. შესაბამისად, კრედიტორის ინტერესი ვალდებულების ხელშეკრულებით გათვალისწინებულ დროში შესრულების მიმართ მტკიცებას არ საჭიროებს.
სამოქალაქო კოდექსის მე-400 მუხლის საფუძველზე პალატამ მიიჩნია, რომ შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულების შეუსრულებლობა უკვე ვადაგადაცილება და, შესაბამისად, ვალდებულების დარღვევაა, მიუხედავად იმისა, შესრულების ვადის დადგომის შემდეგ კრედიტორმა გააფრთხილა თუ არა მოვალე ან განუსაზღვრა თუ არა დამატებითი ვადა ვალდებულების შესასრულებლად.
პალატამ ჩათვალა, რომ შესრულების ვადის დადგომის შემდეგ მოვალის გაფრთხილება ან დამატებითი ვადის მიცემა ვალდებულების შესრულების თაობაზე, წარმოადგენს აუცილებელ წინაპირობას ხელშეკრულებაზე უარის თქმის მიზნებისათვის.
სამოქალაქო კოდექსის 405-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ხელშეკრულების ვადაში შეუსრულებლობა ვალდებულების დარღვევაა, თუმცა, ვადადარღვევა ხელშეკრულებაზე უარის თქმის უფლებას იძლევა მას შემდეგ რაც მოვალე ვალდებულების შესასრულებლად დამატებითი ვადის ან გაფრთხილების მიცემის შემდეგ ვალდებულებას კვლავ არ შეასრულებს, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც არ არსებობს დამატებითი ვადის მიცემისა ან გაფრთხილების კანონით გათვალისწინებული წინაპირობები.
განსახილველ შემთხვევაში პალატამ მიიჩნია, რომ სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ“ ვალდებულების შესრულების ვადა დაარღვია, თუმცა აღნიშნული უპირობოდ არ ნიშნავს კრედიტორის მიერ ხელშეკრულებაზე უარის თქმის წინაპირობების არსებობას. აღსანიშნავია, რომ მითითებული ხელშეკრულება მოქმედებს ვალდებულების სრულად შესრულებამდე, რაც იმას ნიშნავს, რომ სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროსა“ და თ. დ-ს შორის არსებული ხელშეკრულების მოქმედება ვალდებულების შესრულებისათვის გათვალისწინებული 30-დღიანი ვადის ამოწურვით არ შეწყდა. იმ შემთხვევაში, თუ ხელშეკრულებით ვალდებულების შესრულებისათვის გათვალისწინებული ვადის ამოწურვის შემდეგ მხარეს არ სურს სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროსთან“ სახელშეკრულებო ურთიერთობაში დარჩენა, მას, სამოქალაქო კოდექსის 352-405-ე მუხლების შესაბამისად, ხელშეკრულებაზე უარის თქმის უფლება აქვს.
ამდენად, პალატამ მიიჩნია, რომ, მიუხედავად ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების ვადის დარღვევისა, სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროსა” და თ. დ-ს შორის ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის შეწყვეტა წარმოდგენილი საქმის მასალებით არ დასტურდება, თუმცა, მიუხედავად ამისა, სასამართლომ ჩათვალა, რომ თ. დ-ს არ უნდა დაეკისროს შესრულების მიღებისა და შესრულებული სამუშაოს საფასურის ანაზღაურების ვალდებულება.
სამოქალაქო კოდექსის 378-ე მუხლის თანახმად, სასამართლომ განმარტა, რომ ვალდებულება მოვალის მიერ უნდა შესრულდეს ერთიანად. კრედიტორი ვალდებული არ არის, მიიღოს ნაწილობრივი შესრულება და ასეთის არმიღების პირობებში იგი ვადის გადამცილებლად არ ჩაითვლება. ასევე ნაწილობრივი შესრულების შეთავაზება არ გამორიცხავს მოვალის მიერ ვადის გადაცილებას მთლიანი შესრულების მიმართ. გამონაკლის შემთხვევებში, კანონი ითვალისწინებს ვალდებულების შესრულებას ნაწილ-ნაწილ, იმ პირობით, რომ კრედიტორი ამაზე თანახმაა.
სასამართლომ მიუთითა, რომ ვალდებულების შესრულებისათვის დაწესებული ვადის არსებობის პირობებში, არსებობს ვალდებულების ერთიანად შესრულების პრეზუმფცია. პრეზუმფცია ქარწყლდება ვალდებულების ნაწილ-ნაწილ შესრულების თაობაზე მხარეთა შეთანხმების შემთხვევაში. იგივე პრეზუმფცია არსებობს ხელშეკრულებით გათვალისწინებული საფასურის ანაზღაურებასთან დაკავშირებით, ანუ, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმებულან, იგულისხმება, რომ ხელშეკრულების საფასური გადახდილ უნდა იქნეს მთლიანი ვალდებულების შესრულებისათვის.
განსახილველ შემთხვევაში არც ხელშეკრულებიდან და არც მხარეთა კონკლუდენტური მოქმედებიდან არ იკვეთება კრედიტორის თანხმობა შესრულების ნაწილ-ნაწილ მიღებასთან დაკავშირებით. მით უმეტეს, არ არსებობს ვალდებულება ნაწილ-ნაწილ შესრულებული სამუშაოს ღირებულების ყოველი ნაწილის შესრულების შემდეგ ანაზღაურების თაობაზე.
სამოქალაქო კოდექსის 394-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილების შესაბამისად, სასამართლომ მიიჩნია, რომ ხელშეკრულებაზე უარის თქმის წინაპირობების არარსებობისას ვადადარღვევით ვალდებულების შესრულება ზიანის ანაზღაურების წინაპირობაა და არა შესრულების მიღებაზე უარის თქმის საფუძველი. შესაბამისად, განსახილველ შემთხვევაში შესრულების მიღებაზე უარის თქმის საფუძველი არ იარსებებდა, ვალდებულება სრულად რომ შესრულებულიყო. თუმცა, რადგან სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიურომ” ვალდებულება დათქმულ დროში არ შეასრულა, ხოლო ვადადარღვევით შესრულებული არ წარმოადგენს სრულ შესრულებას, რაზეც მხარეები 2012 წლის 6 ივნისის ხელშეკრულებით შეთანხმდნენ, ამიტომ არ არსებობს ვალდებულების ნაწილობრივ შესრულების მიღების იძულებისა და ნაწილობრივ შესრულების ანაზღაურების დაკისრების წინაპირობები.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ“ გაასაჩივრა საკასაციო წესით, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება შემდეგი საფუძვლებით:
სააპელაციო პალატას უნდა ეხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 649-ე მუხლით, რომელიც განსაზღვრავს ნარდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სამუშაოს მიღების ვალდებულებას შემსყიდველის მიერ.
სააპელაციო პალატამ მართებულად დაადგინა, რომ თ.დ-ი სახელშეკრულებო ურთიერთობიდან არ გასულა.
სასამართლომ მართებულად გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 378-ე მუხლი, თუმცა არასწორად განმარტა იგი.
პალატამ არ გაითვალისწინა, რომ 2012 წლის 16 ნოემბერს შემკვეთმა განცხადებით მიმართა კასატორს მოთხოვნით, მის წერილობით მოთხოვნამდე გამოკვლევის მეორე ეტაპი არ შეესრულებინა, შესაბამისად, ხსენებული დროისათვის ის არ აცხადებდა უარს თანხის გადახდაზე იმ მოტივით, რომ სამუშაო სრულად შესრულებული არ იყო.
საქმის ფაქტობრივი გარემოებანი მეტყველებს, რომ კრედიტორი თ. დ-ი გამოხატავდა მზადყოფნას, ნაწილობრივ მიეღო გაწეული საექსპერტო მომსახურების შედეგი. მას სურდა ვალდებულებითი ურთიერთობის გაგრძელება და შესრულებული სამუშაოს მიღების მიმართ ინტერესი არ დაუკარგავს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 3 ივლისის განჩინებით სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორ სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით მის მიერ 2013 წლის 29 მაისს №22929 საგადახდო დავალებით გადახდილი 300 ლარის 70% – 210 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
2. კასატორ სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ (საიდენტიფიკაციო კოდი №...) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით მის მიერ 2013 წლის 29 მაისს №22929 საგადახდო დავალებით გადახდილი 300 ლარის 70% – 210 ლარი.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: თ. თოდრია
პ. ქათამაძე