საქმე №ას-830-788-2013 1 აპრილი, 2014 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
თეიმურაზ თოდრია, პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – სს საგზაო კომპანია „თ-ი“ (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – გ. გ-ი, რ. გ-ი, ვ. ძ-ი, მ. ძ-ი, ბ. ქ-ე, გ. ტ-ი (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 12 ივნისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – სააქციო საზოგადოების სამეურნეო-საფინანსო საქმიანობის ამსახველი დოკუმენტების ასლების გადაცემა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
გ. გ-მა, რ. გ-მა, ვ. ძ-მა, მ. ძ-მა, ბ. ქ-ემ და გ. ტ-მა სარჩელი აღძრეს სასამართლოში სს საგზაო კომპანია „თ-ის“ მიმართ და მოითხოვეს, მოთხოვნიდან 7 დღის ვადაში მოპასუხეს დაევალოს მოსარჩელეებისათვის ნებისმიერი დოკუმენტის გადაცემა სააქციო საზოგადოებაში მოთხოვნის მომენტისათვის ფიზიკურად არსებული საზოგადოების სამეურნეო-საფინანსო საქმიანობასთან დაკავშირებით.
მოსარჩელეთა განმარტებით, ისინი წარმოადგენენ კომპანიის აქციონერებს და არიან საწესდებო კაპიტალის 18,345%-ის წილის მფლობელები, თუმცა მოპასუხემ არ დააკმაყოფილა მათი მოთხოვნა და საზოგადოების საჭირო დოკუმენტაცია არ გადასცა.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 27 დეკემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, რაც მოპასუხემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 12 ივნისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
სასამართლოს მითითებით, მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ ის გარემოება, რომ მოსარჩელეები – გ. გ-ი, რ. გ-ი, ვ. ძ-ი, მ. ძ-ი, ბ. ქ-ე და გ. ტ-ი წარმოადგენენ სს საგზაო კომპანია „თ-ის“ აქციონერებს და მთლიანობაში მათი წილი საზოგადოების საწესდებო კაპიტალში შეადგენს 18,345%-ს.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ ფაქტობრივ-სამართლებრივი თვალსაზრისით, რაიმე დასაბუთებულ პრეტენზიას სააპელაციო საჩივარი არ შეიცავს, ხოლო აპელანტის მოსაზრება, რომ სს საგზაო კომპანია „თ-ს“ არასოდეს უთქვამს უარი მოსარჩელეებისათვის მათთვის სასურველი ინფორმაციის (დოკუმენტაციის) გადაცემაზე, ვერ იქნება გაზიარებული.
პალატამ იხელმძღვანელა „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-10 პუნქტზე, 53-ე მუხლის 32-ე და 35-ე პუნქტებით და საქმის მასალების საფუძველზე დაადგინა, რომ 2012 წლის 3 აპრილისა და 3 მაისის მოსარჩელეებმა წერილებით მიმართეს სს საგზაო კომპანია „თ-ის“ დირექტორს 2012 წლის 27 მარტის კომპანიის აქციონერთა საერთო კრების ოქმისა და სამეთვალყურეო საბჭოს გადაწყვეტილების გადაცემის მოთხოვნით, აგრეთვე, 2012 წლის 17 იანვრის განცხადებასთან დაკავშირებით მიღებული სამეთვალყურეო საბჭოს გადაწყვეტილების გადაცემის მოთხოვნით. აღნიშნულის გარდა, აქციონერებმა მოითხოვეს 2012 წლის განმავლობაში განხორციელებული კომპანიის სამეურნეო-საფინანსო საქმიანობის ამსახველი შემდეგი დოკუმენტაციის გადაცემა: ბანკის მიერ დამოწებული ამონაწერი სს საგზაო კომპანია „თ-ის“ საბანკო ანგარიშიდან 2012 წლის 1 იანვრიდან დღემდე და სს საგზაო კომპანია „თ-ის“ მიერ 2012 წლის 1 იანვრიდან დღემდე დადებული ყველა ხელშეკრულების ასლი.
სასამართლომ მიუთითა, რომ მოსარჩელეები მოითხოვენ სააქციო საზოგადოების სამეურნეო-საფინანსო საქმიანობასთან დაკავშირებული ნებისმიერი დოკუმენტის ასლის გადაცემას მოთხოვნიდან 7 დღის ვადაში, მათ შორის: 1. სს საგზაო კომპანია „თ-ის“ აქციონერთა 2012 წლის 6 იანვრის კრების ოქმის ასლი; 2. სს საგზაო კომპანია „თ-ის“ აქციონერთა 2012 წლის 27 მარტის კრების ოქმის ასლი; 3. აქციების გამოსყიდვის თაობაზე მოსარჩელეების 2012 წლის 17 იანვრის განცხადებასთან დაკავშირებით სამეთვალყურეო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება; 4. ბანკის მიერ დამოწმებული ამონაწერები სს საგზაო კომპანია „თ-ის“ ანგარიშებიდან 2012 წლის 01 იანვრიდან დღემდე; 5. სს საგზაო კომპანია „თ-ის“ მიერ 2012 წლის 01 იანვრიდან დღემდე დადებული ყველა ხელშეკრულების ასლი.
პალატამ დაადგინა, რომ მოსარჩელეთა წარმომადგენელს სარჩელში მოთხოვნილი დოკუმენტაციის ნაწილი, კერძოდ, სს საგზაო კომპანია „თ-ის“ აქციონერთა 2012 წლის 6 იანვრისა და 27 მარტის კრების ოქმები (ასლები) გადაეცა სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე, ხოლო აქციების გამოსყიდვის თაობაზე მოსარჩელეების 2012 წლის 17 იანვრის განცხადებასთან დაკავშირებით სამეთვალყურეო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება (სხდომის ოქმი), ბანკის მიერ დამოწმებული ამონაწერები სს საგზაო კომპანია „თ-ის“ ანგარიშიდან და კომპანიის მიერ 2012 წლის 1 იანვრიდან დადებული ყველა ხელშეკრულების ასლები გადაეცათ მხოლოდ 2012 წლის 9 ნოემბერს, აღძრული სარჩელის წარმოების მიმდინარეობისას. საქმის მასალებით (2012 წლის 19 დეკემბერის თბილისის საქალაქო სასამართლოს სხდომის ოქმი) დადგენილია, რომ მოსარჩელეთა წარმომადგენელმა ნ.დურგლიშვილმა 2012 წლის 9 ნოემბრის აქტით გადაცემული დოკუმენტაციის ნაწილში დააზუსტა მოთხოვნა და, საბოლოოდ, მოითხოვა მოთხოვნის მომენტისათვის საზოგადოებაში ფიზიკურად არსებული სამეურნეო-საფინანსო საქმიანობასთან დაკავშირებული ნებისმიერი დოკუმენტაციის მოსარჩელისათვის გადაცემა მოთხოვნიდან 7 დღის ვადაში.
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა სააპელაციო საჩივრის პოზიცია, რომ საქმის მასალებით არ არსებობდა სასამართლოს მიერ მოსარჩელეთათვის მოთხოვნილი დოკუმენტაციის გადაცემაზე მოპასუხის მხრიდან უარის თქმის შესახებ ფაქტობრივი გარემოებების დადგენის საფუძველი და 2012 წლის 9 ნოემბრის აქტით მოსარჩელეთათვის დოკუმენტაციის გადაცემის შედეგად წარმოიშვა, დავის საგნის არარსებობის გამო, საქმის წარმოების შეწყვეტის საფუძველი.
სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში უდავოდ დადგენილა, რომ ამ სარჩელის არსებითი განხილვის ეტაპზე მოსარჩელეს გადაეცა სარჩელით მოთხოვნილი საზოგადოების სამეურნეო-საფინანსო საქმიანობის ამსახველი დოკუმენტაციის ნაწილი, კერძოდ, სასარჩელო მოთხოვნის ჩამონათვალში მითითებული დოკუმენტები, აღნიშნული კი, პალატის მოსაზრებით, მოპასუხის სამეურნეო-საფინანსო საქმიანობის ამსახველი სრული დოკუმენტაციის 7 დღის ვადაში გადაცემის შესახებ მოთხოვნის ნაწილში, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ან, საქმის წარმოების შეწყვეტის საფუძველს არ წარმოადგენს.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება სს საგზაო კომპანია „თ-მა“ გაასაჩივრა საკასაციო წესით, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი საფუძვლებით:
სასამართლომ საქმე განიხილა მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით.
საქმის განხილვისას კასატორი უთითებდა, რომ კომპანიას არასოდეს უთქვამს უარი მოსარჩელეთათვის დოკუმენტაციის მიღებაზე, რაც მოსარჩელეთა მხრიდან აღნიშნული საბუთების მიღების მზადყოფნას მოითხოვდა. მოცემულ შემთხვევაში საქმის წარმოება უნდა შეწყვეტილიყო დავის საგნის არარსებობის გამო.
დაუსაბუთებელია სასამართლოს მსჯელობა, რომ 2012 წლის 9 ნოემბრის აქტით მოსარჩელეთათვის დოკუმენტაციის ნაწილის გაცემა მიჩნეულ იქნა საქმის წარმოების შეწყვეტაზე უარის თქმის საფუძვლად.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის განჩინებით სს საგზაო კომპანია „თ-ის“ საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა სს საგზაო კომპანია „თ-ის“ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორ სს საგზაო კომპანია „თ-ს“ უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით 2013 წლის 30 სექტემბერს №1 საგადახდო დავალებით არჩილ კუჭავასა და სს საგზაო კომპანია „თ-ის“ მიერ გადახდილი 300 ლარის 70% – 210 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სს საგზაო კომპანია „თ-ის“ საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
2. კასატორ სს საგზაო კომპანია „თ-ს“ (საიდენტიფიკაციო კოდი №...) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით 2013 წლის 30 სექტემბერს №1 საგადახდო დავალებით ა. კ-სა და სს საგზაო კომპანია „თ-ის“ მიერ გადახდილი 300 ლარის 70% – 210 ლარი.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: თ. თოდრია
პ. ქათამაძე