საქმე №ას-79-76-2014 14 აპრილი, 2014 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
თეიმურაზ თოდრია, პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – შპს „ე. ს-ი“ (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ა-ი-ი“ (მოსარჩელე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 26 ნოემბრის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი – ვალდებულების შესრულება, ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
შპს „ა-ი-მა“ სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „ე. ს-ის“ მიმართ ძირითადი ვალდებულების დასაფარად 1231367.81 ლარის, პირგასამტეხლოს – 168454.96 ლარის და მიყენებული ზიანის – 47026.6 ლარის გადახდის შესახებ შემდეგი საფუძვლებით:
2008 წლის 28 თებერვლიდან 2010 წლის 1 მაისამდე მოსარჩელემ ნარდობის ხელშეკრულების საფუძველზე მოპასუხისათვის შეასრულა გარკვეული სამუშაოები, რისი ღირებულებაც მოპასუხეს სრულად არ დაუფარავს. შეუსრულებელი ვალდებულებისთვის კი, მხარეთა შეთანხმება ითვალისწინებდა პირგასამტეხლოს გადახდას.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო შეგებებული სარჩელით მიმართა სასამართლოს შპს „ა-ი-ან“ 2008 წლის შემდეგ დადებული ხელშეკრულებების ბათილად ცნობის მოთხოვნით იმ მოტივით, რომ გარიგება ხელმოწერილია არაუფლებამოსილი პირის მიერ.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 15 ივლისის გადაწყვეტილებით შპს „ა-ი-ის“ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხე შპს „ე. ს-ს“ მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა ძირითადი თანხის – 931367.81 ლარის, პირგასამტეხლოს – 111019.04 ლარისა და ზიანის – 32784.15 ლარის, ასევე საპროცესო ხარჯების – 5784.5 ლარის გადახდა, ხოლო შპს „ე. ს-ის“ შეგებებული სარჩელი ხელშეკრულებების ბათილად ცნობის თაობაზე არ დაკმაყოფილდა, რაც ძირითადი სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში – შპს „ა-ი-მა“, ხოლო დანარჩენ ნაწილში შპს „ე. ს-მა“ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 26 ნოემბრის გადაწყვეტილებით შპს „ა-ი-ის“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, შპს „ე. ს-ის“ სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა იმ ნაწილში, რომლითაც შპს „ე. ს-ს“ დაეკისრა პირგასამტეხლოსა და საადვოკატო მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის გადახდა, აგრეთვე, არ აუნაზღაურდა საქმეზე ჩატარებული ექსპერტიზებისათვის გაწეული ხარჯები და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, შპს „ა-ი-ის“ სარჩელი პირგასამტეხლოს გადახდის თაობაზე ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, შპს „ე. ს-ს“ შპს „ა-ი-ის“ სასარგებლოდ დაეკისრა 91098 ლარის გადახდა, შპს „ა-ი-ის“ სასარჩელო მოთხოვნა იურიდიული მომსახურების ხარჯების ანაზღაურების თაობაზე არ დაკმაყოფილდა, შპს „ა-ი-ს” დაეკისრა 1930 ლარის გადახდა შპს „ე. ს-ის“ სასარგებლოდ, ამ უკანასკნელის მიერ საქმეზე ჩატარებული ექსპერტიზებისათვის გაწეული ხარჯების ნაწილის ანაზღაურებისათვის შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო სასამართლომ იხელმძღავენლა სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის პირველი ნაწილით, 317-ე მუხლის პირველი ნაწილით, 316-ე მუხლის პირველი ნაწილით, 427-ე მუხლით და უდავოდ დადგენილად მიიჩნია საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოება, რომ მხარეთა შორის არსებობდა ნარდობის ხელშეკრულებები. მათ საფუძველზე შპს „ა-ი-მა“ (მენარდე) შეასრულა გარკვეული სამუშაოები, რის გამოც წარმოეშვა შეთანხმებული საზღაურის მოთხოვნის უფლება შპს „ე. ს-ის“ (შემკვეთი) მიმართ. შემკვეთმა საზღაური გადაიხადა ნაწილობრივ, გადასახდელი კი დარჩა 931367.81 ლარი.
პალატამ მიუთითა, რომ მხარეთა შორის სადავოა 300 000 ლარი, რომელიც შემკვეთმა მენარდეს გადაუხადა 2009 წლის 7 აპრილს და 2009 წლის 19 ივნისს, რის გამოც ამ თანხის გადახდის ვალდებულება შეწყდა შესრულებით. შესაბამისად, სადავო 300 000 ლარის გადახდის დაკისრების ნაწილში სარჩელი უსაფუძვლოა და მართებულად ეთქვა უარი.
სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლზე მითითებით სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ მხარეები ხელშეკრულებით შეთანხმდნენ პირგასამტეხლოზე. თუ ხელშეკრულება ვადაში არ შესრულდებოდა, მაშინ მოპასუხე ვალდებული იქნებოდა, მოსარჩელისათვის გადაეხადა პირგასამტეხლო (ჯარიმა, საურავი). შპს „ე. ს-მა“ კი, დროულად არ შეასრულა თავისი ვალდებულება და შესრულებული სამუშაოს ღირებულების გადახდა დააყოვნა, რის გამოც მას უნდა დაეკისროს ვადაგადაცილების ყოველ დღეზე 0.1%-ის გადახდა, თითოეული ხელშეკრულებით გათვალისწინებული საერთო თანხის არა უმეტეს 5%-ისა.
სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ პირგასამტეხლოს ოდენობა გაანგარიშებულ უნდა იქნეს შპს „ე. ს-ის“ მიერ წარმოდგენილი შპს „ა+-ის“ 2012 წლის 12 დეკემბრის №12/12 დასკვნის შესაბამისად, რადგან მასში იმთავითვე გათვალისწინებული იყო სადავო 300000 ლარის გადახდის გარემოება შპს „ე. ს-ის“ მიერ.
საბოლოოდ, პალატამ ჩათვალა, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება პირგასამტეხლოს დაკისრების ნაწილში უნდა შეიცვალოს და შპს „ე. ს-ს“ მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს 91098 ლარის გადახდა.
რაც შეეხება მიუღებელი შემოსავლის ოდენობის დადგენას, სასამართლომ მიიჩნია, რომ შპს „ე. ს-ს“ ამ ნაწილში არ წარმოუდგენია დასაბუთებული პრეტენზია იმასთან დაკავშირებით, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით განსაზღვრული მიუღებელი შემოსავლის ოდენობა არასწორია. ამდენად, ხსენებულ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი არ არსებობს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლომ საპროცესო ხარჯების განაწილებისას გამოიყენა ამავე კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილი და 47-ე მუხლის მეორე ნაწილი.
პალატის მითითებით, მოცემულ საქმეში შპს „ა-ი-ის“ მიერ იურიდიულ მომსახურებაზე ხარჯის გაწევის დამადასტურებელი მტკიცებულება წარმოდგენილი არ არის. შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება შპს „ე. ს-ის“ 2000 ლარის გადახდის დაკისრების ნაწილში დაუსაბუთებელია.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 44-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სასამართლომ აღნიშნა, რომ შპს „ე. ს-მა“ მოცემულ საქმესთან დაკავშირებით ექსპერტიზების ჩატარებისათვის გაიღო შემდეგი საპროცესო ხარჯები: საკუთარი ინიციატივით ჩატარებული ექსპერტიზებისათვის – 6400 ლარი, ხოლო სასამართლოს ინიციატივით დანიშნული ექსპერტიზის ჩატარებისათვის – 5200 ლარი.
საერთო ჯამში, ექსპერტიზების ჩატარებისათვის შპს „ე. ს-მა“ გაიღო ხარჯი 11600 ლარის ოდენობით. თუმცა, აღსანიშნავია, რომ ექსპერტიზები ჩატარდა არა მხოლოდ სადავო გასავლის ორდერებზე სულიკო ამანათიდისა და ვახტანგ მდინარაძის ხელმოწერათა ნამდვილობის დადგენისათვის, არამედ, ხელშეკრულებებზე სულიკო ამანათიდის ხელმოწერათა ნამდვილობის დადგენის მიზნითაც. ამდენად, მითითებული თანხა განკუთვნილი არ ყოფილა მხოლოდ სალაროს გასავლის ორდერების კვლევისათვის. მაგალითად: ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 12 მარტის განჩინებით დანიშნული ექსპერტიზის ფარგლებში, ექსპერტიზისათვის დასმული 23 შეკითხვიდან სადავო ორდერების კვლევისათვის დაისვა მხოლოდ 4 შეკითხვა. ჩატარებული ექსპერტიზების კვლევის დაახლოებით მხოლოდ 1/6 ნაწილი შეეხებოდა სადავო ორდერებს.
სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, ექსპერტიზაზე გაწეული ხარჯებიც შპს „ე. ს-ს“ უნდა ანაზღაურებოდა შესაბამისი პროპორციით, რაც შეადგენს 1930 ლარს. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით კი, ამ ხარჯებთან დაკავშირებით ნამსჯელი საერთოდ არ არის.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება მიუღებელი შემოსავლის დაკისრების ნაწილში შპს „ე. ს-მა“ გაასაჩივრა საკასაციო წესით, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება შემდეგი საფუძვლებით:
სააპელაციო სასამართლომ უკანონოდ არ დააკმაყოფილა შპს „ე. ს-ის“ სააპელაციო საჩივარი მიუღებელი შემოსავლის – 32784 ლარის დაკისრებასთან დაკავშირებით. კასატორის მიერ წარდგენილი აუდიტორული ფირმა შპს „ა+-ის“ 2012 წლის №12/12 დასკვნის თანახმად, მიუღებელი შემოსავლის ოდენობა შეადგენდა არა 32784 ლარს, არამედ 20784 ლარს, რაც პალატამ არასწორად არ გაიზიარა. აღნიშნული დასკვნის მონაცემები სასამართლომ გაითვალისწინა პირგასამტეხლოზე მსჯელობისას, შესაბამისად, ისინი სარწმუნოდ უნდა ჩაეთვალა მიუღებელი შემოსავლის ოდენობის განსაზღვრისასაც.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 28 იანვრის განჩინებით შპს „ე. ს-ის“ საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა შპს „ე. ს-ის“ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორ შპს „ე. ს-ს“ უნდა დაუბრუნდეს 2014 წლის 9 იანვრის საგადახდო დავალებით სახელმწიფო ბაჟის სახით მის მიერ გადახდილი 612 ლარის 70% – 428,4 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს „ე. ს-ის“ საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
2. კასატორ შპს „ე. ს-ს“ (საიდენტიფიკაციო კოდი №...) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს 2014 წლის 9 იანვრის საგადახდო დავალებით სახელმწიფო ბაჟის სახით მის მიერ გადახდილი 612 ლარის 70% – 428,4 ლარი.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: თ. თოდრია
პ. ქათამაძე