Facebook Twitter
# as-734-1103-06 ** *****, 2007 w

საქმე №ას-676-642-2013 1 აპრილი, 2014 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

თეიმურაზ თოდრია, პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – ლ. ა-ა (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – თ. გ-ა (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 1 მაისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – სამკვიდრო მოწმობის ბათილად ცნობა, სამკვიდროს მესაკუთრედ ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ლ. ა-ამ სარჩელი აღძრა სასამართლოში თ. გ-ას მიმართ და მოითხოვა ე. ს-ას სამკვიდროზე თ. გ-ას სასარგებლოდ 2012 წლის 17 მაისს გაცემული №120511526 სანოტარო აქტის – სამკვიდრო მოწმობის ბათილად ცნობა და №... საკადასტრო კოდით მოპასუხის სახელზე რეგისტრირებული უძრავი ქონების მესაკუთრედ ცნობა.

მოპასუხემ სარჩელი ნაწილობრივ ცნო და თანხმობა გამოთქვა, მოსარჩელისათვის სადავო ქონების ½ ნაწილის გადაცემაზე.

ზუგდიდის რაიონული სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 16 აგვისტოს გადაწყვეტილებით ლ. ა-ას სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი თ. გ-ას სასარგებლოდ გაცემული სამკვიდრო მოწმობა ე. ს-ას სამკვიდრო ქონებაზე (სანოტარო აქტი 17.05.2012, N...) ამ სამკვიდრო ქონების 1/2 ნაწილში, ლ. ა-ა ცნობილ იქნა თ. გ-ას საკუთრებაში რეგისტრირებულ ქ.ზუგდიდში, წ-ის ქუჩის №111-ში მდებარე უძრავი ნივთის (საკადასტრო კოდი ...) 1/2 ნაწილის მესაკუთრედ.

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში ლ. ა-ამ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 1 მაისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო პალატამ სრულად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, კერძოდ:

მოსარჩელე ცხოვრობდა მოპასუხის საკუთრებაში რეგისტრირებულ ქ.ზუგდიდში, წ-ის ქუჩის №111-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში მ. ჩ-ას გარდაცვალების მომენტში და ცხოვრობს ამჟამადაც. იგი საცხოვრებელ სახლსა და შესაბამის მიწის ნაკვეთს ფლობს სრულად.

სადავო ქონება მოპასუხე თ. გ-ას საკუთრებაში რეგისტრირებულია 2012 წლის 17 მაისს ე. ს-ას სამკვიდროზე სამკვიდრო მოწმობის მიღების საფუძველზე.

ე. ს-ას სამკვიდრო გაიხსნა 1990 წლის 3 თებერვალს. მის სამკიდროს ფაქტობრივი ფლობით დაეუფლნენ მისი შვილები – ნ. ჩ-ა და თ. გ-ა. ნ. ჩ-ა ფაქტობრივად დაეუფლა ე. ს-ას სახელზე რიცხულ ქ.ზუგდიდში, წ-ის ქ. №111-ში მდებარე საცხოვრებელ სახლსა და მიწის ნაკვეთს, სადაც იგი მიმოზა ა-ან (2000 წლის 16 ოქტომბერს ქორწინების რეგისტრაციის შემდეგ – მ. ჩ-ან) ერთად ცხოვრობდა დედის სიცოცხლეშიც და მისი გარდაცვალების შემდეგაც, ხოლო თ. გ-ა სამკვიდროს მიღების ვადაში ფაქტობრივად დაეუფლა დედის კუთვნილი მოძრავი ნივთების ნაწილს, მათ შორის, ხის პატარა მაგიდას და დედის ნაქონ რამდენიმე ძვირფას ჭურჭელს (საშაქრეს, სასალათეს, თეფშს და სხვა), რომელიც წამოიღო ძმის საცხოვრებელი სახლიდან და დაეუფლა დედის პირად ნივთებს, რომელიც გარდაცვალებისას თან ჰქონდა, ავადმყოფობის გამო, მასთან საცხოვრებლად გადასულ დედას.

მამკვიდრებელი გაასვენეს მოპასუხის საცხოვრებელი სახლიდან. თ. გ-ას სამკვიდროს მიღებაზე უარის თქმის ვადაში არ განუხორციელებია რაიმე ქმედება, რაც მის მიერ დედის სამკვიდროს მიღებაზე უარს შეიძლება გამოხატავდეს, პირიქით, ამ პერიოდში მის მიერ განხორციელებული მოქმედებები – დედის დაკრძალვის ორგანიზება, მისი ცხედრის საკუთარ სახლში დასვენება, გარდაცვალების შემდეგ მისი პირადი ნივთების მართვა-განკარგვა, დაკრძალვიდან რამდენიმე დღეში ძმის სახლში არსებული დედის პირადი ნივთების გადმოტანა მის საცხოვრებელ სახლში –უდავოდ მოწმობს, რომ მან სამკვიდრო მიიღო.

ე. ს-ას შვილი ნ. ჩ-ა გარდაიცვალა 2001 წლის 24 მარტს. გარდაცვალებამდე მას დედის სამკვიდროზე ან მის ნაწილზე საკუთრების უფლება არ დაურეგისტრირებია. მისი გარდაცვალების შემდეგ სამკვიდრო ფაქტობრივი დაუფლებით მიიღო მისმა მეუღლე მ. ჩ-ამ (ქორწინებამდელი გვარი ა-ა). მეუღლის დედის სახელზე რიცხულ საცხოვრებელ სახლს და მიწის ნაკვეთს მ. ჩ-ა ფლობდა სრულად. უძრავი ნივთის მფლობელობაში მას მოპასუხე არ შესცილებია, თუმცა ამ ქონებაზე საკუთრების უფლება არ დაურეგისტრირებია.

ნ. ჩ-ას მეუღლე მ. ჩ-ა გარდაიცვალა 2011 წლის 23 ივნისს. სამკვიდროს მიღებისთვის დადგენილ ვადაში მის სამკვიდროს ფაქტობრივი ფლობით დაეუფლა მოსარჩელე ლ. ა-ა (მამკვიდრებლის დედა). მას სამკვიდროს უძრავი ქონების ნაწილზე სამკვიდრო მოწმობა არ მიუღია, საკუთრების უფლება არ დაურეგისტრირებია.

ლ. ა-ამ თ. გ-ას პრეტენზიებისა და ე. ს-ას სახელზე რიცხულ მთელ უძრავ ქონებაზე (მათ შორის ნ. ჩ-ას, მისი გარდაცვალების შემდეგ მ. ჩ-ას, ხოლო მისი გარდაცვალების შემდეგ თ. ა-ას კუთვნილ ნაწილზე) საკუთრების უფლების საჯარო რეესტრში რეგისტრაციის შესახებ შეიტყო შს ზუგდიდის რაიონული სამმართველოდან, როცა 2012 წლის 25 ივნისს შედგა გაფრთხილება თ. გ-ას განცხადების საფუძველზე.

მოწმე ჯ. ღ-ას ჩვენებებით სასამართლომ დაადგინა, რომ ის არის ოჯახის ახლობელი და, თ. გ-ას თხოვნით, პირადად მონაწილეობდა ნ. ჩ-ას სახლიდან თ. გ-ას სახლში ე. ს-ას რამდენიმე ნივთის გადმოტანაში. ჯ.ღ-ამ აღნიშნა, რომ ნანახი აქვს ეს ნივთები ე. ს-ას გარდაცვალებამდე მოსარჩელის ამჟამინდელ საცხოვრებელ სახლში, ხოლო მისი გარდაცვალების შემდეგ თ. გ-ას სახლში. კარგად ახსოვს, რომ ნივთები ე. ს-ას გარდაცვალებიდან ხანმოკლე პერიოდში გადაიტანეს ნ. გ-ას კუთვნილი შავი ფერის „ვოლგით“. ახსოვს, რომ წაიღეს პატარა ხის მაგიდა, და ძველებური ჭურჭელი – ყავა და ჩაი, სასალათე ლამაზი ლენტით, პატარა ლამბაქი, რომელთაც ჰქონდათ აღნიშვნა „კუზნეცოვი“ და რუსეთის იმპერიის გერბი.

მოწმე ნ. გ-ას ჩვენებით პალატამ დაადგინა, რომ მან თავისი კუთვნილი შავი ფერის „ვოლგით“ გადაატანინა ნივთები თ. გ-ას თავის საცხოვრებელ სახლში.

მოწმე ქ. გ-ას ჩვენებით დადგენილია, რომ ე. ს-ა გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე წაიყვანეს თ. გ-ას სახლში. თ. გ-ამ ე. ს-ას გარდაცვალებიდან მალევე სახლიდან წამოიღო გარდაცვლილი ძმის ნახატები და „ვეფხისტყაოსანი“, აგრეთვე, წამოიღო ძველებური ჭურჭელი, რომელთაც იმ დროს არანაირი ფასეულობა არ ჰქონდა, მაგრამ 19-ე საუკუნის ნივთები იყო და ამიტომ გახდა ეგ ნივთები ძვირფასი. ახსოვს, რომ იქ იყო ჩაი და ყავა, ოთხკუთხა ლამბაქი, სასალათე.

პალატის მითითებით, ანალოგიური ჩვენებები მისცა პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ე. ბ-ამ და მ. გ-ამ.

პალატამ ასევე ყურადღება მიაქცია იმ ფაქტს, რომ თ. გ-ამ სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტებით კიდევ ერთხელ, ზედმიწევნით, თანმიმდევრულად დაადასტურა მის მიერ დედის – ე. ს-ას სამკვიდროს მიღების ფაქტი.

სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ როგორც ლ. ა-ა, ასევე თ. გ-ა დავის გადაწყვეტის სამართლებრივ საფუძვლებად მიუთითებენ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (1997 წ) დებულებებზე და, შესაბამისად, სურთ ამ ნორმებით მოაწესრიგონ სადავო ურთიერთობა, ამდენად, პალატამ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1507-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე განსახილველი დავის გადასაწყვეტად გამოიყენა სწორედ ამ კოდექსის ნორმები.

სამოქალაქო კოდექსის 1421-ე მუხლის მიხედვით, პალატამ განმარტა, რომ ლ. ა-ა ზემოაღნიშნულ საქმეში არის მოსარჩელე, ამდენად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე–103-ე მუხლების თანახმად, (ლ.ა-ა) ვალდებულია, დაამტკიცოს მისი სარჩელის საფუძვლიანობა. პალატის მოსაზრებით, მოსარჩელემ ვერ დაამტკიცა, რომ ე. ს-ას სამკვიდრო მიიღო მხოლოდ მისი გარდაცვლილი შვილის – მ. ჩ-ას (ქორწინებამდელი გვარი ა-ა) მეუღლე ნ. ჩ-ამ.

სამოქალაქო კოდექსის 1451-ე, 1452-ე მუხლების შესაბამისად, ვინაიდან ე. ს-ას სამკვიდროს მიმღები მემკვიდრეებიდან ნ. ჩ-ა გარდაცვლილია და არ არსებობს მისი შეთანხმება მოპასუხესთან სამკვიდროს გაყოფაზე, იგი, ამავე კოდექსის 1336-ე და 1469-ე მუხლების დანაწესებით, უნდა გაიყოს თანაბარ წილად. შესაბამისად, პალატამ მიიჩნია, რომ ნ. ჩ-ას მემკვიდრეობა უნდა გაიხსნას მის კუთვნილ ქონებაზე, მათ შორის, ე. ს-ას სამკვიდროს ნახევარზე. იგივენაირად გადავა ეს ქონება აპელანტზე (მოსარჩელეზე) მისი შვილის – მ. ჩ-ას (ნ. ჩ-ას მეუღლის) გარდაცვალების შედეგად.

თ. გ-ას მიერ დედის სამკვიდროზე (უძრავ ნივთზე) საკუთრების უფლების დაურეგისტრირებლობა, პალატის მოსაზრებით, არ ართმევს მას უფლებას, ამჟამად განახორციელოს ამგვარი რეგისტრაცია.

სამოქალაქო კოდექსის 1500-ე, 1503-ე მუხლების, 312-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე პალატამ მიუთითა, რომ ზემოღნიშნულ შემთხვევაში დამტკიცებულია თ. გ-ას მიერ ე. ს-ას მთელ ქონებაზე სამკვიდრო მოწმობის უკანონოდ მიღებისა და საკუთრების უფლების არასწორად დარეგისტრირების ფაქტი, რის გამოც სამკვიდრო მოწმობა და შესაბამისი ჩანაწერი სადავო ქონების 1/2 ნაწილში ბათილად უნდა იქნეს ცნობილი.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 103-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლომ განმარტა, რომ სამოქალაქო სამართალწარმოებაში თითოეული მხარის უფლებრივ ტვირთს წარმოადგენს იმ ფაქტების მითითება და დამტკიცება, რომლითაც მხარეებს სურთ, დაასაბუთონ თავიანთი სასარჩელო მოთხოვნები ან გააქარწყლონ სასარჩელო მოთხოვნათა დასასაბუთებლად მითითებული ფაქტობრივი გარემოებები. ზემოაღნიშნულ შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრებოდა აპელანტს, მას კი არ წარმოუდგენია თავისი მოთხოვნის დამადასტურებელი მტკიცებულებები.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება ლ. ა-ამ გაასაჩივრა საკასაციო წესით, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება შემდეგი საფუძვლებით:

სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით, თუმცა გადაწყვეტილება არ ეფუძნება სასამართლო სხდომაზე განხილული მტკიცებულებების ყოველმხრივ, სრულ და ობიექტური განხილვის შედეგად გამოტანილ დასკვნებს.

გადაწყვეტილების სამართლებრივი დასაბუთება ეფუძნება სამოქალაქო კოდექსის 1421-ე, 1451-ე, 1469-ე და 1503-ე მუხლებს, რომლებიც სასამართლომ არასწორად გამოიყენა და განმარტა.

როგორც პირველი ინსტანციის, ისევე სააპელაციო სასამართლომ თ. გ-ას მიაკუთვნა ის, რაც მას არ მოუთხოვია, რადგან მას არ წარმოუდგენია შეგებებული სასარჩელო მოთხოვნა. ქონების ½ წილის მიკუთვნება მხარეს სწორედ შეგებებული სარჩელით უნდა მოეთხოვა.

სასამართლომ არასწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოება, რომ თ. გ-ა სამკვიდროს მიღების ვადაში ფაქტობრივად დაეუფლა დედის ნივთებს. სინამდვილეში მოწმეთა ჩვენებების ობიექტური ანალიზითა და შეფასებით აღნიშნული არ დასტურდება. მოპასუხის მოწმეთა ჩვენებები ურთიერთსაპირისპირო და გამომრიცხავია.

პალატამ დადგენილ გარემოებად მიუთითა მ. ჩ-ას მიერ სადავო ქონების სრულად დაუფლების ფაქტი. აღნიშნულის საპირისპიროდ კი, ასევე დაადგინა თ. გ-ას მიერ დედის სამკვიდროს დაუფლება, რაც ურთიერთწინააღმდეგობრივია.

სასამართლომ არასწორად მიუთითა სადავო ქონების რეგისტრაციის შესახებ შეტყობის ფაქტზე.

პალატამ არ მიაქცია ყურადღება არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებებს, კერძოდ, თ. გ-ამ სამკვიდროს მიღების თაობაზე იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენისას, 2012 წლის 12 მარტის სასამართლო პროცესზე იმავე სამკვიდროს მიღებასთან დაკავშირებით სულ სხვა ფაქტობრივ გარემოებებზე მიუთითა. იგი ადასტურებდა, რომ დედის დანაშთ სამკვიდრო ქონებას სრულად მხოლოდ ის იყო დაუფლებული, დღემდე ცხოვრობდა ზუგდიდში, წ-ის ქუჩა №111-ში. ასევე, პროცესზე მან დამალა ე. ს-ას გარდაცვალების დროისთვის ძმის – ნ. ჩ-ას მ. ჩ-ან რეგისტრირებულ ქორწინებაში ყოფნისა და მათი ზუგდიდში, წ-ის ქ.№111-ში ერთად ცხოვრების ფაქტი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 5 ივლისის განჩინებით ლ. ა-ას საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად. ამავე განჩინებით კასატორი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლდა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა ლ. ა-ას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ლ. ა-ას საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: თ. თოდრია

პ. ქათამაძე